asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ორჯერ დაკარგული შანსი – რატომ თქვა უარი ქალმა ოცწლიანი განშორების შემდეგ ნაპოვნ მამაკაცზე
ორჯერ დაკარგული შანსი
ორჯერ დაკარგული შანსი – რატომ თქვა უარი ქალმა ოცწლიანი განშორების შემდეგ ნაპოვნ მამაკაცზე

2011-11-07 19:36:01



საბედისწერო მომენტები ცხოვრებაში ზოგჯერ ნაადრევად მოდის, როდესაც ჯერ კიდევ შეუმზადებლები ვართ ამისთვის, ზოგჯერ კი იმაზე გვიან, ვიდრე საჭიროა. ან იქნებ ყველაფერი დროულია და ჩვენვე ვქმნით დაბრკოლებას საკუთარი ცხოვრების გზაზე?! ძნელია განსჯა. ჩვენმა რესპონდენტმა, საკმაოდ მიმზიდველმა, შუახნის ქალბატონმა ლელიმ, ეს გზა გაიარა... თუ რატომ თმობდა თავისი ცხოვრების მამაკაცებს ასე იოლად, უბრძოლველად და რატომ დარჩა მარტო ცხოვრების შუაგზაზე ეს მშვენიერი ქალბატონი, ამის შესახებ თავად გვიამბობს.
ლელი:
– მერაბი ადრეული ახალგაზრდობის წლებში გავიცანი. ქორეოგრაფიულ ანსამბლში ვცეკვავდი. დარბაზში, სადაც მეცადინეობა გვიტარდებოდა, მომდევნო საათებში სპორტსმენები ვარჯიშობდნენ. მერაბიც მათ შორის იყო – სიმპათიური, ახოვანი, ხუმარა, ენაწყლიანი. თავიდანვე მომეწონა. ჩვენ შორის უხილავი ძაფი გაიბა. არ ვიცოდი, რა გრძნობა იყო, მაშინ ამას სიყვარულს ვერ ვარქმევდი.
– საპასუხო გრძნობა მისი მხრიდანაც გქონდათ?
– საერთოდ, ცალმხრივი გრძნობა ჩემთვის უცხოა, საამისოდ მეტისმეტად თავმოყვარე ვარ. პირველად მისგან ვიგრძენი იმპულსები. სხვა გოგონებთან რომ გაილექსებოდა, ჩემთან თავშეკავებას იჩენდა. სხვებს თუ მსუბუქად ეხუმრებოდა, ჩემდამი კრძალვას ამჟღავნებდა, რაღაცნაირად თავმოდრეკილი იყო. ჩემს ყოველ ნათქვამს და მოძრაობას აკვირდებოდა, ჩემ მიმართ მზერაც კი სხვაგვარი ჰქონდა.
– თქვენი ურთიერთობა როგორ განვითარდა?
– სამწუხაროდ, ისეთივე დარჩა, როგორიც იყო. როგორც შევხვდით ერთმანეთს, ისევე ავცდით. დღემდე ვერ ავხსნი, რატომ არ განვითარდა მაშინ ეს ურთიერთობა. მის ჩემდამი დამოკიდებულებას ლამის ფიზიკურადაც ვგრძნობდი. დარწმუნებული ვარ, თავადაც იმავეს განიცდიდა. არადა ამ ურთიერთობისკენ ნაბიჯი არც ერთს გადაგვიდგამს. ალბათ საამისოდ სიტუაციის მომწიფება და შესაბამისი გარემო იყო საჭირო, რომელიც მაშინ რატომღაც არ დადგა. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ შეიძლება მიზეზი ჩემს ხასიათში იყო – მამაკაცებს სიახლოვეს არ ვუშვებდი, ამიტომ ისინი მხოლოდ შორიდან მეტრფოდნენ.
– იმდენად თავშეკავებული იყავით, მერაბს არც კი აგრძნობინებდით, რომ მოგწონდათ?
