asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"მატყუარა ქმრის სიყვარულს დღემდე გულით ვატარებ"
ხაფანგი საბრალო ქალისთვის
"მატყუარა ქმრის სიყვარულს დღემდე გულით ვატარებ"

2011-06-30 17:48:22



თუ მამაკაცმა კარგად იცის ადამიანების ფსიქოლოგია, მათი სუსტი წერტილები, ნებისმიერ ქალთან ურთიერთობები უადვილდება. თუ ამ უნარს ქალთან მიმართებაში გამოიყენებს, იოლად შეიძლება მოაქციოს თავის ბადეში, თვითონ კი ბოლომდე გამოცანად დარჩეს.
რაზე უნდა მეტყველებდეს კაცის საქციელი, როცა ის ქალს თავს შეაყვარებს, მასზე დაქორწინდება კიდეც და მერე, ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე მიატოვებს? მისი გრძნობა სიწრფელეა თუ თაღლითობა, თავგზააბნეული კაცის საქციელია თუ მიზანმიმართული ანგარება? ათი წელია ქალბატონი, რომელმაც თავისი ცხოვრების უცნაური ისტორია გვიამბო, ამ კითხვებზე პასუხს ეძებს. ან იქნებ მარტო დარჩენილი არასასურველ პასუხს გაურბის, საკუთარი ნებით რჩება წლების წინ დაგებულ ხაფანგში და საყვარელი მამაკაცის გამართლება სურს? რა არის ეს ქალის მხრიდან – სიყვარული თუ მარტოობისგან თავის დაღწევის სურვილი ნებისმიერ ფასად? თავად მოვუსმინოთ.
თამილა:
– კეთილშობილი მშობლები მყავდა. ამას მათი ხსოვნის პატივსაცემად არ ვამბობ, მართლა ყოველმხრივ კარგები იყვნენ. ამას ყველა აღნიშნავდა, ვისაც მათთან რაიმე შეხება ჰქონდა. ყოველმხრივ მყარი, ძლიერი და ბედნიერი ოჯახი გვქონდა. დედისერთა და განებივრებული ბავშვი ვიყავი. სიყვარული, სითბო, სწავლა თუ ფუფუნება – არაფერი მაკლდა. სილამაზითაც გამოვირჩეოდი, ყველას ჩემთან უნდოდა მეგობრობა. ჩვენს ოჯახში სულ ხალხი ირეოდა, ბევრი ახლობელი და კეთილისმსურველი გვყავდა. ხშირად იშლებოდა სუფრები. სტუმრებთან ყოველი შეხვედრა სიყვარულის და მოფერების დღესასწაული იყო. ჩვენც ხშირად დავდიოდით სტუმრად. მამა კარგი თამადა იყო. სადღეგრძელოებს პოეზიით ამდიდრებდა, თავადაც წერდა ლექსებს...
ერთ საბედისწერო დღეს კი ცა თავზე ჩამოგვექცა და ცხოვრების ეს დღესასწაული გამოუსწორებელ ტრაგედიად გვექცა. ახლობლის ოჯახში დიდ სუფრაზე მამა თამადად დააყენეს. იმ დღეს განსაკუთრებულად ენამახვილობდა და ხუმრობდა. მერე მანქანით წამოვედით, საჭესთან მამა იჯდა. საპირისპირო მხრიდან დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილი ჩვენს გზაზე გადმოვიდა, მამამ საჭე ვეღარ დაიმორჩილა და... საერთოდ, საჭესთან სწრაფი რეაქცია ჰქონდა, ფხიზელი რომ ყოფილიყო, ალბათ განსაცდელს აიცდენდა.
