asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დედამ ჯერ არ იცის, ორი ბეჭედი რომ მოვპარე
აზარტული თამაშის მსხვერპლი
დედამ ჯერ არ იცის, ორი ბეჭედი რომ მოვპარე

2012-02-06 16:09:18



რედაქციაში 26 წლის ბიჭის წერილი შემოვიდა. ის გიამბობთ იმ შეცდომაზე, რაც თავად დაუშვა და ასევე იმაზე, თუ როგორ აპირებს ამის გამოსწორებას. თუ როგორ გახდა ახალგაზრდა ბიჭი აზარტული თამაშების მსხვერპლი, ამას უკვე წერილიდან შეიტყობთ.
"მე აზარტული თამაშების მსხვერპლი ვარ და მინდა ამაზე გიამბოთ. არ მინდა ვინმეს ჭკუა დავარიგო ან რაღაც, მაგრამ ვინც ამ წერილს წაიკითხავს, თავადვე მიხვდება, რომ აზარტული თამაშები სიკეთეს არ მოუტანს. უკვე 26 წლის ვარ და ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ცოლის შერთვა ვერა და ვერ მოვახერხე. ოჯახში მატერიალურად ნორმალურად ვცხოვრობთ და ცოლის შერთვა ჩვენთვის პრობლემა არ იქნება, თუმცა, მე თვითონ ვერ მოვაბი თავი. უვარგისი ადამიანი არასდროს ვყოფილვარ და არც ჩემები შემირცხვენია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სამსახურის შოვნა ცოტა გამიჭირდა. იურიდიული დავამთავრე და ალბათ, შეცდომა დავუშვი, რადგან ეს ისეთი სფეროა, რომ თუ მოწოდებით იურისტი არ ხარ, ვერც იმუშავებ. რადგან სამუშაო ვერ ვნახე და ამ პროფესიის მიმართ გული ამიცრუვდა, მეორედ ჩავაბარე და საბანკო-საფინანსო დავამთავრე. ეს ოთხი წელიც უცებ გავიდა და ისევ ვერ ვიშოვე სამსახური. ჩემთვის სამუშაოს ძებნაში მთელი ოჯახი იყო ჩართული. ბოლოს, უკვე გული ავიცრუე და ვიფიქრე, რაღაც გამოჩნდება-თქო.
სწორედ ხელმეორედ რომ ჩავაბარე, მაშინ გავიცანი ერთი გოგო, რომელიც შემდეგ ჩემი შეყვარებული გახდა. ნატუკა რაღაც საოცარი გოგო იყო. არ გეგონოთ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ მიყვარს. ის მართლაც გამორჩეული იყო. ბევრი გოგო ჩემთან საქმეს არ დაიჭერდა, რადგან არ ვმუშაობდი. მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ გოგონათა უმეტესობას სამსახურიანი და მანქანიანი ბიჭები ხიბლავთ. ნატუკა ასეთი არ ყოფილა. პირიქით, სულ გვერდით მედგა და მეხმარებოდა. ერთად ვაგზავნიდით სივებს და ერთად ვეძებდით ჩემთვის რამე სამუშაოს. აღარ მინდოდა, რომ ამხელა ბიჭს ისევ მშობლებისთვის მომეთხოვა ფული. ჩემები სულ მაძლევდნენ ფულს. რაც გაიგეს, რომ შეყვარებული მყავდა, უფრო მეტს მაძლევდნენ, მაგრამ მერიდებოდა. მათი ფულით ხომ ვერ ვუყიდიდი ნატუკას საჩუქრებს. ერთი სიტყვით, ბევრჯერ ვერ ვუკეთებდი მას საჩუქარს, ზოგჯერ სათანადო ყურადღებასაც ვერ ვაქცევდი, მაგრამ მას მაინც ძალიან ვუყვარდი. მას არც ერთხელ უგრძნობინებია ჩემთვის, რომ მეტი ყურადღება უნდოდა. მე ამას მაინც ძალიან განვიცდიდი. და სწორედ მაშინ დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა.