– ალბათ ძალაუნებურად მაინც ვაგრძნობინებდი. როცა ორ ადამიანს შორის სიმი იბმება, შეუძლებელია, გრძნობა დაიფაროს. ძალიანაც რომ მოინდომო, მის წინაშე ამას ვერ შეძლებ. მე უბრალოდ საშუალებას არ ვაძლევდი, ნაბიჯი გადმოედგა, ალბათ საკუთარ თავში და ჩემს გრძნობაშიც ბოლომდე გარკვეული არ ვიყავი. მერე ისე მოხდა, რომ ცეკვას თავი დავანებე და სხვა გზაზე წავედი – სამსახური სრულიად სხვა სფეროში დავიწყე. მერაბს ვეღარც ვნახულობდი.
– როცა თქვენი გზები გაიყო, მერაბმა ცოლი მოიყვანა?
– არა, მე გავთხოვდი. ყველაფერი ისე სპონტანურად და უცნაურად მოხდა, რომ თავადაც მიკვირს. ალბათ ეს ჩემი ბედისწერა იყო. ლადო ჩემი მშობლების მხრიდან გავიცანი, მამაჩემთან ერთად მუშაობდა. მაშინ 27 წლის ვიყავი და ყველა თაყვანისმცემელს ვიწუნებდი, არავინ მინდოდა. ჩემებს რატომღაც შიში შეეპარათ, რომ შეიძლებოდა გაუთხოვარი დავრჩენილიყავი, ამიტომაც ლადო საგანგებოდ გამაცნეს და თანაც მასზე დადებითი რეკომენდაციის კასკადი დამაყარეს – კარგი ოჯახიშვილი, მაღალი წრიდან, განათლებული, გემოვნებიანი, შეგნებული, ყოველმხრივ უზრუნველყოფილი და, რაც მთავარია, "კაი ტიპი". ვერ ავხსნი, რატომ, მაგრამ თავიდანვე განწყობა შემექმნა, რომ ამ კაცს უნდა გავყოლოდი და პირველივე წინადადებაზე დავთანხმდი.
– მასთან ოჯახური ურთიერთობაც ასევე მარტივად ააწყვეთ თუ გაგიჭირდათ?
– როცა მე და ლადო დავქორწინდით, ერთმანეთს ჯერ კიდევ არ ვიცნობდით. ოჯახური ურთიერთობის აწყობა ასეთი წყვილისთვის კი არა, ზოგჯერ წლობით შეყვარებულებისთვისაც რთულია. ერთმანეთის შეცნობის პროცესში ბევრ ისეთ ნაკლოვანებას აღმოაჩენ, რომელიც შენთვის შეიძლება მაინცდამაინც მისაღები არ იყოს, მაგრამ იძულებული ხარ, შეეგუო ან თვალი დახუჭო, ოჯახში ზედმეტ კონფლიქტებს რომ ასცდე. არის მეორე მომენტიც: როცა მიზანმიმართულად ოჯახის შექმნის მიზნით თხოვდები და არა იმიტომ, რომ იმ ადამიანის გარეშე უბრალოდ ცხოვრება არ შეგიძლია, ბევრ საკითხს გონების თვალით ჭრი და გრძნობას უკანა პლანზე ტოვებ. ასე რომ, დროთა განმავლობაში ურთიერთობა ავაწყვეთ და ამას ხელი შეუწყო ჩვენი შვილის, ელენეს დაბადებამ. პირადად ჩემი ცხოვრება მთლიანად ელენეს მივუძღვენი. როდესაც ბავშვის მოვლით და აღზრდით ხარ დაკავებული, სხვა დანარჩენი საკითხები უკან გადაინაცვლებს.
– ბოლოს თქვენი ოჯახი მაინც დაირღვა. მიზეზი ცოლ–ქმარს შორის სიყვარულის ნაკლებობა ხომ არ იყო?
