| ქალი და მამაკაცი |

ფსიქოლოგები განასხვავებენ ქალისა და კაცის მხრიდან ცოლქმრული ღალატის მოტივებს. მათი აზრით, ღალატს იწვევს სიახლის ძიება: ძლიერი სქესი სქესობრივი მრავალფეროვნებისკენ მიილტვის, ხოლო სუსტი სქესი – ემოციური დაკმაყოფილებისკენ. მოღალატე ცოლების მეტი წილი სხვა პარტნიორთან კავშირს ამყარებს იმისათვის, რომ საკუთარ თავში შეიგრძნონ "სასურველი ქალი", ზოგიერთ ქალს კი ამ ნაბიჯისკენ ბანალური შურისძიება უბიძგებს. ვინ არის დამნაშავე, ცოლი თუ ქმარი? ეს რიტორიკული კითხვა სქესთა შორის ყოველთვის დავას იწვევს. ჩვენმა რესპონდენტმა, რომელსაც პირობითად ნუცას დავარქმევთ, საკუთარ მაგალითზე ღალატის მიზეზი ასე ახსნა.
ნუცა:
– 15 წელია, ოჯახი შევქმენი. თანაცხოვრების 8 წლის შემდეგ ჩემმა ქმარმა დაასკვნა, რომ სრულებით არ შევეფერებოდი, როგორც თანამეცხედრე. მე მისთვის ხან ძალიან დუნე, მისივე თქმით, "შენელებული კადრი" ვარ, ხან ძალიან ცივი, ხანაც მარტივად გასაგები ფიგურა. ხშირად მეუბნებოდა, ძალიან გაგიმართლა, რომ შენი ქმარი ვარ, არც ერთი სხვა მამაკაცი შენთან არ დაწვებოდაო. არ შეიძლება ქმარმა ცოლი ასე დაამციროს, ამგვარი სიტყვებით გული მოუკლას, ამით თავადვე უბიძგებს ღალატისაკენ.
– იქნებ ეს დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვები იყო ან საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსი ათქმევინებდა? ამ დროს კი შეიძლება ცოლის მიმართ სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრებისა იყოს.
– გეთანხმებით, ასეც ხდება ხოლმე, მაგრამ ჩემი ქმრის შემთხვევაში ეს არ იყო ლიტონი სიტყვები, მას ჩემ მიმართ რეალურად ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა. უნდოდა, თავი მის მადლიერ მხევლად მეგრძნო, პატივი რომ დამდო და ქმრობას მიწევდა. სწორედ ამ დამოკიდებულებამ განსაზღვრა ჩემი მომავალი ცხოვრება და არა მარტო ჩემი.
– ანუ ქმრის ამგვარი დამოკიდებულება თქვენი მხრიდან ღალატის მიზეზი გახდა?
– სწორედ ასე იყო. მანამდე ოჯახის ქალი ვიყავი, კარგი დიასახლისი, ცოლი და დედა და ამის დაუფასებლობა ჩემს ქმარს ვერ ვაპატიე. ქალის შრომა ძალიან დიდია, მრავალმხრივია, მაგრამ არ ჩანს. არცთუ ადვილია, ქალმა სამსახურშიც იარო, სახლიც ყოველთვის სუფთად გქონდეს, სადილ–ვახშამი მომზადებული, ქმარ–შვილი მოვლილი გყავდეს და დღის ბოლოს კიდევ ენერგია შეინარჩუნო ქმრის სათანადო "სერვისისათვის". ამის გაგება სამსახურზე გადაგებულ ქმარს უნდა შეეძლოს და საოჯახო საქმით დაქანცულ ცოლს მორალური შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს, მით უფრო, თუ თავად არც ცდილობს, ქალს საამისოდ ემოციური გარემო შეუქმნას, დროდადრო რომანტიკული საღამოებით გაანებივროს. პირველ რიგში, მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ მეც, სხვა ქალების მსგავსად, შეიძლებოდა ვინმესთვის სასურველი ქალი ვყოფილიყავი და მეორეც, დიდი სურვილი მქონდა, ქმარი იმ სიტყვებისთვის დამესაჯა.
– ოჯახის ქალმა ღალატის ობიექტი მამაკაცი ასე სახელდახელოდ სად იპოვეთ?
