asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნიჭიერი პატარა მომღერლისა და მისი დედის ტანჯვით გამოვლილი წარსული
"ან ქმართან დაბრუნდები, ან მონასტერში წახვალ, ან თავი მოიკალი"
ნიჭიერი პატარა მომღერლისა და მისი დედის ტანჯვით გამოვლილი წარსული

2011-04-06 17:05:51



ჩვენი რესპონდენტი, 35 წლის ქალბატონი, მის ოჯახში არსებულმა სიტუაციამ ნევროზითა და დეპრესიით სერიოზულად დააავადა. საბოლოოდ ქმრისა და ძმისაგან სიცოცხლე ისე გაუმწარდა, ძალადობის ცენტრს დაუკავშირდა და სამ შვილთან ერთად თავშესაფარში გადაიყვანეს.

მას 15, 13 და 11 წლის შვილები ჰყავს. მისი 13 წლის გოგონა კარგად მღერის და ფართო საზოგადოებამ სულ ახლახან ერთ–ერთ შოუში იხილა. პატარა მომღერლის ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებთ, რადგან თავად არ სურს, მისი ოჯახის ისტორია საჯარო გახდეს. ამავე მიზეზით მის დედას სტატიაში სახელი შევუცვალეთ.

მარი: აფხაზეთიდან ვართ ლტოლვილები. თბილისში რომ ჩამოვედით, ერთ–ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით. 20 წლის ვიყავი, მომავალმა მეუღლემ რომ მომიტაცა, მას არც ვიცნობდი. სასტუმროში თავის ნათესავთან მოვიდა სტუმრად და მე ფანჯარაში დამინახა. მერე გაუგია, ვინ ვიყავი. ორ კვირაში მანქანაში ჩამაგდო და წამიყვანა. პირველივე დღეს მივხვდი, ვისთან მქონდა საქმე და მშობლებს ვეხვეწე, წამიყვანეთ–მეთქი, მაგრამ ეს არაფრით გააკეთეს. ტრადიცია იყო ასეთი, ერთი ღამეც რომ ყოფილიყავი ბიჭთან, უკან აღარავინ მიგიღებდა. ჩემმა მშობლებმა აქეთ დამადანაშაულეს და წელიწადნახევარი ხმას არ მცემდნენ. ამიტომაც ჩავიკეტე საკუთარ თავში და დავკომპლექსდი. ჩემი ქმარი პათოლოგი იყო – ეჭვიანი, თან ნარკომანი... ისე ეჭვიანობდა, ფანჯრიდან გახედვის უფლებასაც არ მაძლევდა. შემთხვევით ვინმე თუ თვალს გამომაყოლებდა, ჩემზე იყრიდა ჯავრს. ძალიან დამთმობი ვარ, ჩემი მართვა ადვილად შეიძლება. ყოველდღე სკანდალებსა და ცემას თითქმის მივეჩვიე. ბოლოს გამოვიფიტე, ძალა აღარ მქონდა. მაიძულებდა, ფული მეშოვა, რომ თვითონ მორფი გაეკეთებინა.

– ფანჯრიდან გადახედვის ნებას თუ არ გაძლევდათ, ფული სად უნდა გეშოვათ?

– თავიდან თავის მშობლებს ატერორებდა. მერე რომ დაინახა, მე შემეძლო ჩემი მშობლებისა თუ ნათესავებისთვის ფული მეთხოვა, მაძალებდა. თან სახლიდან ჩაფუთნული უნდა გავსულიყავი, რაც შეიძლება მოუწესრიგებელი უნდა ვყოფილიყავი, რომ ჩემთვის არავის შემოეხედა. ერთხელ მითხრა, ბევრჯერ მიფიქრია, რომ მომეკალი და ის საფლავი ხომ მხოლოდ ჩემი იქნებოდაო. ერთხელ ტყეში წამიყვანა მოსაკლავად, მაგრამ ღვთის წყალობით გადავრჩი.

– ეს როგორ მოხდა, რის გამო გსჯიდათ?

