asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

18 წლის მარიამ კვარაცხელია შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვს
ორი ცნობილი ოჯახი სერიოზულ სკანდალში გაეხვა
18 წლის მარიამ კვარაცხელია შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვს

2011-04-06 17:05:51



მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო ბანის, საქართველოში ხალხის საყვარელი მომღერლისა და ქველმოქმედის, პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე, სკანდალშია გახვეული. მის საპირისპირო მხარეს თბილისში ასევე ცნობილი ოჯახი დგას – "პირველი არხის" ყოფილი ჟურნალისტის ირინა ყავლაშვილისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების აწ გარდაცვლილი კაპიტანის, ვაჟა კვარაცხელიას 18 წლის ქალიშვილი, მარიამ კვარაცხელია, რომელიც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ხულიგნობაში ადანაშაულებს შუქრი ბურჭულაძეს. თავად შუქრი ამ ყველაფერს უაზრო და აბსურდულ ბრალდებას უწოდებს. მაგრამ კვარაცხელიების ოჯახი სერიოზულად არის მომართული და ბურჭულაძისგან ბოდიშის მოხდას ოფიციალურად მოითხოვს.
ვაკე–საბურთალოს რაიონის პოლიციის მე–5 განყოფილებაში კვარაცხელიას სახელით შესული საჩივრის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურაც იძიებს, თუმცა არც პოლიციაში და არც პროკურატურაში მომხდარ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ. კომენტარს არც კვარაცხელიების ადვოკატი ზურაბ ნეფარიძე აკეთებს. ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით რაიმეს თქმას ერიდება. ბრალდებულის მხარეს კი საერთოდ არ ჰყავს ადვოკატი.
ამ თემაზე საუბარი კვარაცხელიების ოჯახიდან მხოლოდ დაზარალებულის დედამ, ირინა ყავლაშვილმა ისურვა.
ირინა ყავლაშვილი:
– ჩემი შვილი ვებდიზაინერია. მას თავისი ფული აქვს. 13 წლიდან "შევროლე კავაროზე" ზის. არაფერი აკლია. ვერ ვიტყვი, რომ მილიონერები ვართ, მაგრამ საშუალო დონეზე ნამდვილად ვცხოვრობთ. დიზაინსაც იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ფინანსურად უჭირს.
– ამას ხაზს რატომ უსვამთ?
– როდესაც ფინანსურად უჭირთ, სარგებლის მიღების მიზნით პატარა გოგოები უფროს მამაკაცებთან იჭერენ ურთიერთობას. ჩემს შვილს კი 40 წლის კაცთან ინტიმური ურთიერთობა რომ დაეჭირა, ნამდვილად არ სჭირდებოდა. ჯერ ერთი, სათავისოდ ყველაფერი აქვს. მეორეც, მის თანატოლ ბევრ კარგ ბიჭს მოსწონს და ამხელა კაცთან ურთიერთობა არაფერში სჭირდებოდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ჩემს მარიამს "ფეისბუქზე" რეკლამა ჰქონდა განთავსებული, რომ ვებდიზაინს აკეთებდა. ახლა ეგეც წაშალა, ისეთი შეშინებულები ვართ. თავისი ფოტოებიც ედო. ჩემი შვილი სიმპათიურია. სექსუალური და გამომწვევი გოგო ნამდვილად არ არის.
– თქვენს სოციალურ მდგომარეობას იმდენჯერ გაუსვით ხაზი, რომ აუცილებლად უნდა გკითხოთ, რას აკეთებთ? რითი ირჩენთ თავს?
