asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"ისე დაასაფლავეს ჩემი შვილი, კომიდან არ გამოვსულვარ"
"ისე დაასაფლავეს ჩემი შვილი, კომიდან არ გამოვსულვარ"
"ისე დაასაფლავეს ჩემი შვილი, კომიდან არ გამოვსულვარ"

2011-04-11 14:06:48



რედაქციაში მოსულ წერილს უცვლელად გთავაზობთ. მისი ავტორი მოხუცი ქალბატონია, რომელიც ახლა მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. თუ რა ტრაგედიები გადახდა თავს და რამ მოაწერინა ჩვენთვის, ამას მისივე წერილის წაკითხვისას შეიტყობთ.

– უსახლკაროდ დარჩენილი მოხუცი ვარ, რომელიც სიბერეს მოხუცთა თავშესაფარში ასრულებს. ცხოვრებაში ბევრი ტკივილი შემხვდა. მეგონა, სიბერე მაინც მექნებოდა შედარებით ტკბილი და მშვიდი, მაგრამ ამასაც ვერ ვეღირსე. უკვე 76 წლის ვარ და ისიც არ მეგონა, რომ ამდენი ჭირისა და უბედურების მნახველი ქალი, ამდენი წელი ვიცოცხლებდი. ასაკში ვარ და ბევრი რამე მაწუხებს, შაქარი მაქვს და ამის ფონზე მხედველობაც ნაწილობრივ დავკარგე. ახლაც, ამ წერილს სხვას ვაწერინებ. სულ მინდოდა, ასე საჯაროდ მომეყოლა ჩემი ამბავი, იქნებ ეს ვინმესთვის მაგალითი იყოს. და თუ მაგალითი არ იქნება, უბრალოდ მითანაგრძნონ მაინც.

მესამე წელია, მოხუცთა თავშესაფრის ბინადარი ვარ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთ დაწესებულებაში მოვხვდებოდი, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდა. ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვრე. მყავდა ოჯახი, ქმარი, ორი შვილი – გოგო და ბიჭი. თბილისის ერთ–ერთ უბანში ვცხოვრობდით. კარგი ბინა გვქონდა. ჩემი ქმარი ყოველთვის კარგ თანამდებობებზე მუშაობდა და მატერიალურად არასდროს გაგვჭირვებია. ერთ დღეს თავს დიდი უბედურება დაგვატყდა, ჩემი მეუღლე, რომელიც მხოლოდ 47 წლის იყო, მოულოდნელად გარდაიცვალა. ჯანმრთელი კაცი იყო, არასდროს არაფერს შეუწუხებია. ერთ საღამოს, სამსახურიდან დაბრუნდა, ძალიან განერვიულებული იყო. ვკითხე, რა სჭირდა, მაგრამ არაფერი მიპასუხა. ასეთი არასდროს მინახავს. მერე უცებ ცუდად გახდა, სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ ვეღარ უშველეს. ჩემი და ჩემი ბიჭის ხელში დალია საცოდავმა სული. მიზეზი, მისი ასე უეცრად გარდაცვალებისა, კარგა ხანს არ ვიცოდი. თავიდან გვეგონა, სამსახურში მოუვიდა ვინმესთან კამათი, მაგრამ აღმოჩნდა, სამსახურს ამასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. მისი გარდაცვალება დიდი დარტყმა იყო და სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი არც მიფიქრია, რატომ მოუვიდა ასე. ფაქტი იყო, რომ კაცი ცოცხალი აღარ იყო და ვეღარ გავაცოცხლებდი. მეუღლის უეცარი სიკვდილი ჩემთვის დიდი სტრესის მიზეზი გახდა. დეპრესია დამეწყო, შემდეგ ნერვოზი და მუდმივად მკურნალობის ქვეშ ვიყავი. კიდევ კარგი, ჩემი ბიჭი კარგ ადგილას მუშაობდა და ოჯახსაც ის ინახავდა, თანაც მეუღლემაც საკმაო ქონება დაგიტოვა.

