asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"როცა ქმარს ვასაფლავებდი, ჩემს შეწირულ წლებს დავტიროდი"
ამაოდ გაღებული მსხვერპლი
"როცა ქმარს ვასაფლავებდი, ჩემს შეწირულ წლებს დავტიროდი"

2011-04-14 15:16:47



"ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ცხოვრება ასე წავიდოდა. ცოლად გავყევი ჭკვიან, ნაკითხ, შემოქმედ, ნიჭიერ კაცს, ხელში კი ტვინარეული, ლოთი და პათოლოგი ქმარი შემრჩა, რომელმაც ცხოვრება დამინგრია", – ასე დაიწყო "სარკესთან" საუბარი 40 წელს გადაცილებულმა ქალბატონმა, რომელსაც პირობითად, მისი თხოვნით, ნინელის დავარქმევთ. სამწუხაროდ, მსგავს მდგომარეობაში დღეს ბევრი მანდილოსანია, რომლებიც ვერც ოჯახს ანგრევენ და ვერც რაიმეს ცვლიან. ამასობაში თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წლებს, ქალურ ბედნიერებას იმ ადამიანს სწირავენ, ვისაც გამოსწორების არც ძალა აქვს და შეიძლება აღარც სურვილი.

"ვიცხოვრე კი სწორად? რატომ დავითმინე ამდენი? რისთვის იყო საჭირო ჩემგან ამხელა მსხვერპლი?" – ეს კითხვები ჩვენს რესპონდენტს დღემდე აწვალებს. იქნებ პასუხები მკითხველს აღმოაჩნდეს.

– მოდით, დავიწყოთ თავიდან: სანამ ცოლად გაჰყვებოდით, თქვენს მომავალ ქმართან რა ხნის ურთიერთობა გაკავშირებდათ, რამდენად კარგად იცნობდით მას?

– ილო სტუდენტობისას გავიცანი – ათლეტური აღნაგობის ბიჭი, კეთილშობილი ბუნებით, ყურადღებიანი და მზრუნველი. მხატვარი იყო. ფუტკარივით შრომობდა, მისი შემოქმედება სინატიფით და რომანტიკით გამოირჩეოდა და ძალიან მხიბლავდა. გარდა ამისა, ერთმანეთს კარგად ვუგებდით. გაცნობიდან ხუთი წლის შემდეგ დავქორწინდით. ამ ხნის განმავლობაში მან სამხედრო სამსახურიც მოიხადა.

ჯარში რომ გაიწვიეს, ჩვენი სიყვარული უფრო განმტკიცდა. ერთმანეთთან ხშირი მიმოწერა გვქონდა. მაშინ ერთი ჩემი თაყვანისმცემელი ძალიან მაწუხებდა. ახლობლები მეუბნებოდნენ, რომ ის ბიჭი ყველანაირი სტატუსით ბევრად აღემატებოდა ილოს, მაგრამ მე მისკენ გახედვაც არ მინდოდა. მაშინ მივხვდი, რომ ილოს გარეშე ცხოვრება არ შემეძლო და ჩემი ბედი მისთვის უნდა დამეკავშირებინა.

– ქორწინების შემდეგ თქვენი ქმარი მალევე შეიცვალა? თქვენი შეუღლების პირველ წლებს როგორ გაიხსენებთ?

– თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ილოს მშობლებთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობდით. მისი მშობლები კეთილშობილი ადამიანები არიან. ოჯახს ისინი უზრუნველყოფდნენ. მშვიდობიანი გარემო გვქონდა. მე სკოლაში მასწავლებლად ვმუშაობდი, ილოც მეგობრის სახელოსნოში ხატავდა. ორი შვილი შეგვეძინა. თავს ბედნიერად ვგრძნობდით. მერე ჩემი მაზლი დაცოლშვილდა, ოჯახი გაიზარდა და ჩვენ საცხოვრებლად ცალკე გადავედით, მამიდის დანატოვარ ბინაში. მამამთილმა სახლი შეძლებისდაგვარად მოგვიწყო, შინიდან ავეჯიც გამოგვატანა, დანარჩენი ჩვენი შრომით შევიძინეთ. თითქმის ყველაფერი გვქონდა ბედნიერებისთვის, მაგრამ თანდათან ბედის ბორბალი უკან დატრიალდა. ილო შეიცვალა და ჩვენ შორის ურთიერთობა გაფუჭდა.

