| ქალი და მამაკაცი |

ჩვენი რესპოდენტი მოგიყვებათ წლების წინ მათ ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიასა და დედის წყევლაზე, რომელმაც ქალიშვილის ოჯახს უბედურება მოუტანა. იმისათვის, რომ უფრო ნათელი გახდეს ჩვენი მკითხველისთვის რა დატვირთვა აქვს დედის წყევლას, ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ინტერნეტსაიტზე განთავსებული წერილის ნაწყვეტს შემოგთავაზებთ. "წყევლა - ეს განსაკუთრებული საუბრის თემაა. მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ, როგორც გულმხურვალე ლოცვით შეუძლიათ შვილებისთვის ღვთისგან უსაზღვრო მადლი მიიღონ, ასევე გაღიზიანებულად ნათქვამით, წყევლით, რისხვით შეიძლება შვილებს უბედურება დაატეხონ თავს. დედის ყოველი სიტყვა, ზოგჯერ უგუნურად და გაუაზრებლად არის ნათქვამი და როდესმე მაინც ახდება.."
ნათელა შ.:
- უკვე 60 წლის ქალი ვარ და საკმაო ცხოვრება გავლიე. ისეთ თემაზე უნდა გესაუბროთ, რაზეც საუბარი ბევრს, ალბათ, უჭირს. ეს ცოტა მისტიკურია თითქოს, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ამქვეყნად ყველაფერი არსებობს. ჯერ კიდევ პატარაობაში გამიგონია, რომ წყევლას რაღაც ძალა აქვს. ისიც გამიგია, წყევლა მაწყევარს უბრუნდებაო და ისიც, რომ დედის წყევლა ხშირად სრულდება. არა მგონია, რომელიმე დედა შვილს გულით წყევლიდეს, მაგრამ გაუაზრებლად ნათქვამი მსგავსი რამ შვილის მიმართ, შეიძლება, მართლაც, ასრულდეს. ამას ბევრი ყურადღებას არ აქცევს და ზოგს, ალბათ, გაეცინება, რომ ამხელა ქალი რაღაც ცრურწმენებზე გვიყვებაო. მაგრამ დამიჯერეთ, მე ამ დასკვნამდე რეალურმა მაგალითმა მიმიყვანა. ადრე კი მეც თქვენსავით მეცინებოდა მსგავს რამეებზე. ვისაც უნდა, ეს ჩემს ფანტაზიის ნაყოფად ჩათვალოს და ვისაც უნდა, დამიჯეროს, მე მაინც გიამბობთ იმ უცნაურ ამბავს, რაც ჩემს ოჯახში დატრიალდა.
- ეს უცნაური ამბავი, როგორც მივხვდი, წყევლას უკავშირდება.
- დიახ, მართალი ბრძანდებით. გავიზარდე მრავალშვილიან ოჯახში. დედმამიშვილებში მე ყველაზე პატარა გახლდით. უფროსი ძმა ჩემზე 12 წლით დიდი იყო. ის მოულოდნელად გარდაიცვალა, როდესაც სკოლა დაამთავრა. ერთ დილით ლოგინში გარდაცვლილი ვიპოვეთ, თუმცა, ამისი მიზეზი ვერ გავიგეთ. მაშინ არც მედიცინა იყო ასე შორს წასული, ჩემმა მშობლებმა კი რა აღარ იღონეს, რომ მისი დაღუპვის მიზეზი გაეგოთ, მაგრამ ეს ფაქტი ბურუსით მოცული დარჩა. ასეა თუ ისე, უფროსი ძმის დაკარგვა დიდი ტრაგედია გახდა ჩვენი ოჯახისთვის. დაახლოებით, 5 წლის მერე კი, მეორე ძმაც მოულოდნელად გარდაიცვალა სკოლაში ყოფნის დროს. ის მაშინ 16 წლის იყო. ეს უკვე მეორე დიდი დარტყმა იყო ჩვენი ოჯახისთვის. მხოლოდ სამი დანი დავრჩით. დრო გავიდა. როგორღაც გადაიტანეს ჩემმა მშობლებმა ეს ტკივილი და ყურადღება მთლიანად გოგონებზე გადმოიტანეს. მერე, ჩემი უფროსი დები გათხოვდნენ, შვილები შეეძინათ და დედაც და მამაც ცოტა გახალისდნენ. ვერ ვიტყვი, რომ შეეგუვნენ ორი ვაჟის უმიზეზოდ გარდაცვალებას-თქო, მაგრამ რაღას უშველიდნენ. ერთადერთი, სულ იმას ამბობდნენ, ნეტა, გაგვაგებინა, რატომ დავისაჯეთ ასეო. ამ უცნაურ ამბავს ფარდა წლების მერე აეხადა, როდესაც მამა ცოცხალი აღარ იყო, დედა კი ლოგინად ჩავარდა.
- როგორ აეხადა ამ ყველაფერს ფარდა?
- ჩვენს მეზობლად ახალი ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად. ისინი ზუსტად ჩვენს პირდაპირ დასახლდნენ (ჩვენ იტალიურ ეზოში ვცხოვრობთ). ერთ დღეს ახალი მეზობელი ჩვენთან შემოვიდა, ცოტა უცნაურად იქცეოდა და უცნაურ კითხვებს სვამდა. მე მაშინ უკვე გათხოვილი ვიყავი და ჩემს ქმარ-შვილთან და დედასთან ერთად ვცხოვრობდი მშობლების სახლში. იმ ქალმა გვერდით ოთახში შემიყვანა და ლაპარაკი დამიწყო. მითხრა, რომ ჩვენს ოჯახზე ყველაფერი იცოდა. მე ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. მერე მომიყვა ყველაფერი ისე ზუსტად, რომ გაოცებული დავრჩი და მასში ეჭვიც არ შემპარვია.