რაც შეეხება ჩემს გოგონას, ის უნივერსიტეტში სწავლობდა. მისგან ცუდი მოქცევა არასდროს მახსოვს, ყოველთვის დამჯერი და წყნარი გოგო იყო, მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ შეიცვალა. სახლში მოსვლა აღარ უნდოდა, აგრესიული გახდა. მეგონა, ასე მამის გარდაცვალებას განიცდიდა. შემდეგ სულ აიცრუა ოჯახზე გული. ვერ ვხვდებოდი, რა სჭირდა. ერთხელაც, ჩემს ბიჭს ვთხოვე, გაარკვიე, რა სჭირს შენს დას–თქო. მანაც გაიკითხ–გამოიკითხა და ძალიან ცუდი რამ შეიტყო თავის დაზე. სახლში ანერვიულებული მოვიდა და მითხრა, ახლავე გავაგდებ სახლიდან. ეგ უნამუსო ჩვენს სახლში არ უნდა ცხოვრობდესო. თუ წინააღმდეგობას გამიწევს, საკუთარი ხელით მოვკლავო. რომ ვკითხე ასეთი რა გაიგე მასზე–თქო, მითხრა, მამა მაგაზე ნერვიულობამ მოკლა, ამას როგორ შევარჩენო. როგორც გაირკვა, ჩემი გოგოს ამბავი მთელმა ქვეყანამ იცოდა ჩემი და ჩემი ვაჟის გარდა. თურმე, ჩემმა მეუღლემაც ეგ შეუტყო სიკვდილის დღეს და ნერვიულობისგან დაემართა გულის შეტევა. ამ ჩემს გოგოს, თურმე, თავისი ლექტორი შეჰყვარებია, რომელიც მასზე 25 წლით უფროსი იყო და მასთან ახლო ურთიერთობაც ჰქონია. როდესაც ყველაფერი გაირკვა, სახლში მოსულს საშინელი დღე დავაწიე. ტირილი დაიწყო, მთხოვდა, გამიგეთ, მიყვარს და ვუყვარვარო. მისი მოსმენა მე და ჩემს ვაჟს არც გვიცდია და სახლიდან გავაგდეთ. ბევრმა ნათესავმა და ახლობელმა გამკიცხა მაშინ, ასე მკაცრადაც არ უნდა მოქცეოდით, იცოდე, სულ დაკარგავთო. მე კი ჩემს აზრზე მყარად ვიდექი, მით უმეტეს, გავიგე, რომ ჩემი მეუღლეც ამ ამბავმა შეიწირა. ასე გავიდა თითქმის ორი წელი და მასთან კონტაქტიც არ გვქონია. ის ხშირად რეკავდა, შერიგებას მთხოვდა, მაგრამ ვუთიშავდი. თავისი ძმის შიშით სახლში მოსვლას ვერ ბედავდა. მერე დაიკარგა და მის შესახებ არაფერი გაგვიგია. როგორც მოგვიანებით გავიგე, გერმანიაში წავიდა ქმართან ერთად. ამის შემდეგ საქართველოში აღარ ჩამოსულა. დღეს უზომოდ ვნანობ, მაშინ მას ასე მკაცრად რომ მოვექეცი. შეიძლება სიძე არ მიმეღო, მაგრამ მასთან კონტაქი არ უნდა შემეწყვიტა. ის ხომ ჩემი შვილი იყო. მის ფასს მხოლოდ მას შემდეგ მივხვდი, როდესაც ბიჭი გარდამეცვალა.

მართლაც, უბედური ქალი ვყოფილვარ. ჩემი ბიჭი სულ მუშაობდა, შრომობდა, არაფერს მაკლებდა. ვეხვეწებოდი, ცოლი მოიყვანე, შვილიშვილები მინდა–თქო. სულ ამბობდა, დედა ჯერ რა მეჩქარებაო. ასე გახდა ოცდაათი წლის და ერთ დღესაც გამანდო, ერთი გოგონა მიყვარს და მგონი მასაც ვუყვარვარ, ის ჩემი ცოლი უნდა გახდეს, უკვე გადავწყვიტეო. ძალიან გამიხარდა ეს ამბავი. იმ დღიდან დაახლოებით ერთი თვის მერე საცოლეც გამაცნო, მისი ოჯახიც გაიცნო და ორივე ბედნიერები იყვნენ. ქორწილიც დაგეგმეს. მე თითქოს წლები დამაკლდა, ამ ფაქტით ისე ვიყავი გახარებული. მაგრამ საშინელება დამატყდა თავს. ჩემი ბიჭი მეგობართან ერთად სამსახურიდან ბრუნდებოდა. ავარიაში მოყვნენ და ადგილზევე დაიღუპნენ. ეს ამბავი რომ შევიტყვე, მას მერე დიდი ხანი კომაში ვიყავი. ისე დაასაფლავეს ჩემი ბიჭი, კომიდან არ გამოვსულვარ. თითქმის ორი თვე ვიწექი საავადმყოფოში. აღარ მინდა იმის გახსენება, რაც კომიდან გამოსულს დამემართა, როდესაც გავიხსენე, რომ შვილი ცოცხალი აღარ მყავდა. არა მგონია, ამაზე დიდი უბედურება არსებობდეს, როდესაც ჯერ ქმარი გიკვდება, მერე შვილი და ერთ შვილს კი, ზურგი თავად აქციე და ვეღარასდროს დაიბრუნებ.