– ეს ნამდვილი პრობლემა იყო, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. გავიგე ჩემი ძველი შეყვარებულის ტელეფონი, დავუკავშირდი და პაემანზე შევუთანხმდი. თავის დროზე იმ ბიჭს იმიტომ დავშორდი, რომ სხვადასხვა აზროვნებისა ვიყავით, ის ინტიმურ კავშირს მთხოვდა, სხვაგვარად ვერ წარმოედგინა სიყვარულის განვითარება, ჩემთვის კი მისი წინადადება აბსოლუტურად მიუღებელი იყო. და აი, ათეული წლის შემდეგ, როცა ორივე ჩვენგანს უკვე ოჯახები გვყავდა, ის კაცი დავიბარე და ყმაწვილობისდროინდელი ოცნება ავუსრულე. ქალაქგარეთ რესტორანში წავედით. ვერც წარმოიდგენდა ასე, პირველივე შეხვედრაზე თუ "ვეძგერებოდი". ეს ყველაფერი ისე ამაზრზენად მოხდა, ისეთ პირობებში და ჩემი მხრიდან ისეთი მძაფრი ნერვიულობის ფონზე, რომ ვერანაირი სიამოვნება ვიგრძენი. დამრჩა მხოლოდ ზიზღი საკუთარი თავის და იმ პიროვნების მიმართ. ყველაზე მეტად კი ჩემს ქმარს ვერ ვიტანდი, ვინც პრაქტიკულად მიბიძგა ამ ნაბიჯისკენ.
– ამის შემდეგ ქმართან ცხოვრებას როგორ დაუბრუნდით ან ძველი შეყვარებული რა გზით ჩამოიშორეთ?
– ქმარს გამარჯვებული ქალის იმიჯით დავუბრუნდი, მაგრამ რეალურად საკუთარი თავის წინაშე დამარცხებული ვიყავი. იმ ამბის შემდეგ ქმრისგან დამცირებას ისე მტკივნეულად აღარ აღვიქვამდი. მეგონა, იმ ცოდვას მონანიებით ჩამოვირეცხავდი და ნორმალურ რიტმში განვაგრძობდი ცხოვრებას, მაგრამ ასე არ მოხდა. ემოციური დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა. რაც შეეხება ჩემს ყოფილ შეყვარებულს, მისი დანახვაც არ მინდოდა. ვუთხარი, რომ ეს ჩემი მხრიდან შეცდომა იყო, რამდენადაც გათხოვილი ქალი ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ის კაციც ოჯახიანი იყო, გამიგო და შემეშვა, თუმცა მზადყოფნა გამოთქვა ჩემი მორიგი "მომსახურებისთვის".
– ცხოვრება როგორ გააგრძელეთ?
– როცა ერთხელ გადადგამ გვერდზე ნაბიჯს, მორიგი სვლები უფრო მარტივად ხდება. ვფიქრობდი, რომ ჩემი ქმარი ნამდვილად იმსახურებდა იმას, რაც მიიღო. ფსიქოლოგიურად იმ მამაკაცის ძიება დავიწყე, ვისთანაც შეიძლებოდა თავი სრულფასოვან ქალად მეგრძნო. როცა ასეთი ურთიერთობისთვის მზაობას გრძნობ, მამაკაცების მიმართ უფრო გახსნილი ხდები და საჭირო პიროვნებაც თავისთავად მოდის. გავიცანი მამაკაცი, ჩემს ქმარზე ბევრად ახალგაზრდა, ენერგიული, სიმპათიური და დავუმეგობრდი. მალე ჩვენი ურთიერთობა რომანში გადაიზარდა. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ მისთვის ნამდვილად სასურველი ქალი ვარ. რამდენიმე წელია, ერთმანეთს ვხვდებით. ჩვენი ურთიერთობა ცეცხლოვანია, მისთვის დუნე და მოსაბეზრებელი ქალი არ ვარ.
– წლების განმავლობაში ამ მამაკაცთან კავშირის დაფარვას როგორ ახერხებთ, ეს ამბავი არავინ იცის?
– თავიდან საგულდაგულოდ ვმალავდი, მხოლოდ ჩემმა ძალიან ახლო დაქალებმა იცოდნენ. მათთვის რომ არ მომეყოლა, გული გამისკდებოდა. აღმოჩნდა, რომ მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვისაც ქმრისთვის უღალატია. მართალი გითხრათ, ახლა დამალვას აღარ ვცდილობ, პირიქით, მეამაყება, რომ გვერდით ასეთი საოცნებო მამაკაცი მყავს. ზოგჯერ სურვილი მიჩნდება, რომ ქმარმაც გაიგოს.
– თქვენს ქმარს ცოლის ღალატზე რა რეაქცია ექნება? არა მგონია, თქვენი "გამარჯვება" აღიაროს და, რბილად რომ ვთქვა, "კვარცხლბეკზე" დაგტოვოთ.
– დარწმუნებული ვარ, არ დაიჯერებს, ხოლო თუ მაინცდამაინც ფაქტის წინაშე დადგება, მაშინ არ ვიცი...
– ასეთი ურთიერთობა მორალურად გაკმაყოფილებთ?
