| ქალი და მამაკაცი |

ხანშიშესული ქალბატონის წერილის წაკითხვისას საკმაოდ შევწუხდი და გადავწყვიტე, აუცილებლად დამებეჭდა. როცა სამოცი წლის ქალბატონ მარინას წერილს თავად წაიკითხავთ, გულგრილნი არც თქვენ დარჩებით. მისი ცხოვრება ბევრ ტკივილსა და უბედურებას მოიცავს. ახლა კი ლოგინად არის ჩავარდნილი და ნათესავების ნაცვლად, მეზობელი უვლის. უფრო მეტს მის შესახებ ამ წერილიდან შეიტყობთ.
მარინა, 60 წლის:
- უკვე სამოც წელს მივაღწიე და დღემდე მარტოობაში ვცხოვრობ. პატარობაში დავობლდი. ჯერ 10 წლისას დედა დამეღუპა, ხუთ წელიწადში კი მამაც გარდამეცვალა. მალე ბებიაც დამეღუპა და მხოლოდ მე, ბაბუა და ჩემი ძმა დავრჩით. ჩემი ძმა ჩემზე 4 წლით უფროსია. საშინელი ბავშვობა გვქონდა მეც და მასაც. როცა მშობლების სითბო ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, მაშინ დავკარგეთ ისინი. შემდეგ ბებოს სიკვდილიც ძლივს გადავიტანეთ. ის ძალიან მოსიყვარულე და თბილი ქალი იყო. შვილისა და რძლის გარდაცვალების შემდეგ, ბევრი დარდი გაუჩნდა, მაგრამ მაინც არ იმჩნევდა. მე და ჩემს ძმას გვეუბნებოდა, მხოლოდ თქვენთვის ვცოცხლობ, რომ თქვენ მყავდეთ კარგადო, მაგრამ საწყალი მალევე დაიღუპა, დარდმა და თავს დამტყდარმა უბედურებებმა გადაიყოლა. ბაბუაც ავადმყოფობდა, თუმცა, სადამდეც შეეძლო, მუშაობდა. თანაც, ხომ იცით, სოფელში საქმე ყოველთვის არის და ისიც სულ რაღაცას აკეთებდა. მე და ჩემი ძმა გოგიც სულ ვეხმარებოდით მას. ასე ვშრომობდით, მოსავალი მოგვყავდა და თავს ვირჩენდით. გოგი სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში წამოვიდა, თან სწავლობდა და თან მშენებლობაზე მუშაობდა. კარგ ადგილას მოეწყო, უფროსიც კარგი შეხვდა. მან ჩვენი ოჯახის მდგომარეობა იცოდა და ეხმარებოდა. გოგი ხშირად გვაკითხავდა მე და ბაბუს და ფულსაც გვიგზავნიდა ხოლმე. მერე თბილისში ბინაც აჩუქეს სამსახურიდან და მალე ცოლიც მოიყვანა. ორი შვილი შეეძინა, ქალ-ვაჟი. ჩემი რძალი კარგი გოგონა აღმოჩნდა და თავიდან მოვიხიბლე მისით. მალე ბაბუა მძიმედ გახდა ავად და მე ვუვლიდი. ჩემმა ძმამ მითხრა, მოდი, სოფლის სახლი გავყიდოთ და ბინა თბილისში ვიყიდოთ, შენც ისწავლი აქეთო. მართალია, ბაბუას გული ძალიან სწყდებოდა, მაგრამ მაინც დავითანხმეთ სახლის გაყიდვაზე. კიდევ რაღაც პატარ-პატარა მიწები გვქონდა, ისიც გავყიდეთ და ორი ბინა ვიყიდეთ. ერთი ჩემი ძმის იყო, ერთიც ჩემი. მე და ბაბუ ჩემს ბინაში გადავედით საცხოვრებლად. ამ ამბიდან მან სამი წელი იცოცხლა. ამასობაში, მე უმაღლესში ჩავაბარე, თან სილამაზის სალონში ვმუშაობდი. ბაბუასაც ვუვლიდი და მუშაობასა და სწავლასაც ვასწრებდი.
საწყალი ბაბუ ბოლოს მძიმე ავადმყოფობით გარდაიცავალა. მას მერე, სულ მარტო ვცხოვრობ. ხშირად მივდიოდი ჩემი ძმის ოჯახში, ისინიც მაკითხავდნენ, მაგრამ მაინც მარტო ვიყავი. ჩემი ძმისშვილი ანა განსაკუთრებით მიყვარდა და სულ ჩემთან იყო. საკუთარი შვილივით ვზრდიდი. სადაც წავიდოდი, ყველგან თან დამყავდა. სწავლა რომ დავამთავრე, ინგლისურში ბავშვების მომზადება დავიწყე, სალონშიც ისევ ვმუშაობდი. კარგი ხელფასი მქონდა, საკუთარი თავისთვის მყოფნიდა და მრჩებოდა კიდეც. ძმისშვილებს ყურადღებას არ ვაკლებდი. რძალთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა. ასე გავატარე ჩემი ცხოვრება. სხვადასხვა ადგილებზე ვიმუშავე, სულ საქმეზე ვიყავი გადართული და გათხოვებაზე არ ვფიქრობდი. 30 წლის ასაკში კი ძლივს მივიღე დაოჯახების გადაწყვეტილება. მომავალი მეუღლე მეგობრებთან გავიცანი, ის ჩემზე ექვსი წლით უფროსი იყო. რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს და მერე გადავწყვიტეთ, რომ გვექორწინა.
