asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"მერცხლის ბუდის დანგრევის შემდეგ ჩემი ოჯახური ბუდეც მოიშალა"
წყევლა თუ შეცდომები
"მერცხლის ბუდის დანგრევის შემდეგ ჩემი ოჯახური ბუდეც მოიშალა"

2011-05-12 15:45:33



"გველის წყევლის მისტიკურ მხარეებზე და მის შედეგებზე საქართველოს მთიანეთში ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ მერცხლის წყევლის შესახებ თუ გსმენიათ რამე? თავიდან რომ მითხრეს, მერცხალს თუ მოკლავ ან ბუდეს დაუნგრევ, საქმე უკან წაგივაო, არ დავიჯერე და ცრურწმენად, ხალხის მოგონილად მივიჩნიე. ვერ ვიტყვი, რომ ახლაც ბოლომდე მჯერა ამის, მაგრამ ის, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, დამაფიქრებელია. მერცხლის ბუდის დანგრევის შემდეგ ჩემი ოჯახური ბუდეც მოიშალა" – ასე დაიწყო საუბარი "სარკესთან" შუახნის ქალბატონმა ნინიამ.

მოგეხსენებათ, ნადირ–ფრინველთ თავიანთი ენა და კანონები აქვთ, რაც განსაცვიფრებელია კაცთათვის. ბუნების უტყვი შვილები შეიძლება შემოგვწყრნენ კიდეც მათ მიმართ ჩადენილი ბოროტი საქმის გამო, მაგრამ რამდენად მოქმედებს მათი "წყევლა" ადამიანებზე? ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია?! იქნებ მიზეზი თავად ადამიანების არასწორ ნაბიჯებში, მათ მიერ ჩადენილ შეცდომებშია? განსჯა მკითხველისთვის მიგვინდია.

ნინია:

– ეს ამბავი დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ, თბილისში მოხდა. ჩვენი სახლის დახურულ ვერანდაზე მერცხლებმა ბუდე გაიკეთეს. ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ ეზიდებოდნენ საშენ მასალას, როგორ ფაციფუცობდნენ "კერის" შესაქმნელად... გაზაფხულზე დაბრუნებულები კვლავ თავიანთ ბუდეს მოაშურებდნენ, ბარტყებს ზრდიდნენ. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ერთ ზამთარს მათ ბუდეში ბეღურებმა დაიდეს ბინა, გამოიზამთრეს... გაზაფხულზე შორი გზიდან დაბრუნებულ მერცხლებს შინ დაუპატიჟებელი სტუმრები დახვდათ. ბეღურები ბუდის დათმობას არ აპირებდნენ, შიგ ბარტყებიც ჰყავდათ... ჩვენი მერცხლები, დედალ–მამალი, ბუდის წინ, გადაჭიმულ კაბელზე ჩამოსხდნენ და საწყალობლად აჟივჟივდნენ.

იმ ვერანდაზე ჩემი საძინებელი ოთახის ფანჯრები გადიოდა. მათ ფანჯრიდან ვაკვირდებოდი. დედა ბეღურა ბუდეს არ სცილდებოდა, ბარტყებს იყო გადაფარებული. მამა ბეღურა კი მამალ მერცხალთან ერთად კაბელზე იჯდა, დროდადრო შეიფრთხიალებდნენ, ჭიკჭიკებდნენ, ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ აშკარად კამათობდნენ. ამ დროს დედალი მერცხალი იქვე, ცალკე იჯდა და აკვირდებოდა. საოცარი იყო მდედრების "თავშეკავება" – ისინი მამრების ჩხუბში არ ჩარეულან. უჩვეულო სანახავი იყო.

ეს "გაწევ–გამოწევა" ორი–სამი დღე გაგრძელდა. ერთ დილით ჩიტების გაბმულმა ჭიკჭიკმა გამაღვიძა. მოფრენილა მერცხლების მთელი "კლანი", ათმეტრიან კაბელზე ადგილიც კი აღარ იყო დარჩენილი და ბეღურებს საქმეს "ურჩევდნენ". ბეღურების ოჯახს კი რამდენიმე მათი მოძმე უმაგრებდა ზურგს. წარმოიდგინეთ, მთელი დღე დაფრთხიალებდნენ და დავობდნენ. ბოლოს, როგორც ჩანს, რაღაც "კონსენსუსამდე" მივიდნენ, დაცხრნენ და გაიფანტნენ.

– ფრინველთა "ომი" რომელი მხარის სასარგებლოდ დამთავრდა?

– იმ საღამოს მერცხლები გაფრინდნენ, ბეღურები ბუდეში დარჩნენ. მეორე დილით კი სხვა სურათი დამხვდა: ბეღურები არსად ჩანდნენ. როგორც ჩანს, სხვა თავშესაფარი იშოვეს და ბარტყებიც გადაიყვანეს. გული დამწყდა, რომ ბარტყების გადაყვანის პროცესს ვერ შევესწარი, ალბათ საინტერესო სანახავი იქნებოდა.

