asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"დაზარალებული ქალები თავშესაფარს ითხოვენ, კაცები – კონსულტაციას"
ძალადობის ბორბალი ქართულ ოჯახებში
"დაზარალებული ქალები თავშესაფარს ითხოვენ, კაცები – კონსულტაციას"

2011-03-30 14:57:02



ოჯახური ძალადობა მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა. მას არც საქართველოსთვის აუვლია გვერდი. ორგანიზაციაში, რომელიც ტრეფიკინგის მხსვერპლთა და დაზარალებულთა დაცვასა და დახმარებას ემსახურება, ცხელ ხაზზე დღეში დაახლოებით 100 ზარი შედის. აქედან დიდი ნაწილი – ოჯახური ძალადობის მსხვერპლთაგან. სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავია. ძალადობა მხოლოდ ფიზიკურ გვემას და ზეწოლას არ ნიშნავს, ის შეიძლება იყოს მორალურიც, ფსიქოლოგიურიც. როგორც აღმოჩნდა, ეს უკანასკნელი ყველაზე გავრცელებულია.

იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც ძალადობის ცენტრებს აკითხავენ, სპეციალურ თავშესაფრებში გადაჰყავთ. საქართველოში რამდენიმე ასეთი თავშესაფარია, რომელთაგან ზოგს სახელმწიფო, ზოგს კი კერძო სტრუქტურები აფინანსებენ.

საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპით, ძალადობის მსხვერპლად ყოველთვის ქალი ან ბავშვი მოიაზრება, მაგრამ ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა სახელმწიფო ფონდის დირექტორი მარინა მესხის მიერ აღწერილი სურათი ცოტა სხვაგვარია.

მარინა მესხი:

– მამაკაცებიც გვაკითხავენ, თუმცა თავშესაფარში მამაკაცის გადაყვანის შემთხვევა ჯერ არ გვქონია, ისინი ძირითადად კონსულტაციისთვის მოგვმართავენ. ერთი 40 წელს გადაცილებული კაცი იყო, რომელიც დედისგან განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას. საერთოდ, ფსიქოლოგიური ძალადობა უფრო მეტადაა გავრცელებული. იმ მამაკაცს დედა დაოჯახებას და კიდევ რაღაც–რაღაცეებს უკრძალავდა. არ ვიცი, რომელიმე პერსონის წინააღმდეგი იყო თუ სხვა რამ ამოძრავებდა, მაგრამ ცოლი არ მოიყვანოო, კატეგორიულად ეუბნებოდა. ეკონომიკური ძალადობაც არსებობს, რაც გულისხმობს იმას, რომ რასაც ადამიანი გამოიმუშავებს, მოძალადეს უნდა მისცეს. ან ქმარი უკრძალავს ცოლს მუშაობას და არც ფულს აძლევს. ის კაცი აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას, გარიდება უნდოდა, რადგან არ გამორიცხავდა, რომ საქმე მკვლელობამდე მისულიყო, ანუ დედა მოეკლა. არადა, გაუწონასწორებელი კაცის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა.

ერთი ქალბატონი ცხოვრობდა კერძო სტრუქტურის თავშესაფარში, რომლის ქმარმა ჩვენ მოგვმართა და ამბობდა, რომ ის თავად იყო ცოლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, რადგან ცოლი სიტყვიერად აყენებდა შეურაცხყოფას. ყოფილა შემთხვევა, როცა სასამართლოს დამცავი ორდერი გაუცია ორივე მხარისთვის, ანუ ცოლი ერთდროულად მსხვერპლიც იყო და მოძალადეც. დების შემთხვევაც გვქონდა ასეთი და სასამართოლომ ორივეს გამოუწერა დამცავი ორდერი. ძირითადად ერთმანეთის ლანძღვით იყვნენ დაკავებული და მათ ეს აეკრძალათ. იყო შემთხვევა, როცა მამაკაცმა ცოლი სცემა და მერე სიდედრიც ზედ მიაყოლა. როცა დიდ ოჯახებად ცხოვრობენ, ეს კონფლიქტის და ძალადობის ალბათობებს ზრდის.

– კონფლიქტების მიზეზი ძირითადად რა არის – პიროვნული შეუთავსებლობა, ეკონომიკური მდგომარეობა?