– მე და ლადოს არ გვქონდა ის სულიერი კავშირი, რაც ცოლ–ქმარს შორის უნდა იყოს. არ ვიყავით გახსნილები ურთიერთობაში. ერთმანეთს თითქოს ოფიციალურ დონეზე ვესაუბრებოდით. ამან გამოიწვია ის, რომ მის ცხოვრებაში სხვა ქალი გაჩნდა. ამის შესახებ ახლობლებისგან შევიტყვე. ეჭვის დონეზე ისედაც ვგრძნობდი რაღაცას. ეს გახდა გაყრის საბაბი. საკითხი გაყრის შესახებ მე დავუყენე, თავად არც უფიქრია. ალბათ აკმაყოფილებდა ის ყოფა, რაც ჰქონდა – ჩემგან მიღებულ სიცარიელეს ის ქალი უვსებდა და, ასე თუ ისე, კარგი ოჯახიც ჰქონდა.
– მტკივნეული იყო ქმრის ღალატის გაგება? შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ქვეცნობიერად გინდოდათ ქმართან გაცილება და მისი მხრიდანაც საბაბი მოგეცათ.
– ალბათ ასე იყო. თავიდან მტკივნეულად განვიცადე. როცა ცხოვრებაში რაღაც სტაბილური მდგომარეობა ირღვევა, რომელსაც უკვე შეგუებული ხარ და ნორმად მიგაჩნია, თავისთავად შფოთავ. ეს პერიოდი რომ გადის, მერე ალაგებ საკუთარ თავთან აზრებს – სად დაუშვი შეცდომა ან იყო თუ არა საერთოდ შეცდომა ეს ურთიერთობა. ჩავთვალე, რომ ასე უკეთესი იყო ორივესთვის – ერთმანეთისგან გავთავისუფლდით და თითქოს გზა გაგვეხსნა, კარიერას ვგულისხმობ, სადაც შეძლებისდაგვარად მოვახდინეთ რეალიზება. შორიდან უფრო დავუმეგობრდით ერთმანეთს და მეტად კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ელენეც ისე გაიზარდა, რომ მამის სიყვარული არ მოჰკლებია.
– თქვენი პირადი ცხოვრება როგორ წარიმართა, მოგეცათ თუ არა კიდევ ერთი შანსი, რომ მარტოობა შეგევსოთ და კენტად არ ყოფილიყავით?
– ორი წლის წინ მოულოდნელად მერაბს შევხვდი. სამსახურიდან საქმიანი ვიზიტით ერთ დაწესებულებაში გამგზავნეს და უცებ მის კაბინეტში ამოვყავი თავი. ოცწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შევხვდი. ისე ავღელდი, რომ მივხვდი, ამ ადამიანის მიმართ ვერასოდეს ვიქნებოდი გულგრილი. ძალიან გულთბილად შემხვდა, აღარ იცოდა, რითი ეცა პატივი. მდივანს ყავა მოატანინა, კონდიციონერი გამორთო, ხმაური შეგაწუხებსო, ფანჯარა გააღო და კარი დაკეტა, რაღაც ჟურნალების დათვალიერება შემომთავაზა... ერთი სიტყვით, მოუსვენრობამ შეიპყრო. არაადეკვატურად იქცეოდა. მივხვდი, რომ ცოტა დაიბნა კიდეც.
– მის პირად ცხოვრებაში ცვლილება იყო თუ ისიც მარტოობას განიცდიდა?
– ცოლი არ შეურთავს, მის პირად ცხოვრებაზე სხვა არაფერი ვიცი.
– ამდენი წლის უნახაობის შემდეგ თქვენთან ურთიერთობის განახლება არ მოინდომა?
