asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"დედამ ხელი მომკიდა და აბორტის გასაკეთებლად წამიყვანა..."
"დედამ ხელი მომკიდა და აბორტის გასაკეთებლად წამიყვანა..."
"დედამ ხელი მომკიდა და აბორტის გასაკეთებლად წამიყვანა..."

2011-05-25 13:18:52



ჟურნალ "სარკის" მე–20 ნომერში გამოქვეყნდა წერილი, სათაურით – "შეყვარებულს დავნებდი, მაგრამ ეჭვი მეპარება, ცოლად მომიყვანოს". მართალია, ამ წერილის ავტორის ასაკს დიდი ხანია გადავაბიჯე, მაგრამ მისმა ნაამბობმა ისევ იმ წლებში დამაბრუნა, როცა მასავით მეც გამოუსწორებელ შეცდომას ვუშვებდი. ამიტომაც გადავწყვიტე, ამ გოგოს გამოვხმაურებოდი. მას არც რჩევას მივცემ, არც დავარიგებ, უბრალოდ ჩემს ამბავს მოვუყვები და თავად გამოიტანოს დასკვნა, განსაზღვროს, მისთვის რა არის უკეთესი და რა ცუდი.

მასავით მეც თავდავიწყებით მიყვარდა. ასე მეგონა, რომ ჩვენსავით მოსიყვარულე წყვილი მთელ მსოფლიოში არ არსებობდა. ვინმეს რომ ეთქვა, ერთ დღეს ერთმანეთს დაშორდებითო, ვერაფრით დავიჯერებდი. პატარა ასაკის გოგონები საოცრად რომანტიკულები არიან, მე კი ეს გრძნობა გაათმაგებული მქონდა. ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი. ერთ დღეს კი ძირს დავენარცხე, თანაც ისე, რომ დღემდე ვერ წამოვდექი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე იმ ამბავთან წლები მაშორებს.

ჩვენი "სიყვარულობანას თამაში" ჩემი დაორსულებით დამთავრდა. ახლა, ამდენი წლის შემდეგ რომ ვიხსენებ იმ ამბებს, ვხვდები, რა პატარები ვიყავით. გათხოვებისთვის არც მე ვიყავი მზად, ის კი საერთოდ ბავშვი იყო. გოგონები უფრო მალე ქალდებიან, ბიჭებს კი დაკაცებამდე ბევრი დრო სჭირდებათ.

ახლა რომ ვიხსენებ, ჩემი შეყვარებული ისეთი ბავშვი იყო, ისეთი უსუსური... მაშინ კი მასავით ვაჟკაცური ვერავინ წარმომედგინა. სასაცილო ბავშვები ვიყავით. ორივემ ჩავიმწარეთ ლამაზი წლები. დიდი ხნის განმავლობაში მასზე გაბრაზებული ვიყავი, მეზიზღებოდა, მძულდა, მაგრამ ახლა ეს გრძნობა გამინელდა. ის უსუსური ბავშვი ახლა ძალიან მეცოდება.

არასოდეს დამავიწყდება მისი სახე, როცა ვუთხარი, რომ ორსულად ვიყავი. მკითხა, ახლა რა უნდა ვქნათო. მე პასუხი მაშინვე მზად მქონდა, უნდა დავქორწინდეთ–მეთქი. არც მისი თვალები დამავიწყდება, როცა დაქორწინება ვუხსენე. თვალის უპეები სულ ჩაუშავდა, სახეზე კი გადაფითრდა. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად ვერაფერი გადაწყვიტა. მივიდა და მშობლებს დაეკითხა, რა ვქნაო. მათ კი თავი გაიგიჟეს, ორსულ რძალს სახლში არ შემოვუშვებთო. დედამისმა დედაჩემს დაურეკა, გამოლანძღა, შენს მუცელგაბერილ შვილს რძლად არ დავისვამო. მოკლედ, დედაჩემს გააგებინა, რომ ბავშვს ველოდებოდი.

