asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მატა ჰარი – სიყვარულს შეწირული სიცოცხლე
მატა ჰარი – სიყვარულს შეწირული სიცოცხლე
მატა ჰარი – სიყვარულს შეწირული სიცოცხლე

2011-03-24 15:38:43



ამბობენ, ჯაშუშებს გრძნობა არ გააჩნიათო. არადა, ჯაშუშიც (მით უმეტეს, ქალი) ადამიანია და სიყვარული სწყურია. არც მატა ჰარი გახლდათ ამ მხრივ გამონაკლისი. მთელი ცხოვერების განმავლობაში საყვარლებს, როგორც ხელთათმანებს, ისე იცვლიდა, მაგრამ ბევრმა არ იცოდა, რომ მატი (ასე ეძახდნენ მეგობრები) საოცარ მარტოობას განიცდიდა. ნამდვილ სიყვარულს ის პირველი მსოფლიო ომის დროს შეხვდა, როცა უკვე გამოცდილ ჯაშუშად ითვლებოდა. კაცი, რომელიც მას შეუყვარდა, მისი შეფი გახლდათ. მას ვილჰელმ კანარისი ერქვა.

"ვერ დაგპირდები, რომ ცოლად შეგირთავ"

"მხოლოდ ქალური ჟინიანობით უნდა აიხსნას ის, რომ ბრწყინვალე თაყვანისმცემლებით გარშემორტყმულმა ლამაზმა ქალმა ეს არასასიამოვნო, უმარილო კაცი შეიყვარა", – ასე აფასებს მატა ჰარისა და კანარისის რომანს ინგლისის დაზვერვის ვეტერანი კუკრიჯი თავის წიგნში "ინგლისის საიდუმლო სამსახურის საიდუმლოებანი".

მათი რომანი მადრიდში დაიწყო. კანარისი მატა ჰარის თავაზიანად და გალანტურად ექცეოდა. მისი იმდროინდელი ამოცანა საფრანგეთში ჯაშუშების ქსელის გაძღოლა გახლდათ. მზადდებოდა მორიგი ოპერაცია, რომელშიც მატა ჰარიც იღებდა მონაწილეობას. ქალი კანარისის წინაშე კეკლუცობდა, მაგრამ ამაოდ. კაცი მშვიდი და აუღელვებელი იყო. მაშინ მატიმ თავისი საყვარლების შესახებ დაუწყო თხრობა. კანარისი პასუხად იცინოდა.

– როგორც ქალი, ოდნავადაც არ გაღელვებ?

– ისე რა... უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს.

– მართლა ასეთი ხარ თუ...

– დაზვერვის ჩვეულებრივი ოფიცერი ვარ, მეტი არაფერი.

– მიყვარხარ, – წაიჩურჩულა მატიმ და მის ტუჩებს დაეწაფა.

ამის შემდეგ მატი მისი საყვარელი გახდა. ის საოცრად ეჭვიანობდა, როდესაც კანარისი რომელიმე ქალს დაელაპარაკებოდა.

– ცხოვრებაში პირველად ვეჭვიანობ, ალბათ იმიტომ, რომ მიყვარხარ.

– ვერ დაგპირდები, რომ ცოლად შეგირთავ. მინდა, ჩვენ შორის ყველაფერი გასაგები იყოს. მე მზვერავი ვარ, შენ ჩემი აგენტი.

– არსებობს იმედის ნაპერწკალი, რომ აგენტის სტატუსი მეუღლისათი შევცვალო?

– შანსები ძალიან დიდი გაქვს, მით უმეტეს, რომ კონკურენტი არა გყავს. შენ შეიძლება ჩემი ცოლი გახდე, ოღონდ ომის შემდეგ.

მატიმ გადაიხარხარა და ტაში შემოჰკრა.

– აი, ასეთ მამაკაცზე ვოცნებობდი, – წამოიძახა მან, – შენ ჩემი იქნები, მხოლოდ ჩემი!

შემოწმება

– მითხარი, მატა ჰარი რატომ შეგარქვეს?

– ალბათ იმიტომ, რომ ლამაზი ვარ. მატა ჰარი არაბულად ცისკრის ვარსკვლავს ნიშნავს.

– შენ, რა, არაბულიც იცი?

– არა, ეს ჩემმა ერთ–ერთმა საყვარელმა მითხრა.

– იქნებ მოგატყუა?

– შეიძლება.

– არ გეშინია, რომ მეც მოგატყუებ?

– არა, არ მეშინია.

კანარისი ვნებიანად დაეწაფა მის ტუჩებს. ის ღამე ერთად გაატარეს. როდესაც მატი წავიდა, კანარისმა თავისი მოადგილე იხმო:

– ამ ქალბატონს თვალი არ მოაშოროთ, გასაგებია?!

ისინი უფრო ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ნელ–ნელა კანარისს "შემთხვევით" რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია წამოსცდა. მატიმ ის შეაჩერა:

– აბა, რას ამბობ! ეს ხომ სამსახურებრივი საიდუმლოებაა!

კანარისმა გამომცდელად აათვალიერ–ჩაათვალიერა, მაგრამ არაფერი უთქვამს.რამდენჯერმე მას მაგიდაზე "შემთხვევით" მნიშვნელოვანი საბუთებიც დარჩა. ქალი ამას ყურადღებას არ აქცევდა. სამაგიეროდ თავისი ცხოვრების თაობაზე ბევრს მოუთხრობდა.

– შენ შესახებ ლეგენდები დადის, თითქოს ინდონეზიელი თუ რაღაც ამდაგვარი ხარ.

