asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საგვარეულო წყევლა თუ საბედისწერო დამთხვევა
"ყველა მამაკაცი, ვინც მიყვარდა, დაიღუპა"
საგვარეულო წყევლა თუ საბედისწერო დამთხვევა

2011-02-17 14:59:00



ის რაც ჩვენმა რესპონდენტმა გვიამბო, საინტერესო და ამავე დროს მძიმე ისტორიაა. ახალგაზრდა ქალს ცხოვრების გზაზე თითქოს თან სდევდა სიკვდილის აჩრდილი, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე საყვარელ პიროვნებებს ართმევდა. როცა ეს რამდენჯერმე განმეორდა, მტკიცედ გადაწყვიტა, აღარავინ შეეყვარებინა. თავი აიძულა, უარი ეთქვა მამაკაცისთვის, რომლის მიმართაც გრძნობა გაუჩნდა და მოხდა საოცრება: ის კაცი გადარჩა, არადა საფრთხე გარდაუვალი იყო. რატომ ხდებოდა ტრაგედიები მის ცხოვრებაში? ამის შესახებ შუახნის ქალბატონი ციცი თავად გვიამბობს.

ციცი:

– არ ვიცი, ამას რა დავარქვა, თანდაყოლილი ბედისწერა, სასჯელი თუ სხვა რამ. იმ ქალების კატეგორიას ვეკუთვნოდი, ვისაც თაყვანისმცემლები არ აკლია, უჩვეულო კი ის იყო, რომ ვის მიმართაც გრძნობა მიჩნდებოდა, მას რაღაც ემართებოდა...

– კონკრეტულად რა ხდებოდა?

– ვატო ჩემი პირველი შეყვარებული იყო, ფიზიკურად და სულიერად ლამაზი ბიჭი. ბავშვობაში პიონერთა სასახლეში ერთ წრეზე დავდიოდით და ერთმანეთს დავუახლოვდით. პირველი სიყვარული მაინც ღრმად რჩება შთაბეჭდილებებში, უფრო წმინდა და რომანტიკულია, ოცნების საბურველში გხვევს. ერთად დავდიოდით ექსპედიციებში, საქართველოს მთიანეთში. ვწერდით ლექსებს და ვმახვილსიტყვაობდით. ერთმანეთს ბევრ რამეში ვუგებდით. ჩვენი ოჯახები ერთმანეთს იცნობდნენ, ამიტომ მათი მხრიდანაც არ გვქონდა წინააღმდეგობა. ერთად მრავალი ბედნიერი დღე გავატარეთ. უმაღლეს სასწავლებელში რომ მოვეწყვეთ, ვატომ დაიჩემა, დავქორწინდეთო. ოჯახის შექმნა ჯერ კიდევ ნაადრევად მიმაჩნდა, მაგრამ ვატო მაჩქარებდა. უფრო რომანტიკული ელფერი რომ მიგვეცა, გადავწყვიტეთ, გავპარულიყავით. ვატომ ყველაფერი მოაგვარა, საქორწინო მოგზაურობაში საქართველოს ყველაზე ეგზოტიკური მხარეები უნდა დაგველაშქრა, მაგრამ...

– დაგეგმილი მოგზაურობა ვერ განხორციელდა?

– მოგზაურობამდე სამი დღით ადრე ვატო მეგობრის ოჯახში სუფრასთან მოხვდა. ბიჭებმა დალიეს, ვატო არ სვამდა. ადრე უნდოდა სუფრის დატოვება, მაგრამ არ დაანებეს, სამ დღეში ცოლიანი კაცი იქნები და ისიც გეყოფა, ჩვენთვის რომ ვეღარ მოიცლიო. ხუმრობა–თამაშში ერთმა მათგანმა რევოლვერი გაისროლა, ტყვია რიკოშეტით ვატოს მოხვდა და... ასე უაზროდ, შემთხვევით, ბრმა ტყვიით დაიღუპა.

– ეს ტრაგედია ალბათ მძიმედ გადაიტანეთ.