– ჩემი გოგონა მღერის და ფონოგრამა ჩავუწერე. ბავშვს მასწავლებელთან დავყვებოდი, მაგრამ ქმრისგან სასტიკად ვიყავი გაფრთხილებული, რომ რომელიმე მამაკაცს შემთხვევითაც კი არ უნდა დავლაპარაკებოდი. ფონოგრამის ჩასაწერი ფული დედაჩემმა მომცა. იმ დღეს ვისთვისაც უნდა გადამეცა ფული, ის გოგო ადგილზე არ დამხვდა და იქ მყოფ ბიჭს დავუტოვე. რომ დავბრუნდი სახლში და მკითხა, სად იყავიო, ყველაფერი ვუთხარი. ახლავე დედაშენთან დარეკე და გამაგონე მისი ხმა, რამდენი მოგცაო. დავურეკე დედას და ვკითხე, დედა, რამდენი მომეცი–მეთქი... მერე გააგრძელა დაკითხვა, ფული ვის მიეციო. იქ რომ გოგო მუშაობს, იმას–მეთქი. ჩამსვა მანქანაში და წამიყვანა, რომ ის გოგო ენახა. გზაში ვუთხარი, ის გოგო გასული დამხვდა და ბიჭს მივეცი–მეთქი... ტყეში წამიყვანა და ელექტროშოკით მაწამა. ტვინის შერყევა მქონდა, რადგან თავში ცულის ტარი მირტყა. არავის ვუთხარი, რომ ჩემს ძმას და ქმარს ერთმანეთი არ დაეხოცათ. მიყვიროდა, მითხარი, რა გაქვს გაკეთებულიო. მზად ვიყავი, რაც არ გამიკეთებია, ისიც კი მომეყოლა, ოღონდ თავი დაენებებინა. ხელ–ფეხი მთლიანად დალურჯებული მქონდა.

არასოდეს მყვარებია, მაგრამ მის მიმართ ზიზღი ყოველდღიურად მიმძაფრდებოდა. საშინლად უზრდელი იყო, სულ იგინებოდა. 15 წელი ვიყავით ერთად და ამ ხნის მანძილზე არასოდეს უმუშავია. სახლში მაკაროვის სისტემის იარაღი ჰქონდა. როცა კაიფში იყო და თავში რაღაც წამოუვლიდა, ჩემი დედამთილ–მამამთილი თავს შველიდნენ და სახლიდან გარბოდნენ. მე კი შვილებს გადავეფარებოდი და ღმერთს ვეხვეწებოდი, ტყვია არ გავარდნოდა. გადატენილ იარაღს ცხვირწინ მიტრიალებდა. ამ ყველაფერმა ფსიქიკა დამინგრია. ძალა აღარ დამრჩა, გავნადგურდი! ახლა პატარა ნერვიულობაც კი სტრესში მაგდებს. წლების განმავლობაში მისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც ვიყავი. ბოლოს უკვე ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ჩვენი თანაცხოვრება ერთ–ერთის სიკვდილით დამთავრდებოდა. დედა რომ ხედავდა, რა დღეში ვიყავი, რასაც შოულობდა, მე მაძლევდა, რომ იმას წამალში დაეხარჯა. შვილები მეუბნებოდნენ, საჭმლის ფული მიეცი, ოღონდ მაგან არ იყვიროსო და ამის გამო მე და ბავშვებს ხშირად უჭმელებს დაგვიძინია.

– ბავშვებსაც სცემდა?

– კი. მასთან რომ დავრჩენილიყავი, ჩემი შვილები არანორმალურები გაიზრდებოდნენ. მათ ისედაც მოშლილი აქვთ ფსიქიკა. თან გარდატეხის ასაკში არიან. ჯერ წამალს გაიკეთებდა, მერე საძილე საშუალებებს მიაყოლებდა, მერე – სასმელს და იწყებდა მუშტების ქნევას. ბავშვები მე რომ გადამეფარებოდნენ, მათაც ურტყამდა. ყოველდღე ვფიქრობ, მისგან ერთი კარგი რამე მაინც მომაგონდეს–მეთქი და ვერაფერს ვიხსენებ. პირველ შვილზე რომ ვიყავი ფეხმძიმედ, რაღაცაზე გაბრაზდა, იყვირა, შენნაირი გველი უნდა გააჩინოო და მცემა. თაფლობისთვის მაგივრად შხამობისთვე მომიწყო. თავის ძმაკაცებზე ეჭვიანობდა.