– მეუღლე 15 წლის წინ დამეღუპა, მაგრამ ბევრს არ აქვს ის სიტუაცია სახლში, რაც მე მარიამს შევუქმენი. ხარბი და მომთხოვნი არ არის. ჩემი შვილიც რაღაცაში ტყუის, სიტუაციის აქამდე მიყვანა საჭირო არ იყო. თუმცა ისე არ ტყუის, რომ ვიღაც მოვარდნოდა... მოკლედ, ამ რეკლამის შემდეგ შუქრი მარიამს დაუკავშირდა, ყვავილების მაღაზია მაქვს და ვებდიზაინი მჭირდებაო. მართლაც აქვს მაღაზია, მაგრამ ეს მხოლოდ საბაბი იყო მის გასაცნობად. შუქრი და მარიამი ერთმანეთს შეხვდნენ და საქმეც შეუკვეთა. მე ვიცოდი, პაატა ბურჭულაძის შვილს ჩემს შვილთან რომ ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ მისი ასაკი ნამდვილად არ ვიცოდი. ორჯერ ყვავილები მიართვა. ერთხელ მარიამი ავად იყო და სოკოს სუპი და წამლები გამოუგზავნა. ფუფუნების საგნები რომ მიეღო ან ჩემი ბავშვის ხელში რაიმე ძვირფასი ნივთი მენახა, ცოტა სხვანაირად ვიფიქრებდი.
– რას გეუბნებოდათ შვილი, რატომ უგზავნიდა შუქრი ამ საჩუქრებს?
– ეს ხომ არ იყო ოქროს ბეჭდები, ყვავილი მეც შემიძლია გაჩუქოთ, მაგრამ ეს თქვენ არაფერს გავალდებულებთ. ავად რომ იყოთ და წამალი გამოგიგზავნოთ, ეს ფუფუნების საგანი ხომ არ არის?! ეს ისეთი საჩუქრები იყო, რაც ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს არაფერს ავალდებულებდა. იმავე ჟესტის გაკეთება ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია. ამ ყველაფრის შემდეგ მის ზარს ჩემი შვილი არ პასუხობდა.
– რატომ?
– მასთან ურთიერთობა არ უნდოდა. ერთხელ შესთავაზა, "იავნანაში" დაგაწყებინებ მუშაობასო. განა რა ხელფასი უნდა გადაეხადა, რომ მარიამი იმას გაჰკიდებოდა?! ასევე ჰქონია ენჯეო (არასამთავრობო ორგანიზაცია. – ავტ.) პატიმრებს რომ ეხმარებიან. იქ მუშაობასაც დაჰპირდა...
– ფიქრობთ, რომ მას რაღაც არასაქმიანი მიზნები ჰქონდა თქვენს ქალიშვილთან დაკავშირებით და ამას იმიტომ აკეთებდა?
– მარიამი რომ დაეთანხმა, რაღაცეების შეთავაზება დაუწყო და ჩემმა შვილმა უარი უთხრა.
– კონკრეტულად რა შესთავაზა?
– კორექტულად რომ ვთქვათ, არასაქმიანი ურთიერთობა. რა თქმა უნდა, მარიამისგან უარი მიიღო. ჯერ ერთი, ის ისე მყავს გაზრდილი, რომ არ იფიქრებს, ვიღაც კაცების ხარჯზე მოიწყოს ცხოვრება. მეორეც, მას საიმისოდ არ უჭირს, რომ ამხელა კაცთან ჰქონდეს ურთიერთობა. მესამეც, ხომ არის რაღაც პრინციპები, რასაც არ უნდა გადაახტე. შეიძლება ძალიან გიჭირდეს, მაგრამ არ მოგწონდეს ადამიანი. მოკლედ, ამ კაცმა მარიამისგან სასტიკი უარი მიიღო.
– მაგრამ მასთან შეხვედრებზე რატომ დადიოდა თქვენი შვილი?
– ოფისში მიდიოდა, რომ სამსახურის თაობაზე ესაუბრა. ცოტას ენჯეოზე ელაპარაკებოდა და ბევრს – პირადულზე. ეს ბავშვი დებილი არ არის და მიხვდა, რომ მისგან სხვა რამ უნდოდა. ამიტომაც უარი უთხრა. ამ ყველაფრის ფონზე მისი საყვარლებიც გაიცნო ოფისში, 18 წლის ბავშვები.
– ასე ხელაღებით ადამიანის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ შეიძლება. თქვენ რა იცით, რომ საყვარლები ჰყავდა?