– რამ გამოიწვია ეს ცვლილება, თქვენს ქმარს მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება არ მოუხდა?

– თითქოს შეაშინა იმ პასუხისმგებლობამ, რაც დამოუკიდებლობამ დააკისრა. ქვეყანაში ცხოვრებაც გართულდა, პირობები გაუარესდა. მშობლები ვეღარ გვეხმარებოდნენ. ჩვენც, სხვების მსგავსად, მატერიალურად გაგვიჭირდა. ილოს ნახატები ბაზარზე ძნელად იყიდებოდა. შეკვეთასაც არავინ აძლევდა. ხალხს ნახატის ფული კი არა, იმის საშუალება არ ჰქონდა, საჭმელი ეყიდა. მოსწავლეების მომზადება დავიწყე. სკოლა, ოჯახი, შვილები, მოწაფეები ბევრ დროს და ენერგიას მართმევდა. დღის ბოლოს უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი, ქმარს სათანადო ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი. ის ჩემ გამო დარდობდა, არ უნდოდა, ოჯახი მთლიანად ჩემს კისერზე ყოფილიყო, კაცური თავმოყვარეობაც აწუხებდა, მაგრამ თავზემოთ ძალა არ იყო. სხვა საქმეს ვერ მოეკიდა, ვერც ხატვას შეელია და გამოსავალი იმაში იპოვა, რომ ხშირად ნასვამი ბრუნდებოდა შინ.

– ზოგჯერ ქალები, როცა ოჯახის სადავეს ხელში აიღებენ, ქმარს თავს ამეტებენ, ზემოდან უყურებენ, რაც მამაკაცის თავმოყვარეობას ძალიან თრგუნავს. ხომ არ იყო მსგავსი რამ თქვენს შემთხვევაშიც, ილო თქვენი მხრიდან რაიმე დამცირებას ხომ არ გრძნობდა?

– მე ამას ვითვალისწინებდი და ვცდილობდი, ყველაფერი ისე გამეკეთებინა, რომ თავი დამცირებულად არ ეგრძნო. როცა ვიცოდი, ფული სჭირდებოდა, ჩუმად ჯიბეში ვუდებდი, ხელშიც კი არ ვაძლევდი, არ ითაკილოს–მეთქი. არაფერს ვამადლიდი, ის ხომ ჩემი ქმარი და შვილების მამა იყო. ისეთ ოჯახში გავიზარდე, რომ არც გაჭირვება მიკვირს და არც ფუფუნება. მამაკაცის ფასი და პატივისცემაც ვიცი. ქმრის და მისი მშობლების ამაგიც არასოდეს დამვიწყებია. ილოს თავად ჰქონდა იმის კომპლექსი, რომ ქალი მასზე აღმატებული არ უნდა ყოფილიყო, მით უფრო, ფინანსურ საკითხში.

– მანამდე სმისკენ მიდრეკილება არასოდეს გამოუმჟღავნებია?

– შიგადაშიგ სვამდა, მაგრამ ეს არ იყო მაინცდამაინც თვალშისაცემი და შემაწუხებელი ოჯახისთვის. საერთოდ მოქეიფე კაცი არ ეთქმოდა, ბრტყელ–ბრტყელი სადღეგრძელოები და დაუსრულებელი სუფრები არ იზიდავდა. განტვირთვის მიზნით სვამდა დღის ბოლოს, როცა შრომით დაიღლებოდა. მის სახელოსნოში ხშირად იკრიბებოდნენ ბიჭები, სასმელი და ნარკოტიკი მათთვის "განტვირთვის" საშუალებად იქცა. ილო უფრო სასმელს ეტანებოდა, თუმცა ალბათ შიგადაშიგ ნარკოტიკზეც არ ამბობდა უარს. ამას თავიდან ვერ ვამჩნევდი.

– როდესაც ნასვამი მოდიოდა შინ, ამაზე როგორ რეაგირებდით?

– თავიდან, როცა სმა დაიწყო, თითქოს მესმოდა მისი, მებრალებოდა და ვცდილობდი, მოფერებით, რბილად ამეხსნა, რომ ეს შეუფერებელი, ყოვლად მიუღებელი და დამღუპველი იყო, სხვების მაგალითებიც მომყავდა, მაგრამ არაფერმა გაჭრა. როცა უკვე ლამის ოთხით მოდიოდა სახლში, საბრძოლო პოზიცია დავიკავე და შევუტიე. ამას კი აგრესიით შეხვდა. სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა, ბავშვებსაც აღარ ერიდებოდა.