ერთხელ მომთხოვა, ფულის საშოვნელად წავსულიყავი, არადა გოგონას უნდა გავყოლოდი მუსიკაზე. თუ გინდა, ჩემს შვილს დიდი ტკივილი მიაყენო, უნდა უთხრა, მუსიკაზე არ წახვალო. ბავშვმა ტირილით ჩაილაპარაკა, დეგენერატიო და ეს მამამისმა გაიგონა. დაეწია, დანა ამოიღო, ბავშვი სადარბაზოში ძირს დააგდო და ყელზე მიაბჯინა. ვიცი, არაფერს უზამდა, მაგრამ ბავშვი ამას ხომ ვერ მიხვდებოდა. კივილი დაიწყო, მამა, არ მომკლაო. როცა მივხვდი, ვიღუპებოდი და შვილებსაც ამ დღეში ვაგდებდი, ვარჩიე, პოლიციისთვის მიმემართა. ჩემმა მეგობარმა თავის ახლობელ პოლიციელს უთხრა, რომ სახლში იარაღს ინახავდა და ჩემი ქმარი დააკავეს.

მხოლოდ ქმარი კი არა, ყველგან და ყოველთვის ყველა ჩემი უფროსია. ის რომ ციხეში იყო, ჩემი გოგონა მოსკოვში, საბავშვო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წავიყვანე. ადვოკატი შევიდა ციხეში და მოელაპარაკა, რომ ბავშვის მოსკოვში წაყვანის უფლება მოეცა. ჩემი ძმა მეუბნებოდა, არ გაბედო და შენ არ გაჰყვეო. მაინც წავყევი, აბა, მარტო როგორ გამეშვა?! მუსიკალური სტუდიიდან ერთმა ქალბატონმა დააფინანსა და წავედით. ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, შენ ჩემთვის მოკვდიო.

როცა მოსკოვიდან ჩამოვედი, გადავწყვიტე, ქმრის სახლში აღარ მეცხოვრა. საპატიმროდან 6 თვეში უნდა გამოსულიყო და მანამდე უნდა მეშველა თავისთვის. თან დედამთილთან მომივიდა შელაპარაკება.

– ალბათ გსაყვედურობდათ, რატომ დააჭერინე ჩემი შვილიო.

– ჩუმად არაფერი გამიკეთებია. ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი და პირიქით, მაძალებდა კიდეც, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. მამამთილმაც იცოდა. ერთი პატარა, საშინელი ბინა ვიქირავე და გოგონაც თან წავიყვანე. ისე ცუდად ვიყავი, ვეცემოდი. პურის ფულიც არ გვქონდა და ხან ვინ გვეხმარებოდა და ხან – ვინ. ღმერთმა იცის, მე და ჩემმა გოგომ რამდენი ღამე გავატარეთ ტირილში. ჩემი ქმარი ციხიდან რომ გამოვიდა, მან და ჩემმა ძმამ გადაწყვიტეს, შვილები მამას წაეყვანა და მე მონასტერში წავსულიყავი. ძმამ მითხრა, ან ქმართან დაბრუნდები, ან მონასტერში წახვალ, ან თავი მოიკალიო. მონასტერში წასვლა არ მინდოდა და თავი რომ მომეკლა, ჩემს შვილებს ვინ მოუვლიდა?!

– თქვენი მშობლები რას ამბობენ ამ ყველაფერზე?

– მამა უკვე 11 წელია ინსულტიანი წევს. დედა ტირის და ნერვიულობს, მაგრამ ჩემს ძმას ვერ ეწინააღმდეგება. დედაჩემიც უსიყვარულოდაა გათხოვილი. მამაც ეჭვიანი იყო, მაგრამ არ ურტყამდა. დედას ესმის ჩემი, მაგრამ რა ქნას?! ბოლოს მე ძმასთან გადავედი და სამივე შვილი მამასთან ცხოვრობდა, მაგრამ გადავწყვიტე, გავქცეულიყავი და შვილებიც წამეყვანა. ძმას სახლში ვყავდი გამოკეტილი. ექიმმა დეპრესიისა და ისტერიული ნევროზის დიაგნოზი დამისვა. გაგიჟდა, ამ გოგოს რას ერჩითო. ძმა მეუბნებოდა, აფერისტობო. მერე ძალა მოვიკრიბე, ძალადობის ცენტრში დავრეკე და ჩემი ამბავი მოვუყევი. შვილებს მოველაპარაკე, რომ უნდა გავქცეულიყავით. ჩემების ოჯახი ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც სამარშრუტო ტაქსები არ დადის და ტყეშია სავალი. თავშესაფრის ადმინისტრატორმა, ინდირა რობაქიძემ დამირეკა და მითხრა, სად უნდა შევხვედროდი. ღმერთმა მომივლინა ეს ადამიანი. სახლიდან გამოპარვა გადავწყვიტე. დილაუთენია ავდექი და მაღლა ავუყევი ტყეს, რადგან თუ დამედევნებოდნენ, ზემოთ არ მომძებნიდნენ. ბავშვები ვითომ სკოლაში მიდიოდნენ, დაიჭირეს ტაქსი და ჩემკენ გამოემართნენ. ფული ბაბუას ჯიბიდან ამოიღეს, რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ. ორსაათნახევარი ტყეში ყინვაში გავატარე. როგორც იქნა, შვილებმა მომაგნეს და თავშესაფარში წავედით. ჩემი უფროსი ვაჟი, რომელიც 15 წლისაა, ძალიან ცუდად იყო, სმაც დაიწყო, რადგან ფსიქოლოგიურად ვეღარ უძლებდა იმას, რაც ხდებოდა.

