asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"შურისძიებას ლამაზი გრძნობა გადავაყოლე"
გაწბილებული ქალის შეცდომა
"შურისძიებას ლამაზი გრძნობა გადავაყოლე"

2011-11-19 11:41:18



ჩვენმა რესპონდენტმა, შუახნის ქალბატონმა ბაიამ, სიყვითლეშეპარული ფურცელი მოგვაწოდა – ეს ჩემი წერილია 30 წლის წინანდელი და გთხოვთ, წაიკითხოთო. წერილს 20 წლის ასაკში თავის საყვარელ მეუღლეს, დაჩის, სწერდა მორიგი ჩხუბის შემდეგ. ისინი 6 წელი იყვნენ ერთად. ნაზი, პოეტური ბუნების ქალიშვილი ნაადრევად გათხოვდა, თავის პირველ სიყვარულს გაჰყვა. ურთიერთობაში თანხმობას და ჰარმონიას ეძებდა, მაგრამ დიდი გაწბილება იწვნია. სკანდალებისა და ხმაურიანი ცხოვრებისკენ მიდრეკილი დაჩი ცოლთან, ოჯახურ ცხოვრებაში გაუთლელი კაცი გამოდგა. ბაიას ფერადი ოცნებები დაემსხვრა და, როგორც თავად ამბობს, მისი სულიც შიგ მოიყოლა.
ამ იმედგაცრუების შემდეგ ქალმა პიროვნული ფერიცვალება განიცადა. ერთ დროს სათუთი სულის პატრონი გოგონა მამაკაცების მიმართ შურისმაძიებელ ქალად იქცა. საბოლოოდ ამან თვითონვე ძალიან შეაწუხა, სული აუფორიაქა. ახლა სურს, სადაც სიტყვა მიუწვდება, ყველა გოგონას გააგებინოს, რომ არ აჰყვნენ ბრმა სიყვარულს, არ აჩქარდნენ და არჩევანი იმ მამაკაცის სასარგებლოდ გააკეთონ, "რომლის ნეკნადაც თავს მოიაზრებენ", რადგან დიდმა გაწბილებამ შეიძლება პიროვნებაში ძირეული ძვრები გამოიწვიოს.
უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ ქალბატონი ბაიას ცხოვრების სურათი, მისივე ნებით, იმ წერილიდან ფრაგმენტს გთავაზობთ:
"დაჩი, ძალიან მომენატრე. გული მტკივა ყოველივე იმის გამო, რაც მოხდა. ადამიანში დროდადრო მიმდინარეობს თვითგამორკვევის პროცესი და ალბათ ამის გამოვლინებას უნდა მიეწეროს ჩვენი განცდების ასე ერთმანეთთან შეჯახება.
ძალიან მიყვარხარ, დაჩი, ძალიან, ძალიან! შენ ჩემი საოცნებო ჭაბუკი ხარ, რომელსაც ბავშვობიდან ველოდი საოცარი შინაგანი თრთოლვითა და მოთმინებით. ჩემს სიყვარულს ვერანაირი ძალა დაამარცხებს (ეს არაერთგზის დამიმტკიცებია), მაგრამ ამ შინაგან თრთოლვასა და სიფაქიზეს, რომლითაც აღსავსეა ეს გრძნობა, შენვე ნუ დამისერავ, დაჩი! მოდი, ყოველმხრივ შევეცადოთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთში სწორედ ამ სინაზეს, ამ მგრძნობიარე სიმებს, რაც ადამიანის სულის მომხიბვლელობას შეადგენს. მის გარეშე ხომ ყოველგვარი გრძნობა და თვით სიყვარული შიშვლდება და, პოეტურ, რომანტიკულ სისათუთეს მოკლებული, საოცრად პროზაული და, ცოტა არ იყოს, უხეშიც ხდება... ზოგი ამას გაცვეთილ სიყვარულს ეძახის, ზოგი – მიღვენთილ გრძნობას, მაგრამ მე ასე არ დავარქმევდი. სიყვარულის ამგვარი სახე მეტწილად ცოლქმრული ურთიერთობის შედეგია. ყველა ვერ დაძლევს იმ ტკივილს, რაც შეიძლება რომანტიკული სიყვარულიდან ცხოვრებისეულისკენ გადასვლამ გამოიწვიოს...ადამიანის ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და თუკი ჩვენს სულში სიყვარულის ამ ჰაეროვნებას ჩავკლავთ (ჩვენი თუ სხვათა მიზეზით), ამ პოეტურობას დავკარგავთ, გვეყოფა კი დარჩენილი სიხარული ყოველივე იმისთვის, რასაც ადამიანური ბედნიერება ჰქვია?..