– იცით, ამას რატომ ვამბობ? მარიამს თვითონ შუქრი ეუბნებოდა და იმიტომ. თურმე არც ის გოგოები მალავდნენ ამას.
– მათი არასაქმიანი შეხვედრები ისევ გაგრძელდა?
– არა.
– თქვენ არ იცოდით, რომ შუქრი ბურჭულაძეს ცოლ–შვილი ჰყავდა?
– არა, ნამდვილად არ ვიცოდი. 25 წლამდე "სვეცკი" ბიჭი მეგონა და მიკვირდა, მარიამს რატომ არ უნდოდა ეს ბიჭი.
– რატომ მალევე არ შეწყვიტა ცოლშვილიან მამაკაცთან ურთიერთობა თქვენმა ქალიშვილმა?
– ურთიერთობა მაშინვე შეწყვიტა, როცა მიხვდა, რომ მას სხვა მიზნები ამოძრავებდა. ის, რაც მერე მოხდა, სწორედ ამით იყო გამოწვეული.
– რა მოხდა ისეთი, რომ პოლიციაში იჩივლეთ?
– 9 მარტს კოსმეტიკა ვიყიდე. სახლში მოვედი თუ არა, სახეზე ნიღაბი დავიდე. ამ დროს კარზე დააკაკუნეს. ვინ ბრძანდებით–მეთქი, ვიკითხე. ყავავილები მოვიტანე და სიყვარულზე უნდა გესაუბროთო, ვიღაც შუახნის კაცმა მითხრა. ვიფიქრე, ალბათ ეს ყვავილები მე მომიტანეს–მეთქი და რაღაცნაირად გამიკვირდა. იქნებ კარი გამიღოთო, მითხრა. იმ კაცს ისეთი სანდო ხმა ჰქონდა, ნიღაბი რომ არ მქონოდა სახეზე, შეიძლებოდა გამეღო კიდეც. მარიამი ამ დროს იწვა და ცუდ ხასიათზე იყო. იქვე ახლოს იოდიც შევნიშნე და არ მესიამოვნა. ვიფიქრე, ხომ არ დალია–მეთქი. დეპრესიული ბავშვი არაა, მაგრამ მაინც შემეშინდა. ღმერთს გეფიცებით, მეგონა, რომ დალია! თურმე ბატონი შუქრი ამ დროს ესემეს–ებს უგზავნიდა, სადაც სწერდა, "კისლატას" მოგასხამ, მოგივარდები, საქვეყნოდ სახელს გაგიფუჭებ, დედას გიტირებ, შემოგივარდებიო!
– რატომ ემუქრებოდა?
– მარიამისგან უარი რომ მიიღო, იმიტომ. როგორ მიბედავ, მე პაატას შვილი ვარ, მამაშენი კი მკვდარიაო. ჩემი შვილის მამა ვაჟა კვარაცხელია მორაგბე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო, ვიღაც ვიგინდარა და ნარკომანი კი არ ყოფილა. პაატა ბურჭულაძეზე ნაკლები არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვთვლი. ასეთი წერილების მიუხედავად, არ ვიჩივლებდი, თვითონ შუქრი რომ არ მოვარდნილიყო. ვიღაცას მოვნახავდი და ისე მოვაგვარებდი ყველაფერს. ამ საქმის გახმაურება ჩვენ არაფერს გვაძლევს და არც ქულებს გვიწერს.
– ქალბატონო ირინა, ვინ იყო ის კაცი, კინაღამ კარი რომ გაუღეთ?
