asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გამოტირებული ქმარი მაშინ გამოჩნდა, როცა ქალის გვერდით უკვე სხვა მამაკაცი იყო
დაკარგული, ნაპოვნი და ისევ დაკარგული ბედნიერება
გამოტირებული ქმარი მაშინ გამოჩნდა, როცა ქალის გვერდით უკვე სხვა მამაკაცი იყო

2011-05-27 16:05:09



ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთ დრამატულ ისტორიას მოისმენთ, საპნის ოპერის სიუჟეტი მასთან მონაგონი იქნება. ყოველი ადამიანი თავის წილ ბედნიერებასა და უბედურებას დაატარებს. ბედნიერებას ვეძებთ, ვპოულობთ, ნებსით თუ უნებლიეთ ვკარგავთ, ვნანობთ, ისევ ვეძებთ ან აღარ ვეძებთ...

სიყვარულის ამბავი, რომელიც ჩვენმა რესპონდენტმა, ქალბატონმა მზიამ გვიამბო, დიდი ხნის წინ, გასული საუკუნის 40–იან წლებში მოხდა. მეორე მსოფლიო ომმა ერთი ლამაზი წყვილის ცხოვრების კალაპოტი შეცვალა. "მათ ცხოვრებაში იყო დამთხვევები და აცდენები, ბედნიერება და ტრაგედია, ყველაფერი ის, რაც სცენარისტს გამოადგებოდა", – გვითხრა ქალბატონმა მზიამ.

– ასმათი ახალგაზრდობაში ნაზი და სასიამოვნო ქალიშვილი იყო, თაყვანისმცემლები არ აკლდა, მაგრამ მისი ყურადღების ღირსი მხოლოდ ანდრეი გახდა. ის კეთილშობილი, წესიერი, თავმდაბალი, შრომისმოყვარე და ამავე დროს ღირსებით სავსე ახალგაზრდა კაცი გახლდათ. ეროვნებით რუსი იყო. მისი მშობლები რუსეთში ცხოვრობდნენ, თავად კი თბილისში სამუშაოდ იყო ჩამოსული. ქართველები უზომოდ შეუყვარდა, ჩვენი ტრადიციების და კულტურის წინაშე ქედს იხრიდა. ასმათი პრაქტიკებზე იმ საწარმოში მიავლინეს, სადაც ანდრეი მუშაობდა და მათი გაცნობაც იქ შედგა. ქერა, ცისფერთვალება, მზით გარუჯულმა, წარმოსადეგმა ვაჟმა, რომელიც თანამშრომლებისგან დიდი პატივისცემით სარგებლობდა, მაშინვე მიიპყრო ქალიშვილის ყურადღება. თავის მხრივ, ანდრეიც მოიხიბლა ასმათის კდემამოსილებით, ქართული ეშხით. დამეგობრდნენ, ერთმანეთთან მისვლა–მოსვლაც ჰქონდათ.

ანდრეისთან გატარებული ყოველი წუთი ასმათისთვის დღესასწაულად იქცა. მის მიმართ თითქოს დედობრივი გრძნობა გაუჩნდა, ეცოდებოდა ამ უცხო მხარეში მშობლების ყურადღებას მოწყვეტილი ახალგაზრდა კაცი. მისთვის ხშირად მიჰქონდა თავისი ხელით დამზადებული კერძები თუ ტკბილეული. ზოგჯერ ბინასაც ულაგებდა, საქმეებს უწესრიგებდა. ანდრეი გაკვირვებული იყო ქალის ასეთი ყურადღებით და მზრუნველ ქალიშვილს ათასგვარი სიურპრიზით ანებივრებდა. მოხდა ისე, რომ მათ ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ.

– და ეს სიყვარული ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა?

– დიახ. ასმათის მშობლების ხელშეწყობით მამაპაპური ქორწილიც გადაიხადეს. რუსეთიდან ანდრეის მშობლები, ოჯახის წევრები ჩამოვიდნენ. ნეფე–პატარძალი ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ. ეს დაუვიწყარი საღამო იყო – ლამაზი სადღეგრძელოებით, ცეკვებით და სიმღერებით...

– მერე რა მოხდა, წყვილის ბედნიერებას რაიმე ხომ არ დაემუქრა?