- არ ჰკითხეთ, საიდან იცოდა თქვენი ოჯახის შესახებ ყველაფერი. ის ხომ ახლად გადმოსული იყო თქვენს მეზობლად?
- რა თქმა უნდა, ვკითხე. პასუხმა კი გამაოგნა. თურმე, რაც აქ გადმოვიდნენ, იმ დღიდან ამ ქალს ხილვები და კოშმარები დაეწყო. აი, რა მომიყვა მან: თურმე, ჩვენს ოჯახს წყევლა ჰქონდა მიღებული ახლობლისგან და იმიტომ შეგვემთხვა წლების წინ ის 2 ტრაგედია ჩემს ძმებთან დაკავშირებით. ისიც მითხრა, რომ ეს წყევლა მხოლოდ ამ 2 ადამიანზე გადავიდა და ნუ შეგეშინდებაო. თუმცა, ის, რაც მისგან მოვისმინე, ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ჩემთვის და გაოცებული ვუსმენდი. როგორც მან ხილვებში დაინახა, დედაჩემი იყო დაწყევლილი თავისივე დედისგან და ამიტომაც დაკარგა მან 2 ვაჟი. დამერწმუნეთ, ეს ძალიან ძნელი მოსასმენი აღმოჩნდა ჩემთვის. დედისგან დაახლოებით კი ვიცოდი, რომ როდესაც მან თავისი ბედი მამას დაუკავშირა, დედამისი ამის წინააღმდეგი ყოფილა. თურმე სიძე არ მოსწონდა და დედას უშლიდა, რომ მას ცოლად გაყოლოდა. ისინი მაინც დაქორწინდნენ. ბებია როგორღაც შერიგებია ამ ფაქტს, რადგან ბაბუა სიძის წინააღმდეგი არ ყოფილა. ქორწილის დღეს კი ბებოს დედასთვის უთქვამს, ღმერთს ვთხოვ, ბიჭი არ გეღირსოსო. დედამ ერთხელ მოგვიყვა კიდეც ეს ამბავი და როცა ამას იხსენებდა, სულ ცრემლი ადგებოდა, რატომ მითხრა ასე, თანაც, ქორწილის დღეს. ხომ ხედავდა, რომ უკვე გათხოვილი ვიყავი ან სიძეს რას ერჩოდაო. დედას ეტყობოდა, რომ ბებოს ნათქვამი სიტყვები წლების მერეც კი მტკივნულად ახსენდებოდა. ეს ყველაფერი ჩემმა მეზობელმა სრული სიზუსტით მიამბო, თუმცა, მე ისედაც ვიცოდი. ამიტომაც ამ ქალის დავიჯერე. ბოლოს მითხრა, ახლა არ შეგეშინდეს, მთავარია, რომ წყევლა შეჩერდა და დანარჩენ ოჯახის წევრებს არაფერი გემუქრებათო.
- დედათქვენს უამბეთ მეზობლის ხილვების შესახებ თქვენს ოჯახთან დაკავშირებით?
- არა, ვერ შევძელი ამის თქმა. მხოლოდ ჩემს დებსა და ზოგიერთ ძალიან ახლო ნათესავს ვუამბე და ყველა გაოცდა. დედას კი ამას ვერ ვეტყოდი, ისედაც ძალიან ცუდად იყო და ეგ ამბავი რომ გაეგო, ალბათ, იმწამსვე გული გაუჩერდებოდა. თუმცა, სადღაც გულის კუთხეში დედა მაინც ხვდებოდა, ალბათ, რომ ბებიას წყევლამ გაჭრა და ორი საღ-სალამათი ვაჟიც იმიტომ დაკარგა. დღეს, დედა უკვე ცოცხალი აღარაა, მე 60 წელს მივაღწიე და ეს ამბავი დღემდე მახსენდება. გადავწყვიტე, მკითხველისთვისაც მეამბნა. შეიძლება, ეს ყველაფერი არარელიგიურია, რადგან ისიც გამიგია, ვისაც სჯერა, წყევლაც სწორედ მასზე სჭრისო, მაგრამ რაღაც აუხსნელი მართლა არსებობს ამ ქვეყნად. ამ საკითხში კარგად ვარ გათვითცნობიერებული და წლებია, რაც მსგავს ფაქტებს სულ ვეძებ და ვეცნობი ხოლმე. უბრალოდ, მინდა ყველა დედას მოვუწოდო, რომ შვილებთან დაკავშირებით ნუ იქნებიან კატეგორიულები და ყოველთვის დაუფიქრდნენ რას უსურვებენ მათ. უცებ შესაძლოა შვილმა მართლა ძალიან გაგაბრაზოს და იმ მომენტში მოსაკლავიც იყოს, მაგრამ დედამ მაინც თავი უნდა შეიკავოს მისი დაწყევლისგან.
თეონა კენჭიაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”











"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 






















































