ჩათვალა, რომ აღარ მიყვარდა, ხოლო მიზეზს საკუთარ თავში კი არა, სხვაგან ეძებდა. ვისზე აღარ ეჭვიანობდა. ჯერ ხელოსანზე იეჭვიანა, რომელიც კარის მეზობლის ბინას არემონტებდა – მისალმებისას რატომ გაგიღიმა და შენც სიამოვნებისგან დადნიო, მერე – მაღაზიის გამყიდველ მამაკაცზე, რატომ გაძლევს პროდუქტებს ნისიადო. ჩემს სამსახურსაც გადასწვდა. ჯერ სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი, ასაკოვანი უცოლო კაცი ამოიღო მიზანში, მერე ერთ ჩემს მოსწავლე ბიჭსაც შეეხო, შენდამი ძალიან თავაზიანია და რაშია საქმეო, ბოლოს ჩემს სკოლის დირექტორზე შეჩერდა, რომელიც ახალი დანიშნული იყო და ხშირად მართავდა კრებებს. მეტის მოთმენა უკვე აღარ შეიძლებოდა.

– ეჭვიანობის სცენებს მხოლოდ თქვენ წინაშე მართავდა თუ სხვების თანდასწრებითაც?

– თავიდან მხოლოდ ჩემთან გამოხატავდა. იმ პიროვნებებს, რომლებზეც ეჭვიანობდა, მხოლოდ უბღვერდა. ამით რომ ვერ შემაშინა, მერე უკვე მუქარაზე გადავიდა, მოვკლავ და შენც ზედ მიგაყოლებო. რამდენჯერმე ქუჩაში იჩხუბა კიდეც ვიღაც უცხოსთან, ჩემს ცოლს რატომ შეხედეო. არადა ეს მისი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი იყო. ისეთი ჩამომხმარი ვიყავი ნერვიულობისგან, არა მგონია, რომელიმე მამაკაცი ჩემზე დაფეთებულიყო. როცა დაინახა, რომ მისი უგვანო ქცევების მრცხვენოდა, პროვოცირება დამიწყო, ახლა მიყურე, პედაგოგ ქალს რა სცენებს მოგიწყობ, ყველგან თავს მოგჭრი და ისე გაგიხდი საქმეს, ქუჩაში თავი აღარ გამოგეყოფოდესო. ბოლოს უკვე ლამის ქუჩა–ქუჩა დარბოდა – ეს ქალი ჩემი ცოლია და ყველამ კარგად დაიმახსოვრეთო.

– უკაცრავად კითხვისთვის, მაგრამ იქნებ ეჭვიანობის საბაბი თქვენ შორის დარღვეული ურთიერთობა იყო? ქმართან ფიზიკურ კონტაქტს თავს ხომ არ არიდებდით?

– დღეს საქართველოში ბევრი ქალია ჩემს მდგომარეობაში და ისინი გამიგებენ. ძალიან ძნელია ნორმალურმა ქალმა ნასვამ კაცთან სარეცელი გაიზიაროს, თუნდაც მოვალეობის მოხდის მიზნით. როდესაც ქმარი მეტწილად ნარკოტიკის და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა, მასთან სიახლოვის და ურთიერთობის სურვილი გიქრება. თუ მაინც წახვალ ამ კომპრომისზე, თუნდაც მისი გამოსწორების მიზნით ან იმიტომ, რომ პათოლოგიური ეჭვიანობისგან იხსნა, ეს მხოლოდ შენი ქალური თავმოყვარეობის და ღირსების ხარჯზე მოხდება. თანაც ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს, გარდა იმისა, რომ ქმარი თავს გამარჯვებულად მიიჩნევს და თუკი ერთხელ უკვე დაგაბეჩავა, მეორედ და მესამედაც მოგთხოვს მის განკარგულებაში ყოფნას.

– მისი ოჯახის წევრები, მეგობრები თუ იღებდნენ რაიმე ზომებს?