– კარი არ გავუღე, ვუთხარი, რომ მეორე დღეს მობრძანებულიყო და დაველაპარაკებოდი. ვისგან არის ყვავილები–მეთქი, ვკითხე. შუქრისგანო, მიპასუხა. ამის თქმა იყო და უცებ კარზე ვიღაცამ ფეხებით ბრახუნი ატეხა. მარიამ კვარაცხელია, შენ ასეთო, შენ ისეთოო – შუქრი ყვიროდა. იმ სიტყვების გამეორება აღარ მინდა... მოგკლავ, დაგახრჩობო, ემუქრებოდა. ორი გამოსავალი იყო, ან კარი უნდა გამეღო და იმ კაცისთვის რაღაც ჩამერტყა, ან კარი არ უნდა გამეღო და პატრულისთვის გამომეძახა. მესამე გამოსავალიც იყო, ვინმე ნათესავი ჩამერია, მაგრამ ეს ამბავი ნამდვილად მკვლელობით დასრულდებოდა. ავდექი და პატრულში დავრეკე. ისინი 25 წუთის შემდეგ მოვიდნენ. ამასობაში თურმე მარიამმა მისწერა, პატრულს გამოვუძახებო. შუქრიმ ჩაილაპარაკა, არ მეშინიაო და მოკურცხლა. პატრული რომ მოვიდა, ის კიდევ ურეკავდა და ლანძღავდა. ეს მუქარა პატრულმაც მოისმინა.
მეორე დღეს მარიამი ქვემოთ ჩავიდა. შუქრი ვიღაცასთან ერთად დახვდა, მანქანაში ძალით ჩააგდო, მობილური წაართვა, სადაც მუქარით სავსე ესემეს–ები იყო. თურმე შუქრი ეუბნებოდა, უნდა წაგიყვანო და დაგმარხოო. "პირველი არხის" შენობასთან საცობში მოხვდნენ. მარიამი მანქანიდან დასისხლიანებული გადმოხტა და პოლიციაში შევარდა. დოლიძის ქუჩაზე მანქანაში სცემა და ამის სამედიცინო დასკვნაც გვაქვს. შუქრიმ ძალიან კარგად იცოდა, რომ მუქარის გამო პასუხს აგებდა და ამიტომ უნდოდა, კვალი წაეშალა. მარიამს ამიტომაც დახვდა. ვენაში მკვლელობისთვის გაასამართლეს. ეს ყველაფერი მერე გავიგე. არც მაინტერესებს, მე ნუ შემეხება და...
– როგორ მოიქცნენ სამართალდამცავები?
– შუქრი პოლიციაში ერთი დღე ჰყავდათ მიყვანილი და გაუშვეს. მე თქვენ დიქტოფონი რომ წაგართვათ, ხომ დამიჭერენ? მას კი ტელეფონის წართმევაც შერჩა და ჩემი ბავშვის ცემა–ტყეპაც.
– რას მოითხოვთ?
– პირველ რიგში, ჩემს შვილს ბოდიში მოუხადოს. ჩემს მეზობლებთან მოვიდეს და თქვას, რომ არანორმალურია. ასეთი ლანძღვა–გინების შემდეგ როგორ უნდა იცხოვროს ამ პატარა გოგომ?!.. ბოდიშის მოხდას და იმ მობილურის დაბრუნებას მოვითხოვთ, რომელიც წაართვა. "ნოკიას" ფირმის მობილურია და დაახლოებით 1300 ლარი ღირს. წაართვა და ალბათ მტკვარში გადააგდო. გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ აშკარად ვგრძნობ, რომ შუქრის ხელს აფარებენ. ეს ადამიანი მეორე დღეს რომ მოსულიყო და ბოდიში მოეხადა, ამ ყველაფერს არ გავახმაურებდი, რადგან ეს აჟიოტაჟი ჩემს შვილს არაფერს აძლევს.
– გამოძიების ობიექტურად მიმდინარეობაში ეჭვი გეპარებათ?
– დღეს კანონი ისეა გამკაცრებული, თქვენ რომ შეგაგინოთ, იმ წუთშივე 400 ლარიან ჯარიმას გამომიწერენ. მეორეჯერ თუ შეგაგინებთ, 800 ლარის გადახდას დამაკისრებენ და ერთი თვეც ჩამსვამენ ციხეში. ამხელა რაღაც მოხდა, ბავშვი სცემეს, მობილური წაართვეს და ამ ყველაფრის გამკეთებელი გარეთ დადის. მეუბნებიან, თუ დამნაშავეა, დაისჯებაო. სტანდარტულ პასუხებს მცემენ. თავი ქუდში რომ არ ჰქონდეს, ყველაფრის გამოსწორებას შეეცდებოდა და ბოდიშს მოიხდიდა.
– სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ეს ბოდიშის მოხდას ნამდვილად არ ითვალისწინებს.
– მე სულ სხვანაირად ვცხოვრობ... ძალოვან უწყებებთან ურთიერთობა ნამდვილად არ მინდა.
– გესმით, რომ თქვენს ოჯახზეც შეიძლება ილაპარაკონ, სკანდალის ატეხით პიარის გაკეთება უნდათო?
– არა! ჩემი შვილი ამ სკანდალით მსოფლიო ჩემპიონი ხომ არ გახდა ან "ნიჭიერის" კონკურსში ხომ არ გაიმარჯვა?! 40 წლის კაცი რომ მოგივარდება და საქვეყნოდ გამოგლანძღავს, ეს რა პიარია?! ის ხომ თავისთავად გაილანძღა და ჩემი შვილის სახელიც შელახა. ეს ხომ ჩემს შვილს მთელი ცხოვრება გაჰყვება?! ეს ჩვენთვის დიდების მომტანი ნამდვილად არაა. მათგან არავინ დამკავშირებია. მისი ოჯახის წევრებს დასკვნები ისე გამოაქვთ, რომ არც კი მოსულან და არ უკითხავთ, რა მოხდა. სიმართლე ძალაა და მე ამ შემთხვევაში მართალი, ანუ ძლიერი ვარ.
– თქვენს შვილს არ ადანაშაულებთ, რომ ცოლშვილიან მამაკაცთან მეგობრობდა?
– არ მეგობრობდა! რომ არ მეგობრობდა, ამიტომაც მოხდა ეს ყველაფერი. ეს იყო უარყოფილი კაცის საქციელი. ჩემს შვილს იმაში ვადანაშაულებ, რატომ არ მითხრა, ამხელა ასაკის რომ იყო. იმაშიც ვადანაშაულებ, რატომ არ მითხრა, თუ ემუქრებოდა.
ჟურნალისტებს ინტერვიუს იმიტომ კი არ გაძლევთ, რომ ჩემი შვილი ხალხმა გაიცნოს. რითი უნდა გაიცნოს?! 40 წლის კაცმა რომ აგინა და ლანძღა?! ყველამ უნდა გაიგოს, ის როგორი ადამიანია. სხვასთან მაინც აღარ მოიქცევა ასე და ამით სხვის შვილებსაც დავიცავ. ასევე უნდა გაიგონ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია. იმას უფლება აქვს, ბავშვს თავს დაესხას, ლანძღოს, მობილური წაართვას, სახლში მიუვარდეს და მერე პასუხიც არ აგოს?! ჩვენ არ ვართ დაზღვეული, რომ ხვალ მარიამს ქუჩაში არ დახვდება და არ მოკლავს. ახლა ასეთი ამბავი რომ არის ატეხილი, ცოტა გაფრთხილდება. როცა იქნება, მამამისის შვილობა აღარ უშველის. ნუ ჩასვამენ ციხეში, მაგრამ დასკვნა მაინც დაწერონ, რომ გიჟია! რადგან ბურჭულაძის შვილია, თავზე გადავუსვათ ხელი?! ხალხს რომ არ გაეგო და ისე ეცემა, ამ საქმეს სხვანაირად მოვაგვარებდით.
* * *
ქალბატონ ირინა ყავლაშვილთან საუბრის შემდეგ ამ მძიმე ბრალდებების ადრესატს, შუქრი ბურჭულაძეს დავუკავშირდით. მან ასე გვიპასუხა:
– საერთოდ არაფერი ვიცი ამ საქმეზე.
– ბატონო შუქრი, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და არაფერი იცით?
– არაფერი ვიცი. ეს ყველაფერი უაზრობაა.
– ფიზიკური და სიტყვიერი შეურცხყოფისთვის გიჩივიან.
– მეტს ვერაფერს გეტყვით! რაც სათქმელი იყო, უკვე გითხარით!
