| ქალი და მამაკაცი |

ამბობენ, ყველა ბედნიერი ოჯახი ერთნაირად ბედნიერია, ყველა უბედური კი – თავისებურად უბედურიო. სამწუხარო ისტორია, რომელიც ჩვენმა რესპონდენტმა, 38 წლის ქალბატონმა იამ გვიამბო, მართლაც, იშვიათი და გამორჩეულია. ქალი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა ქმარი, საშინელი იმედგაცრუების წინაშე აღმოჩნდა და ამ ტრაგედიის მიზეზებზე ფიქრისას მას მოსვენებას არ აძლევს წარსულში ქარაფშუტულად ჩადენილი შეცდომა, რომელსაც თავისი უბედურების სათავედ მიიჩნევს.
ია:
– ჩემი მომავალი მეუღლე, გელა, ახალგაზრდული წლებიდან შემიყვარდა. სიტყვით ვერ გადმოვცემ, რას განვიცდიდი, უზომოდ და უსაშველოდ მიყვარდა. მეგონა, იმის იქით ქვეყანა არ არსებობდა, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. მასზე კარგი არავინ და არაფერი მეგულებოდა, ვაღმერთებდი. ამას ყველას წინაშე გულწრფელად გამოვხატავდი.
– თქვენ მიერ გაიდეალებული გელა რეალურად როგორი ბიჭი იყო, ასეთ სიყვარულს რამდენად იმსახურებდა?
– ახლაც კი, როდესაც უკვე გული დამიმსხვრია, მაშინდელ გელაზე შემიძლია მხოლოდ დადებითი ვთქვა. ძალიან კეთილი, რბილი და დამთმობი იყო. ამასთან ვაჟკაცური, მიმზიდველი და ძლიერი გახლდათ. არაფერი ეშლებოდა.
– თქვენდამი რა დამოკიდებულება ჰქონდა? ქალიშვილი, რომელიც დაუფარავად აღმერთებდა, რამდენად საინტერესო იყო მისთვის, როგორც მამაკაცისთვის?
– თავად ჩემდამი სუფთა მეგობრული განწყობა ჰქონდა. როგორც ბავშვს, ისე მელაპარაკებოდა (თუმცა ასაკით მასზე უმცროსი არ ვიყავი), მიყვავებდა, მეფერებოდა. რაკი ჩემს გრძნობას სათანადოდ არ პასუხობდა, ყველა გოგოზე ვეჭვიანობდი, ვისთანაც შეხება ჰქონდა. ბუნებით ძალიან აქტიური ვარ და მისი სიყვარულის მოპოვებისთვის ღიად ვიბრძოდი.
– მაინც რას აკეთებდით?
– ერთი საეჭვო რეპუტაციის გოგო ეტორღიალებოდა. ხმებს უვრცელებდა, ვითომ მასთან ცხოვრობდა, "მისი კაცი" იყო. იმ გოგოსთან მისასვლელი გზები მოვძებნე და დაველაპარაკე. მითხრა, ჩემი და გელას ურთიერთობა არავის გასარჩევი არ არის, შენ მიმართ რომ ინტერესი ჰქონოდა, ჩემთან არ მოხვიდოდიო. კამათში შევყევით და ისე გამომიყვანა წყობიდან, თმებში ვწვდი... ერთი სიტყვით, გაგვაშველეს და იმ უბანში "ისტერიჩკას" იარლიყიც მომაკერეს. სხვა შემთხვევებიც იყო, არანაკლებ სკანდალური.
– გელას სიყვარული და ყურადღება ამით დაიმსახურეთ?
– რა თქმა უნდა, არა. მკითხავებთან დავდიოდი და შველას ვეძებდი. ერთმა შემომთავაზა, სურათი მომიტანე და მასზე მაგიურ ზემოქმედებას მოვახდენ, ასე ბევრი წყვილი დამიქორწინებიაო. გვარიანი თანხაც მომთხოვა.
– ეს ცოდვა ჩაიდინეთ?
– სიმართლე გითხრათ, უკან არაფერზე დამიხევია. მაშინ რელიგიური განათლება არც ისე ბევრს ჰქონდა და ამ ცოდვის სიმძიმეს ვერ ვაცნობიერებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ გელას ჩემსავით ძლიერად არავინ შეიყვარებდა და მე ვიყავი ერთადერთი ქალი, ვისაც მისი გაბედნიერება შეეძლო.
– მაგიურმა ზემოქმედებამ გაჭრა?
– გულხელდაკრეფილი არ ვმჯდარვარ და შედეგებს არ დავლოდებივარ. ვიცოდი, რომ პლატონური გრძნობით კაცში ემოციებს ვერ აღძრავ, ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, პრაქტიკული ნაბიჯი გადავდგი.
– ანუ?
– მოვეფერე და დავნებდი. ოღონდ სხვა ქალთან არ წასულიყო და ყველაფერს ვაკეთებდი. დიდ სიყვარულთან ერთად ჩემი თავიც რომ ვაჩუქე, უკვე სხვაგვარად შემომხედა. დროთა განმავლობაში სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობაც გაუღვივდა და ნახევარი წლის შემდეგ დავქორწინდით.
– ამ გზით მოპოვებულმა სიყვარულმა რამდენად გაამართლა?
– თავიდან ყველაფერი კარგად იყო. სამი წელი ფეხმძიმედ არ დავრჩი, მაგრამ ამის გამო პანიკაში არ ჩავვარდნილვარ. მთავარი ის გახლდათ, რომ გელა ჩემ გვერდით იყო და ვუყვარდი. მართალი გითხრათ, მის მიმართ რაღაც უცნაური, ეგოისტური და მესაკუთრული დამოკიდებულება მქონდა, თითქოს არ მინდოდა, მისი სიყვარული ვინმესთვის, თუნდაც შვილისთვის გამეყო. მერე ორსულადაც დავრჩი, მაგრამ ექვსი თვისამ ვიმშობიარე და ბავშვმა ვერ იცოცხლა. გამოკვლევებმა ისეთი ხელმოსაჭიდი ვერაფერი აჩვენა, რომ მიზეზი დაგვედგინა. მეორედ რომ დავფეხმძიმდი, ექიმების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი, მაგრამ მაინც იგივე განმეორდა. ამან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მომაყენა. იმდენად განვიცდიდი, რომ გელამ მითხრა, არ მინდა შვილი, ოღონდ შენ მყავდე კარგადო. ერთგვარი ტაიმაუტი ავიღეთ. ამასობაში წლები გავიდა, ოცდაათს გადავცილდი და ფეხმძიმედ აღარ დავრჩი. მერე საშინელი განცდა გამიჩნდა, ყველაზე და ყველაფერზე დავიწყე ეჭვიანობა.
– ქმარი გაძლევდათ საბაბს?
– რომ ვუყურებდი, როგორ ეფერებოდა სხვის პატარებს, სული მელეოდა. დარწმუნებული ვიყავი, შვილი უზომოდ უნდოდა, მაგრამ ცდილობდა, ჩემთვის გული არ ეტკინა და არ იმჩნევდა. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. ჩემი განცდების შემყურემ შემომთავაზა, ბავშვი ავიყვანოთ და ამ ტკივილს ის გადაგვატანინებს, მერე, თუ ღვთის ნება იქნება, საკუთარიც გვეყოლება, ასე ხშირად ხდებაო. მართლაც გამოჩნდა ვარიანტი, ერთი ახალგაზრდა ქალი საყვარლისგან ფეხმძიმედ დარჩა და ბავშვის დატოვება უნდოდა. გავარკვიეთ, რომ გენეტიკურად ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა. იმ ქალს შუამავლის დახმარებით მოველაპარაკეთ და საჭირო თანხა გადავუხადეთ. ბავშვი რომ გააჩინა, წამოვიყვანეთ და გიორგი დავარქვით. საცხოვრებელი ადგილიც შევიცვალეთ, რომ მომავალში პრობლემა არ წარმოშობილიყო.
– ამ ნაბიჯმა სულიერი სიმშვიდე და ბედნიერება მოგიტანათ?
– ჩემში დედობრივმა ინსტინქტმა გაიღვიძა და გიჟი დედა გავხდი. გიოს ცივ ნიავს არ ვაკარებდი. რა თქმა უნდა, ვცდილობდი, ქმრისთვისაც არ მომეკლო ყურადღება, მაგრამ, როგორც ჩანს, გელა ისე იყო მიჩვეული ჩემგან ფოფინს, რომ სადღაც მაინც ყურადღების მიღმა დარჩა. მან ვერ შეძლო ბავშვის გათავისება. უყურებდა, როგორც უმწეო არსებას, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდებოდა, შვილად ბოლომდე ვერ აღიქვამდა. ჩემ მიმართ კი თითქოს გაუცხოვდა.
– ამას როგორ გამოხატავდა?
– ცდილობდა, არაფერი შეემჩნია, გიმეორებთ, საოცარი პიროვნება იყო. უბრალოდ, მე ვერ გამომაპარებდა, მისი სულის თითოეულ ნიუანსს ვგრძნობდი.
– და მაინც, ამ ნაბიჯმა თქვენს ურთიერთობაში ხინჯი შეიტანა?
– თითქოს ოჯახი ორად გაიყო: ერთ მხარეს მე და ბავშვი წარმოვადგენდით, მეორე მხარეს გელა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ფარულად ხდებოდა. გელა თავის თავში ჩაიკეტა, მიუხედავად ამისა, ფაქტობრივად არაფერს გვაკლებდა. მას ძალიან საპასუხისმგებლო სამსახური ჰქონდა, თანამდებობა ეკავა და მთელი დღეების განმავლობაში, ზოგჯერ შაბათ–კვირაც, დაკავებული იყო. შინ რომ მოდიოდა, ტელევიზორში უყურებდა და დასაძინებლად წვებოდა.