მოდი, ყველანაირად გავუფრთხილდეთ ერთმანეთის გრძნობის რომანტიკას, სულის სიფაქიზეს, დაჩი... ნურასოდეს დამივიწყებ, დაჩი! გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე არსებობს ერთი ჩვეულებრივი, ალბათ უმნიშვნელო არსება, რომლის სიყვარულიც შენ გეკუთვნის. ჩემს გულში ეს ცეცხლი შენმა შინაგანმა ძალამ დაანთო და ამ გრძნობის წარმართვა, დადებითი თუ უარყოფითი კუთხით, მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. ისევ და ისევ მიყვარხარ! მიყვარხარ ძლიერ!..".
– ქალბატონო ბაია, თქვენი ოჯახის შესახებ უფრო დაწვრილებით გვიამბეთ, რამდენ ხანს იყავით ერთად?
– პრობლემა ჩვენ ორს შორის ურთიერთობაში იყო, მშობლებისგან მხოლოდ ხელისშეწყობა გვქონდა. პიროვნება, რომელიც ბავშვობიდან მიყვარდა, შეუღლების შემდეგ სრულიად სხვა კუთხით დავინახე. იმ სიუხეშეში და ბანალურ სიცარიელეში ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. მინდოდა, ჩვენი გრძნობა გადაგვერჩინა, მაგრამ ვერ შევძელი – მან არ მომცა ამის საშუალება. სხვადასხვა რელსზე აღმოვჩნდით. 6 წელი ასე ვიწვალეთ. ძალიან მიჭირდა საყვარელი ადამიანის ურჩხულად აღქმა. არადა თავს უკვე ამ კუთხით მიჩვენებდა, არც თავს მანებებდა, ამბობდა, რომ არანორმალურად ვუყვარდი.
რაკიღა ურთიერთობა ვერ შედგა, შევთავაზე, დროებით ცალ–ცალკე გვეცხოვრა, ერთმანეთისგან მოწყვეტით განტვირთვა მიგვეღო და თავი გამოგვეცადა. დაჩი წინააღმდეგი იყო, მიმტკიცებდა, რომ უჩემოდ ერთი დღეც ვერ იცოცხლებდა, თუმცა ამ გამოცდას ვერ გაუძლო და რამდენიმე თვეში ცოლი მოიყვანა. მასთან ორი ბიჭი შეეძინა, ჩემთან კი შვილი არ ჰყავდა. ამით დამთავრდა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი – თითქოს ბაია მოკვდა და მის ნაცვლად ახალი პიროვნება აღმოცენდა, ცივი და უგულო, კაცების მიმართ რწმენაშელახული და შურისმაძიებელი.
– როგორი იყო თქვენი შურისძიება?
– როცა საქმე იქამდე მიგყავს, რომ თავი შეაყვარო, ხოლო გადამწყვეტ მომენტში უარს ეუბნები და ტოვებ.
– ასე რატომ იქცეოდით? განა ამით თქვენ არ ზარალდებოდით? ფაქტია, რომ ამ ასაკში, როცა ქალს განსაკუთრებით უჭირს ახალი ცხოვრების დაწყება, მარტო ხართ.
– რა თქმა უნდა, ამით ყველაზე მეტად საკუთარ თავს ვავნე. ადამიანი, რომელიც საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობებში მხოლოდ რევანშისთვის ილტვის, მით უმეტეს, თუ ერთი კაცის გამო სხვებზე იძიებს შურს, არაჯანსაღია, მას ეგო მართავს და ამას ვერ აცნობიერებს. მეგობრები ცდილობდნენ ჩემს შველას, უნდოდათ, რეალური სურათი დაენახვებინათ, მაგრამ მაშინ არაფრის მიღება შემეძლო. მეგონა, სწორად ვიქცეოდი.
6 წლის წინ მოულოდნელად დაჩი გარდაიცვალა, ინფარქტით. ცოლი რომ შეირთო, მას შემდეგ მასთან ურთიერთობა არ მქონია. თავიდან ერთი–ორჯერ ძალიან მწვავედ ვილაპარაკეთ და ეგ იყო... მისმა დაღუპვამ შემძრა. თითქოს ცნობიერება ამომიყირავა და საკუთარ თავს დავუბრუნდი. სულის სიმძიმემ შემაწუხა და დასახმარებლად ეკლესიას მივმართე. ახლა ყველაზე მეტად ეს მაწუხებს – ნუთუ ამხელა მსხვერპლი იყო საჭირო, რომ გონს მოვსულიყავი და საკუთარი შეცდომები გამეცნობიერებინა?
