asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"საყვარელი ქალის თვალში ავტორიტეტი აღარ მაქვს"
რა შედეგი მოიმკო ნალოლიავები ცოლის ქმარმა
"საყვარელი ქალის თვალში ავტორიტეტი აღარ მაქვს"

2011-07-06 17:30:38



ბრძენს უთქვამს: "ზომიერება ჯანმრთელობის და ბედნიერების პირობაა, თუ ზომას გადავა, კაცი ყველაზე დიდ სიამოვნებას უდიდეს უსიამოვნებად აქცევს". გამოცდილება აჩვენებს, რომ ზომიერების დაცვა სიყვარულში და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაშიც აუცილებელია. ჩვენი რესპონდენტი, ბატონი ნოდარი, საზოგადოებაში პატივსაცემი მამაკაცია, რომელმაც საკუთარი ნიჭის და შრომის წყალობით შექმნა თავისი მომავალი, ცხოვრება ააწყო და საყვარელი ქალის გულიც მოიპოვა. მაგრამ ამის საპირისპიროდ, სტატუსით "ძლიერი მამაკაცი" საყვარელი ქალის წინაშე სუსტი აღმოჩნდა. მან თავისი უზომო სიყვარულით, ხელისგულზე ტარებით და მუდმივი დათმობებით ცოლი გაანებივრა. ზედმეტი მზრუნველობა ადამიანებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს, ზოგი შეირგებს, ზოგი – ვერა, ზოგმა შეიძლება თავი "სამყაროს ცენტრად" წარმოიდგინოს და ამით არა მარტო სხვა, არამედ საკუთარი თავიც დააზარალოს. არის თუ არა ეს დათვური სამსახური? – ამ საკითხზე ცოლზე შეყვარებული მამაკაცი მხოლოდ გამოცდილებამ დააფიქრა. თუ რა შედეგი მოიმკო ნალოლიავები ცოლის ქმარმა, ამას თავად გვიამბობს.
ნოდარი:
– ნათელა სტუდენტობისას შემიყვარდა, ღირსებით სავსე ქალიშვილი იყო, საუცხოო გარეგნობის მქონე, შეიძლება ითქვას, საუკეთესოთა შორის საუკეთესო. მისმა სიყვარულმა დიდი ძალა და ენერგია მომცა. მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ მისგან გრძნობის ღირსი ვიყავი და ამისთვის თავს არ ვზოგავდი. ჩემს გრძნობას ხელოვნურად თავს არ ვახვევდი, სიტყვებით თავს არ ვაბეზრები, საქმით ვუმტკიცებდი.
– მაინც რას აკეთებდით მისი სიყვარულის დასამტკიცებლად?
– პირველ რიგში, ვცდილობდი, უკეთ მესწავლა, წარჩინებულთა შორის ვყოფილიყავი. მინდოდა, ჩემით ეამაყა. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ასპირანტურაში ჩავაბარე და სამეცნიერო ხარისხიც მოვიპოვე. სამსახურშიც დამაწინაურეს. სწავლა–განათლება ჩემი ჰობი იყო, მაგრამ კარიერაში სიმაღლეების მიღწევა ნათელას გამო მსურდა, მინდოდა, მისთვის ღირსეული მეორენახევრობა გამეწია.
– ამით მისი გული დაიპყარით?
– რა თქმა უნდა. მაშინ ინტელექტი და სწავლით მოპოვებული წარმატება ძალიან ფასობდა. რვაწლიანი ნაცნობობის შემდეგ ნათელას ყურადღების ღირსი გავხდი და ცოლობაზეც დამთანხმდა. ოჯახში მე და დედა ვიყავით. ჩემი და, დალი, ცალკე, პაპიდის დანატოვარ ბინაში ცხოვრობდა. დედაჩემი ადრეულ ასაკში დაქვრივდა და მთელი დარჩენილი ცხოვრება შვილებს შეგვალია, გათხოვებაზე აღარც უფიქრია. მძიმე ჯაფამ ხასიათი, ცოტა არ იყოს, დაუმძიმა. ამას თავადვე გრძნობდა. ცოლი რომ მოვიყვანე, თავიდან თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ქალებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ნათელა დედამთილს ვერ ეგუებოდა, თითქმის ყველაფერზე ცხვირს უბზუებდა, დღეები ისე გავიდოდა, რომ არც ეკონტაქტებოდა. ამას დაემატა მისი ტოქსიკური ორსულობა და ჭირვეულობა.
