asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ძალად გათხოვილები –  ორი გოგონას ორი განსხვავებული ისტორია
ძალად გათხოვილები – ორი გოგონას ორი განსხვავებული ისტორია
ძალად გათხოვილები – ორი გოგონას ორი განსხვავებული ისტორია

2011-03-30 14:57:02



ჩვენს რეალობაში ჯერ კიდევ არიან ოჯახები, სადაც მშობლები შვილს აიძულებენ, მისთვის არასასურველ პიროვნებაზე უსიყვარულოდ დაქორწინდეს. ასე გამეტებული ახალგაზრდებიდან უფრო ძლიერები და ბრძოლისუნარიანები თავსმოხვეულ ნებას არ ეპუებიან, ბედნიერებისთვის იბრძვიან, დაბრკოლებებს ლახავენ და საკუთარ ცხოვრებას თვითონ აშენებენ, ხოლო უფრო სუსტები და მორჩილები ხვედრს ეგუებიან. ჩვენმა რესპონდენტმა, ახალგაზრდა ქალბატონმა, ნათიამ, თავისი თანასოფლელების მაგალითზე ორი განსხვავებული ისტორია გვიამბო.

ნათია:

– თამუნა და დათო სოფელში, ერთ უბანში გაიზარდნენ. დათო თამუნაზე 5 წლით უფროსი იყო. ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა და დამოკიდებულება ჰქონდათ. როდესაც თამუნა მე–9 კლასში სწავლობდა, მათი სიყვარული მაშინ გამომჟღავნდა. ერთმანეთს ხვდებოდნენ, ლამაზ მომავალზე ოცნებობდნენ, გეგმებს აწყობდნენ... რომ იტყვიან, ბედნიერებისგან დაფრინავდნენ. ბოლო კლასში თამუნამ თითქმის მიუშვა სწავლაზე ხელი, მთელი გულისყური შეყვარებულისკენ ჰქონდა. ხან რას მოიმიზეზებდა, ხან რას, შინიდან რომ გასულიყო და დათოს შეხვედროდა. ერთმანეთის გარეშე უკვე ვეღარ ძლებდნენ.

– რამდენად შესაფერისი წყვილი იყო, ერთმანეთთან ბევრი საერთო ჰქონდათ?

– არა. თამუნა აქტიური და ყოჩაღი გოგო იყო, სკოლაში საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა, ამასთან, თავს არავის დააჩაგვრინებდა და არც თავად დაიჩაგრავდა. დათო კი ობლად იყო გაზრდილი და ეს მის ხასიათზეც აისახებოდა, საწყალი ბუნება ჰქონდა. 5 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. ბებია ზრდიდა. მერე მამამისმა მეორე ცოლი მოიყვანა და დათოზე მეურვეობა მან იკისრა. როდესაც თამუნას და დათოს სიყვარულის ამბავი შეიტყვეს, დათოს გამზრდელი ბებია ამ ურთიერთობას კატეგორიულად შეეწინააღმდეგა. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – ეგ გოგო ჩემს ოჯახში არ შემოვაო.

– რა მიზეზით იწუნებდა თამუნას?

– თავად გოგოს მიმართ პრეტენზია არ ჰქონია. მას თამუნას ოჯახის მიმართ ძველი, პირადი ანგარიშები აწუხებდა. ათეული წლების წინ მათ ოჯახებში სკანდალი მოხდა. ამის გამო დათოს გამზრდელმა ბებიამ თამუნა აითვალწუნა. დათოს საკუთარი შემოსავალი არ ჰქონდა, ოჯახის კმაყოფაზე იყო, რამაც ისედაც თავჩაღუნული ბიჭი კიდევ უფრო დააბეჩავა. ბებიამ შეძლო, ახალგაზრდებს შორის უთანხმოება ჩამოეგდო.

თამუნას ოჯახი მრავალსულიანი იყო. მამა უკანონო ვაჭრობისთვის იხდიდა სასჯელს, დედა წელებზე ფეხს იდგამდა, რათა სამი შვილი ერჩინა. ერთხელ მეზობელი შეუჩნდა, თამუნა გაათხოვე, ცოტა ტვირთი მაინც მოგეხსნებაო. საქმროც შეურჩიეს, მეზობელი სოფლის მკვიდრი, 30 წელს გადაცილებული, საქმიანი და ჭკვიანი კაცი. მაშინ თამუნა ჯერ კიდევ მე–10 კლასის მოსწავლე იყო. დედამ და ნათესავებმა იმდენი ანამუსეს, აიძულეს, გათხოვილიყო.