ალბათ ადვილი წარმოსადგენია, ჩემს ოჯახში რა ამბები დატრიალდებოდა. საწყალი დედაჩემი კრუნჩხვებში ჩავარდა. მე ხომ ლამის მომკლეს. ბებიაჩემის სიკვდილს დედა დღემდე მე მაბრალებს. მართალია, იმ დღეს არ მომკვდარა, მაგრამ ამდენ ნერვიულობას ვერ გაუძლო და ინსულტი დაემართა. პირველად კი გადაიტანა, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ გაუმეორდა და ვერაფერი ვუშველეთ. მისი გაზრდილი ვიყავი და ჩემი ამბავი ძალიან განიცადა. საფლავში ჩემი ჯავრი ჩაიყოლა.

დედაჩემმა სცადა, სიტუაცია გამოესწორებინა. ჩემი შეყვარებულის ოჯახში მივიდა და დედამისს სთხოვა, ცოტა ხნით მაინც მოიყვანეთ რძლად, პირობას გაძლევთ, სანამ ბავშვი დაიბადება, სახლში წავიყვან, ოღონდ სირცხვილს ნუ გვაჭმევთ, ცხოვრებას ნუ დაუმახინჯებთ ჩემს შვილს და ყველაფერზე თანახმა ვართო. იმ ქალმა კი უთხრა, ცოტა ხნით რომ მოვიყვანოთ, მერე აქედან აღარ წავა, ჩემს შვილს ხელში ჩაიჭერსო. ჩემი შეყვარებული კი ხმას არ იღებდა. გაგვირბოდა, არ გველაპარაკებოდა. მის ნაცვლად პასუხებს დედამისი გვცემდა.

დედამ ხელი მომკიდა და აბორტის გასაკეთებლად თავის ნაცნობ გინეკოლოგთან წამიყვანა. იმ დღეს მთელ ჩემს ცხოვრებას, მომავალს, სიხარულს, ბედნიერებას გამოვეთხოვე. თითქოს გული დამიცარიელდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იმ უსუსურ არსებას, ჩემს შვილს, ჩემი სულიც თან გაჰყვა, მე კი გამოშიგნული დავრჩი. თითქოს ჩემ ნაცვლად უსულგულო ფიტული დააბიჯებდა.

მას შემდეგ მარტო ვარ. ჩემს გულში ადგილს არავის დავუთმობ. ბევრმა მთხოვა ხელი, სიყვარული შემომთავაზეს, მაგრამ ჩემთვის ყველა კაცი ჩემს შეყვარებულს, იმ უსუსურ, საცოდავ ბავშვს ჰგავს. ამიტომ მათთან ურთიერთობის სურვილი არ მაქვს. ძალიან ვნანობ, რომ იმ დღეს დედაჩემის ნებას დავყევი და ექიმთან მივედი. ჩემს პატარაზე უარი არ უნდა მეთქვა.

არ ვიცი, ჩემი შეყვარებული დაკაცდა თუ არა ოდესმე, მაგრამ ცოლი რომ მოიყვანა, გავიგე. ისიც მითხრეს, შვილები ჰყავსო. ნეტა დედამისს ერთხელ მაინც თუ ახსენდება, როგორ მომიშორა თავიდან? ნეტა, თავის შვილიშვილებს რომ უყურებს, არ ახსენდება, რომ მათსავით უსუსური, პატარა არსება თავიდან მოიშორა? მას რომ ხელი არ ეკრა, ჩემი შვილი დაიბადებოდა.

ჩემი პატარასთვის უნდა მებრძოლა. როცა "სიყვარულობანას" ვთამაშობდი, მაშინ უნდა მეფიქრა, რომ ბევრ რამესთან მომიწევდა ჭიდილი და ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი. ჩემმა საქციელმა კი საცოდავი, პატარა არსება შეიწირა. მას უფლება ჰქონდა, დაბადებულიყო! ეს ცოდვა რამდენჯერაც უნდა მოვინანიო, მაინც საფლავში ჩამყვება და ვიცი, საიქიოშიც არ მომასვენებს.

"სარკის" ერთგული მკითხველი

რუბრიკა მოამზადა ირინე მჭედლიძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: აბორტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online