– რძალ–დედამთილს შორის ასეთი დაძაბულობა თქვენ თვალწინ ხდებოდა თუ ამას რომელიმე მათგანი შემოგჩიოდათ?
– არა, მე რომ სამსახურში წავიდოდი, დაძაბულობა მერე იწყებოდა. საღამოს კი შინ მოსულს არაფერს მაგრძნობინებდნენ, ნათელა ხალისდებოდა, ხოლო დედა ისეთი ვაჟკაცური ბუნების მყავდა, პრობლემაზე სიტყვას ვერ დააცდევინები. სანამ რძალთან შელაპარაკება მოუვიდოდა და საქმეს სერიოზული ხასიათი მიეცემოდა, თავადვე აგვარიდა თავი და გაგვეცალა. ასე ამიხსნა – ახალგაზრდებს დამოუკიდებლად ურჩევნიათ ხოლმე ცხოვრების აწყობა, მცირე ხნით დალისთან გადავალ და მასაც წავეშველებიო. დალი გაუთხოვარი იყო. თავიდან დედას წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ ისე ოსტატურად დამაჯერა ნათქვამის სისწორეში, რომ ვეღარ შევეკამათე. დედა რომ გადავიდა, ნათელამ მასთან ფარული დაპირისპირების ამბავი მომიყვა, რა თქმა უნდა, თავისი პოზიციიდან. მეც დავიჯერე, რომ მიზეზი დედაჩემის მძიმე ხასიათი იყო.
– ცოლმა რატომ გიამბოთ დედამთილთან ურთიერთობის ამბავი: სინდისმა შეაწუხა თუ თავის მართლება სურდა?
– საქმეც ეგ არის, მომიყვა იმიტომ, რომ თავი დაეზღვია, ვაითუ, დედაჩემისგან შემეტყო და ცოლზე გავბრაზებულიყავი, დედა შინიდან გამიქცია–მეთქი. ამას თავის დროზე ვერ მივხვდი.
– ოჯახში მარტო დარჩენილ ცოლ–ქმარს როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?
– ერთი შეხედვით, ძალიან კარგი. ფეხმძიმე ცოლს ყველანაირად ხელს ვუწყობდი, ყოველგვარ თხოვნას ვუსრულებდი. ოჯახს პროდუქტებით და ყველა საჭირო ატრიბუტით ვამარაგებდი. მთელი ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე ჩემმა ცოლმა არ იცოდა ბაზრისკენ გზა, პურიც კი ყოველ საღამოს მე ამომქონდა, მით უფრო, პირველ ხანებში ტოქსიკური ორსულობის გამო შინიდან გასვლა უჭირდა. ამიტომ ხშირად თავისი დაქალები გვსტუმრობდნენ და საშინაო საქმეებში ეხმარებოდნენ. როდესაც გიორგი გაგვიჩნდა, ხან – დედაჩემი და ხანაც დედამისი მოდიოდნენ დასახმარებლად. ნათელა კი სულ ბუზღუნებდა, მათი გაკეთებული არაფერი მოსწონდა, ამიტომ ისინიც იშვიათად გვეხმარებოდნენ. მეორე შვილზე, თამარზე, მალევე დარჩა ორსულად, პარალელურად თოთო ბავშვის მოვლა უჭირდა. მისი დაქალებიც უკვე იშვიათად მოდიოდნენ, ალბათ ყველა გადაიღალა მისი წუწუნით. დამხმარე ავუყვანე – დეიდა ტასო, ერთი ღვთისნიერი, უენო და დამყოლი ქალი, რომელიც დიდხანს შემოგვრჩა. ჩემი ცოლი მას უფრო იოლად შეეგუა, მოსწონდა თავადის ქალივით შინამოსამსახურეს დავალებებს რომ აძლევდა.
– ცოლის ამგვარ ხასიათს თქვენ, როგორც მამაკაცი, როგორ ეგუებოდით?
– როცა ცოლი გიყვარს, იქ შეგუება–არშეგუების მომენტი პირველადი საკითხი არ არის. შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ თვალს ხუჭავდე, კომპრომისზე მიდიოდე. მის ჭირვეულობას იუმორით ვუდგებოდი, ეს მეხმარებოდა ურთიერთობებში. თანაც, რაც შეიძლებოდა, ყოველმხრივ ხელს ვუწყობდი და ვეფერებოდი. ამ ფერება–დათმობაში კი გავანებივრე. ასეთ დროს ზედმეტად ნაფერებმა და ნალოლიავებმა ადამიანმა შეიძლება თავი "სამყაროს ცენტრადაც" წარმოიდგინოს.
