| ქალი და მამაკაცი |

მის ცხოვრებაში იყო ტკივილიც და სიხარულიც – სიყვარული, გაცრუებული იმედები, დანგრეული ოჯახი და მარტოხელა დედობის ტვირთიც. გრძნობა მოგვიანებითაც ეწვია, მოწიფულ ასაკში, როცა ქალისთვის ყოველი დღე ძვირფასია და რამდენიმე წელი იმ კაცს შეალია, ვისაც გადაწყვეტილების მიღება უჭირდა, ყოყმანობდა... ბოლოს, განგების ნებით, ყველაფერი ისე დალაგდა, როგორც საჭირო იყო. ქალის ბედი ის მამაკაცი აღმოჩნდა, ვისზეც არასოდეს უფიქრია. სიყვარული და ჰარმონია მასთან იპოვა.
ახლა სურს, სხვა ქალბატონებს იმედი გაუღვიძოს. "ყველა მარტოხელას ვურჩევ, ნუ შეეშინდებათ ასაკის. არავინ იფიქროს, რომ ცხოვრება გავიდა და რაღა დროს მისი ბედნიერებაა!.. გარწმუნებთ, 40–50 წლის შემდეგ ნამდვილი ბედნიერება ჯერ კიდევ წინ არის", – ამ სიტყვების დასტურად ჩვენმა რესპონდენტმა, სიმპათიურმა ქალბატონმა ელენემ თავისი ისტორია გვიამბო.
ელენე:
– პაატას პირველად ჩემი ახლობლის, თამუნას დაბადების დღეზე შევხვდი. მაშინ 16 წლის ვიყავი. პაატა თამუნას უბნელი იყო. ოთახში შევედი თუ არა, მან მაშინვე შემომანათა ღრმა და ლამაზი თვალები. მაღალი, თხელი ბიჭი იყო წაბლისფერი თმით, ამაყი მზერით და არწივისებური პროფილით. თვალს არ მაცილებდა, თითქოს მზერით მესაუბრებოდა კიდეც. ვცდილობდი, თვალი ამერიდებინა. ჯერ ერთი, მაშინ უგონოდ ვიყავი შეყვარებული ჩემს თანაკლასელ თაზოზე და მეორეც, უცნობ ბიჭთან ვერ გავლაღდებოდი. სუფრასთან რომ გადავინაცვლეთ, პაატას მზერას იქაც ვგრძნობდი. აკვირდებოდა ჩემს მანერებს, ჩემ მიერ წარმოთქმულ ფრაზებს. როდესაც მუსიკა ჩართეს და სუფრიდან ავიშალეთ, საცეკვაოდ გამიწვია. სხვა გოგონებს არ ჰგავხარ, ყველასგან საოცრად განსხვავდებიო, მითხრა. რაღაცეები გამომკითხა, ისიც, შეყვარებული მყავდა თუ არა. ცოტა წავიფილოსოფოსეთ კიდეც, სამყაროსა და ადამიანებზე ასაკისათვის შესაფერისი შეხედულებები გამოვთქვით. პაატა გვერდიდან არ მშორდებოდა, თითქოს ცდილობდა, ყოველი წუთი ჩემ გვერდით ხარბად გამოეყენებინა.
იმ დღეობაზე თან მახლდა ჩემი მეგობარი მამუკა, ცოტა მოძველბიჭო ტიპი. მხედველობიდან არ გამორჩენია ამ უცხო ბიჭის ყურადღება ჩემდამი, მივიდა და უთხრა, ელენე ჩემი დაიკოა და არაფერი შეგეშალოსო. მამუკა ჩემ გვერდით ყოველთვის მფარველი რაინდის როლს ითავსებდა... ამაზე მე მხოლოდ მეცინებოდა, არ ვიყავი ისეთი, ჩემთან ბიჭს ზედმეტი რომ გაებედა, საქმეს მაგ დონემდე არც მივიყვანდი. თანაც, იმ საღამოს პაატა საოცარი მოკრძალებით მექცეოდა.
– პაატას მერეც შეხვდით?