მერცხლები ბუდეს დაუბრუნდნენ. ბარტყებიც გამოჩეკეს, გამოზარდეს და შემოდგომაზე ისევ თბილ ქვეყნებში გაფრინდნენ. მოხდა ისე, რომ ჩემმა მშობლებმა სახლის რეკონსტრუქცია და რემონტი წამოიწყეს და ამას მერცხლების ბუდე შეეწირა: ხელოსნებმა ჩამოშალეს, ცხადია, ოჯახის უფროსის ნებართვით. მახსოვს, დედა წინააღმდეგი იყო, გაგონილი ჰქონდა, რომ მერცხლის ბუდის მოშლა კარგს არ მოასწავებდა, თუმცა ალბათ უფრო ებრალებოდა ფრთოსნები, რადგან მსგავსი ცრურწმენების ნაკლებად გვჯეროდა.

გაზაფხულზე მერცხლები კვლავ დაგვიბრუნდნენ, დიდხანს ფრთხიალებდნენ იმ ადგილას, სადაც ბუდე ჰქონდათ და ჟივჟივებდნენ. მერე ისე დაგვტოვეს, ჩვენთან ახალი ბუდის აშენება არც უცდიათ. მართალი გითხრათ, ამან გული დამწყვიტა.

– მას შემდეგ, რაც მერცხლები გაფრინდნენ, ოჯახში რა ცვლილება მოხდა?

– ოჯახის საქმე, მატერიალური და მორალური თვალსაზრისით, უკან–უკან წავიდა. საბოლოოდ კი მე და ჩემს ძმას ოჯახები დაგვენგრა.

– და ამ ყველაფერს "მერცხლების წყევლას" უკავშირებთ?

– ვერც დავიჩემებ და ვერც გამოვრიცხავ. არ მინდა, არასწორად განვსაჯო. უბრალოდ, ამ ამბის შემდეგ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა.

– ქმართან ურთიერთობაში რა სახის პრობლემები გქონდათ?

– მე და ჩემი მეუღლე, ჯანო, თავიდან სიყვარულით შევუღლდით, მაგრამ ერთმანეთს რთულად ავეწყვეთ: განსხვავებული ხასიათები და ხედვა გვქონდა. ჩვენს ოჯახს სიყვარული და პატივისცემა მართავდა, თუმცა ერთმანეთს ძნელად ვუგებდით. თანდათანობით ესეც განელდა და დარჩა მხოლოდ პასუხისმგებლობა შვილის, ჩვენი მშობლების და ძველი სიყვარულის მიმართ. ჩვენი ურთიერთობა ხელოვნური გახდა. მერე რაღაცნაირად მივეჩვიეთ და შევეგუეთ ამ მდგომარეობას. ერთმანეთის მიმართ მეტად შემწყნარებლები გავხდით. ურთიერთობა თითქოს დალაგდა, მაგრამ ოჯახი მაინც ვერ შევინარჩუნეთ. 11 წლის ოჯახი დაგვერღვა.

– ქმარს სიყვარულის და პატივისცემის ნაკლებობის გამო გაეყარეთ თუ იყო კიდევ სხვა რაიმე ძირეული მიზეზი?

– ჩვენი ქორწინებიდან 7 წლის შემდეგ ჯანოს ცხოვრებაში სხვა ქალი გაჩნდა. ამის გამო შინაგანად აირია. მის პიროვნებას ისედაც ახასიათებდა გაორება, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ მისი ეს მდგომარეობა გამძაფრდა.

– შინაგან გაორებას თავის ქცევებში როგორ ავლენდა?

– განწყობას და გადაწყვეტილებებს დღეში რამდენჯერმე იცვლიდა, თანაც რადიკალურად. ერთ წუთში თუ ნორმალურად იყო და თბილად მეპყრობოდა, მეორე წუთში აბსოლუტურად სხვანაირად იქცეოდა. არაფრის გამო იწყებდა ჩხუბს, ხან დადებით პიროვნებად გიჩვენებდა თავს, ხანაც – უარყოფითად. ამით, პირველ რიგში, თავად იტანჯებოდა და არც ჩვენ გვაძლევდა დალხინების საშუალებას. ვეღარ გაიგებდი, როგორ უნდა მისდგომოდი. ყველაფერი მის განწყობაზე იყო დამოკიდებული, რომელიც ელვის სისწრაფით იცვლებოდა. ალბათ მეც რთული ხასიათი მაქვს, ბევრ რამეს ვერ ვეგუებოდი. ამის გამო ჩვენ შორის დაძაბულობა იქმნებოდა, რამაც ქრონიკული სახე მიიღო.

– თქვენი ქმრის ცხოვრებაში იმ ქალის არსებობის შესახებ როდის შეიტყვეთ?

– მოგვიანებით და ძალიან განვიცადე. საერთო ახლობლებისგან გავიგე, რომ ჩემს ქმარს იმ ქალთანაც ასეთივე გაორებული დამოკიდებულება ჰქონდა, ხან სიყვარულით ეპყრობოდა და ხანაც სიძულვილით. იმ ქალს კი თავდავიწყებით უყვარდა.

