asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბიოლოგიურმა დედამ ხელი მკრა
ბიოლოგიურმა დედამ ხელი მკრა
ბიოლოგიურმა დედამ ხელი მკრა

2011-06-21 14:31:44



ჩვენი რუბრიკის სტუმარი ოცი წლის გოგონაა, რომელმაც 15 წლის ასაკში შეიტყო, რომ ის ადამიანები, ვინც გაზარდეს, მისი მშობლები არ იყვნენ. გამზრდელი დედა გაიცნო, მაგრამ მასთან მეორედ მისვლის სურვილი აღარ გამოუთქვამს. ახლა თავის გამზრდელ მშობლებთან ერთად ცხოვრობს და მათი მადლობელია, რომ ამდენი სიკეთე გაუკეთეს. უფრო მეტს მისი წერილიდან შეიტყობთ.



ნათია გ. 20 წლის:

– ჩემი ცხოვრება, 15 წლის ვიყავი, როცა თავდაყირა დადგა. მანამდე მიხაროდა სიცოცხლე, ბედნიერი ვიყავი ყველაფრით. მყავდა მოსიყვარულე მშობლები და მქონდა ყველაფერი, რასაც კი მოვისურვებდი. ოცნება ერთადერთი მქონდა, რომ შევხვედროდი ღირსეულ ბიჭს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გავატარებდი. სხვა რამეზე კი არასდროს მიოცნებია, რადგან ჩემი მშობლები ყველა სურვილს წარმოთქმისთანავე მისრულებდნენ.

15 წლისამ თავზარდამცემი ამბავი შევიტყვე, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამდენი ხნის მანძილზე ჩემი მშობლები მეგონნენ, სინამდვილეში ჩემი გამზრდელები იყვნენ. ეს ამბავი ერთმა ჩვენმა მეზობელმა ვითომდა ჩუმად მითხრა, თან დააყოლა, მგონი ვცდები, მაგრამ მაინც გაარკვიე, ვინ არიან შენი ნამდვილი მშობლებიო. რა თქმა უნდა, იმ ქალს არ დავუჯერე, ამას როგორ წარმოვიდგენდი? თანაც მამას გარეგნულად ცოტათი ვგავდი კიდეც და ალბათ, ამიტომ ეჭვი არასდროს შემიტანია. მეზობლის ნათქვამმა ამაფორიაქა და სახლში მისულმა, დედას მივახალე, რომ ასე მითხრეს და ხომ ტყუილია–თქო. მახსოვს, როგორ დაკარგა დედამ გონება და ძირს დაენარცხა. გონზე ძლივს მოვიყვანეთ, ძალიან შევშინდი და ჩემს თავზე ვბრაზობდი, მეზობლის ნათქვამი სისულელე რატომ ვუთხარი–თქო. თუმცა, დედა გონს რომ მოვიდა, ჩემთან ერთად მარტო დარჩენა მოისურვა და ყველაფერი მომიყვა. ამის მოსმენა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. ყველაფერი რთული გადასატანია ამ ცხოვრებაში, ახლობლის სიკვდილიც, ტკივილიც, მაგრამ, როდესაც იგებ, რომ ნაშვილები ხარ, ამაზე დიდი ტიკივილი არ მეგულება. წარმოიდგინეთ, ერთ დღესაც იღვიძებ და აღმოაჩენ, რომ არავინ ხარ, არ იცი შენი ნამდვილი გვარი და სახელი, არ იცი ვინ გაგაჩინა, ვინ არიან შენი ნამდვილი ნათესავები, ოჯახის წევრები, გყავს თუ არა და ან ძმა და ა.შ.