მისთვის ეს ნორმად იქცა და მთელი ცხოვრება არა მხოლოდ ჩემგან, არამედ ყველასგან ამას ითხოვდა. არ იფიქროთ, რომ ვწუწუნებდე, საყვარელი ადამიანისთვის თავის გადადება შემიძლია, მაგრამ ნათელას ამ ხასიათმა ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაზე ნეგატიური კვალი დატოვა. ჯერ ერთი, ძალიან გაზარმაცდა და არც შინიდან გასვლა უნდოდა, აღარც სახლში აკეთებდა რამეს. თავისი ამპარტავნებით და უხასიათობით ბევრი მოიმდურა, ამას დაემატა მისი ნევროზული მდგომარეობა და სიანჩხლე.
– შვილებს ხომ ზრდიდა თუ ამაშიც ვინმე ეხმარებოდა? როგორი დედა იყო?
– ფიზიკურ საქმეებს ფაქტობრივად დეიდა ტასო უგვარებდა. ნათელა ფეთიანი, ყურადღებიანი დედა იყო, მათ სწავლა–განათლებაზე, განვითარებაზე ზრუნავდა, მაგრამ მათთან ურთიერთობაშიც კი ეგოიზმს ამჟღავნებდა. შვილები უნდოდა თავისთვის, თავის საკეთილდღეოდ და კომფორტისათვის, მათი წარმატებები – საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და საამაყოდ.
უკაცრავად, მაგრამ შვილების მიმართ დედის ამაგის ასეთი შეფასებისას ცოტას ხომ არ აჭარბებთ? შვილის წარმატებები გულის სიღრმეში ყველა დედას ეამაყება და ეს პატივმოყვარეობით არ შეიძლება აიხსნას.
– კონკრეტულ შემთხვევას მოგახსენებთ და თავად განსაჯეთ. თამარისგან განსხვავებით, გიორგი ცელქი და პრობლემური, რომ იტყვიან, "პარაზიტი" ბავშვი იყო, ხშირად მასწავლებლების გულისწყრომას იმსახურებდა. ზოგჯერ თანატოლებსაც აბრაზებდა, შინ კი დაიკოსაც აწვალებდა ხოლმე. შვილის მიმართ ნათელას დატუქსვის ფორმა კი ასეთი იყო: "მოიქეცი ისე, რომ შენ გამო არავინ მისაყვედუროს, ოღონდ ჩემამდე ნუ მოვა, რა დღეში მაგდებ, მთელი დღე თავწაკრული დავდივარ, შენ გამო რატომ უნდა ვინერვიულო, დამატებით პრობლემებს რატომ მიჩენ?!" და სხვა... არ დაუჯდებოდა და განიხილავდა საკითხს, რატომ მოიქცა ბავშვი ასე, არ აუხსნიდა, რომ სხვა ადამიანების მიზანმიმართული გაღიზიანება უღირსი საქციელია, არ მიუთითებდა სწორი ქცევისკენ, არ ასწავლიდა ბავშვს საკუთარ თავთან და სინდისთან ურთიერთობას. ამ ყველაფრის გაკეთება მე მიწევდა.
– ცოლთან ურთიერთობას ყველა შემთხვევაში ლაპარაკის დონეზე წყვეტდით? მასთან დაპირისპირება, უსიამოვნება, ჩხუბი არ გქონიათ?
– ჩემი მინუსი ის არის, რომ ვცდილობდი, ყველაფერი უმტკივნეულოდ მომეგვარებინა, ბევრ რამეს ვთმობდი კიდეც. ასეთ დროს, თუ პრინციპულად არ მიუდექი, ადამიანს თავში უვარდება. შენი დათმობა არც მას და არც შენ სასიკეთოდ არ წაგადგება. სამსახურში, საქმეში და ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობაში საკმაოდ პრინციპული და შეუვალი ვარ, მაგრამ საყვარელი ქალის წინაშე უძლური აღმოვჩნდი.
– ოჯახში მეუღლის ზედმეტმა განებივრებამ ალბათ საბოლოოდ არცთუ დადებითი შედეგები მოგცათ.