ავარიის შედეგად მამა და დედა დაიღუპნენ. მე ცოცხალი დავრჩი, მაგრამ ვაი, ამ გადარჩენას. უმძიმესი მდგომარეობა მქონდა: სახე დამისახიჩრდა და დავკოჭლდი... მაშინ 12 წლის ვიყავი. მკურნალობის კურსს დიდხანს გავდიოდი. ვნატრობდი, ნეტა მშობლებთან ერთად მეც მოვმკვდარიყავი–მეთქი. დილით გაღვიძება არ მინდოდა, რეალობის წინაშე ლამის გული გამსკდომოდა. წარმოიდგინეთ, მთელი ჩემი ლამაზი ცხოვრება ერთ დღეში დაიმსხვრა და გაცამტვერდა. დამრჩა მხოლოდ მოგონებები, რომლებიც ტანჯვას მგვრიდა. ჩემი პატრონობა მამიდამ და მისმა ოჯახმა იტვირთეს, არაფერს მაკლებდნენ, თავიანთი შვილებისგან არ მასხვავებდნენ. შემიძლია ვთქვა, რომ მათთან შედარებით მეტ ყურადღებასაც მითმობდნენ.
– მაგრამ თქვენს ცხოვრებას ალბათ მაინც დააჩნდა დაღი...
– რა თქმა უნდა, ამხელა რამ უკვალოდ არ ჩაივლის. ეს იყო დაღი, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მეტარებინა. ცხოვრების რიტმს ფეხს ვეღარ ვუწყობდი, ჩამოვრჩი თანატოლებს, მათთან ერთად ვეღარსად დავდიოდი. მანამდე წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, ტრაგედიის შედეგად კი საგნებს ძლივს ვითვისებდი. მასწავლებლები ანგარიშს მიწევდნენ და კარგი ნიშნებით ჩემს წახალისებას ცდილობდნენ.
მეგობრებიც თანაგრძნობას გამოხატავდნენ. თავიდან ყველა თავს მევლებოდა, კლასელებიც, მეზობლებიც და ოჯახის ახლობლებიც, მაგრამ ცხოვრებას თავისი მიაქვს. ყველა თავის გზას ეწია. შემომრჩა მხოლოდ ერთი ბავშვობის მეგობარი ანი, რომელმაც ჩემი გულშემატკივრობა ბოლომდე იტვირთა. თავიდან ძალიან მძაფრად განვიცდიდი, ყურადღება რომ მომაკლდა, ამით ჩემი ხეიბრობის სიმძიმეს თითქოს უფრო მეტად ვგრძნობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ადამიანი ეგოისტი არ უნდა გახდე, არავის უნდა მოსთხოვო, რომ პირად დარდში შეგეზიაროს. შენი ჯვარი შენივე სატარებელია და საერთოდ ყველას თავისი ტვირთი აქვს საზიდი.
ეს რომ გავაცნობიერე, ცოტა გულს მომეშვა, რეალობას სხვა თვალით შევხედე და საკუთარ თავში მეტი ძალები ვიგრძენი – გადავწყვიტე, ახალ ცხოვრებას შევდგომოდი. ერთ სამკერვალო ატელიეში მუშაობა დავიწყე. თავი საზოგადოების ნაწილად ვიგრძენი. შემოსავალი რომ გამიჩნდა, საცხოვრებლად ჩემს სახლში გადავედი, ჩემი მეგობარი ანი და მამიდაშვილები ხშირად ჩემთან რჩებოდნენ და მარტოობას არ მაგრძნობინებდნენ.
– ამ ასაკში ალბათ პირველი სიყვარულიც გეწვიათ.
– მე იმ გოგონათა კატეგორიას ვეკუთვნოდი, ვინც ყოველთვის შეყვარებულია, ობიექტის მიუხედავად. ჯერ კიდევ ბავშვობაში მიყვარდა ვიღაც, ჩემი წარმოსახვის ნაყოფი, რომელიც ნაწილობრივ ჩემი ამხანაგი თორნიკე იყო. ვერ ვიტყვი, რომ თავად თორნიკე მიყვარდა, მისი თვისებებიდან ზოგი რამ არ მომწონდა, ხოლო ჩემი ოცნების გმირი ყოველმხრივ უზადო იყო. იმ ტრაგედიის შემდეგ ვემალებოდი როგორც თორნიკეს, ისე ჩემი ოცნების გმირს და საკუთარ თავსაც კი. რაღაც დაუძლეველი შიში გამიჩნდა.