– ვერაფრით გამოვდიოდი მდგომარეობიდან, წლები დამჭირდა... მეგონა, ქვეყანა დაიქცა ჩემთვის, მაგრამ დროს თავისი მიაქვს.

– მეორე შემთხვევაში რა მოხდა?

– რამდენიმე წლის შემდეგ ზურა გავიცანი. საინტერესო და კარგი პიროვნება, ლაღი და იუმორით სავსე ბიჭი იყო. მის გვერდით ხელახლა გამინათდა ცხოვრება. ჯერ უბრალოდ ვმეგობრობდით, მერე შემიყვარდა. მას შემდეგ, რაც სიყვარულში გამოვუტყდით ერთმანეთს, მოვლენები ელვისებურად განვითარდა. ძალიან მალე ხელი მთხოვა, მაგრამ ჩვენ შორის ჩადგა ქალი, რომელსაც წესიერად არც იცნობდა. მასთან მანამდე ინტიმური კავშირი ჰქონია. ის ქალი მისგან ბავშვს ელოდებოდა. მუცელი რომ დაეტყო, მერე გაამჟღავნა. ქალის მშობლებმა აიძულეს, ცოლად მოეყვანა. ეს ფაქტი ჩემს თავმოყვარეობასა და გრძნობაზე მეხის დაცემასავით იყო. უზომოდ განვიცადე, ჯერ ზურას დანახვა არ მინდოდა, მეგონა, ვერ ვიტანდი, მაგრამ მერე გავუგე, მისი მდგომარეობა გავითავისე და შემეცოდა. ამგვარი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მას ჩემ მიმართ სიყვარული კიდევ უფრო გაუმძაფრდა, მეუბნებოდა, ეს ქორწინება ფიქტიურია, მთავარია, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს, მერე ჩვენი სიყვარულისთვის ვიბრძოლებ და ყველაფერს ვიღონებ, ერთად ვიყოთო. ის ქალი ყველანაირად ცდილობდა, ძალით შერთული ქმარი შეენარჩუნებინა, მაგრამ ერთხელ ზურამ შეუსწრო – საეჭვოდ ელაპარაკებოდა ტელეფონით ვიღაცას. ზურამ ჩამწერი დააყენა და იმ პიროვნების ვინაობა გაიგო. იმ ქალის ძველი შეყვარებული აღმოჩნდა. ზურამ მასთან სიტუაციის გარკვევა მოინდომა და შეხვედრა დაუთქვა. ცოლთან განქორწინებისთვის საბაბს ეძებდა. მე არაფერს მიმალავდა და მპირდებოდა, მალე დავქორწინდებით და მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებითო. გული ცუდს მიგრძნობდა, უმორჩილესად ვთხოვდი, პასუხი ცოლისთვის მოეთხოვა და იმ ტიპს არ შეხვედროდა. არ დამიჯერა. დედამისთანაც დავრეკე, იქნებ მას მაინც შეეჩერებინა შვილი, მაგრამ ქალაქიდან აღმოჩნდა გასული, მივლინებაში იყო...

იმ ბიჭს პარკში შეხვდა. მან ბიჭები დაახვედრა და დანა იხმარა... ზურა მასთან ჩხუბის მიზნით არ წასულა. დაჭრეს და ადგილზევე გარდაიცვალა.

– მეორედაც საშინელი დარტყმა გადაგიტანიათ.

– საკუთარ თავში ჩავიკეტე და მწუხარებაში მყოფმა დავიწყე ფიქრი, რატომ ხდებოდა ჩემ გარშემო ასეთი ტრაგედიები, იქნებ მიზეზი ჩემში იყო? თავს ვიდანაშაულებდი. დაქალები, მშობლები და ნათესავები თავს დამტრიალებდნენ, რომ როგორმე მდგომარეობიდან გამოვსულიყავი და ეს აკვიატებული აზრი თავიდან ამომეგდო. ერთხელ ჩემმა ბიძაშვილმა სიზმარი ნახა: შავებში ჩაცმული ქალი ეუბნებოდა ჩემზე, სიკვდილის აჩრდილი დასდევს და თუ არ მოიცილებს, ტრაგედია განმეორდებაო. ამ სიზმარმა ბევრი ააფორიაქა. მიხვდნენ, რომ ჩემ გარშემო უცნაური მოვლენა ხდებოდა.