მოკლედ, დედამ დამსვა და ყველაფერი გულახდილად მიამბო. მითხრა, რომ სიმართლის თქმას მაშინ აპირებდა, როდესაც სრულწლოვანი გავხდებოდი. მას არ უნდოდა, რომ გული მტკენოდა და აქამდე ის და მამა ამიტომაც მიმალავდნენ ამ ამბავს. თურმე, ჩემს გამზრდელ მშობლებს რვა წელი არ ჰყავდათ შვილი. ბევრი უმკურნალიათ, მაგრამ ექიმები იმედს არ აძლევდნენ. დედას და მამას ერთმანეთთან შეუთავსებლობა სჭირდათ. ექიმს უთქვამს, ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ დაშორდეთ და თქვენ–თქვენი ოჯახები შექმნათ და შვილებიც გაგიჩნდებათო. თუმცა, მათ ერთმანეთი ისე ძლიერ უყვარდათ, რომ დაშორებაზე ერთი წუთითაც არ დაფიქრებულან და გადაწყვიტეს, ბავშვი აეყვანათ. ბევრი ახლობელი შეაწუხეს და ბოლოს, ერთი ნათესავის რჩევით, არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. მე მაშინ მხოლოდ ერთი წლის ვყოფილვარ. ჩემი ნამდვილი დედა 17 წლის დაორსულებულა, შეყვარებულს კი მასზეც და შვილზეც უარი უთქვამს და მიუტოვებია. შემდეგ დედა ერთ–ერთ ნათესავთან აფარებდა თავს, რადგანაც ის თავისმა ოჯახმაც გარიყა. მძიმე სოციალურ პირობებში იყო და ამიტომაც გაყიდა შვილი. ამ ამბის მოსმენამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ჩემი გამზრდელი მშობლების მიმართ ზიზღი არ გამჩენია, მაგრამ მქონდა აგრესია ყველასა და ყველაფრის მიმართ. ორი თვე ადამიანებთან კონტაქტს ვერიდებოდი, სკოლაში აღარ დავდიოდი. მრცხვენოდა, რომ ნაშვილები ვიყავი და მეგონა, ყველა ჩემსკენ იშვერდა ხელს. ვფიქრობდი, ალბათ ვეღარასდროს გავთხოვდები, რადგან ნაშვილები გოგო რძლად არავის ენდომება–თქო. თავი ყველაზე უბედურად მიმაჩნდა და ერთი პერიოდი სიკვდილსაც ვნატრობდი. მაგრამ დროთა განმავლობაში გონს მოვეგე, მივხვდი, რომ ასეთი ყოფილა ჩემი ბედი და უნდა შევგუებოდი. თანაც, არ ღირდა ისეთი დედის გაცნობა, რომელმაც გამყიდა. მასთან ერთად ალბათ სიღარიბეში ცხოვრება მომიწევდა, ჩემმა გამზრდელმა მშობლებმა კი არაფერი მომაკლეს. მათ მიმართ მართლაც არანაირი პრეტენზია არ მქონია. უბრალოდ, ჩემს ბედზე ვბრაზობდი. ამ ორი თვის განმავლობაში ჩემი გამზრდელი მშობლები ძალიან ცუდად იყვნენ, განიცდიდნენ ამას და ეგონათ, რომ მათზე უარს ვიტყოდი და ნამდვილ ოჯახს მოვნახავდი. თუმცა, მე ეს აზრადაც არ მომსვლია. მათ ავუხსენი, რომ ყველაფრის მიუხედავად, მათ არაფერში ვადანაშაულებდი და არც მიტოვებას ვაპირებდი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაუხარდათ, სიხარულისგან გულში მიხუტებდნენ. მერე მითხრეს, შენ უფლება გაქვს წახვიდე და გაიცნო შენი ნამდვილი მშობლები, დედაშენის მისამართი ვიცით, მაგრამ მამაშენი ვინ არის, არც კი ვიცითო. წადი, გაიცანი დედა და ნათესავები, გქონდეს მათთანაც კონტაქტი, ოღონდაც ჩვენ ზურგს ნუ შეგვაქცევ, სიცოცხლეზე მეტად გვიყვარხარო.

