asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მეუღლემ ინვალიდი შვილის გამო მიმატოვა
მეუღლემ ინვალიდი შვილის გამო მიმატოვა
მეუღლემ ინვალიდი შვილის გამო მიმატოვა

2011-05-16 14:27:16



ნაზი ბ.–მ ჩვენთან საუბრის სურვილი თავად გამოთქვა და რედაქციაში მობრძანდა. მის ერთადერთ ქალიშვილს ცერებრალური დამბლის მძიმე დიაგნოზი აქვს და ეტლს არის მიჯაჭვული, თუმცა, როგორც ექიმები აიმედებენ, შესაძლებელია, რომ ეტლიდან ადგეს. ქალბატონ ნაზის შვილის აღზრდა, ფაქტობრივად, მარტოს მოუწია, რადგან მისმა მეუღლემ მიატოვა, თუმცა, ახლა პატიებას თხოვს და მასთან შერიგება უნდა. ამ ყველაფერს უფრო ვრცლად ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.



– უკვე მეოთხე წელია, რაც მარტოხელა დედა ვარ და ჩემს შვილთან ერთად ვცხოვრობ. მეუღლემ მაშინ მიმატოვა, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა და ამით გული უზომოდ მატკინა, მაგრამ დროთა განმავლობაში ბედს შევეგუე. მივხვდი, რომ, რაც მოხდა, ღმერთის ნებით მოხდა და მას უნდოდა, რომ ასე მეცხოვრა. ამდენი წლის შემდეგ ჩემმა ქმარმა პატიება მთხოვა.

– ჯერ გვიამბეთ, რატომ მიგატოვათ მეუღლემ?

– ზუსტად შვიდი წლის წინ დავქორწინდით. მე და მამუკამ ოჯახი სიყვარულით შევქმენით და ჩვენი ერთად ყოფნაც უცებ გადაწყდა. ქორწინებიდან ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი კარგად იყო, შეიძლება ითქვას, რომ სრულ იდილიაში ვიყავით. თავს ბედნიერად ვგრძნობდით. როცა ჩემი ორსულობის ამბავი შეიტყო, ჭკუაზე აღარ იყო, საოცრად უნდოდა შვილი. გოგონაზე ოცნებობდა და მართლაც გოგოს დედა გავხდი. მშობიარობის ბოლო დღეებში საშინელი ვირუსი შემხვდა და ბავშვიც ასეთ მდგომარეობაში მყოფმა გავაჩინე. თავიდან ექიმებმა მითხრეს, საშიში არაფერია და ბავშვი ჯანმრთელი დაიბადაო. ბედნიერები ვიყავით მე და ჩემი მეუღლე შვილის გაჩენით. მამუკა სამსახურში სულ აგვიანებდა და იქედან ადრე მოდიოდა, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი ყოფილიყო ბავშვთან. თუმცა, ეს ყოველივე ხანმოკლე გამოდგა. ორი თვის თავზე, ბავშვს შევატყვე, რომ რაღაც ისე ვერ იყო, ანუ რეაქციები არ ჰქონდა არაფერზე, არ მოძრაობდა და ცოტა შევშინდი. მაშინვე საავადმყოფოში წავიყვანეთ და სწორედ მაშინ დაუსვეს ჩემ ქეთის საშინელი დიაგნოზი – ცერებრალური დამბლა. იმ დღიდან დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეები. ბევრი ვეცადეთ მე და ჩემმა მეუღლემ, მაგრამ ბავშვს არაფერი ეშველა. ექიმებმა გვითხრეს, რომ ასეთ დიაგნოზს არაფერი შეცვლისო, თუმცა, ჩვენ მაინც იმედი გვქონდა. აღმოჩნდა, რომ ჩემი გოგონა მთელი ცხოვრება ეტლს მიჯაჭვული იქნებოდა. ჩემი მეუღლე ამ ამბების მერე სულ აფორიაქებული იყო და რამდენჯერმე მითხრა, ღირს ბავშვის გაზრდა, რომელიც ვიცით, რომ მთელი ცხოვრება თვითონაც გაიტანჯება და ჩვენც გაგვტანჯავსო? ეს რომ თქვა, მეწყინა და ვუთხარი, ეგ მეორედ აღარ თქვა, მე ჩემი შვილისთვის მთელ სიცოცხლეს დავთმობ–თქო. იმ წუთიდანვე მიხვდი, რომ ჩემი მეუღლე ასეთი შვილის ყოლას ვერ შეეგუებოდა. საერთოდ, ასეთი ტენდენცია არსებობს, რომ ინვალიდ შვილებს მამები უფრო ვერ ეგუებიან, ვიდრე დედები. ალბათ, იმიტომ, რომ კაცი გრძნობებს ისე ვერ გამოხატავს, როგორც ქალი. ძნელია, ამის აღქმა ყველა მამისთვის, როცა ასეთი ფაქტის წინაშე დგები და როცა იცი, რომ შენი შვილი არამარტო ეტლში გაატარებს მთელ სიცოცხლეს, ის ვერასდროს იქნება სრულფასოვანი ადამიანი და ა.შ. მოკლედ, ამ ყველაფერს მამუკა ვერ შეეგუა. მთხოვდა, ჩავაბაროთ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში, ყურადღებას არ მოვაკლებ მთელი სიცოცხლე, მაგრამ მასთან ერთად ცხოვრება არ მინდა. მიყვარს, ჩემი სისხლი და ხორცია, მაგრამ იცოდე, გავწამდებით მისი ყურებითო. მე, რა თქმა უნდა, არ დავუჯერე და ვიუკადრისე მისი ნათქვამი. ვუთხარი, თუ არ გინდა ჩემთან და ჩემს შვილთან ცხოვრება, არავინ გაძალებს–თქო. ორი წელი როგორღაც ვიცხოვრეთ ასე და ბოლოს მამუკამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახლიდან წასულიყო. სიმართლე გითხრათ, მისთვის ხელის შეშლა არც მიცდია. ეს მისი გადასაწყვეტი იყო, მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე და დავიფიცე, რომ ქეთის გვერდიდან არასდროს მოვიშორებდი. ჩემმა მეუღლემ კი ვერ გაუძლო ასეთი შვილის ყურებას.