ჩემი ვაჟის დაღუპვის მერე, რა ძალა მაცოცოხლებს, მეც არ ვიცი. ბევრჯერ ვცადე თავის მოკვლა და გადავრჩი. ვიცი, ცოდვაა, მაგრამ მეც ხომ ცოდო ვარ. ვეღარ ვუძლებ ამ ტკივილსა და დარდს. თავშესაფარში მოსვლა კი, ბოლო დარტყმა იყო ჩემთვის. მას შემდეგ, რაც სულ მარტო დავრჩი, ნათესავები შეწუხებულნი იყვნენ ჩემი მდგომარეობით. ჩემი მარტო დატოვება არ შეიძლებოდა, თან ლოგინად ჩავვარდი. ამიტომ მომვლელი ქალი ამიყვანეს. თავიდან ის გოგო კარგი მეჩვენა, კარგად მექცეოდა. ერთ დღეს ატირებული მოვიდა ჩემთან და მითხრა, ბევრი პრობლემა მაქვს, სასწრაფოდ ჩემს სოფელში უნდა დავბრუნდეო (ერთ–ერთი რაიონიდან იყო). მის ნათქვამში ეჭვი არავის შეუტანია. ის რომ წავიდა, დროებით ნათესავი ქალი გადმოვიდა ჩემთან და ის მივლიდა. ერთ დილას ბანკიდან მოგვადგნენ და გვითხრეს, თქვენი სახლი დღეიდან ბანკის საკუთრებაშიაო. როგორც გავიგეთ, იმ ჩემს მომვლელ გოგოს ჩემი სახლი ბანკში ჩაუდია. რაღაც საბუთებზე რამდენჯერმე კი მომაწერინა ხელი, მაგრამ მეუბნებოდა, კომუნალური გადასახადების საბუთებიაო. თურმე, ხელი სახლის ბანკში ჩადებაზე მომაწერინა. ბანკის თანამშრომელიც ისეთ დროს მოიყვანა, როდესაც მე მეძინა. ალბათ, ამაში სხვაც ეხმარებოდა. ასე დამტოვა იმ უნამუსომ უსახლკაროდ. ფული აიღო და გაიქცა. სასამართლოს გადაეცა ეს საქმე, მაგრამ მისი პოვნა დღემდე ვერ მოხერხდა. თურმე, ის სახელი და გვარიც, რაც ჩვენ ვიცოდით, ყალბი იყო და პასპორტიც ყალბი ჰქონია. იმის შემდეგ აქ თავშესაფარში ვცხოვრობ.

არაფრის იმედი აღარ მაქვს ამქვეყნად, მხოლოდ ერთი რამის მჯერა, რომ სიკვდილის წინ ჩემს გოგოს ვნახავ. ის დღემდე გერმანიაში ცხოვრობს. არ ვიცი, იცის თუ არა ჩვენი ოჯახის ტრაგედია. არაფერი ვიცი მასზე. ნათესავები მპირდებიან, რომ იპოვიან და ჩამოიყვანენ საქართველოში, მაგრამ მე იმედი აღარ მაქვს. უკვე მესამე წელია, ეძებენ და ვერ იპოვეს. მინდა ჩემი გოგო ვნახო და ყველაფრისთვის პატიება ვთხოვო. ალბათ, უზომოდ ვატკინე გული, რადგან ამდენი წელი გავიდა და ერთხელაც არ დამკავშირებია უცხოეთიდან.

თეონა კენჭიაშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online