დრო რომ გავიდა, გავაცნობიერე, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ჩემს სილამაზესთან და მშობლებთან ერთად დავმარხე. მდგომარეობას შევეგუე. საოცნებო მამაკაცი მხოლოდ ფიქრებში თუ გამოკრთებოდა და იმასაც სადღაც შორს, ჯანდაბაში ვგზავნიდი. ვთვლიდი, რომ რაკი უზადო მამაკაცი ხეიბარს ვერ შეიყვარებდა, ჩემს მომავალსაც წერტილი დაესვა.
მერე ჩემი მამიდაშვილები გათხოვდნენ. საკუთარ თავთან ბევრი ვიბრძოლე, რომ ეგოიზმი დამეძლია და მათი ბედნიერება გამეზიარებია. შვილები რომ შეეძინათ, მათ აღზრდაში ვეხმარებოდი. ბავშვები თავიანთი ენერგეტიკით მავსებდნენ და ცხოვრების ხალისს მაძლევდნენ.
– გვიამბეთ, როგორ გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა.
– მაშინ 34 წლის ვიყავი. გოდერძი ატელიეში გავიცანი, დამკვეთი იყო, პიჯაკის შესაკერად მოვიდა. მას შემდეგ სიარულს მოუხშირა, ჩემ მიმართ აშკარა ინტერესს იჩენდა. ამას ყველა ამჩნევდა, მაგრამ ძნელი დასაჯერებელი ჩანდა. ასეთ ტანად, წარმოსადეგ, სიმპათიურ კაცზე ჩემს მდგომარეობაში მყოფი ქალი ვერც იოცნებებდა. დავმეგობრდით, ზოგჯერ სახლამდე მაცილებდა, რამდენჯერმე კინოსა და კაფეშიც დამპატიჟა. მასაც უიღბლო ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. მშობლებმა თურმე უპატრონო ბავშვთა სახლში ჩააბარეს და მისთვის არასოდეს მიუკითხიათ. სიყმაწვილეში ერთი ქალი შეუყვარდა თავდავიწყებით, მან კი უღალატა.
გოდერძი კარგი მოსაუბრე იყო. მისი ყოველი მონათხრობი მინისპექტაკლს ჰგავდა. ძალიან სუფთა თვალები ჰქონდა, ფაქიზი სულის ადამიანი ჩანდა, სევდიან ისტორიებზე ცრემლიც ერეოდა. თავისი რომანტიკულობით და სენტიმენტალობით ჩემში თანაგრძნობა გამოიწვია. რამდენიმე ხნის შემდეგ სიყვარულში გამომიტყდა და ხელი მთხოვა – ორივემ გამოვცადეთ ცხოვრებისგან დარტყმები და ოჯახს კარგად ავაწყობთ, ერთმანეთს წარსულის ტკივილებს დავავიწყებთო.
ასეთი მიმზიდველი მამაკაცის გრძნობა ჩემდამი, ცოტა არ იყოს, წარმოუდგენლად ჩანდა, მაგრამ მე მისი პიროვნების სიწრფელეში არც დავეჭვებულვარ. ალალმართალი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჩემში ორჭოფობა რომ შენიშნა, თავს არ ზოგავდა, რომ მის სიყვარულში დავრწმუნებულიყავი. მერე ჩემს ახლობლებს გავაცანი. მამიდაშვილებს ძალიან მოეწონათ. სამსახურშიც მეუბნებოდნენ, ღმერთმა მარტო არ დაგტოვა და ასეთი კაცი გამოგიგზავნაო. ერთადერთი, ვინც უნდობლად უყურებდა, ანი იყო – ჩემი ერთგული მეგობარი. მეუბნებოდა, ფრთხილად იყავი, არაფერში გაგაცუროს, სანამ ხელს არ მოაწერთ, სახლში ნუ დაიტოვებ, არაფერში გამოგიყენოს, ანგარება არ ამოძრავებდესო. მას საერთოდ ეჭვიანი ბუნება ჰქონდა და მამაკაცების ნაკლებად სჯეროდა.
