asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"როგორ ვუთხრა მღვდელს, რომ ხუთი თვის ნაყოფი მოვიშორე?"
"როგორ ვუთხრა მღვდელს, რომ ხუთი თვის ნაყოფი მოვიშორე?"
"როგორ ვუთხრა მღვდელს, რომ ხუთი თვის ნაყოფი მოვიშორე?"

2011-05-23 14:42:42



ნაზი ბ. უკვე ოთხი ვაჟკაცის დედაა. თითქოს ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ წარსულში ჩადენილი ცოდვა მოსვენებას არ აძლევს და დღითიდღე ხვდება, რომ გოგონას უნახავი ღმერთმა იმ საშინელების ჩადენის გამო გახადა, რაც მან სამი წლის წინ გააკეთა.



ნაზი:

– ოთხი ვაჟკაცი მყავს. მათ რომ ვუყურებ, გული სიამაყით მევსება, ძალიან ლამაზები და ერთმანეთზე უკეთესები არიან. თუმცა გულის სიღრმეში საშინელ სევდას და გულისტკივილს განვიცდი იმის გამო, რომ ქალიშვილი არ მყავს. ზუსტად ვიცი, რომ ათი შვილი რომ გავაჩინო, ათივე ბიჭი მეყოლება.

– ასე რატომ გგონიათ?

– იმიტომ, რომ სამი წლის წინ საშინელი ცოდვა ჩავიდინე და ეს დანაშაული დღემდე არ მაძლევს მოსვენებას. აფხაზეთიდან დევნილი ვარ. ჩემი ოჯახით, როგორც დევნილების უმეტესობა, ერთ–ერთი ყოფილი ქარხნის შენობაში გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობ. უკვე ორი ბიჭი მყავდა, როცა კიდევ დავორსულდი. როცა გავიგე, რომ ისიც ბიჭი იყო, თავი გავიგიჟე და გადავირიე, არაფრის დიდებით არ გავაჩენ, ისედაც ორი ბიჭი მყავს, მათი უზრუნველყოფა არ შემიძლია და ახლა მესამეც რომ დამემატოს, თავს მოვიკლავ–მეთქი.

ჩემი უახლოესი მეგობრები მეხვეწნენ, მემუდარნენ, ნაზი, არ გინდა, ნუ მოიშორებ, სადაც ორი, იქაც მესამეს გაზრდი, რად გინდა, ასეთ დიდ ცოდვას რომ ჩადიხარო. როცა გავიგე, ორსულად ვიყავი, უკვე ნაყოფი დიდი იყო, მაგრამ დავიჩემე მისი მოშორება და ვეღარავინ გადამათქმევინა. სადაც არ მივედი, ყველა ექიმმა უარით გამომისტუმრა, ამხელა ნაყოფს ხელს ვერ მოვკიდებთ, ეს რომ ვინმემ გაიგოს, ციხე არ აგვცდებაო.

– მაინც რამხელა იყო თქვენი მესამე შვილი?

– ხუთი თვის. უკვე მართლა დიდი ორსული ვიყავი. ეს თავადაც კარგად მესმოდა, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ სამი ბიჭი მეყოლებოდა, ჭკუიდან მშლიდა. ბოლოს ერთ–ერთი რაიონის მიყრუებულ სოფელში მივაგენი ექიმს, რომელმაც მითხრა, ნაყოფს მოგაცილებ, მაგრამ წინასწარ იცოდე, მთელი ცხოვრება სინდისი შეგაწუხებს და ძალიან გამწარდებიო. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, დიდი ფული მომთხოვა, ვუთხარი, ყველაფერს გადაგიხდი, ბოლო კაპიკამდე, ოღონდ ეს ბიჭი მომაშორე–მეთქი. ახლაც კი ვერ ვხვდები, ასე რამ გაგამხეცა და რამ გადამრია. ჩემი უახლოესი დაქალი მეხვეწებოდა, ნუ მოკლავ, აქამდე გაგიზრდია, ბავშვი უკვე ჩამოყალიბებულია და ოღონდ დაიტოვე, მის გაზრდაშიც მოგეხმარები და მოგინათლავ კიდეცო, მაგრამ ხომ იცით, ადამიანი რამეს რომ დაიჩემებს, მისი გადარწმუნება ძნელია.

მოკლედ, ბავშვი მოვიშორე, მოვიშორე კი არადა, იმ ქალმა ნამდვილი ოპერაცია ჩამიტარა. თითქოს მხრებიდან უმძიმესი ტვირთი მომეხსნა, ისეთი ლაღი და ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემს ისედაც გაჭირვებულ ოჯახს კიდევ ერთი ბიჭი არ დააწვებოდა მხრებზე.

– მეუღლე არ შეგეწინააღმდეგათ?

– სწორედ რომ მეუღლე შევიცოდე. ჩვენ არ გვაქვს დალხენილი ცხოვრება. როგორც დევნილების უმეტესობა, ჩემი ქმარიც ბაზარში დგას და დილიდან საღამომდე ტომრებს ეზიდება. პურის ფულს თუ მოიტანს სახლში, ხომ კარგი. მე მცირეწლოვან შვილებს უპატრონოდ ვერ მივაგდებ და ამიტომ არ ვმუშაობ. ქმარს დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა რომ მეთქვა, მინდა ეს ბავშვი და გავაჩენ–მეთქი, არც ამაზე იტყოდა უარს.

ერთი წლის შემდეგ ძალიან ცუდად გავხდი. აღმოჩნდა, რომ ისევ ორსულად ვიყავი. თბილისში ძალიან ცნობილ, სახელგანთქმულ ექოსკოპისტთან წავედი. შესული არ ვიყავი, ეგრევე მივახალე, შენი ჭირიმე, სახლში ორი ბიჭი მყავს და თუ ისევ ბიჭის გაჩენა მიწევს, ძალიან გთხოვ, მითხარი–მეთქი. ეტყობა, ისეთი სახე მქონდა, ზედ მეწერა, რომ თუ ბიჭი იყო, თავისუფლად გავიმეტებდი სასიკვდილოდ. ამიტომ ექიმმა დამამშვიდა და მითხრა, ნუ ნერვიულობ, დაწყნარდი, 99% გოგონა გეყოლებაო. ნაყოფს რომ ათვალიერებდა, თან მეკითხებოდა, ისე, კიდევ ერთი ბიჭი რატომ არ გინდაო. თავი გავიგიჟე, კიდევ ბიჭი რომ მეყოლოს, თავს მოვიკლავ, მიჭირს და სახლში ორი ბიჭი ისედაც მელოდება–მეთქი. ეღიმებოდა და მეუბნებოდა, დამშვიდდი, ხომ გითხარი, გოგო გყავსო.

ისე გავიდა დანარჩენი თვეები, დარწმუნებული ვიყავი, რომ გოგონა მეყოლებოდა. მშობიარობა რომ დამეწყო, კიდევ კარგი, მშობიარობაზე ჩემი დის დასწრების სურვილი გამოვთქვი. ურთულესი მშობიარობა მქონდა, ძლივს გადამარჩინეს, მაგრამ როცა ექიმმა მითხრა, გილოცავთ, ბიჭიაო, ნამდვილი ისტერიკა დამემართა. თავის მოკვლა მინდოდა და ბოლო ხმაზე ვკიოდი, არა, ეს შეცდომაა, ეს ბიჭი ჩემი არ არის, ალბათ შემიცვალეთ, ახლავე ჩემი გოგონა მომიყვანეთ–მეთქი. კიდევ კარგი, ჩემი დაც ესწრებოდა მშობიარობას და მაწყნარებდა, ხომ არ გაგიჟდი, რა შეგიცვალეს, ეს ბავშვი შენიაო.

– იმ ექოსკოპისტს პასუხი არ მოსთხოვეთ?

– იმდენად ცუდად ვიყავი და ისეთი დეპრესია დამემართა, იმ ექოსკოპისტის კი არა, საკუთარი შვილის დანახვა არ მინდოდა. ახლა რომ ვუფიქრდები, ღმერთო ჩემო, რა სისულელეა, განა შვილი შვილი არ არის? რამდენი წყვილია, რომლებიც წლობით ნატრობენ საკუთარ შვილს. ოთხი თვის განმავლობაში ჩემი შვილი ხელში არ ამიყვანია. გოგას დანახვაც არ მინდოდა, ჩემს შვილად არ ვაღიარებდი. უფროსი ბიჭები ნიკუშა და ლუკა უკვე დიდები მყავდნენ (7–ის და 5–ის). ბავშვებმა გოგა ჩემს დასთან ერთად გაზარდეს. ძალიან დიდი დრო დამჭირდა, იმ აზრს შევგუებოდი, რომ ეს ბიჭიც ჩემი იყო, რომელიც სრულიად ჯანმრთელი და უვნებელი ღმერთმა მაჩუქა.

– მეოთხე შვილის გაჩენა როგორღა გაბედეთ, არ შეგეშინდათ?

– თქვენ გგონიათ, მეოთხე შვილი მინდოდა? გოგას შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი, სამკურნალო გავხდი, მაგრამ ისეთი დეპრესია მქონდა, ექიმების კი არა, თეთრი ფერის დანახვაზეც კი ისტერიკა მეწყებოდა. როცა ნელ–ნელა დავმშვიდდი, გინეკოლოგთან მივედი, რომელმაც მითხრა, ფიბრომა გაქვს და სამკურნალო ხარო. თავიდან თითქოს ყველა მის მითითებას ვასრულლებდი, შემდეგ მომბეზრდა ამდენი სირბილი ექიმებში და დავანებე ყველაფერს თავი. ისეთ წამლებს ვიღებდი, რომლებმაც ციკლი საერთოდ ამირია. აი, ამან დამღუპა და სანდროც ასე გაჩნდა.

როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, გაგიკვირდებათ და ისევ იმ ექოსკოპისტთან წავედი, ვინაიდან ჯერ არ ვიყავი სრულად 12 კვირის და გაგებული მქონდა, რომ 11 კვირაზე უკვე ნაყოფის სქესს არჩევდა.