არ ვიცი, როგორ გადავუხადო ქალბატონ ინდირას სამაგიერო. მან საოცრება გააკეთა და ჩემი შვილები მდგომარეობიდან გამოიყვანა. ბავშვებს ისე უყვართ, რაც გინდა უთხრას, გაუგონებენ. ჩემი შვილი ბირჟას, ქუჩის ბიჭებს ჩამოშორდა. თავშესაფარში თავს დაცულად ვგრძნობ.

როგორც წესი, თავშესაფარში სამი თვე ცხოვრობენ. სამი თვე უკვე გავიდა, მაგრამ ჯერ არავინ გვეუბნება, რომ იქიდან უნდა წავიდეთ. არ ვიცი, მომავალში რა იქნება. მპირდებიან, რომ დამასაქმებენ. ჯერჯერობით ისევ ვმკურნალობ. ცოტას რომ მოვძლიერდები, მუშაობას დავიწყებ და ნორმალურად ვიცხოვრებ. მინდა, ყველაფერი დავივიწყო. ტირილს თუ დავიწყებ, იმდენი საშინელება მახსენდება, ვეღარ ვჩერდები.

– საკუთარ თავს ხომ არ იდანაშაულებთ?

– ყველაფერზე რომ თავს ვხრიდი, იმაში ვარ დამნაშავე. შეკამათებაც კი არ შემიძლია. ქალბატონი ინდირაც სულ მაგაზე მეჩხუბება, თავის დაცვა ისწავლეო.

– თქვენმა გოგონამ სად ისწავლა ასეთი კარგი სიმღერა?

– ღმერთმა რაც სხვა მხრივ დამაკლო, მისით ამისრულა. თავიდანვე საოცრად ნიჭიერი იყო. მეც ვმღეროდი, მაგრამ სცენაზე დგომის უფლებას ვინ მომცემდა?! ეკონომიკური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა გავთხოვდი და ვიღა გამიშვებდა სასწავლებელში?! კომპიუტერი არ გვაქვს. ჩემს გოგონას თუ საშუალება მიეცემა, სიმღერებს ინტერნეტით სწავლობს. პერიოდულად, როგორც კი ფული გამომიჩნდებოდა, მასწავლებელთან ვატარებდი ხოლმე. ამასაც ჩუმად ვაკეთებდი. ხან ღვეზელებს ჩავაბარებდი და ხან – რას, რომ ჩემს ქმარს არ გაეგო, თორემ ძალიან მაგრად მომხვდებოდა. სულ არ აინტერესებდა, ბავშვი როგორ განვითარდებოდა. ეუბნებოდა, შენი ჭყიპინი სულ ფეხებზე მკიდიაო. მის არც ერთ კონცერტზე არ არის ნამყოფი. არადა შოუბიზნესში ჩვენს გოგოს ყველა იცნობს. იციან, რომ უძლიერესი მომღერალი იზრდება. ახლა როცა ეპატიჟებიან და მღერის, ცოტ–ცოტა ფულსაც უხდიან.

– მოსკოვიდან მაშინ რა შედეგით დაბრუნდით?

– გადაირივნენ, ისე იმღერა, მაგრამ გვითხრეს, ან რუსეთის სახელით გამოდით, ან 50.000 დოლარიანი სპონსორი იშოვეთო. სად ვიშოვიდი ამდენ ფულს?!

რუსუდან ადვაძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ნიჭი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online