ძალიან მოკრძალებული ხელისმოწერა გვქონდა. თითქოს ბედნიერი ცხოვრება დავიწყეთ. გოდერძი არ მუშაობდა და ოჯახს მე ვინახავდი. კერძო შეკვეთებსაც ვიღებდი და კარგი შემოსავალი მქონდა.
– როგორი ქმარი აღმოჩნდა გოდერძი? მასთან თავს ბედნიერად გრძნობდით?
– სამსახურში რომ წავიდოდი, შინ მარტო ვერ ჩერდებოდა. მეტყოდა ხოლმე, მეგობრებთან მივდივარ და ეგებ სამსახურსაც გამოვკრა ხელიო. საღამოობით თავის თავგადასავლებზე მიყვებოდა და ბევრს მაცინებდა. საერთოდ, რთული და საინტერესო პიროვნება იყო, მასთან არ მოიწყენდი. ქეიფი უყვარდა, მაგრამ შინ სუფრის გაშლებს არ ითხოვდა, არ მტვირთავდა, არც თავის მეგობრებს მაცნობდა.
ორი წლის შემდეგ მოულოდნელად გოდერძი თავის ბარგიანად გაუჩინარდა. ბარათი დამიტოვა, სადაც მწერდა: "უვარგისი კაცი ვარ, შენს სიყვარულს არ ვიმსახურებ, ნუ მომძებნი და ეცადე, დამივიწყო". ეს წარმოუდგენელი რამ იყო! ერთმანეთისთვის ხმამაღალი სიტყვაც კი არ გვითქვამს, არაფერს ვამადლიდი და არც არაფერს ვითხოვდი მისგან.
ვერ აგიწერთ იმ განცდებს, რა საშინელ დღეში ჩავვარდი. რა აღარ ვიფიქრე, ისიც დავუშვი, რომ შეიძლება ქალის ამბავი ყოფილიყო. მის კვალს ვერაფრით მივაკვლიე. გოდერძი ისევე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, როგორც გამოჩნდა – ელვისებურად და შოკისმომგვრელად. თუ რამე უჭირდა, ეთქვა და დავეხმარებოდი. გამიჩნდა ეჭვიც – იყო კი სიმართლე ის, რასაც საკუთარი ცხოვრების შესახებ მიამბობდა? იქნებ ჩემთან ურთიერთობა რაღაც საქმისთვის სჭირდებოდა? იქნებ იმ პერიოდში თავშესაფარს ეძებდა თბილისში? ჩემმა ახლობლებმა მირჩიეს, მისი ძებნა შემეწყვიტა.
მას შემდეგ ათი წელი გავიდა. იმედი გადამეწურა, მაგრამ ქვეცნობიერად დღემდე ვეძებ. ერთხანს მომხდარის გამო ძალიან გაღიზიანებული ვიყავი, მერე დრომ განმკურნა. რომ გამოჩნდეს, ასე მგონია, ყველაფერს ვაპატიებ.
– მისი დაბრუნება მარტოობისგან თავის დასაღწევად გინდათ თუ მართლა გიყვართ? კაცი, რომელმაც ცოლი ასე ხელაღებით მიატოვა, რა გარანტიაა, რომ იმავეს არ გაიმეორებს?
– მასთან თანაცხოვრების იმ ორმა წელიწადმა ბედნიერება მომიტანა და აგერ უკვე ათი წელი გამაძლებინა. მიუხედავად იმ ტკივილისა, რაც ქმარმა მომაყენა, მის სიყვარულს დღემდე გულით ვატარებ.
ნანა კობახიძე, ჟურნალი სარკე. N 26


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online