– ჯერჯერობით ვერაფერს ვცვლი. ქმართან გაშორებას ვერ ვახერხებ ოჯახისა და შვილების გამო. ჩვენი მდგომარეობა სტაბილური გახდა. საყვარელ მამაკაცთან კავშირით ქმართან უფრო ვაწესრიგებ ურთიერთობას. მშვიდად ვწყვეტ პრობლემებს, უფრო იოლადაც ვცხოვრობ, არაფერს ვართულებ. უფრო თავდაჯერებული გავხდი და იმაზე მეტს ვაკეთებ, ვიდრე აქამდე შემეძლო.
– კი, მაგრამ ორმაგი ცხოვრება ადამიანზე ხომ საბოლოოდ უარყოფითად იმოქმედებს. ასეთ სულიერ ცვლილებებს საკუთარ თავში ვერ ამჩნევთ?
– თუ შევნიშნავ, რომ რეგრესისკენ მივექანები, ალბათ რაღაცას შევცვლი. კაცებმა ჭკუა უნდა ისწავლონ! მათ რატომღაც ჰგონიათ, რომ უფლება აქვთ, ქალი დაამცირონ, დათრგუნონ, ყოველმხრივ უღალატონ... სხვათა შორის, ერთი ჩემი ახლობელი, ნაზი, ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ მყარი და შეკრული ოჯახი ჰქონდა, ერთ მშვენიერ დღეს კი ფაქტის წინაშე დადგა, რომ ქმარი ღალატობდა. აღმოჩნდა, რომ მის ქმარს ოფიციალური საყვარელი ჰყავდა. ამის გამო ნაზის ოჯახიდან წასვლა უნდოდა, მაგრამ ქმარმა ამის საშუალება არ მისცა. მუდმივმა შინაომებმა და დაძაბულობამ ქალს ნერვები დაუზიანა. ქმარი რომ ვერ ჩამოიშორა, გადაწყვიტა, სამაგიერო გადაეხადა და უღალატა, თანაც ოჯახის ახლობელთან დაადგა რქები. ამ ქალს ისეთი ბუნება და იმიჯი აქვს, ვერავინ დაიჯერებს, რომ ასეთი რამ გააკეთა... თავადაც ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ოდესმე ასეთ ნაბიჯს გადადგამდა.
– და რა მოიმკო ამით?
– ქმრის მიმართ თითქოს უფრო მიმტევებელი გახდა, მეტად დაალაგა ურთიერთობა, მეტი არაფერი.
– გისმენთ და შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს სამაგალითო ამბავს ყვებოდეთ. რევანშის გზა არ არის პრობლემის მოგვარების საშუალება, პირიქით, თუ სხვის ცოდვას შენსას მიუმატებ, შეიძლება მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშიც აღმოჩნდე, მით უფრო, ქალი. ამ საკითხზე თქვენ და თქვენი მეგობარი ნაზი არ დაფიქრებულხართ?
– როცა ერთხელ შეტოპავ, მერე უკან დახევა არც ისე იოლია. ყოველ შემთხვევაში, არც ჩემი და არც მისი ქმარი ცოლის ერთგულების ღირსნი არ არიან.
– როგორ შეიძლება ქალმა ორპირობით ცხოვრება დაილაგო, ეს ყველაფერი ხომ მოჩვენებითია?
– შეიძლება ასეცაა, მაგრამ ჯერჯერობით იმ სულიერ ნგრევას, რომელზეც ბრძანეთ, არ განვიცდი. შეიძლება ამას ხიბლის მდგომარეობაც ჰქვია, არ ვიცი... დარწმუნებული ვარ, ამის გამო ბევრი დამძრახავს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, როცა ცხოვრებას ვერ ცვლი და იძულებული ხარ, ერთი ადგილი ნერვულად ტკეპნო, მერე უკვე იღებ იმ სიახლეს, რასაც ბედი გთავაზობს და რაც ყოფის გამარტივებაში გეხმარება. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ დღეს ამ სიტუაციაში თავს იმაზე ცუდად არ ვგრძნობ, ვიდრე მანამდე ვიყავი.
– თქვენს მომავალზე რას ფიქრობთ, როგორი წარმოგიდგენიათ?
– წინასწარ რაც ვიფიქრე და დავალაგე, ყველაფერი გამიცრუვდა. ახლა ვცდილობ, აღარაფერი დავგეგმო და ბედს მივენდო. ასე უფრო მარტივი ყოფილა ცხოვრება. მაინც ვერაფერს განვჭვრეტ და ბევრმა ფიქრმა შეიძლება ჩიხშიც შემიყვანოს. შეიძლება არასწორად ვმსჯელობ, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ასეა.
ნანა კობახიძე, ჟურნალი სარკე. N 29

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”











"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 






















































