– ინდონეზიელი არა... უბრალოდ, ადრე გავთხოვდი, ჩემი ქმარი შოტლანდიელი იყო, კოლონიური ჯარების ოფიცერი და მასთან ერთად ეგზოტიკურ ქვეყნებში მართლაც ბევრი ვიმოგზაურე. ესაა და ეს.

– ქმარი ძალიან გიყვარდა?

– ვინც ადრე თხოვდება, ის ყურებამდეა შეყვარებული, თუმცა ამ დროს ოცნების ტყვე უფრო ხარ. მეც ჩემი ქმარი იდეალურ რაინდად წარმომედგინა. ის კი ერთი ჩვეულებრივი კაცი იყო, ამიტომაც დავცილდი. ვერ ვაპატიე, რომ ჩვეულებრივი კაცი იყო და არა ზღაპრული რაინდი.

– მერე არ გაგიჭირდა?

– ამიტომაც გავხდი... – ქალს სიტყვა შუაზე გაუწყდა.

– გინდოდა, გეთქვა, რომ ჩვენზე მუშაობა ამიტომ დაიწყე?

– აბა რა უნდა მექნა? მე ხომ ფული მჭირდებოდა.

კანარისი გულდასმით უთვალთვალებდა მას. მოადგილის პატაკიც ყურადღებით მოისმინა:

– თქვენ შესახებ არავისთვის არაფერი უთქვამს. ჩვენ მისი ყოველი ნაბიჯი, ყოველი სიტყვა აღვრიცხეთ.

– მაშ, ჩვენ გარდა არავისთანაა შეკრული?

– მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ თქვენთან საუბრების შესახებ არავისთვის უთქვამს.

"თუკი ეს შენთვის საჭიროა"

– მომილოცე, მატი, ბერლინმა ჩემი გეგმა დაამტკიცა.

– მომილოცავს.

– ნაადრევად გიხარია. შენ ფრიად სახიფათო მისიის შესრულება მოგიწევს.

– ასე რას მიყურებ? ჩემი არ გჯერა? – მატიმ ნაღვლიანად გაიღიმა.

– მართალი ხარ, არ მჯერა. შენ თავი შეყვარებულ ქალად მოგაქვს. შენი პროფესიისა და ბიოგრაფიის ქალბატონი კი გოგონასავით შეყვარებული ვერ იქნება.

– ყველა ქალი იდეალურ მამაკაცზე ოცნებობს და არც ასაკს, არც ბიოგრაფიას, არც პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს. შენკენ რაღაც იდუმალი ძალა მიზიდავს, მსურს, თავი მკერდზე დაგადო და ჩემი ბედი მოგანდო. ალბათ ნამდვილი სიყვარულიც ამას ჰქვია.

– მოდი, ახლა საქმეზე გადავიდეთ. შენ, როგორც მსახიობი, პარიზს გაემგზავრები. ფრანგების კონტრდაზვერვას აღრიცხვაზე ჰყავხარ. დაგაკავებენ თუ არა, სამსახური შესთავაზე. შენ მათი ნდობა უნდა მოიპოვო, მათ აგენტურულ ქსელში უნდა ჩაჯდე, პარალელურად დაწვრილებით პატაკებს გამომიგზავნი. არ დაგიმალავ, ეს ძალიან საშიშია. გადარჩენის შანსებიც მინიმალურია.

– თუკი გადავრჩი და დავბრუნდი, პირობას მაძლევ, რომ ცოლად შემირთავ?

– პირობას გაძლევ.

– ვილი, ასე რატომ მიმეტებ? ჩემი არ გჯერა?

– დაე, უფალმა გადაწყვიტოს, ხარ თუ არა ნდობის ღირსი. ამას გულახდილად გეუბნები და ერთ შანსსაც მოგცემ: შეგიძლია დავალებაზე უარი განაცხადო. არავინ დაგსჯის, ოფიცრის სიტყვას გაძლევ.

– მე წავალ პარიზში, – მატიმ ისე ამოიოხრა, გეგონებოდათ, გულ–ღვიძლი ამოაყოლაო, – შენ მართალი ხარ, დაე, უფლის ნება აღსრულდეს.

ეპილოგი

საფრანგეთის კონტრდაზვერვასთან ჭიდილში მატა ჰარი დამარცხდა. ის დააპატიმრეს და საომარი მდგომარეობის შესაბამისად სიკვდილით დასაჯეს. "კანარისმა გაწირა ქალი, რომელსაც ის უყვარდა", – წერს კუკრიჯი.

ჰიტლერზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ კანარისი დააპატიმრეს. გესტაპოს გამომძიებელმა მას მატა ჰარის შესახებაც დაუსვა კითხვა:

– თქვენ ის გაწირეთ, რატომ?

– არ გამიწირავს, – ყრუდ მიუგო კანარისმა, – ის თავს შეყვარებულ ქალად მაჩვენებდა, ეს კი წარმოუდგენელია. შეყვარებული ჯაშუში! მეც ყოველივე ბედს მივანდე.

– ნანობთ?

– ადამიანი ცოდვილია, გამონაკლისი არც მე ვარ. იცით, ჰიტლერის მადლობელიც კი ვარ, რომ მომკლავს. ვინც ცოდვებისათვის აქ, დედამიწაზე დაისჯება, სასუფეველს მოიპოვებს.

ადმირალმა კანარისმა სიცოცხლე სახრჩობელაზე დაასრულა.

ნიკა თევზაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online