asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"ჩემი ვაჟი უსუსურია, ვალდებული ვარ, დავეხმარო!"
ჰიპერაქტიურმა დედამ ოჯახიდან სამი რძალი გაუშვა
"ჩემი ვაჟი უსუსურია, ვალდებული ვარ, დავეხმარო!"

2011-05-19 15:49:04



ამ ისტორიის გმირი, ზალიკო, 40 წელს გადაცილებული მამაკაცია – დედისერთა, მშობლებისგან განებივრებული. ახალგაზრდობაში ერთმა მძიმე შემთხვევამ ფსიქიკური პრობლემა დაუტოვა. მშობლებმა გადაწყვიტეს, დაექორწინებინათ და მისთვის ოჯახური გარემო შეექმნათ. სამჯერ ითხოვა ცოლი, მაგრამ ოჯახი სამივეჯერ დაენგრა. დედამისი, ქალბატონი ზეინაბი, რომელიც დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია, ამის მიზეზად უშვილობას ასახელებს. მისი მონაყოლიდან კი სხვა დასკვნების გაკეთებაც შეიძლება. მოდით, ჩვენს რესპონდენტს მოვუსმინოთ.

ზეინაბი:

– ჩვენი ოჯახი თბილისში, შეიძლება ითქვას, ერთ–ერთი საუკეთესო იყო. ჩემი ქმარი ჯუმბერი გამრჯე, პატიოსანი და კეთილშობილი ადამიანია. თავის დროზე კარგი შემოსავალიც გვქონდა და ნათესავ–მეგობრების პატივისცემაც არ გვაკლდა. ზალიკო რომ შეგვეძინა, უბედნიერესები ვიყავით. თავს ვევლებოდით, ჩიტის რძესაც არ ვაკლებდით. ცოტა არ იყოს, ჭირვეული და განებივრებული ბავშვი იყო, მაგრამ ამავე დროს ჭკვიანი და გონიერიც. განსაკუთრებული წარმატება ჰქონდა სპორტში, ჭიდაობაში ვარჯიშობდა. მწვრთნელი ძალიან ემადლიერებოდა და მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. რამდენჯერმე საქართველოს ჩემპიონიც გახდა. სკოლის დამთავრებიდან პირველივე წელს მოეწყო ინსტიტუტში. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ვამბობდი, შვილი მომესწრო–მეთქი. თავს ბედნიერ დედად ვთვლიდი.

ერთხელ მწვრთნელმა ჯგუფი სპორტულ შეკრებაზე ერთ–ერთ რაიონში წაიყვანა. როგორც ჩანს, ზალიკო იქ ცუდ წრეში გაერია და ხათაბალაში გაება. მეგობარი სპორტსმენები საქმეში არ ჩარია, იმ ბიჭებთან ჩხუბი მოუვიდა და... ბოლოს ორმოში ჩაგდებული იპოვეს ნაცემი, გულწასული. თვითონ ვერაფრით გაიხსენა, რა შეემთხვა. ამნეზია დაემართა.

თანდათან გამომჯობინდა, მაგრამ იმ შემთხვევის შემდეგ ნევროლოგიური და ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. სპორტს ჩამოშორდა. ყველაფერზე ღიზიანდებოდა. საკუთარ თავში ჩაიკეტა, გულდახურული გახდა. ცხოვრებას ჩამორჩა, მოვლენებს ფეხს ვეღარ უწყობდა. თავისი პრობლემის იქით ვეღარ იხედებოდა. ერთადერთი მისი საფიქრალი საკუთარი თავი და მასთან ბრძოლა იყო. წლების განმავლობაში სერიოზულ მკურნალობას ვუტარებდით.

– ამჟამად როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

– სამედიცინო ჩარევა მუდმივად სჭირდება. სიმშვიდეს მედიკამენტების დახმარებით ინარჩუნებს. ძალიან განვიცდი არა მარტო მის მდგომარეობას, არამედ იმასაც, რომ ცოლ–შვილი არ ჰყავს. მე და მამამისი უკვე ასაკში ვართ. იმაზე ფიქრიც კი მზარავს, რა იქნება ჩემი სიკვდილის შემდეგ, ვინ ეყოლება პატრონად.

– მიუხედავად ყველაფრისა, თქვენი ვაჟი რამდენჯერმე იყო დაქორწინებული. როგორ არჩევდა ცოლებს? ან მისი ოჯახური მარცხის მიზეზები რა იყო?