მოკლედ, მათი დაჟინებული თხოვნით, მართლაც წავედი ნამდვილი დედის გასაცნობად, რომელსაც მხოლოდ ბიოლოგიურ დედას ვუწოდებ. შეხვედრის წინ ძალიან ვნერვიულობდი, გული ამოხტომაზე მქონდა. მეგონა, ჩვენი შეხვედრა საოცარი იქნებოდა, ის ბევრს იტირებდა, მოინანიებდა ყველაფერს და ჩემი ნახვით უზომოდ გახარებული იქნებოდა. მაგრამ წინ სულ სხვა სურათი გადამეშალა. ჩემი ბიოლოგიური დედა ჩვენს რაიონში, გვერდით სოფელში ცხოვრობდა. თურმე გათხოვილა და ორი შვილიც ჰყავდა, მაგრამ იმ ამბავს, რომ მანამდე შვილი უკანონოდ გააჩინა, საგულდაგულოდ მალავდა. ყველას ეგონა, რომ მე დაბადებისთანავე დავიღუპე. მასთან სახლში ჩემს გამზრდელ დედასთან ერთად მივედი. როცა მან უთხრა, გაიცანი, ეს შენი ქალიშვილიაო, ზედაც არ შემომხედა. არ ესიამოვნა ჩემი დანახვა და თქვა, ჩემმა ქმარმა რომ გნახოთ, მომკლავსო. მე ცრემლები წამომივიდა, მინდოდა, დედას ჩავხუტებოდი, მაგრამ ის ცივად იდგა და მაკვირდებოდა. დავსხედით, ვილაპარაკეთ და მან თქვა, რომ ჩემ ამბავს ვერ გაახმაურებდა, თორემ ქმარსა და ოჯახს დაკარგავდა. თანაც, ამას ისე ამბობდა, ოდნავი სინანულიც კი არ ემჩნეოდა. ეს სიტყვები ძალიან მეწყინა, გამზრდელ დედას ხელი მოვკიდე და იქედან წამოვედი. მთელი გზა ვტიროდი და გული მტკიოდა. სწორედ მაშინ უფრო მეტად მივხვდი ჩემი გამზრდელი მშობლების ფასს და დავიფიცე, რომ მათ არასდროს მივატოვებდი და ყველა სიკეთეს სიკეთითვე გადავუხდიდი. თურმე, ზოგი დედა მართლაც არ არის დედობის ღირსი. მესმის, რომ ადრეულ ასაკში გამაჩინა, მარტოხელა დედა ვერ იქნებოდა, უჭირდა, მაგრამ წლების შემდეგ რომ დამინახა, ხომ შეეძლო გულში მაინც ჩავეხუტებინე და ბოდიში მოეხადა. მე მას არაფერს ვთხოვდი, უბრალოდ, ზოგჯერ ვნახავდი ხოლმე და მასთან ურთიერთობა მექნებოდა. მან კი ჩემზე უარი მეორედ თქვა. არადა, რამდენი ცოლ–ქმარი ვიცი, რომ შვილს ნატრობენ და არ უჩნდებათ. ზოგიერთები კი თავიანთ შვილებს ყიდიან. არანაირი გაჭირვება და პრობლემები არ ამართლებს დედას, რომელიც შვილს გააშვილებს.

ახლა, ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და ისევ ბედნიერი ვარ ცხოვრებით. ვცდილობ, იმ ტკივილზე არ ვიფიქრო, რაც ხუთი წლის წინ გადავიტანე, როდესაც ჩემი წარმომავლობის ამბავი შევიტყვე. ვთვლი, რომ ღმერთმა ასეთი გამოცდა მომიწყო და მე გადავლახე. რაც მთავარია, ახლა უფრო მეტად დავაფასე სიცოცხლე და ის ადამიანები, რომლებმაც გამზარდეს. მარტო გამზრდელი მშობლები კი არა, ყველა მათი ნათესავი ყოველთვის დიდ სითბოს იჩენენ ჩემ მიმართ. ხშირად არ მესმის იმ ადამიანების, ვინც შეიტყობენ, რომ ნაშვილები არიან და გამზრდელ მშობლებს ზურგს აქცევენ. თუკი იცი, რომ ნამდვილმა დედამ და მამამ შენზე უარი თქვეს და სრულიად უცხო ადამიანებმა გაგზარდეს და თან გადაგყვნენ, მაშინ მათ ეს სიკეთე უნდა დაუფასო. უშვილო წყვილმა, რომელიც შვილს აიყვანს, ყველაზე კარგად იცის შვილის ფასი. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი ადამიანების ხელში აღმოვჩნდი. ისინი ჩემთვის ნამდვილი მშობლები არიან, რადგან მათ გამზარდეს და ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემთან ერთად გამოიარეს. მათ გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია.

თეონა კენჭიაშვილი ჟურნალი გუმბათი N 25

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online