– ძნელია განსჯა, მძიმე ამბავია... იმ მამაკაცებს შორის, რომლებიც ცხოვრების გზაზე გხვდებოდნენ და ბოლოს თქვენი შურისძიების სამიზნედ იქცეოდნენ, თქვენთვის მოსაწონი და მისაღები არავინ აღმოჩნდა?
– იყო ერთი საინტერესო პიროვნება, ერეკლე, სიმპათიური, ცოლგანაშვები... 33 წლის ვიყავი, რომ გავიცანი. ჩემზე 3 წლით უფროსი გახლდათ. იმდენად მრავალმხრივ განვითარებული და მდიდარი ბუნების იყო, თავდაპირველად თავს მის ჩრდილად ვგრძნობდი. გამოგიტყდებით, ძალიან მომეწონა, მაგრამ ასეთმა დამოკიდებულებამ მეტწილად ტანჯვა მომიტანა, ვიდრე სიხარული. ვწუხდი იმის გამო, რომ ჩემს გულში რაღაც ადგილი დაიკავა. იმ ხნის განმავლობაში, რაც ქმარს გავშორდი, ჩემი ასეთი ყურადღება არც ერთ მამაკაცს მიუქცევია.
– რისი გეშინოდათ, ხელახალი გაწბილების თუ იმის, რომ შეიძლებოდა მისი სიყვარული ვერ მოგეპოვებინათ?
– საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ არავინ უნდა შემყვარებოდა. მჯეროდა, რომ თუ ამ პრინციპს გადავუხვევდი, უბედურებას ვეზიარებოდი. გაორებულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
– თავად ერეკლეს თქვენ მიმართ რა განწყობა ჰქონდა?
– თავიდან – ჩვეულებრივი, ნორმალური, პატივს მცემდა... ქალი თუ მოინდომებს, მამაკაცებით მანიპულირებას შეძლებს. არავინ დაიკვეხნოს, რომ ძლიერი კაცია და ქალის მახეში ვერ აღმოჩნდება.
– ანუ მისი გული მანიპულირების შედეგად დაიპყარით?
– ეს ასე მარტივად არ ხდება, ხანგრძლივი დრო დამჭირდა. კაცს შეიძლება უცებ შეუყვარდე ან ეტაპობრივად... ჩემს შემთხვევაში ეს ეტაპობრივად მოხდა.
– ალბათ მკითხველს დააინტერესებს, ეს როგორ გააკეთეთ.
– ყოველი ურთიერთობა ინდივიდუალურია. არა მგონია, ჩემი მაგალითი ვინმეს გამოადგეს. ადამიანი თავად უნდა მიხვდეს, კონკრეტულ სიტუაციაში მოცემულ პიროვნებასთან როგორი მიდგომაა საჭირო. თუ მთელ თავის ძალებს, გონებას და ინტუიციას ჩართავს, საჭირო გასაღებს მიაგნებს და მოარგებს კიდეც... მეტს ვერაფერს გეტყვით. სიმართლე გითხრათ, არავის ვურჩევ მსგავს სიტუაციაში ყოფნას. ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა და საერთოდ ყველაფერი, რაც არაბუნებრივია, კრახით მთავრდება.
– როდესაც სასურველ მამაკაცს თავი შეაყვარეთ და საბედისწერო მომენტში უარი უთხარით, არ დაგენანათ?
– მაშინ არ დამნანებია, პირიქით, დავისვენე ისე, როცა ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ისვენებს სამშვიდობოზე გასული მეომარი. მით უფრო, რომ თავს გამარჯვებულად ვგრძნობდი. ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ უდიდესი შეცდომა დავუშვი, მით უფრო, ამ ადამიანთან მიმართებაში.
ახალგაზრდობაში დაშვებულმა საბედისწერო შეცდომამ ჩემში ფსიქიკური ძვრა გამოიწვია, შედგომ კი ამას შეცდომების მთელი წყება მოჰყვა. ახლა უკვე ბევრ რამეს ვნანობ, მაგრამ ალბათ ყველაფერი გვიანაა... სამწუხაროდ, ვერც წლებს დაიბრუნებ და ვერც გულიდან ნებით მოგლეჯილ სიყვარულს.
ნანა კობახიძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online