– ქალბატონო ნაზი, თქვენს მეუღლეს ამართლებთ?

– იცით, ვერ გეტყვით, რომ ვამართლებ, პირიქით, მისმა ასეთმა საქციელმა გული მატკინა. ასეთი შვილი რომ შეგვეძინა, ეს ღმერთის ნებით მოხდა. უფალმა მოგვივლინა ასეთი განსაცდელი და სხვა გზა არ იყო. თანაც ჩვენ შეგვეძლო ქეთიც გაგვეზარდა და კიდევ სხვა შვილებიც გაგვეჩინა, მაგრამ მამუკამ ასე გადაწყვიტა.

– როგორც დასაწყისში აღნიშნეთ, ახლა, წლების შემდეგ, მას თქვენთან შერიგება უნდა. ამაზე რას გვეტყვით?

– ამაზე საუბარი უკვე ერთი წელია გრძელდება. საერთოდ, მე და მამუკას, დაშორების მიუხედავად, ერთმანეთთან ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია, ხშირად მოდიოდა ჩემს სანახავად. ქეთისთან საჩუქრებიც მოჰქონდა და თან ყოველთვის თვალცრემლიანი იყო, როცა ქეთის უყურებდა. ბევრჯერ მითხრა, შენთან დაბრუნება მინდა, მაგრამ ბაშვის ყურება გულს მიკლავს და ვერ ვუძლებო. მეც არ დამიძალებია, ახლავე დაბრუნდი–თქო. დრო მივეცი და ალბათ სწორადაც მოვიქეცი. სამი წელი ვიცხოვრეთ უერთმანეთოდ და ეს საკმაო პერიოდია იმისთვის, რომ კარგად დაფიქრებულიყო ყველაფერზე. თავიდანვე ვიცოდი, რომ მამუკა ჩემ გარეშე ვერ გაძლებდა და მაინც დაბრუნდებოდა, ამიტომაც არ შემიწუხებია. მართლაც უკვე თვეებია, მთხოვს, რომ ისევ ერთად ვიცხოვროთ. ბოდიში მომიხადა იმის გამო, რაც გააკეთა. მითხრა, თავიდან დავიწყოთ ყველაფერი, ქეთი ერთად გავზარდოთ და სხვა შვილებიც გავაჩინოთო. გამიხარდა, ეს რომ მითხრა, მაგრამ ჯერ საბოლოო პასუხი არ მითქვამს. მინდა, კიდევ კარგად დაფიქრდეს. არ მინდა, წლები გავიდეს და მე დამაბრალოს რამე. მან უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ინვალიდ, ავადმყოფ შვილთან ერთად ცხოვრება. თუმცა, ამ ბოლო დროს ვატყობ, რომ ბავშვთან კარგად ურთიერთობს, ისიც რეაგირებს მამამისის დანახვაზე და თვალები უბრწყინდება. მე ეს მახარებს. ალბათ, მალე ვეტყვი მამუკას, რომ შეუძლია დაბრუნდეს და ჩვენთან ერთად იცხოვროს. საოცარია, მაგრამ, როცა მამუკა ჩვენთანაა, ქეთი გახარებულია და როცა მიდის, მისი თვალებით ვხვდები, რომ გული წყდება. მინდა, მე და ჩემმა მეუღლემ ისევ ძველებურად ვიცხოვროთ. ალბათ, კიდევ გვეყოლება შვილები, თუ ღმერთმა ინება და ისინი ქეთის გვერდით გაიზრდებიან.

– ქეთის მდგომარეობის გაუმჯობესება რამდენად შესაძლებელია?

– ქეთის საკმაოდ მძიმე დიაგნოზი აქვს და მისი სრულად გამოჯანრთელება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. თუმცა, ერთი რამ მინდა, რომ მან შეძლოს ეტლიდან ადგომა და დამოუკიდებლად გადაადგილება. ექიმები მაიმედებენ, რომ რამდენემე ოპერაციის შემდეგ, ეს შესაძლებელი გახდება. მეც იმედი მაქვს, ვნახოთ რა იქნება. ღმერთის მჯერა, რომ გადმოგვხედავს მეც და ჩემს გოგონასაც, თანაც ახლა უფრო მხნედ ვიქნებით, რადგან მამუკაც ჩვენ გვერდით იქნება.

თეონა კენჭიაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online