ყველა ჩემი ახლობელი და გულშემატკივარი ჩაება მიზეზის ძიებაში. მაშინ, კომუნისტების ეპოქაში, ხალხი ჯერ კიდევ არ იყო გაცნობიერებული რელიგიაში, ეკლესიურ ცხოვრებაში. წამიყვანეს თბილისში ცნობილ მკითხავებთან. ჩემს ბედს სხვადასხვაგვარად ხსნიდნენ, თუმცა ყველა მათგანი ამბობდა, რომ ჩემს წინაპარს "საგვარეულო ჯადო" ჰქონდა გაკეთებული, რაც თითქოს ჩემზე გადმოვიდა. მე ათეისტურ გარემოში გავიზარდე, მამა თანამდებობის პირი მყავდა (პარტიული), დედა – პედაგოგი, ამიტომ ასეთი რამ დაუჯერებლად მეჩვენებოდა, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო, რაღაც აუხსნელი ხდებოდა, უკვე ინტუიციითაც ვგრძნობდი. ერთმა პარაფსიქოლოგმა მითხრა, შენზე ცუდი ენერგიაა გადმოსული და აურა უნდა გაიწმინდოო. ამას დაემატა ისიც, რომ ზაფხულში ჩემი სოფლის მოხუცებისგან ასეთი ისტორია მოვისმინე: თურმე ჩემი დიდი პაპის ქალიშვილი არ წაჰყოლია ვაჟს, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა. იმ ბიჭს, შურისძიების მიზნით, თავი მოუკლავს, მის დედას კი ქალი დაუწყევლია, შენს ხელში კაცმა არ გაიხაროსო. ის ჩემი წინაპარი გაუთხოვარი დარჩენილა. სოფელში ამბობდნენ, ალბათ იმ ქალის წყევლა შენზე გადმოვიდაო.

– როცა ეს გაიგეთ, როგორ მოიქეცით, რა მოიმოქმედეთ?

– მეგობრების რჩევით, რაღაც პროცედურები ჩავიტარე აურის გასაწმენდად, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ეს გზა სწორი იყო და პრობლემას მომიხსნიდა. დედამ ფსიქოლოგთანაც მიმიყვანა, მაგრამ არაფერმა მიშველა, აკვიატებულ აზრს და შიშებს ვერ ვიცილებდი. თავს ცოდვილად ვგრძნობდი, რომ ჩემი ბედისწერის გამო საუკეთესო ბიჭები იღუპებოდნენ. ჩემს გაუბედურებულ ცხოვრებას აღარ ვჩიოდი.

დროთა განმავლობაში საზოგადოებაში გამოვედი, მაგრამ გულში იარა მქონდა. მამაკაცებს გავურბოდი. თუ ვინმეს მოვეწონებოდი, უხეშად ვიცილებდი. ვცდილობდი, არავინ მომწონებოდა. შეიძლება მათ შორის ჩემთვის მისაღები პიროვნებებიც იყვნენ, მაგრამ სიახლოვეს არ ვიკარებდი.

– როცა სასურველი მამაკაცის მხრიდან სიყვარული მოდის, ძალიან ძნელია თავისუფალმა ქალმა თავისივე ნებით უარი თქვას. თქვენ ამას როგორ ახერხებდით?

– თვითჩაგონებით. დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ პიროვნებას, ვისაც დავუახლოვდებოდი, ჩემი სიყვარულის გამო სასჯელი ელოდა, ამიტომ თავს ვარიდებდი. როცა საქმე სიკვდილ–სიცოცხლეს ეხება, იქ ექსპერიმენტს ვერ ჩაატარებ. იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, თუ ვინ იქნებოდა მორიგი მსხვერპლი.