ამის შემდეგ ოჯახმა დათოსაც იძულებით მოაყვანინა ცოლი. რამდენიმე თვე ისე იცხოვრეს, რომ არც დათო და არც თამუნა თავიანთ მეუღლეებს არ მიჰკარებიან, მათთან სარეცელი არ გაუზიარებიათ. შეყვარებულებმა თავიანთი გრძნობა უბიწოდ შეინახეს.

– ეს ერთმანეთთან შეთანხმებით გააკეთეს თუ თავისდაუნებურად მოხდა?

– მათ შორის არანაირი შეთანხმება ყოფილა. იმ ხანებში ურთიერთობაც კი გაწყვეტილი ჰქონდათ. არც იცოდნენ, ერთმანეთის ოჯახურ ცხოვრებაში რა ხდებოდა. მათ ადგილას ზოგი გამწარდებოდა და შეყვარებულის ჯიბრზე მეუღლესთან ცხოვრების აწყობას შეეცდებოდა, მაგრამ დათოს და თამუნას ერთმანეთზე შურისძიება არც უფიქრიათ, რადგან გულში ნამდვილ სიყვარულს ატარებდნენ. წარმოიდგინეთ, რამხელა შინაგანი სისუფთავე, სიმტკიცე და გამძლეობა გამოავლინეს... და ალბათ რა ტანჯვის ფასად!

როდესაც ორ ადამიანს შორის დიდი სიყვარული და გაგებაა, მათ ურთიერთობაში დრო, სივრცე და მანძილი არ არსებობს. ისინი ქვეცნობიერად გრძნობენ და ესაუბრებიან ერთმანეთს. ალბათ დათო და თამუნაც ასე გრძნობდნენ ერთმანეთის ფიქრებს და გულისთქმას და ამიტომ თავს "ღალატის" უფლებას არ აძლევდნენ.

– შემდეგ როგორ წარიმართა მათი ბედი? შეძლეს საბოლოოდ ერთმანეთთან შეყრა თუ დარჩნენ უსიყვარულოდ შექმნილ ოჯახებში?

– როდესაც სკოლაში დამამთავრებელი გამოცდები მოახლოვდა, დირექტორმა, გამონაკლისის სახით, როგორც საუკეთესო მოსწავლეს, თამუნას ნება დართო, გამოცდები ჩაებარებინა, რათა ატესტატი მიეღო. თამუნა მშობლიურ სოფელში წავიდა და ქმართან აღარც დაბრუნებულა. სამეზობლოში ჭორები დაირხა, მაგრამ თამუნას მათთვის ყურადღება არ მიუქცევია. გამოცდები ჩააბარა, ატესტატი აიღო და იმავე წელს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მალე იმ მეზობლის ქალიშვილიც გაშორდა ქმარს, ვინც ყველაზე მეტად კიცხავდა თამუნას საქციელს. ამის შემდეგ კი ამ თემაზე კრინტი აღარ დაუძრავს. ასეა, ადამიანი სანამ საკუთარ თავზე არ იწვნევს, სხვის საქციელს მკაცრად და ზოგჯერ დაუნდობლად აკრიტიკებს, მერე კი ხვდება თავის შეცდომას...

ამასობაში დათოც გაშორდა ძალად შერთულ ქალს. პირველი კურსის დახურვის შემდეგ თამუნა სოფელში დაბრუნდა, მათი სიყვარული განახლდა და ახალგაზრდები საბოლოოდ შეუღლდნენ.

– ფაქტის წინაშე მდგარი დათოს "მეურვეები" მათ ნაბიჯს ახლა უფრო შემწყნარებლურად შეხვდნენ?

– თავიდან ერთი ამბავი ატყდა. მერე დათოს ბებია იძულებული გახდა, ბედს შერიგებოდა და წყვილი ოჯახში მიეღო. დედინაცვალმა ახალდაქორწინებულებს სოფლის სახლში ერთი პატარა ოთახი გამოუყო, სადაც ტახტის მეტი არაფერი იდგა. დათომ მუშაობა დაიწყო, რათა ორიოდე კაპიკი ეშოვა და ოჯახი ერჩინა. ორი შვილი შეეძინათ. რამდენიმე ხნის შემდეგ დათო თბილისში წავიდა, ბინა იქირავა და მალე ცოლ–შვილიც წაიყვანა.

– მათმა სიყვარულმა და ერთად ყოფნამ დროთა განმავლობაში რამდენად გაამართლა, ახლა როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში, ცხოვრება როგორ ააწყვეს?