– არ გასულა ერთი თვე, რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ანდრეი გაიწვიეს. ფაქტობრივად თაფლობისთვიდან პირდაპირ ფრონტის ხაზზე მოხვდა. ვერ აგიწერთ ასმათის განცდებს, ქმარს რომ ემშვიდობებოდა. არ გაგიშვებო – ტიროდა. მასთან ერთად მთელი სამეზობლო მოთქვამდა. ანდრეი ამხნევებდა ცოლს და ჩვეული ხუმრობით მის გაცინებას ცდილობდა. ეხვეწებოდა, ცრემლებს ნუ გამატან, ღიმილი უფრო გიხდება, ვიცი, რომ დამელოდები, უფრო ძლიერი დაგიბრუნდები და მერე ცივ ნიავს არ მოგაკარებ, დედოფალივით გაცხოვრებო...

– ანდრეის ომში წასვლის შემდეგ რა ცვლილებები მოხდა?

– ასმათი ფეხმძიმედ დარჩა... ყოველ კვირას უბანში ვიღაცის დაღუპვის ამბავი მოდიოდა. თითქმის ყოველ მეორე ოჯახში გლოვის ზარი იდგა. ანდრეისგან შეტყობინება არ მოდიოდა. ასმათს ბიჭი შეეძინა და მამის სახელი, ანდრო დაარქვა. მამამ ბავშვის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. ბიჭუნა საოცრად დაემსგავსა მამას.

– როდის გამოჩნდა ანდრეი?

– მის შესახებ არაფერი ისმოდა. ომი დამთავრდა, ოჯახმა უკვე იმედი გადაიწურა, მის შესახებ ვერაფერი გაიგო და გამოიგლოვა... ასმათს ქმრის ოჯახთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ანდრეის მშობლები რძლის და შვილიშვილის სანახავად ჩამოდიოდნენ ხოლმე რუსეთიდან, სიყვარულს და სითბოს აგრძნობინებდნენ. ერთიორჯერ ბავშვი თავისთანაც წაიყვანეს.

– უქმროდ დარჩენილი ასმათის ცხოვრება როგორ წარიმართა?

– გავიდა წლები. ასმათი შვილს ზრდიდა და მთელ თავის გრძნობებს და მზრუნველობას მასში დებდა, მისი გული კი დახურული იყო. თვალებში თითქოს სხივი ჩაუქრა, ახალგაზრდა ქალს აღარაფერი უხაროდა. მეგობრები მისი მდგომარეობის გამო ძალიან წუხდნენ. მათ იაქტიურეს და ახალგაზრდა, უცოლო კაცი, გაბრიელი გააცნეს, რომელიც აღნაგობით ანდრეის ჩამოჰგავდა. გაბრიელი რაიონიდან ჩამოსული, მშრომელი, პატიოსანი და კეთილი კაცი იყო. მას ასმათის მიმართ გრძნობა გაუჩნდა. ქალი თავიდან ყურადღებასაც არ აქცევდა, არ უნდოდა, მის გულში სხვა მამაკაცს დაემკვიდრებინა ადგილი.

– მაგრამ ალბათ გაბრიელმა ქალის გულის მონადირება მაინც შეძლო.

– გულის მონადირებაზე რა გითხრათ, მაგრამ ცოლობაზე კი დაითანხმა. ალბათ ქალს მარტოობის შიშმა სძლია... გაბრიელი მასთან საცხოვრებლად გადავიდა.

– ააწყვეს ოჯახური ცხოვრება?

– თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო. გაბრიელმა იცოდა ცოლის სიყვარულის ტრაგიკული ისტორიის შესახებ და ყველაფერს აკეთებდა, რათა ქალს უბედურად არ ეგრძნო თავი, მის გულში კვლავ სიხარულს დაესადგურებინა.

– შეძლო ამის გაკეთება?

– ასმათი ოჯახურ საქმეებზე გადაერთო და ფაქტობრივად ფიქრის დროც აღარ რჩებოდა. გარდა ამისა, ქმრის უკმაყოფილო არ იყო, მასზე არასოდეს დაუჩივლია. გაბრიელი უზომოდ ყურადღებიანი და მოწესრიგებული მამაკაცი გამოდგა. საერთო ქალიშვილიც შეეძინათ. ოჯახისა და ბავშვების მოვლამ ქალის ცხოვრება შეავსო.

– ასმათი ანდრეის მშობლებთან ურთიერთობას აგრძელებდა?