– იმ დღეს ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. რამდენიმე დღეში კი შეხვედრა მთხოვა, ვითომ იმ ხელშეკრულებაზე უნდოდა საუბარი, რაზეც სამსახურიდან მიმავლინეს. რა მნიშვნელობა ჰქონდა, ეს ჩემთვის უბედნიერესი წუთები იყო. ვერ აგიწერთ, რა მღელვარებით ვემზადებოდი – სამოსი, რაც საგანგებოდ ამ დღისთვის შევარჩიე და რომელსაც ყოველთვის ვიხდენდი, ვერაფრით მოვირგე. ხუთი პირი ტანსაცმელი გამოვიცვალე, ხან ჩანთა ვერ მოვიხდინე და ხან ფეხსაცმელი ვერ შევუფერე... მერე ჩემს თავს შემოვუძახე და თავი ხელში ავიყვანე. ბოლოს მაქსიმალურად სადად ჩავიცვი, რომ სამოსს ზედმეტად არ დავეძაბე და თავისუფლად ვყოფილიყავი. ერთმანეთს ქალაქგარეთ რესტორანში შევხვდით. საოცარი თვალებით მიყურებდა, რომელშიც აღფრთოვანება, სინანული და მონატრება – ყველაფერი ერთად იყო. ისე მექცეოდა, თავი მსოფლიოში ულამაზესი ქალი მეგონა.
– ახლა მაინც თუ შეემატა სითამამე?
– პირდაპირ მაინც ვერ მელაპარაკა. თითქოს რაღაც ისევ ვერ უშვებდა ჩემამდე. მესამე პირში, რებუსებით და ქვეტექსტებით მესაუბრებოდა. ჩემი ამბები მომაყოლა, გაარკვია, რომ მარტო ვიყავი და ახლო ურთიერთობა შემომთავაზა. ყველაფერი, ის საღამო, მისი დამოკიდებულება და შემოთავაზებაც, ძალიან ლამაზი იყო. მითხრა, თუ შენთვის მისაღებია, უკან ნუ დაიხევ და დრო გვიჩვენებს, სამომავლოდ რა როგორ განვითარდებაო.
– თქვენ მაინც ვერაფერი გადაწყვიტეთ?
– ვუთხარი, მოვიფიქრებ–მეთქი, მაგრამ ეს ფაქტობრივად უარის თქმას ნიშნავდა.
– ის თქვენი ოცნების მამაკაცი იყო. როცა საჭირო დრო და მომენტი დადგა, სასურველ კაცთან ურთიერთობაზე რატომ შეიკავეთ თავი, მისი წინადადება აღმოჩნდა თქვენთვის მიუღებელი თუ სხვა მიზეზი იყო?
– ეს ყველაფერი ჩემთან ძალიან გვიან მოვიდა. მაშინ 47 წლის ვიყავი. არც თავისუფალი ურთიერთობების მომხრე ვარ და არც მკაცრი ტრადიციის ჩარჩოებში ვჯდები. მჯერა, რომ სიყვარულისთვის შეიძლება დაუშვებელიც კი მოხდეს. თუნდაც 10 წლის წინ რომ მომხდარიყო ეს შეხვედრა, შეიძლებოდა გამერისკა და დავთანხმებულიყავი. მერაბი, როგორც პიროვნება და მამაკაცი, ანდამატივით მიზიდავდა. ის, როგორც მამაკაცი, სხვაგვარად საზღვრავს. ჩემი ხნის ქალს სჭირდება სიმშვიდე, იდილია და არა – საზოგადოებისგან დამალული, სულის ამაფორიაქებელი ურთიერთობა, რომელსაც, დიდი შანსია, მომავალი არც ჰქონდეს.
– მერაბი თქვენს უარს როგორ შეხვდა? როგორც წესი, კაცები ამას შეურაცხყოფის დონეზე განიცდიან.
– გულნატკენი დარჩა, ალბათ გრძნობდა ჩემს დამოკიდებულებას და იმედიც ჰქონდა, თუმცა სასოწარკვეთასაც არ მისცემია და მარტოობის შესავსებად არც მეწყვილის შოვნა გასჭირვებია. ამას წინათ შემთხვევით ვნახე, ქალი ახლდა. ეტყობოდა, რომ მათ შორის ჩვეულებრივი მეგობრობა არ იყო. ალბათ ყველაფერი მაინც ასე დამთავრდებოდა. აღარაფერს ვნანობ, დავრწმუნდი, რომ მასთან მიმართებაში ლოგიკური გადაწყვეტილება მივიღე.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online