– იმ დღის შემდეგ პაატა მხოლოდ ერთხელ დავინახე ქუჩაში. რეპეტიტორისგან მოვდიოდი, თან დედა მახლდა. პაატას თითქოს უნდოდა, ახლოს მოსულიყო, იშმუშნებოდა, გვერდით მდგომი ბიჭიც აგულიანებდა, მაგრამ ვეღარ გაბედა, ეტყობა, დედაჩემის მოერიდა. მერე სახლში ტელეფონზე დამირეკა. გამიკვირდა, მისთვის ნომერი არ მიმიცია. მომიკითხა, მითხრა, იმ დღეს დაგინახე, მაგრამ ახლოს ვერ მოვედიო. თავშეკავებით ვესაუბრე. ალბათ მიხვდა, რომ აღარ უნდა დაერეკა, ჩემი მხრიდანაც სითბო ვერ იგრძნო... სულ ეს იყო.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. 30 წელი არ მინახავს, არც მის შესახებ მსმენია რამე. თამუნა ოჯახთან ერთად სხვა უბანში გადავიდა საცხოვრებლად. მეც მალე გავთხოვდი.
– ცოლად თქვენს შეყვარებულ თაზოს გაჰყევით?
– დიახ. ერთმანეთი უზომოდ გვიყვარდა. რომ არ ყოფილიყო ჩემი მშობლებისგან მძაფრი წინააღმდეგობა, ალბათ არ ვიჩქარებდით. ჩემებს თაზო არ უნდოდათ, ჩემს შესაფერისად არ მიაჩნდათ. თანაც ოჯახური ტვირთისთვის ჯერ კიდევ პატარები ვიყავით. დედა მასთან შეხვედრებს მიკრძალავდა. ფიქრობდა, რომ ხელს შემიშლიდა ცხოვრებაში და მის გვერდით წინ ვერ წავიწევდი. მართალიც იყო. მაშინ ამდენი არ მესმოდა, სასწორის ერთ მხარეს სიყვარულს ვაყენებდი, მეორე მხარეს კი – მთელ ქვეყნიერებას. მეგონა, ეს გრძნობა უძლეველი იყო და სიცოცხლის ბოლომდე გაგვყვებოდა, მაგრამ... 10 წლის შემდეგ ოჯახი დაგვენგრა. მაშინ ჩვენი გოგონა, თათია, 6 წლის იყო.
– რამ შეიწირა თქვენი ოჯახი? თქვენი ხასიათების შეუთავსებლობამ თუ სხვა, გარე ფაქტორებმა?
– საერთოდ ურთიერთობა ირღვევა ორს შორის, გარეშე ფაქტორები მხოლოდ უფრო გამოკვეთენ ხოლმე იმ შეუსაბამობებს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ თაზოსთან ქორწინება იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა. ერთ წელიწადში თაზომ ცოლი მოიყვანა და ახალი ცხოვრება დაიწყო. მე ბავშვით ხელში დამოუკიდებლად შევეჭიდე ცხოვრებას და ძალიან გამიჭირდა. ის წლები მძიმედ მახსენდება.
– თქვენს ცხოვრებაში არ გამოჩნდა ადამიანი, ვინც ამ სიმძიმეს შეგიმსუბუქებდათ, ახალი სიყვარული არ გწვევიათ?
– ახალი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში მოგვიანებით, მოწიფულ ასაკში მოვიდა, როცა უკვე გზაც გავიკაფე და შვილიც დავაბინავე. მას ლევანი ერქვა, არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, მაგრამ თითქოს ვერ გარკვეულიყო, ჩემგან რა უნდოდა. იყო ჩემ გვერდით და თითქოს არც იყო. სხვა ქალებთან თავს ირთობდა, მე კი რელიკვიასავით ვყავდი – ხელშეუხები... ერთმანეთს ვხვდებოდით, ვსაუბრობდით. ჩემით აღტაცებული და ბედნიერი იყო, ჩემგან სულიერ საზრდოს იღებდა, მეც დადებითად მმუხტავდა და მორჩა, აქ მთავრდებოდა ყველაფერი. ამ ურთიერთობამ რამდენიმე წელს გასტანა.
– არც თქვენ გიცდიათ, მასთან ურთიერთობა გაგერკვიათ და რაიმე მიმართულება მიგეცათ? ამით ხომ თქვენ, როგორც ქალი, ზარალდებოდით.
– ურთიერთობების გარკვევა არ მჩვევია, ეს ჩემს ნატურაში არ ზის. საერთოდ ყველაფერს განგებას ვანდობ. იმ პროცესებში, რაც ბუნებრივად უნდა მოხდეს, ხელოვნურად არ ვერევი...