– რა თქმა უნდა, ერთმანეთთან მიმოწერა ჰქონდათ. ერთხელ ანდრეის მამა ჩამოვიდა რუსეთიდან და ოჯახში ესტუმრა. ასმათი ყოფილ მამამთილს ქართული წესისამებრ გაუმასპინძლდა. ბერიკაცი მოესიყვარულა შვილიშვილს და აქეთურის და იქითურის მოყოლა დაიწყო, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანის თქმა უნდოდა... უცებ ეზოდან გაბრიელის ხმა მოისმა: "ანდრო, ანდრო, იჩქარე, გელოდები, ცურვაზე გაგვიანდება!". ასმათს ალმური მოეკიდა. მოერიდა, მამამთილისთვის მეორე ქმრის არსებობა გაემხილა, მაგრამ ბერიკაცი უთქმელადაც მიხვდა ყველაფერს, იმასაც, რომ მის შვილიშვილს მამობილის სახით მზრუნველი პატრონი ჰყავდა. რძალს არაფერი აგრძნობინა, რაღაც მოიმიზეზა, გულთბილად დაემშვიდობა და წავიდა.

– გაირკვა, რისი თქმა უნდოდა ანდრეის მამას ყოფილი რძლისთვის?

– იმის, რომ ანდრეი ცოცხალი იყო... სამწუხაროდ, ის მაშინ გამოჩნდა, როცა ქალის გვერდით უკვე სხვა მამაკაცი იყო.

– ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ ჩანდა, რატომ არაფერი ისმოდა მის შესახებ?

– თურმე ფრონტზე გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს, სასწაულებრივად გადარჩა. უკან ვერ დაბრუნდებოდა, რადგან შეიძლებოდა საბჭოთა რეჟიმს მოღალატედ ჩაეთვალა, მსგავსი შემთხვევები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მრავლად იყო. ამიტომ კანადაში გადავიდა და იქ დამკვიდრდა, მუშაობაც დაიწყო. ომის დამთავრების შემდეგ ბევრს ეცადა, ოჯახს დაკავშირებოდა, მაგრამ უშედეგოდ. საბჭოთა კავშირის საზღვრები ჩაკეტილი იყო და თავისიანებს ფიზიკურად ხმას ვერ მიაწვდენდა. ამის შესაძლებლობა მხოლოდ წლების შემდეგ მიეცა, რუსეთში მშობლებს დაუკავშირდა, მათგან შეიტყო, რომ ვაჟიშვილი ჰყავდა. მამას სთხოვა, საქართველოში ჩასულიყო და ასმათისთვის მისი გადარჩენის ამბავი ეცნობებინა. ანდრეის ერთი სული ჰქონდა, ცოლ–შვილი კანადაში წაეყვანა და ოჯახი გაემთლიანებინა, მაგრამ...

– ასმათმა ამ ყველაფრის შესახებ როდის შეიტყო?

– მოგვიანებით, როდესაც უკვე ანდრეი ძალიან ავად იყო. ბევრი იდარდა, მაგრამ ცხოვრებას ვეღარ შეცვლიდა. ანდრეი ბოლომდე ერთგულად ელოდა ასმათს, თავის სასურველ ქალს, ერთადერთ სიყვარულს... ცოლი აღარ შეურთავს, მარტოობაში დალია სული.

– ისე, რომ ვერც ვაჟიშვილის ნახვა შეძლო?

– ანდრო მაშინ უკვე დიდი ბიჭი იყო, მამის სანახავად კანადაში გაგზავნეს, მაგრამ ცოცხალს ვერ ჩაუსწრო.

– ასმათმა ალბათ თავი დამნაშავედ იგრძნო...

– დამეთანხმებით, ძნელია, როცა საყვარელ ადამიანს კარგავ, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა, როცა დაკარგულს პოულობ და ხელმეორედ კარგავ. ასმათისთვის ეს ყველაფერი მეხის დაცემასავით იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დრო იყო გასული და დიდსულოვანი, მზრუნველი ქმარიც ჰყავდა, მის გულში ყოველთვის იყო ადგილი ანდრეისთვის, მისი ერთადერთი ოცნების მამაკაცისთვის. ის იდეალად ჰყავდა ქცეული. ანდრეიმ ასმათის ცხოვრებაში ბედნიერების ნათელი კვალი დატოვა, გაელვებასავით, მაგრამ სამუდამოდ აღბეჭდილი.

ნანა კობახიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online