– ზალიკო სამჯერ იყო დაქორწინებული. სამივეჯერ გარიგებით, ჩემი აქტიური ჩარევის შედეგად. მისი ფსიქიკური მდგომარეობა აქ არაფერ შუაშია... მისმა ცოლებმა ამის შესახებ წინასწარ იცოდნენ, სანამ გაჰყვებოდნენ. რა უფლება გვქონდა, დაგვემალა და სხვისი შვილის ცოდვაში ფეხი ჩაგვედგა?! პირველი ცოლი, იამზე, რაიონიდან იყო, გარეგნობით სასიამოვნო, ნასწავლი, ბუნებით ნორმალური და ჩამოყალიბებული გოგო...

– უკაცრავად არაკორექტული კითხვისთვის, მაგრამ რა ინტერესი ჰქონდა, თქვენს ვაჟს რომ გამოჰყვა, თანაც გარიგებით, სიყვარულის გარეშე?

– მიზეზი შეიძლება მრავალგვარი იყო: თბილისში გათხოვება, თანაც კარგ და შეძლებულ ოჯახში, ყველაფერი ხომ ლანგრით მირთმეული ექნებოდა... მე და ჩემი ქმარი შვილსა და რძალზე თავგადაკლულები ვიყავით. ალბათ ზალიკოც მოეწონა, გული მიუვიდა მასზე. შეიძლება სხვა მიზეზიც იყო.

– ახალგაზრდები ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ?

– ასე თუ ისე, საერთო ენა გამონახეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ იამზეს ქალური პრობლემები ჰქონდა, რაც შვილოსნობაში უშლიდა ხელს. მან ეს გათხოვებამდეც იცოდა. რამდენიმე წელი თავდაუზოგავად ვუმკურნალეთ, მაგრამ უშედეგოდ. ამის გამო ერთმანეთში უსიამოვნებები გვქონდა და ბოლოს სახლიდან გავუშვით.

– ანუ თქვენ ითამაშეთ როლი თქვენი ვაჟის ოჯახის დანგრევაშიც?

– ძალიან გთხოვთ, სწორად გამიგეთ. მე არ მჭირდებოდა სახლში რძალი, რომელიც ჩემს ოჯახს საკუთარი ინტერესების მიხედვით ააწყობდა, ხოლო ჩვენსას კი ვერ დააკმაყოფილებდა. ზალიკოსთვის ცოლის მოყვანის მოტივი ის იყო, რომ ქალი მისი პატრონი ყოფილიყო და შვილი გაეჩინა.

– ზაალი ყველაფერში გეთანხმებოდათ?

– ამ საკითხში მეთანხმებოდა, უშვილო ქალი არც მას უნდოდა. თანაც ცოლი რომ ყვარებოდა, მისი შენარჩუნებისთვის იბრძოლებდა და ასე ადვილად არ დათმობდა.

– უკაცრავად, მაგრამ მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთი ბრძოლის უნარი შერჩა?

– რა თქმა უნდა. დავრდომილი კი არ არის, შრომის უნარიც აქვს და ბრძოლისაც. თუ რამე არ მოეწონება ან მისი სურვილის წინააღმდეგ იმოქმედებ, ისეთ ამბავს აგიტეხს, მტრისას!

– მისი მეორე ცოლი ვინ იყო, ის მაინც რატომ ვერ შეინარჩუნა?

– ირმა ასაკით უმცროსი, ლამაზი, ქალაქელი გოგო იყო, ნათესავმა გააცნო. მრავალსულიანი, ხელმოკლე ოჯახიდან იყო. ისიც პატივისცემაში გვყავდა. რამდენიმე წელი ერთად იცხოვრეს, მაგრამ ერთმანეთის გაგება გაუჭირდათ. ხშირად ჩხუბობდნენ, ვერ თანხმდებოდნენ.

– მაინც რა იყო მათი ჩხუბის მიზეზი?

– ირმა ქმართან გულღია არ იყო, სულ რაღაცეებს მალავდა, ტყუილები უყვარდა.

– თვითონ ირმასთვის ქმრის ნაკლოვანებები რამდენად იყო მისაღები?

– ალბათ არ მოსწონდა, არ ვიცი, მაგრამ იმის გამო, რომ კარგ ოჯახში იყო და უკან, მამისეულ კერაში დაბრუნება არ უნდოდა, ითმენდა. საქმე ისაა, რომ მამამისი სვამდა და ხშირად ჩხუბობდა კიდეც. გარეთ ყველას თან ჰყვებოდა, ცოლ–შვილს კი სულს უმწარებდა.

– თქვენს ვაჟს შვილი არც ირმასთან შეეძინა?