– ძალიან წუხდნენ, სულ ეჩიჩინებოდნენ, მაგრამ ამას არანაირი აზრი არ ჰქონდა. შეძლებისაგვარად ყველას ვთხოვდი დახმარებას. ერთხელ იმ ზომამდე მიმიყვანა, ბავშვებთან ერთად სახლიდანაც გავიქეცი და სიძემ თავის ბინაში შეგვიფარა, ჩემ გამო მდგმურები გაუშვა. ილო იქაც მოგვივარდა გამძვინვარებული, კარზე იმდენი აბრახუნა და ისეთი უშვერი სიტყვები იძახა, რომ მთელი სამეზობლო შეყარა. შემდეგ დაგვემუქრა, თავს მოვიკლავო... როცა ფაქტის წინაშე დადგა, რომ ვეყრებოდი, დამთანხმდა და იმკურნალა. ამის შედეგად მისმა ნორმალურმა მდგომარეობამ მხოლოდ რამდენიმე თვე გასტანა. მერე ისევ დაუბრუნდა მავნე ჩვევას. იმდენად მიეჩვია ასეთ ყოფას, რომ სხვაგვარად ცხოვრების სურვილი აღარც ჰქონია. პრობლემა მასში იყო, მას არ უნდოდა, თავის ცხოვრებაში რამე შეეცვალა. ფხიზელ მდგომარეობაში ცხოვრება ვერ წარმოედგინა.

– ეკლესიაში თუ დადიოდა?

– ათეისტურ გარემოში გაიზარდა. ტაძარში სანთელს კი ანთებდა, მაგრამ მოძღვარი არ ჰყავდა, სულიერი ცხოვრების გზაზე არ იდგა. სამწუხაროდ, მეც არ ვიყავი რწმენაში ისე გაძლიერებული, რომ მასზე ამ მხრივ რაიმე ზეგავლენა მომეხდინა, ეკლესიისკენ მომექცია.

– სმა გახდა თქვენი ქმრის გარდაცვალების მიზეზი?

– დიახ, სასმელმა შინაგანი ორგანოები დაუზიანა. როდესაც 42 წლის ქმარს ვასაფლავებდი, მას კი არა, ჩემს შეწირულ წლებს, დაქცეულ ცხოვრებას და უღვთოდ დამარხულ ახალგაზრდობას ვტიროდი. მისი გარდაცვალების შემდეგ მუდმივად შემართული პოზიციიდან უცებ მოვდუნდი, თითქოს საბრძოლველიც აღარ დამრჩა და ამან დეპრესიულ მდგომარეობაში ჩამაგდო. თუკი ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო, რა საჭირო იყო ამხელა მსხვერპლი ჩემი მხრიდან?! რატომ შევწირე ამ ადამიანს მთელი ჩემი ცხოვრება – მხოლოდ იმიტომ, რომ მომკვდარიყო და ჩემი ქალური ბედნიერება მასთან ერთად დამარხულიყო?! თუმცა რეალურად ეს ყველაფერი ხომ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე იყო დამარხული. ნუთუ ერთგულებისა და ოჯახის სიყვარულისთვის დავისაჯე?!

– სამაგიეროდ გყავთ შვილები, რომლებიც ალბათ თქვენი ცხოვრების აზრია. გარშემო არიან შესანიშნავი მარტოხელა ქალები, რომელთაც მთელი ახალგაზრდობა ისე განვლეს, პირადი ცხოვრება არც ჰქონიათ.

– ჩემი შვილები უკვე დიდები არიან და, ღვთის მადლით, თავიანთი ცხოვრება აქვთ. უფროსი საზღვარგარეთ მუშაობს, უმცროსი გათხოვდა და შვილი ჰყავს. მე ჩემს დანგრეულ ცხოვრებას მივტირი.

– მართალია, წარსულს ვერ შეცვლით, მაგრამ არ ხართ იმ ასაკში, რომ ახალი ცხოვრება ვერ დაიწყოთ, თუ ამის სურვილი გექნებათ.

– ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი რომ გაგიჩნდეს, ძველს უნდა დაემშვიდობო. ეს "ძველი" კი ჩემს შემთხვევაში მთელი ცხოვრებაა. ამას დრო უნდა. ახალი ნაცნობობა და სიახლოვე ჩემნაირი ქალისთვის ცოტა რთულია, ამასაც გარკვეული დრო სჭირდება. ამასობაში დარჩენილი ცხოვრებაც გავა. პრობლემა ის კი არ არის, რომ მარტო დავრჩი, არამედ ის, რომ ვერ გამირკვევია, რამდენად სწორად ვიცხოვრე ან ვის სჭირდებოდა ჩემგან ამხელა მსხვერპლი.

ნანა კობახიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online