– გაორებული ადამიანი ხშირად შინაგანი კონფლიქტების წინაშე დგას, რაც მას ფსიქოლოგიურად ანგრევს. არ გქონიათ სიბრალულის გრძნობა მის მიმართ, ანუ ამ მხრივ მისი გადარჩენა არ გიფიქრიათ?

– რა თქმა უნდა, მქონდა ამის მცდელობაც, მაგრამ დავრწმუნდი, რომ პიროვნებამ თვითონ უნდა გაითავისუფლოს თავი მსგავსი მდგომარეობიდან. სხვა, თუნდაც ცოლი, შეიძლება უბრალოდ დაეხმაროს, დანარჩენი თვითონ უნდა გააკეთოს, რომ გადარჩეს. მუდმივად ასეთ მდგომარეობაში მყოფი კაცის გვერდით ყოფნა ძალიან ძნელია. ასეთ დროს ეჭვები უმძაფრდებათ, თავიანთ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ და ცდილობენ, საკუთარი თავის რწმენა მეუღლის ჩაგვრის ხარჯზე მოიპოვონ.

– როგორ ახსნით თქვენი ქმრის საქციელს, რატომ გაიჩინა საყვარელი? ამაში მხოლოდ ის იყო დამნაშავე თუ თქვენც?

– როდესაც ქალი ქმრის ღალატის შესახებ შეიტყობს, თუ თვითკრიტიკული არ არის, სხვას აბრალებს, ანუ ქმარს ან მის საყვარელს. მე ეს ყველაფერი ყოველმხრივ გავაანალიზე და მიზეზი ჩვენი ხასიათების შეუთავსებლობაში ვიპოვე. საქმე ისაა, რომ ის ქალი მოთმინებით იტანდა იმას, რაც ჩემთვის აუტანელი იყო. გამოდის, რომ მათ ერთმანეთში მეტი თანხმობა ჰქონდათ.

როდესაც ჯანომ ის ქალი ცოლად მოიყვანა, ამის შემდეგ ჩემ მიმართ სინანული გაუმძაფრდა. თუ საშუალება მიეცემოდა, მიმტკიცებდა, რომ მხოლოდ მე ვუყვარდი და ამის შესახებ იმ ქალმაც იცოდა.

– ამას რატომ გეუბნებოდათ, თქვენი შელახული თავმოყვარეობისთვის რომ "ეწამლა" თუ თქვენთან შერიგება სურდა?

– მეუბნებოდა, თუ შემირიგდები, ცოლს დღესვე დავტოვებო, მაგრამ ამით ის ჩემს თვალში უფრო მცირდებოდა. კაცის ეს პოზიცია სხვა ქალისთვის შეიძლება სიბრალულის აღმძვრელი და მისატევებელი იყოს, ზოგს შეიძლება ქალური ამბიციაც დაუკმაყოფილოს, მაგრამ ჩემთვის ყოვლად მიუღებელი და აუტანელი იყო. ჩემი აზრით, ეს კაცის დაცემაა. მერჩივნა, ვაჟკაცურად ეთქვა, რომ სხვა ქალი შეუყვარდა, ვიდრე ეტირა, კვლავ შენ მიყვარხარ, მაგრამ ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ ახლა სხვისი ქმარი ვარო. კაცურად რომ მოქცეულიყო, ამ ადამიანურ სისუსტეს უფრო გავუგებდი, მიზეზს კი საკუთარ თავში მოვძებნიდი და მის მიმართაც პატივისცემა შემრჩებოდა.

– როდესაც ქმარი ასეთ პოზიციაზეა და ქალისგან დახმარებას ითხოვს, ზოგიერთ ქალს მისი დაბრუნების ჟინი გაუჩნდებოდა. თქვენს შემთხვევაში ეს არ ყოფილა?

– მე გავაცნობიერე, რომ ჩვენი ერთად ცხოვრება უბრალოდ აღარ შეიძლებოდა და თუ ორ ცეცხლშუა მყოფ ჩემს ქმარს გაორების გრძნობა კლავდა, ვერც ერთს გვთმობდა, ამის გამო საკუთარ თავსაც სტანჯავდა და ჩვენც გვტანჯავდა, ერთი ჩვენგანი თამაშიდან უნდა გასულიყო. მე ის ჩემი მხრიდან გავათავისუფლე.

– თქვენი ძმის ცხოვრებაში რა მოხდა? მას რატომ დაერღვა ოჯახი, მასაც "მერცხლის წყევლამ" უწია?

– მის ცხოვრებაში ზედიზედ მოხდა ტრაგიკული მოვლენები, რამაც მასზე და მის მეუღლეზე პიროვნულად ძალიან იმოქმედა, საბოლოოდ კი ოჯახის დაშლით დასრულდა. ეს ვრცელი ისტორიაა, გარდა ამისა, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, სხვისი ოჯახის შუქ–ჩრდილებზე ვილაპარაკო. ამას ჩემი ძმა, თუ საჭიროდ ჩათვლის, თავად მოგიყვებათ. ის თქვენს ჟურნალს განსაკუთრებულ პატივს სცემს.

ნანა კობახიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online