25 წლის ისე გავხდი, რომ პოკერებსა და ტოტალიზატორში მხოლოდ ძმაკაცს თუ შევყვებოდი. მე ეს ყველაფერი არ მხიბლავდა და ვთვლიდი, რომ მსგავს ადგილებში მარტო წაგების იმედი უნდა გქონოდა. თუ მოიგებ, იმასაც ისევ იქ ტოვებ. მიუხედავად იმისა, რომ ასე ვფიქრობდი, მაინც შევცდი. არ მინდა ეს მთლად ძმაკაცს გადავაბრალო. ცოტა სასაცილო იქნება, რომ ამხელა ბიჭმა ვთქვა, ვინმემ შემაცდინა-თქო. ალბათ, უფრო ეშმაკი შემიჩნდა. ასე უსაქმურად და უფულოდ რომ ვიყავი, ერთ დღესაც მეგობარმა მითხრა, პოკერებში ითამაშე ხოლმე და რამეს მაინც მოიგებო. მეც გავყევი. მთელი გზის ფული, რაც მქონდა, იქ დავხარჯე და გარკვეული თანხა მოვიგე კიდეც. პირველივე ჯერზე მოგებამ ენთუზიაზმი მომცა და ასე შევყევი აზარტს. ნატუკას ეს ყველაფერი დავუმალე იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი გამიბრაზდებოდა. ახლა, ვნანობ, ნეტავ, თავიდანვე მეთქვა და გონს მოვეყვანე. ცოტა ხანი ვმალე ჩემი გატაცება, თუმცა, ნატუკას არაფერი გამოჰპარვია. მითხრა, შეიცვალე, ამ ბოლო დროს სულ განერვიულებული ხარო და მეც გამოვუტყდი. საქმე იმაშია, რომ ვალები ავიღე წვრილ-წვრილი და იმ ფულით ვთამაშობდი. ისე მოხდა, რომ ვეღარ ვიგებდი, ამ ვალებს კი გადახდა ხომ უნდოდა. ამის გამო სულ განერვიულებული ვიყავი. ნატუკა გამიბრაზდა და მითხრა, დაიფიცე, რომ სათამაშოდ აღარ შეხვალო. ფიცი ბევრჯერ დავარღვიე. ამით შეყვარებულს გული ვატკინე.
ახლა, უკვე, იმიტომ ვთამაშობდი, რომ ვალები გადამეხადა, მაგრამ თუ რამეს მოვიგებდი, იქვე ვტოვებდი. ეშმაკი მებრძოდა, მე კი წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი. ბოლოს ავდექი და დედაჩემის ოქროულობა მოვიპარე. ბეჭდები დავალომბარდე და იმ ფულით ვალები გადავიხადე. მეც არ ვიცი, როგორ გავაკეთე ეს, მაგრამ იმ მომეტში, როცა ვიპარავდი, არაფერზე მიფიქრია. რამდენიმე თვე გავიდა იმ ამბიდან, მაგრამ დედა ჯერ ვერ მიხვდა, რომ ორი ბეჭედი აკლია. თუმცა, ერთ დღესაც ხომ ნახავს და მიხვდება, ჩემი აღებული რომ არის. ბოლო პერიოდში ნატუკასთან ურთიერთობას ვერიდებოდი. შეიძლება ახლა ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ არ მინდოდა მისი ნახვა. ვიცოდი, რომ ჭკუას დამარიგებდა, მთხოვდა, პოკერებს თავი დაანებეო, მე კი თხოვნასა და ფიცს ვერ შევუსრულებდი. მეც ძალიან მინდა ამას შევეშვა, მაგრამ ჯერ დედაჩემის ბეჭდები უნდა დავიხსნა. ახლა, ერთი მეგობარი დამპირდა, მანქანა უნდა გავყიდო და სანამ მეორეს ვიყიდი, ცოტა ხნით გასესხებ ფულსო. პირველ რიგში, ბეჭდებს დავიხსნი, მერე კი იქნებ რამენაირად სამსახურიც ვიშოვო, რომ ძმაკაცს ვალი დავუბრუნო. რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ სამუშაოზე წავალ. მინდა ჩემი შეყვარებულის ნდობა ისევ დავიბრუნო. ამაზე ჯერ მისთვის არაფერი მითქვამს, მინდა სიურპრიზივით გავუკეთო. თანაც, ზუსტად ვიცი, რომ მას ეს მთელი გულით გაუხარდება. მერე კი მართლა დავიფიცებ, რომ აზარტულ თამაშებს ახლოსაც აღარ გავეკარები. უკვე დროა, ოჯახის შექმნაზეც ვიფიქრო. მე და ნატუკა მესამე წელია, რაც შეყვარებულები ვართ და აქამდე ამ ურთიერთობის გასერიოზულება ჩემი დანაშაულით ვერ მოხერხდა. ახლა კი მინდა ყველა დანაშაული ერთად გამოვასწორო. იმედი მაქვს, ნატუკაც გამიგებს და გულისტკენასაც მაპატიებს.
თეონა კენჭიაშვილი


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online