– თავისთავად. ნათელა შინაგანად უკვე ითხოვდა, რომ მისთვის ყველაფერი დაეთმოთ, ამის გამო შვილებსაც აურია ცხოვრება. ჯერ იყო და, გიორგი გარდატეხის ასაკში კინაღამ ხელიდან წაგვივიდა, ძლივს ამოვიყვანეთ ჭაობიდან, ამაში მისი შეყვარებული, არაჩვეულებრივი ქალიშვილიც დაგვეხმარა. შეუღლდნენ და შვილი შეეძინათ. ნათელამ რძალი ვერ იგუა და აიძულა, ოჯახიდან აბარგებულიყო. რძალი თავის დედ–მამასთან დაბრუნდა, გიორგიც თან გაჰყვა, მაგრამ სიდედრს ვერ შეეწყო და მალე იქიდანაც წამოვიდა. შინ დაბრუნებულს ნათელასთან მუდმივი შეხლა–შემოხლა ჰქონდა. ბოლოს, დედამ რომ არაფერი დაუთმო, ძმაკაცთან გადავიდა საცხოვრებლად, მერე ერთ უზნეო ქალს გადაეყარა და ღმერთმა უწყის, რა ცხოვრებას ეწევა. დედამისისკენ არც კი იხედება.
– თქვენს ქალიშვილს რა ბედი ეწია, დედის ხასიათმა მის პირად ცხოვრებაზეც იქონია გავლენა?
– თამარი გათხოვდა, წესიერ კაცს გაჰყვა ცოლად. ნათელა მასაც გადასწვდა და რაღაც მიზეზები მოუძებნა. შვილს მუდმივად ქმრის წინააღმდეგ აქეზებდა. სიძემ ამის გამო თამარს დედამისთან ხშირი ვიზიტი აუკრძალა. ბოლოს ისე მოხდა, რომ თამარსაც აღარ სურს აქეთ გამოხედვა. ჩემი შვილები ჩემთან ურთიერთობენ, მაგრამ დედამისის გაძლება არ აქვთ. ჩემს ცოლს ისე აქვს ნერვები დაწყვეტაზე, შვილიშვილები რომ გვსტუმრობენ, მათაც ვეღარ უძლებს, ბავშვების სიცელქეს ვერ იტანს. ორი წელია, ნათელა მძიმედ არის, ნევროზის მწვავე ფორმა აქვს, თან უმოძრაობისგან ფიზიკური პრობლემებიც შეექმნა. სამწუხაროა, რომ არც ერთ შვილი დედას არ პატრონობს. ამის საშუალებას თავადაც არ აძლევს. იძულებული გავხდი, მომვლელი ამეყვანა. ეს ტრაგედიაა.
– ოჯახში მძიმე მდგომარეობა გქონიათ. ცოლს არ უხსნით, რას აშავებს? გამოსწორების გზებს არ ეძებთ?
– ალბათ უკვე ძალიან გვიანია. სამწუხაროდ, არაფრად მაგდებს, ჩემი ნათქვამი ძაღლის ყეფასავით ესმის. მის თვალში ავტორიტეტი აღარ მაქვს. იმ წრეში, სადაც ვტრიალებ, ამას ვერც წარმოიდგენენ – იქ სულ სხვა იმიჯით მიცნობენ. ნათელას არაფრის აღიარება სურს, თუნდაც საკუთარი თავის წინაშე... თავი ყოველთვის მართალი ჰგონია. თანაც ნერვული დაავადების გამო თავს ვეღარ თოკავს. ოჯახში ილუზიური სიმშვიდე მაინც რომ შევქმნა, ისევ მე უნდა დავუყვავო და გავჩერდე. გულწრფელად ვწუხვარ წარსულის გამო: ცოლის მიმართ გამოვლენილ ჩემს სირბილეს თავს ვერ ვპატიობ. ხან იმასაც ვფიქრობ, იქნებ "ჭირვეული ქალბატონობის" სინდრომი მის ხასიათში იმთავითვე იდო და მე ჩემდაუნებურად მის განვითარებას შევუწყვე ხელი? გროტესკია ცხოვრება: ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ამგვარი ხასიათის ქალს ცოლად მოვიყვანდი და, საერთოდ, ამდენ გუნდრუკს ვუკმევდი.
ნანა კობახიძე, ჟურნალი სარკე. N 27


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online