– 15 წლის ცოლ–ქმარი არიან და ერთმანეთს დღემდე თვალებში უყურებენ, ორ შვილს ზრდიან. ყველანაირად ცდილობენ, ბავშვებს სწავლისა და ნორმალური ცხოვრების პირობები შეუქმნან. ორივე ფიზიკურ სამუშაოს ეწევა. საკუთარი შრომით თბილისის გარეუბანში ოროთახიანი ბინა აქვთ გირაოთი აღებული. ავეჯი და ავტომანქანაც შეიძინეს. ერთმანეთს ყველაფერში ხელს უმართავენ და ცხოვრების სტიმულს აძლევენ. იმედი აქვთ, ბინასაც იყიდიან.

– თქვენი თანასოფლელი მეორე წყვილის ისტორიის მოყოლასაც დაგვპირდით. მათ განსხვავებული ბედი ერგოთ?

– ნონა მთელ სოფელში გამორჩეული 16 წლის გოგონა იყო, როდესაც მისმა თაყვანისმცემელმა ავთომ მოიტაცა. გადაკარგულ სოფელში გადამალა, ორი დღის შემდეგ კი ოჯახში მიიყვანა, რათა ნათესავებისთვის შეეტყობინებინა თავისი გაბედნიერების ამბავი და საზეიმო ვითარებაში აღენიშნათ. სოფელში დაბრუნებულმა ნონამ ისარგებლა შემთხვევით და ავთოს სახლიდან გაიპარა. მას არ უნდოდა, ავთო ქმრად ეღიარებინა, რადგან სხვა უყვარდა. მისი შეყვარებული იმხანად ჯარში მსახურობდა. ქალიშვილმა მოძალადე კაცი არც მიიკარა და ასევე უმწიკვლოდ დაუბრუნდა მამისეულ ოჯახს. ეგონა, ოჯახი გვერდით დაუდგებოდა და მფარველობას გაუწევდა, მაგრამ ასე არ მოხდა. დედამ და ბიძამ, მამის ძმამ, არც აციეს, არც აცხელეს და შინმიბრუნებული "პატარძალი" უკანვე მიჰგვარეს საქმროს – რაკიღა წაყვანილი გყავდა, ვის დააჯერებ, რომ ქალიშვილია, განათხოვარის სახელი ჰქვია და უკან აღარ მივიღებთო. ახლა უკვე ავთო იდგა უარზე, რაკიღა წავიდა და მიმატოვა, ეგეთი ქალი აღარ მჭირდებაო. ერთი სიტყვით, ნონას დედას აქეთ გაუხდა სახვეწარი... საბრალო ნონამ მძიმე დღეები გადაიტანა, რომ იტყვიან, ძალით შერთეს და ვის? მისთვის არასასურველ კაცს!

– ამ იძულებითმა ქორწინებამ რა ნაყოფი გამოიღო?

– ცოლ–ქმარი, როგორც იქნა, ერთმანეთს შეეგუენ, ორი შვილი შეეძინათ და, ასე თუ ისე, ოჯახი ააწყვეს. ავთო შნოიანი კაცი ვერ დადგა, ფაქტობრივად უმუშევარია და ამხელა ოჯახის მთელი ტვირთი ნონას დედას დააწვა მხრებზე. ჯალაბაკიდებული სიდედრი ახლა კი თავში იტყამს ხელს, რა ძალა მადგა, რატომ გავაყოლეო, მაგრამ თავის გაფუჭებულ საქმეს რაღას უშველის?! გვიან მიხვდა, რომ შვილი გააუბედურა.

– თავად ნონა ქმრის გვერდით თავს როგორ გრძნობს?

– ნონა ოჯახის წინაშე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს და, ღვთის მადლით, ქმართანაც ნორმალური ურთიერთობა აქვს. თავიდან დედამთილთან ჰქონდა უთანხმოება, სულ ჩხუბობდნენ. ყოფილა შემთხვევა, დედამთილს სახლიდანაც გამოუგდია, შემდეგ ის ქალი გარდაიცვალა და ოჯახში სიტუაცია ასე თუ ისე დალაგდა.

გულდასაწყვეტია, რომ ნონას ასეთი ცხოვრება ერგო. საუკეთესო გოგონა იყო. საკუთარი ბედი მის ხელში რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთ ააწყობდა ცხოვრებას, ბევრს მიაღწევდა და უკეთეს კაცსაც გაჰყვებოდა. მის ცხოვრებაში ოჯახის წევრები რომ არ ჩარეულიყვნენ, ბედნიერი იქნებოდა. მას ბევრად უკეთესი ბედი ეკუთვნოდა. თამუნამ საკუთარი ბედნიერებისთვის იბრძოლა და დღეს საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდად ცხოვრობს, ნონა კი შედარებით სუსტი აღმოჩნდა და ძალადშერთულ ქმართან ცხოვრებით იტანჯება.

ნანა კობახიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online