– მაგრამ თუ ეს ხდება თქვენი წლების, გრძნობებისა და ტკივილის ხარჯზე?
– ცხადია, ასეთი ურთიერთობა ქალისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ ის პიროვნება ჩემთვის ბევრს ნიშნავდა და მისი დაკარგვის მეშინოდა. ალბათ ამიტომაც ვთრგუნავდი ჩემში ადამიანურ პრეტენზიებს, ქალურ ინსტინქტებს და ვკმაყოფილდებოდი იმით, რაც მომეცა. გულის სიღრმეში ყველა ქალს უნდა გარანტირებული ურთიერთობები, მეუღლე, როგორც საიმედო საყრდენი. თუ ქალი იტყვის, რომ ეს არ სურს და მამაკაცთან აკმაყოფილებს თავისუფალი ურთიერთობები, თუნდაც ყველაზე მყარი, ამაღლებული და მისაღები ფორმით, ის იტყუება, შეიძლება საკუთარ თავთანაც კი.
– შემდეგ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, ბუნებრივად პროცესები როგორ წარიმართა?
– ერთხელ ლევანთან ერთად რესტორანში ვსადილობდი, ვლაპარაკობდით, რაღაც საკითხებს განვიხილავდით. შორიახლოს, მის ზურგს უკან, ერთ მაგიდასთან მამაკაცები ისხდნენ, საიდანაც მწვავე მზერა ვიგრძენი. ვიღაც ტანბრგე, თმაშევერცხლილი მამაკაცი თვალს არ მაცილებდა. თითქოს მისი თვალები მეცნო კიდეც, თუმცა ვერ მივხვდი, საიდან. ვიფიქრე, ვინაა ეს თავხედი, ხომ ხედავს, რომ კაცის გვერდით ვზივარ–მეთქი, მკვეთრად მოვბრუნდი და ლევანთან საუბარში ჩავერთე. მოულოდნელად მიმტანმა ხილის ასორტი ნაყინით და ყვავილები მოგვართვა – გამოგიგზავნესო. არ დაასახელა, ვისგან იყო. ლევანი აილეწა... ალბათ შეეშალათ–მეთქი – სიტუაციის განმუხტვას შევეცადე. ოფიციანტმა მხოლოდ მხარი აიჩეჩა და გაბრუნდა. თვალი იმ მაგიდისკენ გამექცა: ნაცნობთვალებიანი კაცი ჩემს გაოცებულ მზერას ღიმილით პასუხობდა. "ნეტა ეს მშვენიერი თაიგული აქ საიდანღა გააჩინა, ან რას იღრიჭება, მართლა თავხედი ყოფილა–მეთქი", – გულში ვთქვი, მაგრამ სადღაც მაინც მესიამოვნა კაცის ამგვარი "სითავხედე".
მალე ის სუფრა აიშალა, კაცები წავიდნენ. ძალიანაც კარგი, თუ შეეშალათ, გემრიელი ნაყინი ჩანს–მეთქი – ღიმილით დავიმოწმე საკუთარი თავი და ნუგბარს შევექეცი. მოულოდნელად ჩემ მიერ თავხედად მონათლული კაცი ჩვენს მაგიდასთან აღმოჩნდა და უცერემონიოდ გვერდით მომიჯდა. "მეუღლეა?" – ლევანზე მკითხა. მეც მექანიკურად მივუგე, თანამშრომელია–მეთქი. ლევანი გაოცებით გვიყურებდა ხან ერთს, ხან – მეორეს. იქნებ ჩემთან გაქვს საქმე და ვერ მიმხვდარხარო – კბილებში გამოსცრა უცნობის მისამართით. დაუპატიჟებელმა სტუმარმა მაშინღა იგრძნო უხერხულობა და ახსნა დაიწყო, ელენეს ბავშვობის მეგობარი ვარ, მაგრამ 30 წელია, არ მინახავს, ამიტომ ვერ მცნობს, თავად კი სულ არ შეცვლილაო... მერე წამოდგა, თქვენი ნებართვითო და ხელზე მაკოცა, ხელში სავიზიტო ბარათი ჩამიდო, თავი დაგვიკრა და წავიდა. ბარათს დავხედე, ერთ–ერთი უცხოური კომპანიის მენეჯერი აღმოჩნდა. სახელი და გვარი რომ წავიკითხე, აღტაცება ვერ დავმალე – ვაიმე, პაატა–მეთქი. ლევანი შეწუხდა, თუ მართლა ახლობელი იყო, ასე რატომ გავუშვით, ვირივით მოვექეცი და თავი შევირცხვინეო. არაფერია–მეთქი, ვამშვიდებდი, ხომ არ ვეტყოდი, მეგობარი არ იყო, ბავშვობაში ერთადერთხელ შევხვდი ახლობლის დღეობაზე და უბრალოდ ჩემდამი სიმპათია გაუჩნდა–მეთქი.