მერაბი ყველა მხრივ კარგი კაცი იყო, დიდ პატივს მცემდა, მაფასებდა, ჩემი ნათესავები ძალიან უყავრდა და ისიც ყველას უყვარდა. სამწუხაროდ, სულ სამი წელი ვიყავით ერთად და ერთ დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა. მაშინ ექვსი თვის ორსული ვიყავი. ერთ საღამოს სახლში ვიყავით, საჭმელი მივირთვით, მერე მე აბაზანაში შევედი. იქედან გამოსულს ქმარი ძირს დაგდებული დამხვდა. მკვდარი მეუღლის დანახვამ და ამ უბედურებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. მძიმედ ვიყავი, საავადმყოფოში გადამიყვანეს. მუცელი მეშლებოდა, ბავშვი ძლივს სუნთქავდა და ამიტომ ნაადრევად მამშობიარეს. ადრე ამდენი საშუალება არ იყო, როგორც ახლა და ჩემი პატარა ვერ გადაარჩინეს. რაც მთავარია, მეუღლის ოჯახმაც ამითვალწუნა. ვერ ვიგებდი რატომ. მერეღა გავიგე, რომ თურმე ეშინოდათ, ქმრის ქონებიდან წილი არ მომეთხოვა. ეს რომ გავიგე, მათი სახლიდან წამოვედი. ისევ მარტო დავრჩი. ამის მერე გათხოვებაზე აღარც მიფიქრია და ვერავინ მიბედავდა ამაზე საუბარს. ბევრი ტკივილი მქონდა გამოვლილი ჯერ კიდევ პატარაობიდან - დედა, მამა, ბებია, მერე ქმარი და ბავშვი, რომელიც ამ ქვეყანას მკვდარი მოევლინა. მაშინ მივხვდი, რომ მე ბედნიერი ვერასდროს ვიქნებოდი. ალბათ, ეს ყოფილა ჩემი ბედი და მეორედაც აღარ გავთხოვდი, თუმცა, მთხოვნელები მყავდა. ჩემი ძმისშვილი ანა, ძირითადად, სულ ჩემთან იყო და ვეუბნებოდი, რომ ჩემს სახლს შენ დაგიტოვებ-თქო. მერე ანა გათხოვდა, თავისი ოჯახი შექმნა და მე იშვიათად მაკითხავდა.
რამდენიმე წლის წინ კიდევ ერთი უბედურება დამატყდა თავს. სამსახურში მიმავალს მანქანა დამეჯახა. სერიოზულად არ დავშავებულვარ, მხოლოდ ფეხი მოვიტეხე. ყველა მილოცავდა გადარჩენას, არადა, ამის მერე დაიწყო ყველაფერი. საკმაოდ ცუდი მოტეხილობა იყო, თან ცუდ ადგილას და ვერ ხორცდებოდა. ექიმების დაუდევრობაც უნდა აღვნიშნო, რომლებმაც ნორმალური ყურადღება არ მომაქციეს და დავინვალიდდი. ახლა კოჭლი ვარ და ჯოხის გარეშე ვერ დავდივარ. პენსიაში გავედი, ვეღარ ვმუშაობ. ინვალიდობის დახმარებასაც ვიღებ, მაგრამ ეს მცირედია. მას მერე, რაც დავინვალიდდი, ჩემი რძალი და ძმისშვილები მერიდებიან. ეშინიათ, არ ვუთხრა, მომიარეთ-თქო. ყურადღებას აღარ მაქცევენ. ორი წლის წინ ინსულტიც მქონდა, მძიმედ ვიყავი და მეზობლის ქალი მივლიდა. ჩემი რძალი ამბობდა, სახლში ბევრი საქმე მაქვს და ვერ ვტოვებო, ძმისშვილი მირეკავდა ხოლმე და ბოდიშებს მიხდიდა, რომ დილიდან საღამომდე სამსახურში ვარ და მოსვლასაც ვერ ვახეხებო. გული ძალიან მეტკინა მათი საქციელით. ახლა ცოტა წამოვდექი ფეხზე და ასე თუ ისე ვუვლი ჩემ თავს, მაგრამ მაინც მიჭირს. ჩემს ძმას ვუთხარი კიდეც, გადმოვალ თქვენთან საცხოვრებლად, ჩემი ბინა გავაქირავოთ და ის ფული შენს ოჯახს მოახმარე, უბრალოდ, თქვენთან ვიქნები, რომ პატრონი მყავდეს-თქო. თავიდან გოგი დამეთანხმა, მაგრამ ცოლთან საუბრის შემდეგ, უარი მითხრა. რაღაცები მოიმიზეზა, მეც აღარაფერი ვუთხარი. ამას წინათ ჩემი რძალი მოვიდა და ეგრევე მომახალა, სახლი ანაზე გადააფორმე, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ კიდევ რომ გაგიმეოროს ინსულტმა და რამე მოგივიდეს, მერე რა ვქნათო. გავმწარდი, ვეღარ მოვითმინე და ვეჩხუბე. ვუთხარი, თქვენ მხოლოდ ჩემი ქონება გინდათ, ჩემი მოვლა-პატრონობა კი არა-თქო. ავუკრძალე ჩემს სახლში მოსვლა. მას მერე სულ განერვიულებული ვარ. მართალია, ჯერ მხოლოდ სამოცი წლის ვარ, მაგრამ არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გავუძლებ ამ ყველაფერს, სულიერ თუ ფიზიკურ ტკივილს. ამ ბოლო დროს ფეხიც მაწუხებს. ექიმთან ვიყავი, წამლები დამინიშნა. მეორედ ვეღარ მივედი, ფული არ მქონდა. ჩემი ძმა ფინანსურად ცოტათი კი მეხმარება, მაგრამ მაინც ბევრი რამ მჭირდება. მუდმივად მედიკამენტების ქვეშ ვარ, თანაც, ინსულტი ხომ იცით როგორია? ყოველ წუთს არის საფრთხე, რომ ისევ გამიმეორდეს, ამიტომ სულ წამლების ქვეშ უნდა იყო. ჩემი პენსია კი ამაში არ მყოფნის.
ჩემს მეზობლად ერთი ოჯახი ცხოვრობს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი არიან და სამი შვილი ჰყავთ. ისინი დიდ ყურადღებას მაქცევენ და როცა ცუდად ვხდები, მაგათი იმედი მაქვს ხოლმე. ნანა ძალიან კეთილია და მივლის. არავის უთხოვია ეს მისთვის, მაგრამ, რომ ხედავს, მომხედავი არავინ მყავს, ვეცოდები და მივლის. თან სულ მეუბნება, ასე მგონია დედას ვუვლიო. მას ლოგინად ჩავარდნილი დედა ჰყოლია, რომელსაც ასე უვლიდა წლების განმავლობაში, მერე კი გარდაიცვალა. მათ ოჯახზე მადლობის მეტი რა მეთქმის და ალბათ, ვერც ვერასდროს გადავუხდი სამაგიეროს. ამაზე დიდი სიკეთე რა უნდა იყოს, რომ სრულიად უცხო ადამიანს მოუარო უსასყიდლოდ. ზოგი საკუთარ დედას არ უვლის. ჩემი რძალი ამაზეც ბრაზდება, რომ ისინი მივლიან. ამას წინათ მითხრა, ალბათ, შენი ქონების ხელში ჩაგდება უნდათო. მაგას ქონების მეტი არაფერი აინტერსებს. დაავიწყდა, როგორი კარგი მული ვიყავი. არაფერს ვაკლებდი, საჩუქრებით ვავსებდი მასაც და მის შვილებსაც. ყველაფერი დაავიწყდათ და ახლა ჩემს სანახავად მოსვლასაც ვერ ახერხებენ. გული ძალიან მტკივა. კი ვიცოდი, უბედური რომ ვიყავი და ჩემი ცხოვრებაც ასე უბედურად დამთავრდებოდა, მაგრამ ჩემი ძმის ოჯახი თუ ასე მომექცეოდა, არ მეგონა. მათ ვერც სიკეთე დაინახეს და ვერც ვერაფერი. ამიტომაც გადავწყვიტე, ახლავე დავწერო ანდერძი და ჩემი ბინა ჩემი მეზობლის ოჯახს დავუტოვო. ეს ჯერ არავისთვის მითქვამს. მეტის ღირსები არიან ჩემი რძალი და ძმისშვილები. ვინც მე მომივლის, მიპატრონებს და სითბოს დამანახებს, ბინაც მათი იქნება. გული ძალიან მაქვს ნატკენი და ეს გადაწყვეტილება ამიტომაც მივიღე. ხომ ხედავენ, როგორი საცოდავი ვარ, არც ქმარი შემარჩინა ღმერთმა და არც შვილი. ახლა, თითქმის ლოგინად ვარ ჩავარდნილი, მათ კი სულ არ ადარდებთ ჩემი მდგომარეობა. მხოლოდ ბინა აინტერესებთ. ჰოდა, ამ ბინას ვერ მიიღებენ. ამის ღირსები არ არიან. მადლობა წინასწარ, თუ ჩემს წერილს დაბეჭდავთ და ჩემს ამბავს გულთან ახლოს მიიტანთ. ეს ჩემთვის დიდ რამეს ნიშნავს.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”











"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 






















































