– თუ გეტყოდათ, ბიჭიაო, ისევ აბორტზე ფიქრობდით?

– ვაიმე, რომ ეთქვა, ისევ ბიჭი გყავსო, ალბათ იმ მაგიდიდან ვეღარც ამაყენებდნენ. როგორ დავრჩი ეს ფიბრომიანი ქალი ორსულად, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ როგორც კი გავიგე ჩემი მდგომარეობა, მაშინვე ჩემი ჭკუით თადარიგი დავიჭირე. გოგა უკვე ორი წლის მყავდა. თქვენ წარმოიდგინეთ, როცა ჩემი რიგი მოვიდა და იმ ექოსკოპისტთან შევედი, მიცნო და იცით, რა მითხრა? შენ ის არ ხარ, გოგოს რომ ეძებდი, ისევ გოგოს საძებნელად მოხვედიო? ისე გავბრაზდი, პირდაპირ პირში მივახალე, რატომ მომატყუეთ, თქვენ ჩემი მოტყუების უფლება არ გქონდათ, ამისთვის სასამართლოში გიჩივლებთ–მეთქი, მაგრამ მისმა პასუხმა ენა მუცელში ჩამიგდო და ჩემი სიბნელე და სისასტიკე ცხადად დამანახა.

– ასეთი რა გითხრათ?

– მითხრა, მე რომ მეთქვა, ბიჭი გყავს და ამის გამო შენ ასეთი ლამაზი ბავშვი მოგეშორებინა, ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი, ამიტომ როცა ვგრძნობ, რომ ექოსკოპიაზე სქესის გამო არიან მოსულები და დედა მზად არის ნაყოფი არასასურველი სქესის გამო მოიშოროს, ყოველთვის ვატყუებო. რა უნდა მეთქვა, ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, ვიღაც უცხო ადამიანი ჩემი მომავალი შვილის ბედზე წუხდა, მე კი არასასურველი სქესის გამო თავში მხოლოდ მისი მოშორება მიტრიალებდა.

როცა მაგიდაზე დავწექი და მან ჩემი ნაყოფის თვალიერება დაიწყო, გაღიმებულმა მითხრა, ახლა დამშვიდდი, თუ ამის მოშორებასაც ფიქრობ, არ გაბედო, გოგონა გყავსო. ძალიან გამიხარდა, ბედნიერებისგან წამოვხტი და ხელებზეც კი ვაკოცე, მაგრამ, როგორც ხედავთ, კიდევ ერთი ვაჟკაცი მყავს. სანდროს დაბადება უკვე ისე აღარ მწყენია, ვინაიდან იმ ექიმის სიტყვები სულ ყურში მესმოდა, არასასურველი სქესის გამო, თან ჩემი სიტყვებით ბავშვს არავის მოვაკვლევინებო. იმ ექიმსაც ვამართლებ, ალბათ უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც აკრძალავს სქესის თქმას იმ მომენტამდე, სანამ ბავშვის მოშორება ჯერ კიდევ შეიძლება, თუმცა იმ დედებისაც მესმის, ვინც ჩემნაირ დღეშია. აბა, მე რომ ოთხი ვაჟკაცი მყავს, ცოდო არა ვარ?

სანდროს ადვილად შევეგუე, უკვე სიხარულით მივიღე და იმაში დავრწმუნდი, რომ ღმერთმა ჩემი მიუტევებელი დანაშაულის გამო ასე გადამიხადა სამაგიერო. დარწმუნებული ვარ, ზუსტად ვიცი, რომ ათი შვილი რომ გავაჩინო, ათივე ბიჭი მეყოლება და ალბათ ისე ჩავალ საფლავში, გოგოს უნახავს გამხდის.

ძალიან მინდა მოვინანიო, მაგრამ მრცხვენია, როგორ ვუთხრა მღვდელს, ხუთი თვის ბავშვი მოვიშორე–მეთქი, როცა რამდენიმე კვირის ნაყოფის მოშორებაზე საშინელ სასჯელს ადებენ დედებს? ყველაფრის მიუხედავად, უფლის იმედი მაქვს და მჯერა, რომ თუ გულით მოვინანიებ, ის აუცილებლად მაპატიებს.

მინდა ყველა დედას ვუთხარ, არასოდეს მოისურვოთ საკუთარი შვილის მოშორება თუნდაც იმიტომ, რომ მისი სქესი თქვენთვის არასასურველია. ამაზე დიდი ცოდვა არ არსებობს. ამდენი წელი გავიდა და დღესაც მაწუხებს სინდისი, რამდენჯერაც ჩემს შვილებს ხელში ავიყვან, იმდენი მგონია, რომ შეიძლებოდა, ის პატარაც ასეთივე ლამაზი და ბედნიერი ყოფილიყო. მას ნამდვილად ჰქონდა სიცოცხლის უფლება, თუმცა ჩემი დაუდევრობით და სიჯიუტით მან დღის სინათლე, სამწუხაროდ, ვერ იხილა. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ შვილები უფლის უდიდესი საჩუქარია.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online