– ლევანმა არ იეჭვიანა?
– ალბათ იეჭვიანა და ჩემი დაკარგვის შიშიც დაეუფლა, თუმცა გარეგნულად არ შეიმჩნია, ქცევით კი გამოხატა. იმ საღამოს, ცხოვრებაში პირველად, ლევანმა მთხოვა, სახლში წავყოლოდი... ადრე რომ მქონოდა მისგან ეს შემოთავაზება, ალბათ უყოყმანოდ დავთანხმდებოდი, უფრო მეტიც, სულ ფრენა–ფრენით გავყვებოდი, მაგრამ მაშინ ჩემში რაღაც გარდატეხა მოხდა, მისი წინადადება, რომელზეც თავის დროზე ოცნებასაც ვერ ვბედავდი, რატომღაც შეურაცხყოფად მივიღე და ვუთხარი, როგორმე სხვა დროს–მეთქი. ლევანი გაწბილებული დარჩა, ამას არ ელოდა, ალბათ ჩემი თავი გარანტირებული ეგონა და ფიქრობდა, როცა მოიგუნებებდა ჩემს დასაკუთრებას, უყოყმანოდ დავთანხმდებოდი. განაწყენებულმა თავისი მანქანითაც კი აღარ გამაცილა სახლში, რაღაც მოიმიზეზა და ტაქსით გამიშვა. ის თაიგული ლამის გულში ჩახუტებულმა წამოვიღე.
– ის საღამო თქვენთვის ძველის დასასრული და ახლის დასაწყისი გახდა?
– ყველაფერი თავისთავად მოხდა, ლევანს ჩემი მხრიდან უმტკივნეულოდ დავშორდი, თვითონ კი ძალიან შეურაცხყოფილი და გულნატკენი დარჩა, მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა. თავადვე მიკვირდა საკუთარი თავის: ლევანს, ჩემთვის ძვირფას ადამიანს, საშინლად ვაწყენინე, იმ საღამოს ჩემი უარი საბედისწეროც გამიხდა, მაგრამ ეს გულს არ მეკარებოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ პაატას დავურეკე, ბოდიში მოვუხადე, იმ დღეს, რესტორანში ვერ გიცანი და მადლობაც ვერ გადაგიხადე–მეთქი. შეხვედრა მთხოვა. ორივეს საოცარი გრძნობა დაგვეუფლა, თითქოს მართლა ბავშვობის მეგობრები ვიყავით, ერთმანეთს გული გადავუშალეთ, განვლილი ცხოვრების შესახებ ვუამბეთ. მასაც რთული გზა ჰქონდა გავლილი: უცხოეთში უცხოვრია, იქაური ცოლი შეურთავს, რამდენიმე წლის შემდეგ გაყრია, ერთი ქალიშვილი დარჩენია...
მოკლე ხანში დავქორწინდით. ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივად მოხდა. პაატა ჩემი საბედო იყო, ამას თავის დროზე ვერ მივხვდი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დალაგდა. თითქოს ჩვენი ბედი სადღაც იწერებოდა და ჩვენ მხოლოდ მორჩილად მივყვებოდით მას. დღეს პაატას გვერდით უზომოდ ბედნიერი ვარ. ყველა ქალს ვუსურვებ, მეუღლესთან ასეთი სიყვარული, ჰარმონია და თანხმობა ჰქონდეს.
ნანა კობახიძე ჟურნალი სარკე N 25

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”











"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 






















































