– ეკონომიკურად საკმაოდ მაღლა მდგომი ოჯახებიც გვინახავს, სადაც ისეთები ხდება... ცუდმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ შეიძლება მხოლოდ პროცესები დააჩქაროს. ყველაზე საშიში ის არის, რომ მსხვერპლთა ერთი კატეგორია ვერც აცნობიერებს, რომ მსხვერპლია. ჰგონიათ, რომ ყველა ოჯახში ასეა. როცა უკიდურეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, მხოლოდ მაშინ გვიკავშირდებიან ჩვენ ან პოლიციას. ჩვენს თავშესაფარში ცხოვრების ვადის გასვლის შემდეგ ხშირად მსხვერპლი ოჯახში ბრუნდება. თუ კონფლიქტი იმ დონის არ არის, რომ მსხვერპლს სასიკვდილო საფრთხე დაემუქროს, ვუკავშირდებით ოჯახის წევრებს და სახლში ვაბრუნებთ. ქალების უმრავლესობა მაინც ამჯობინებს ოჯახში დაბრუნებას. გვქონია შემთხვევა, როცა ძმა დას უკრძალავდა გარკვეულ მოქმედებებს და ჩვენი დახმარებით ორივე მხარე მიხვდა, რომ ზომიერების ფარგლებში უნდა ემოქმედათ.

– ცოტა ხნის წინ ერთი ამბავი გავიგე, ქმარმა ცოლი სცემა. ცოლმა გამოიძახა პოლიცია. პოლიციამ კაცი დააკავა და 5000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. ცოლ–ქმარი შერიგდნენ და ოჯახმა კი ამხელა ფინანსური ზარალი განიცადა. ეს ნორმალურია? ეს მომენტი ალბათ ბევრ ქალს შეაჩერებს, თუნდაც მაშინ, როცა მას სასიკვდილო საფრთხე ემუქრება, რომ ოჯახი დიდი ჯარიმისგან იხსნას.

– ჩვენ კანონში ჯარიმების ჩაწერისგან თავი შევიკავეთ, რადგან მერე ეს ისევ ოჯახს დააწვება მხრებზე. იმ კაცმა ალბათ რამე ჩაიდინა, პოლიციას შეეწინააღმდეგა ან მკვლელობის მცდელობა ჰქონდა... ასეთი შემთხვევის შესახებ არ მსმენია, მაგრამ ალბათ გამოძიება დაიწყო საქმეზე და ჯარიმა იმიტომ დააკისრეს.

ყოფილი მეუღლეებისგანაც ხშირია ძალადობები. განსაკუთრებით ქალებზე ძალადობენ, თუმცა ერთი შემთხვევა გვქონდა, როცა ყოფილი ცოლი კაცს ისეთებს უწყობდა, რომ... მოახერხა და მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟა, რადგან გაიგო, რომ ის დაქორწინებას აპირებდა. ურეკავდა იმ ქალს, ვისზე დაქორწინებასაც ის კაცი აპირებდა. სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა ყოფილ ქმარზე, შვილებს დავხოცავო. მოითხოვდა ეკონომიკურ უზრუნველყოფას და ა.შ.

იყო შემთხვევა, როცა ჰიპერმზრუნველი დედა წლების განმავლობაში შვილებს არაფრის უფლებას არ აძლევდა და ბოლოს პოლიციის ჩარევით მოხდა მისი მოშორება შვილებისგან. ძალადობის იმ ხარისხს მიაღწია, რომ ბავშვებს სკოლაშიც აღარ უშვებდა. არ სცემდა, მაგრამ აბსოლუტურ მორჩილებაში ყოფნას აიძულებდა. ორი შვილი ჰყავდა და ქმარს გაშორებული გახლდათ.

ხშირია ასევე სექსუალური ძალადობის ფაქტები. დაფარული დანაშაულის სტატისკიტა ისეთია, თუ გვაქვს, ვთქვათ, გამოვლენილი 3–5 პროცენტი, ამას, რეალური სურათის მისაღებად, შეიძლება ნულები აკლდეს. ყოფილა შემთხვევები, როცა მსხვერპლს მოუმართავს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის გამო და მერე საუბარში როცა გახსნილა, უთქვამს, რომ მასზე სექსუალური ძალადობაც ხორციელდებოდა.

– თავშესაფარში ისეთი ქალები ხვდებიან, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ და აღარც საკუთარი მშობლები იღებენ?

– ერთი ქალი დიდხანს განიცდიდა ქმრის მხრიდან ძალადობას, მაგრამ დედა თვითონ იყო ქალიშვილის ოჯახში დაბრუნების წინააღმდეგი. რეგიონებში უფრო მწვავედ დგას ამ მხრივ საქმე. საბედნიეროდ, თუ ძალადობა ადრე საზოგადოების მხრიდან მსუბუქ პრობლემად აღიქმებოდა, ამ ბოლო დროს მოიმატა საზოგადოების აქტიურობამ.

– რამდენიმე დღის წინ ოჯახური ძალადობების სატელევიზიო განხილვის შემდეგ ერთ–ერთ ფორუმზე წავიკითხე, ცოლიც ვეღარ გიცემია შენს გემოზეო. ანუ ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტი ჯერ ისევ ამ დონეზეა.