– არა. ვფიქრობ, რომ მათ შორის რაღაც შეუთავსებლობა იყო.

– მათ დაცილებაში მთავარი როლი კვლავ უშვილობამ ითამაშა? შვილი რომ ჰყოლოდათ, ოჯახს შეინარჩუნებდნენ?

– ალბათ. როცა შვილი გყავს, სხვანაირ პასუხისმგებლობას გრძნობ. არც შვილი გყავდეს და ვერც პიროვნულად ეწყობოდე, ასეთ ადამიანთან დიდხანს ვერ იცხოვრებ.

– მესამე ცოლთან ურთიერთობა რატომ ვერ აეწყო? აქაც უშვილობის პრობლემა იყო?

– მესამე ცოლი, ნაირა, სოფლელი იყო. სილამაზე აკლდა, მაგრამ სამაგიეროდ ბუნებით იყო თბილი და თვინიერი. ამ შემთხვევაშიც ოჯახის დანგრევის მიზეზი უშვილობა გახდა. ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად მაინც არაფერი გამოვიდა.

– ზალიკოს ყოფილი ცოლებიდან პირადი ცხოვრება რომელიმემ მოიწყო? საინტერესოა, სხვა ქმართან თუ შეეძინათ შვილი.

– მხოლოდ ირმა გათხოვდა და უკვე შვილიც ჰყავს. ხომ გითხარით, რომ მათ შორის შეუთავსებლობა იყო.

– ამბობთ, რომ რძლებს საფუძვლიანად მკურნალობდით. თქვენი ვაჟი თუ გყავდათ ექიმთან?

– ამ მხრივ, ჩემი ვაჟი სრულიად ჯანმრთელი იყო და მკურნალობას არ საჭიროებდა.

– ამას ექიმის დასკვნის საფუძველზე მეუბნებით თუ თქვენი პირადი აზრია?

– ზალიკოს გამოკვლევა რომ ჩაუტარეს, ჯანმრთელი იყო და მერე თვითონ არ ისურვა მკურნალობა. თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა.

– როცა მხარს უჭერდით ზალიკოს, ცოლებს უშვილობის მიზეზით გაშორებოდა, არ გიფიქრიათ, რომ ამით თქვენი რძლების უბედურებაში დგამდით ფეხს?

– მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ჩვენ შვილისთვის სრულფასოვანი ოჯახი გვინდოდა და რაკიღა ეს არ შედგა, რატომ უნდა ეგრძნოთ თავი ჩვენგან გაუბედურებულებად?! განა ჩვენ კი არ დავზარალდით?! განა ჩემმა შვილმა ნაკლები ტრავმა მიიღო, არც ერთ ჯერზე რომ არ გაუმართლა?

– როგორც ქალს, თქვენ მათ ადგილას თავს როგორ იგრძნობდით ან ქალიშვილის პატრონი რომ ყოფილიყავით, ასევე იმსჯელებდით?

– ძნელი სათქმელია...

– თქვენთვის არ იყო ძნელი, რძალი შვილად მიგეღოთ, მოგევლოთ მისთვის, გეპატრონათ და მერე მისი "ნაკლოვანების" გამო შინიდან გაგეშვათ?

– რა თქმა უნდა, ძნელია, უსულგულო კი არ ვარ. როცა ადამიანს შეეჩვევი, შეიყვარებ და ამაგს დასდებ, ძნელია ასე ხელაღებით ოჯახიდან გაუშვა. ძალიან დიდი განცდები მქონდა, მაგრამ რა მექნა?! არავის ვუსურვებ, იგივე გამოსცადოს.

– თქვენი მეუღლე ვის მხარეს იჭერდა?

– ჯუმბერი ამის წინააღმდეგი იყო. თითქოს ორ ბანაკად გავიყავით, მე ყოველთვის შვილის მხარეს ვიყავი.

– არ გიფიქრიათ, რომ ზაალი თქვენზეა მოჯაჭვული უსუსური ბავშვივით. იქნებ ჯობს, პირად არჩევანში მეტი თავისუფლება მისცეთ?

– და განა ჩემი შვილი თავისი მდგომარეობის გამო უსუსური არ არის? როგორ შემიძლია, ცხოვრების პირისპირ მარტო დავტოვო და ზურგი არ გავუმაგრო? რაც შეეხება არჩევანს, მას ზალიკო თავად აკეთებს, ხოლო მე, როგორც მშობელი, თავს ვალდებულად ვთვლი, დავეხმარო.

ნანა კობახიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online