– არავინ გირჩიათ, ეკლესიაში წასულიყავით და მოძღვრისთვის მიგემართათ?

– სამწუხაროდ, ამ გზას გვიან დავადექი, მაშინ, როცა უკვე ჩემი ბედნიერების კიდევ ერთი შანსი ხელიდან გავუშვი. თავიდანვე რომ ეკლესიაში წავსულიყავი, საჭირო ლოცვები ჩამეტარებინა და სულის განწმენდისთვის მეზრუნა, სიყვარულს არ დავკარგავდი.

– ამ ისტორიების მოსმენა ძალიან მძიმეა, მაგრამ მაინც გკითხავთ, მესამე შემთხვევაში რაღა მოხდა?

– ის მამაკაცი უკვე მოწიფულ ასაკში გავიცანი. მიუხედავად იმისა, რომ თავს ვებრძოდი, პიროვნულად ძალიან მიმიზიდა, ჩემს ფიქრებში შემოვიდა. თავს შთავაგონებდი, რომ მისი შეყვარების უფლება არ მქონდა და ეს გრძნობა რაღაც ეტაპზე გავყინე. ერთმანეთთან საერთო მეგობრები, სამსახურიც გვაკავშირებდა და ამიტომ ბოლომდე თავს ვერ ვარიდებდი. ჩემ მიმართ სერიოზულად განეწყო. ჩემი ისტორიებიც იცოდა, მაგრამ ძლიერი, უშიშარი პიროვნება იყო და ეს მისტიკური მომენტი არაფრად მიიჩნია, თითქოს სკეპტიკურადაც უყურებდა, ჩემდამი ინტერესი კი უფრო გაუმძაფრდა.

მოხდა ისე, რომ სამსახურიდან უცხოეთში მიავლინეს. იქ საპასუხისმგებლო საქმე ჩააბარეს, რომელსაც წლობით უნდა გაძღოლოდა. დამირეკა და შემომთავაზა, ჩამოვალ, ხელი მოვაწეროთ და ჩემთან წაგიყვანო. ამ წინადადებამ ამაფორიაქა, მოსვენება დავკარგე. მეგობრები მირჩევდნენ, უარი არ მეთქვა, მაგრამ მე სასწორზე ვიდექი, ღამეები არ მეძინა. როცა ჩავთვლემდი, საშინელ სიზმრებს ვხედავდი. არც მისი დაკარგვა მინდოდა, შეუღლების კი მეშინოდა. ბოლოს, როგორც იქნა, თავს ვძლიე და ბოლო მომენტში უარი ვუთხარი, ის უკვე თვითმფრინავის ბილეთით ხელში აეროპორტისკენ მიიჩქაროდა. ჩემგან ძალიან გაწბილებული და შეურაცხყოფილი დარჩა, გზიდან მიბრუნდა და ჩვენი სიყვარულის ისტორიაც იქვე დამთავრდა. ბევრი ვიდარდე, მაგრამ სანუგეშოდ მქონდა არგუმენტი: მე ის საფრთხეს გადავარჩინე.

– რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო?

– იმ დროს, როცა მისი რეისი უნდა გასულიყო, აეროპორტში ტერაქტი მოხდა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. ვერ გამოვრიცხავ, რომ ამ უბედურებაში ის ადამიანი არ მოყვებოდა. ვფიქრობ, ჩემი უარით ვიხსენი.

– მას შემდეგ, რაც ეკლესიურ ცხოვრებას შეუდექით, თქვენში რა ცვლილება მოხდა?

– ჩემში სიმშვიდე და რწმენა შემოვიდა, უფლის შემწეობა ვიგრძენი, მადლი მივიღე და შიში მომეხსნა. ახლა უკვე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის ერთადერთი ხსნა. კარგი იქნებოდა, ამას თავის დროზე მივმხვდარიყავი.

ნანა კობახიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online