ჩვენს ბავშვს პატარაობიდან ნევროზული პრობლემა ჰქონდა, ალბათ თანდაყოლილი. თურმე, როდესაც დედა მუცლით ნაყოფს ატარებს და იცის, რომ დაბადებისთანავე უნდა გააშვილოს, ორსულობის პერიოდში გარკვეულ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის და ეს შვილზეც მოქმედებს. გიო ჭირვეული იყო, ღამით საშინლად ეძინა, გამუდმებულ ყურადღებას საჭიროებდა. ეს პასუხისმგებლობა ბოლომდე მე ავიღე. არ მინდოდა, ქმარს ძილი დარღვეოდა. ამიტომ ბავშვი ცალკე ოთახში მეწვინა და მეც მასთან ერთად ვიყავი. ასე რომ, ჩვენი სარეცელიც რაღაცნაირად გაიყო.
ერთ ზაფხულს გელამ კურორტზე გაგვიშვა დასასვენებლად. თან ახლო მეგობარი ნატო წავიყვანე. მგზავრობისას ვჩქარობდი და პირადი ნივთების წაღება დამავიწყდა. გელამ მითხრა, თუ სასწრაფო არ არის, მომდევნო კვირას ჩამოვალ და ჩამოგიტანო. რა თქმა უნდა, საჩქარო არ იყო და დავთანხმდი. ორი დღე რატომღაც აფორიაქებული ვიყავი, ვერ ვისვენებდი. მოხდა ისე, რომ ნაცნობი მოდიოდა თბილისში მანქანით და მას ისე გამოვყევი, ქმრისთვის არაფერი მითქვამს. ბავშვი ნატოსთან დავტოვე, თბილისში საღამოხანს ჩამოვედი. გარეთ გელას მანქანა იდგა. ვიფიქრე, სიურპრიზს გავუკეთებ, გავახარებ და რომანტიკულ საღამოს ვაჩუქებ–მეთქი. გულის ფანცქალით ავირბინე კიბეები, კარი ჩემი გასაღებით გავაღე და...
– მარტო არ დაგხვდათ?
– ეს ნამდვილი შოკი იყო! საშინელება მოხდა. მას ახალგაზრდა კაცთან ერთად შევუსწარი. ამის გახსენებაც კი მზარავს...
– ისეთი მამაკაცისგან, როგორადაც თქვენ დაახასიათეთ, ეს საქციელი მართლაც გამაოგნებელია. ეს ყველაფერი რით დამთავრდა?
– ისტერიკაში ჩავვარდი. იმ წუთას დამთავრდა ყველაფერი. ვერაფერი ამიხსნა ან კი რა ჰქონდა სათქმელი?! წლები დამჭირდა, იმ განცდებიდან რომ გამოვსულიყავი. ჩემს მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ პირში წყალი მქონდა ჩაგუბებული და მიზეზს ვერავისთან ვამხელდი – გელას რეპუტაციას ვუფრთხილდებოდი.
– ადრე მსგავსი მიდრეკილება არასოდეს შეგინიშნავთ? განხეთქილების შემდეგ უფრო სხვაგვარად ვუღრმავდებით ხოლმე მოვლენებს და ანალიზის გაკეთებისას ფაქტებს ერთმანეთს ვუკავშირებთ.
– საქმეც ისაა, რომ გელასთვის არასოდეს მსგავსი არაფერი შემინიშნავს, პირიქით, ყოველთვის ზიზღით იყო განწყობილი ამგვარი გადახრების მქონე ადამიანების მიმართ – ყოველ შემთხვევაში, ასე გამოხატავდა. არ ვიცი, რა გარდატეხა მოხდა მის ცნობიერებაში ან რამ გამოიწვია ეს. საკუთარ თავში ჩაღრმავებული, გამუდმებით ვეძებდი მიზეზებს. ყველა ამ მცდელობას წარსულში ჩემ მიერ დაშვებულ ერთ საბედისწერო შეცდომასთან მივყავდი: არ უნდა წავსულიყავი მკითხავთან და გელაზე მაგიური ზემოქმედება არ უნდა მომეხდინა! ამან თავიდან თითქოს ჩემ სასიკეთოდ იმოქმედა, მაგრამ ფაქტია, რომ საბოლოოდ კაცი პიროვნულად დაანგრია, გონება ამოუყირავა. შედეგად ჩვენი ოჯახიც დაირღვა.
– ახლა რა ურთიერთობა გაქვთ ქმართან? არ გიცდიათ, გვერდში დადგომოდით და მისთვის სწორი მიმართულება მიგეცათ? ასე ხელაღებით მოიძულეთ კაცი, რომელსაც წლების განმავლობაში აღმერთებდით?
– სამწუხაროდ, ასე მოხდა. ამის გადალახვა ვერ შევძელი, ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ვაღმერთებდი. იმ სიბინძურეს ვერასოდეს შევეგუებოდი, ვერც იმ კაცთან ვიქნებოდი, რომელიც ამის ჩამდენი იყო. ვცდილობ, მასთან ურთიერთობა არ მქონდეს. სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო, რომ ამბობდნენ, არ მჯეროდა. არ ვიცი, როგორ გამიგებთ, მაშინდელი გელა მიყვარს, ახლანდელი კი მძულს.
ნანა კობახიძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”











"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 






















































































