asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გარდაცვლილთა სულებთან "თამაში" არ შეიძლება
შემზარავი ამბავი
გარდაცვლილთა სულებთან "თამაში" არ შეიძლება

2012-02-11 12:36:59



გოგონას წერილი შემზარავია და იმედი გვაქვს, გულდასმით გაეცნობით. გარდაცვლილი დედისა და მისი მეგობრების ბავშვური თამაში წყევლამ შეცვალა, რომელიც ნელ-ნელა ხდება. უფრო კონკრეტულად ყველაფერს წერილის წაკითხვისას გაიგებთ.
"გამარჯობათ! მე მარია ვარ, 16 წლის. წერილის მოწერა ჩემმა ტკივილმა გადამაწყვეტინა. ძალიან უცნაურ ამბავს მოგიყვებით. დაახლოებით, ერთი წლის წინ, დავობლდი, ჩემი უსაყვარლესი დედიკო გარდამეცვალა. ეს ისეთი მოულოდნელი იყო, დღესაც ვერ ვიჯერებ და სულ მგონია, რომ დედა შორს წავიდა და მალე დაბრუნდება. დედისერთა ვარ და ჩემს მშობლებთან ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარული მქონდა. დედასა და მამას ჩემზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ დედამ მეორე შვილი ვეღარ გააჩინა. თურმე, სიმსივნე ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი ექიმი მიუხვდა. სიკვდილამდე ორი თვით ადრე, ძალიან ცუდად გახდა, საავადმყოფოში გადავიყვანეთ და მხოლოდ იქ გაიგეს, რომ დედას სიმსივნე ჰქონდა და რამდენიმე ხნის სიცოცხლე დარჩენოდა. მე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ვიცოდი. ამას როგორ მეტყოდნენ. თუმცა, მამა სულ დადარდიანებული იყო, ბებია-ბაბუაც და ძნელი მისახვედრი არ ყოფილა, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა ჩვენს თავს. ექიმებს უთქვამთ, რომ მკურნალობა უკვე დაგვიანებული იყო, თუმცა, დედა კიდევ ორ წელს იცოცხლებდა. ისინი შეცდნენ, ის ორ თვეში გარდაიცვალა. თვითონ თავის ავადმყოფობაზე არაფერი იცოდა. რამდენიმე კვირით ადრე კი, მისი და მამას საუბარს დავუგდე ყური. ეუბნებოდა, რატომ მიმალავთ რა მჭირს, მე მაინც ყველაფერი ვიციო. ძალიან ვინერვიულე და უკვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე, მაგრამ მაინც ბოლო წუთამდე იმედი მქონდა, რომ დედიკო გადარჩებოდა.
ბოლო ერთი თვე დედა თითქმის სულ იწვა და მასთან გამუდმებით ექთნები მოჰყავდათ, რომლებიც გადასხმებს უკეთებდნენ. ჩვენს ოჯახში საშინელება ხდებოდა. ყველა თავისთვის იკეტებოდა ოთახში და ხმამაღლა ტიროდა. მამა ერთიანად გაჭაღარავდა და ადამიანს აღარ ჰგავდა. დედა დავკარგეთ და იმ დღეების გახსენება დღემდე მზარავს. ეს რა განცდაც არის, ამაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, რადგან ყველა მიხვდებით, რას ნიშნავს, როდესაც 16 წლის გოგო დედიკოს კარგავს. ჩემს ისტორიაში ყველაზე მთავარი ის არის, რომ სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე, დედამ პირისპირ მელაპარაკა. მისი ყველა სიტყვა დღემდე კარგად მახსოვს. აი, რა მითხრა მან: თურმე, წლების წინ, როდესაც დედიკო, დაახლოებით, ჩემი ასაკის იყო, მეგობრებთან ერთად თამაშობდა. გოგონები თითქოს სულებს იძახებდნენ და თავიანთი საბედოს სახელებს იგებდნენ. ასეთ თამაშ-თამაშში საოცარი რამ მომხდარა. ერთ დღესაც, როცა გოგონები კვლავ დასხდნენ და სული გამოიძახეს, მოხუცი ქალი გამოეცხადათ, რომელიც ვერც ერთმა იცნო. მანამდე ასე არავინ გამოსცხადებიათ და თურმე, შიშისგან ლამის გულები გაუსკდათ. ქალის გამოსახულება მალე გაქრა. ყველაფერი რომ ჩაწყნარდა, ერთ-ერთ გოგონას მაგიდაზე ძველი ქაღალდი შეუნიშნავს. აღმოჩნდა, რომ ეს ფურცელი მათი არ იყო. შიგნით კი საშინელი ტექსტი ეწერა. თურმე, ოთხივე გოგოს მიმართ საშინელი წყევლა ეწერა. შეშინებულებს ეს ფურცელი დაუწვავთ და ეკლესიაში გაქცეულან.
ამის მერე მრავალი წელი გავიდა. დედასაც და მის მეგობრებსაც გადაავიწყდათ ის ამბავი. თუმცა, როგორც დედამ მომიყვა, მისი ორი მეგობარი მართლაც დაიღუპა. ანუ წყევლა ახდა. დედამ მითხრა, ახლა მეც მოვკვდები, შვილო, და ერთი დაქალიღა რჩება, მინდა ის მაინც გადარჩესო. ეს რომ მითხრა დედამ, ცუდად გავხდი. ის კი მამშვიდებდა, შენ არ ინერვიულო, ზეციდან ვილოცებ შენთვის, შენ კი აქედან ილოცე ჩემი სულისთვისო. ბოდიში მომიხადა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მიამბო, მაგრამ თან დააყოლა რატომაც მითხრა. თურმე, დედამ წინა ღამეს ცხადში ნახა ის მოხუცი ქალი, რომელიც მაშინ, წლების წინ გამოეცხადათ მასა და მის დაქალებს. იმ ქალს უთქვამს, ხომ ხედავთ ყველანი იღუპებით ნელ-ნელა. თუ გინდა, რომ შენი მესამე დაქალი გადაურჩეს სიკვდილს, მაშინ ამისთვის შენმა გოგომ უნდა ილოცოსო. ამიტომაც მომიყვა დედამ ეს ამბავი და მითხრა, მხოლოდ შენ შეგიძლია, რომ ჩემი მეგობარი გადაარჩინოო. მე დავიბენი, ჯერ კარგად ვერ გავიგე დედას მონათხრობი. ვუთხარი, ბევრს ვილოცებ და მარტო შენს დაქალს კი არა, შენც გადაგარჩენ-მეთქი. სამწუხაროდ, დედა მალე გარდაიცვალა.
დღემდე მისი სიტყვები მოსვენებას მიკარგავს და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ვერავის ვუყვები, თუ რა მითხრა დედამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. თქვენთან მოწერაც იმიტომ გადავწყვიტე, რომ იქნებ რამე რჩევა მომცეთ. ამას წინათ დედა მესიზმრა და მითხრა, დაიწყე, შვილო, ლოცვა და ქეთი დეიდა გადაარჩინეო. მე კი ვლოცულობ, მაგრამ არ ვიცი ეს უშველის თუ არა დედას მეგობარს. ახლა, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომ მოძღვართან მივიდე და მოვუყვე ეს ამბავი, თორემ სხვა ამას არ დამიჯერებს. იქნებ მართლაც გადავარჩინო ქეთი დეიდა იმ საშინელი წყევლისგან. ძალიან ვიტანჯები ასე, პასუხისმგებლობას ვგრძნობ და არ ვიცი, ამას მარტო თუ შევძლებ. წერილის მოწერა კი უფრო იმან გადამაწყვეტინა, რომ სხვებისთვის ეს მაგალითი იყოს. ჩემი ტოლი გოგონები ასეთ თამაშებს ხშირად თამაშობენ. ვითომ უწყინარი ჰგონიათ ეს, მაგრამ ამქვეყნად ყველაფერი არსებობს და გარდაცვლილების სულებთან თამაში არ ღირს. დედაჩემის ამბავიც სწორედ ამისი მაგალითია. მოძღვართან მისვლით, იმედია, დედას მეგობარი - ქეთი დეიდაც გადარჩება, დედიკოს სულიც მოისვენებს იმქვეყნად და მეც აღარ დავიტანჯები".
თეონა კენჭიაშვილი


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online