– ამაზე რა კომენტარი შეიძლება გააკეთო ნორმალურმა ადამიანმა?! მსხვერპლი თუ ვერ გრძნობს საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას, მოძალადეს ვეღარ შორდება. ოჯახური ძალადობის თანმდევია ე.წ. ძალადობის ბორბალი, რომელიც სამ ნაწილად იყოფა. პირველი ფაზაა დაძაბულობის ზრდა, მეორე – ინცინდენტი, როცა მსხვერპლზე ძალადობენ. მესამე კი – სიმშვიდის, ანუ თაფლობის პერიოდია, როცა მოძალადე ცდილობს, შემოირიგოს მსხვერპლი, დაარწმუნოს, რომ გამოსწორდება. ბორბალი იმიტომ ჰქვია, რომ მერე ყველაფერი თავიდან იწყება და უფრო და უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს. პირველი ფაზა თუ თავიდან შეიძლება ექვს თვეს გაგრძელდეს, მერე ერთ დღემდე ჩამოდის. გვყავდნენ ქალები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ყოველდღე სცემდათ ქმარი. მერე შეურიგდებოდა, მიუალერსებდა. მეორე დღეს ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

– ანუ თუ ადამიანი ბუნებით მოძალადეა, მისი გამოსწორება შეუძლებელია?

– ჩვენი პრაქტიკა აჩვენებს, რომ მათი გამოსწორება ძალიან იშვიათად შეიძლება მოხდეს. როცა მსხვერპლი ეგუება თავის მდგომარეობას და ამას იღებს, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, მოძალადეს აღარანაირი ბარიერი აღარ აქვს და მუდმივად ძალადობს. ასეთი ქალები ისეთი დათრგუნულები არიან, პირველ რიგში, ფსიქოლოგის კონსულტაციას ითხოვენ ხოლმე. ზოგი თვითონ ხდება აგრესიული შვილების თუ სხვათა მიმართ. ერთ–ერთი ჩვენი თავშესაფრის ბინადარი, 5 წლის ბავშვი, ამბობდა, რომ გაიზრდებოდა, მამამისს მოკლავდა. მისი ეს დამოკიდებულება ფსიქოლოგის ჩარევის შემდეგ შეიცვალა.

კახეთში ერთმა გოგომ ორჯერ სცადა თავის მოკვლა. გათხოვდა მოძალადე ქმარზე და თავისმა ოჯახმაც უკან აღარ მიიღო, ამიტომ მისი თავშესაფარში გადმოყვანა გახდა საჭირო. ოჯახური პრობლემების მქონე ადამიანებზე შოუების მოწყობის წინააღმდეგი ვარ. ასეთი უგვანი გადაცემები არ უნდა გადიოდეს! ერთ–ერთ გადაცემაში ვიხილეთ, რომ თურმე ოჯახში ძალადობის მსხვერპლის რეაბილიტაცია ის არის, რომ შვიდქმარგამონაცვალმა კლუბი შექმნა და შვილიშვილისხელა საყვარელი ჰყავს. ეს "მარაზმია" და არა – გამოსავალი! ის ქალი თავისი ცხოვრების წესით აბსოლუტური ანომალიაა და თან არ მალავს, რომ საკუთარ შვილებს დაჩოქილ მამას აჩვენებდა. ეს კატასტროფა და დეგრადაციაა!

– მოძალადეებს თავადაც აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები. მკურნალობით შეიძლება მათი გამოსწორება?

– აუცილებლად სამკურნალოები არიან. მოძალადის მკურნალობა სახელმწიფოსგან არ ფინანსდება. მათ ყველა ქვეყანაში თვითონ აკისრებენ მკურნალობის თანხების ანაზღაურებას. ყველანი ვყოფილვართ გაღიზიანებული და ამას სხვადასხვანაირად გამოვხატავთ. ყველა სიტუაციაში თავი შეიძლება ვერც მე გავაკონტროლო, მაგრამ თავს რომ არ გავუტეხავ ვინმეს, ზუსტად ვიცი. სასმელიც არ არის მიზეზი, ესეც მხოლოდ აჩქარებს ძალადობის გამოვლენას. ერთი ქალბატონი მოვიდა გაღიზიანებული და, იცით, რა იყო პრობლემა? რატომ არის ჩემს ვაჟზე უფროსი მისი ცოლიო. ამ ამბავმა ძალიან გაგვამხიარულა. თან ამბობდა, განათლებულია, სუფთაა, ქმარიც უყვარს, შვილებიც, მაგრამ უფროსიაო. გაჩნდა ადრე ის ქალი და რა გვექნა?!

– საინტერესოა, რას ითხოვდა.

– ჩვენ გვყავს ბენეფიციარების კატეგორია, რომლებიც ითხოვენ, რომ მათ მოვუსმინოთ. რეკავენ და ითხოვენ ხან პენსიას, ხან ღირსების ორდენს. სამწუხაროდ, ასეთ აზროვნებას ვერავის ავუკრძალავთ.

რუსუდან ადვაძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online