– ადვოკატი თუ გყავთ, იქნებ ის დაგველაპარაკოს.
– არა, რისთვის მჭირდება ადვოკატი, როდესაც არაფერი მომხდარა?!
– პოლიციის მე–5 განყოფილებაში თქვენ წინააღმდეგ საქმეა აღძრული.
– ქალბატონო, უკვე ყველაფერი გითხარით. უზრდელობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ჩემი საქმე უნდა გავაგრძელო.
– ჩვენ არ გვინდა, მასალა ცალმხრივი გამოვიდეს და მერე ტენდენციურობაში დაგვდოთ ბრალი. ამიტომ გიკავშირდებით და გაძლევთ საშუალებას, თქვენი სათქმელი თქვათ.
– კარგად ბრძანდებოდეთ!
"სარკემ" ბურჭულაძეების ოჯახის სხვა წევრებისგან სცადა კომენტარის მიღება. ტელეფონზე ქალბატონმა ნუნუ ბურჭულაძემ, ბატონი პაატას დედამ და შუქრის ბებიამ გვიპასუხა:
– ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან კეთილი, ადამიანის დახმარება იცის. მეტი რა გითხრათ? არა მგონია, ასეთი რამ გაეკეთებინა, ძალიან წესიერი ბიჭია.
საუბარში ოჯახის ახლობელი ქალი ჩაერთო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:
– გასაგებია, პაატას შვილია, მაგრამ ცოლი, შვილი ჰყავს და არ უნდა დამთავრდეს ამაზე ლაპარაკი?! თვითონაც ხომ განათხოვარია ის გოგო?! ყველამ იცის, ვინ არის, რას წარმოადგენს და როგორია. კიდევ ჩივის?! კიდევ უნდა რამე?!
– ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
– კაცს ვიღაცასთან ვერ გაუვლია?! ის რომ ნორმალური ყოფილიყო, შუქრისთან ხომ არ გაივლიდა?! შუქრი იმაზე გაუბრაზდა, რომ ცოლად მოყვანას სთხოვდა. ის კი ცოლად არ შეირთავდა, რადგან ეს უბრალოდ გართობა იყო. კაცი ვიღაცასთან გაივლის და მორჩა, უნდა დამთავრდეს და ის არ ამთავრებს?!
– ანუ მარიამი სთხოვდა ცოლად მოყვანას?
– მაგაზეა გამწარებული, რომ შუქრიმ არაფრად ჩააგდო.
– ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სახლში მივარდნა?
– ალბათ ასეთი რამ რომ შეამჩნია, გაბრაზდა, თორემ სხვა რა უნდა გაეკეთებინა შუქრის?
* * *
მარიამ კვარაცხელიას ოჯახმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასაც მიმართა.
– ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური მოწყობის საერთაშორისო ორგანიზაციას განცხადებით მომართა მოქალაქე ირინა ყავლაშვილმა, რომელიც თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ შუქრი ბურჭულაძემ მისი შვილის უფლებები შელახა. ჩვენ, რა თქმა უნდა, უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევთ, ამიტომ საქართველოს მთავარ პროკურატურას მივმართეთ, რათა განცხადებაში მოყვანილი გარემოებები შეისწავლონ. საქმეს სწავლობენ. თუკი გამოძიება დაადასტურებს, რომ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეა, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დარღვევასთან გვექნება საქმე, – განუცხადა "სარკეს" ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გია თევზაძემ.
* * *
საქმის ცალკეული დეტალების უკეთ გასარკვევად "სარკე" ვაკე–საბურთალოს რაიონის მე–5 განყოფილებას დაუკავშირდა. იქ გვიპასუხეს, რომ ამ საქმის გამომძიებლები – ლევან აბაშიძე, დავით რამიშვილი და გიორგი კაჭკაჭიშვილი, საკადრო ცვლილებების გამო სხვა რაიონულ განყოფილებებში გადაიყვანეს. ამის გამო აღნიშნული საქმე ამ ეტაპზე არავის აწერია. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, გამომძიებლად ვინ დაინიშნება.
ეკა ლემონჯავა


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online