asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

შვილებს ვერ გაუგიათ, რატომ ცხოვრობს მამა სხვაგან და რატომ ნახულობს მათ იშვიათად
ღალატის შედეგი
შვილებს ვერ გაუგიათ, რატომ ცხოვრობს მამა სხვაგან და რატომ ნახულობს მათ იშვიათად

2012-02-05 16:09:18



ამ ახალგაზრდა ქალს ქმარმა სხვა ქალთან უღალატა და უკვე ოთხი წელია, მასთან ერთად ცხოვრობს. როგორც წერილის ავტორი ამბობს, მისი ქმარი საყვარელმა გააბრუა და ახლა მას არც ცოლის და არც შვილების დანახვა არ უნდა. ის კი დღემდე ელოდება, რომ მისი ქმარი გონს მოვა. უფრო მეტს ამ წერილიდან გაიგებთ.
"თქვენთან მოწერა ჩემმა ცხოვრებამ გადამაწყვეტინა, რადგან უკვე ბევრი რამ გამოვიარე. იქნებ ჩემი ამბავი ზოგისთვის გამოსადეგიც იყოს და თუ მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, სწორად იმოქმედონ. მე არასწორად მოვიქეცი, ალბათ. თუმცა, ასე ერთი ხელის მოსმით ამის თქმა ძნელია. მეცხრე წელია, რაც გათხოვილი ვარ. მე და ზაზამ სიყვარულით შევქმენით ოჯახი. ორი შვილი შეგვეძინა და შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით. ზაზას ვერაფერს ვამჩნევდი, მისი მჯეროდა, რომ არასდროს მიღალატებდა. თუმცა, ქორწინებიდან მეხუთე წელს, ერთგვარი კრიზისი დაგვეწყო ურთიერთობაში. ვერ გეტყვით, რომ ეს ჩემი ბრალი იყო. მე ისევ ისე ვექცეოდი მას, როგორც მანამდე, მაგრამ თვითონ ნელ-ნელა იცვლებოდა. ქალური ინტუიცია ისეთია, რომ ასეთ რამეს მაშინვე ვხვდებით. ყოველ შემთხვევაში, მე მივხვდი, რომ მესამე ადამიანის ამბავი იყო. ძალიან გავნერვიულდი და ადგილს ვერ ვპოულობდი. არ მინდოდა ქმრისთვის მეკითხა, რადგან ვიცოდი, რომ ყველაფერს უარყოფდა, ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემით დამედგინა ყველაფერი.
ეს ჩემს უახლოეს დაქალს გავანდე და მანაც დახმარება შემომთავაზა, რომ ერთად ჩამოგვეშორებინა ის ქალი ჩემი ქმრისთვის. ზაზას ვაკონტროლებდი, უკან დავყვებოდი შეუმჩნევლად და ერთ დღეს მართლაც გამოვიჭირე უცხო ქალის გვერდით. ჩემი დაქალიც თან მახლდა. ძალიან ავნერვიულდი, მინდოდა მივვარდნოდი იმ ქალს და თმებიდან მეთრია, მაგრამ ჩემმა დაქალმა შემაჩერა. ასე რომ, მათ არც დავუნახივართ. იმ ქალის გარეგნობასა და ასაკზე საუბარი არც მსურს, რადგან სრული სიმახინჯე იყო და თანაც, კარგად ასაკიანი. თუმცა, როგორც ჩანს, ზაზას გული უკვე მოგებული ჰქონდა. იმ დღეს განადგურებული ვიყავი. ეს ქალისთვის ადვილი ასატანი არაა, როცა იცი, რომ ქმარი გღალატობს. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ტრაგედია იყო. ზაზა ჩემი უდიდესი სიყვარულია და დღემდე მივტირი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის სხვისი გახდებოდა. თავიდან მეგონა, ადვილად შევძლებდი, რომ იმ ქალისთვის ჩამომეშორებინა, მაგრამ ეს ასეთი მარტივი არ აღმოჩნდა. ალბათ, ყველას გსმენიათ ქალების ისეთი კატეგორიის შესახებ, რომლებიც ცოლიან კაცებს აბამენ და სინდისი სულაც არ აწუხებთ.
მე და ჩემმა დაქალმა ამ ქალის მისამართი გავიგეთ და ერთ დღესაც თავზე დავადექით. ავუხსენი, რომ ჩემი ქმრისთვის თავი დაენებებინა და აღარასდროს შეხვედროდა მას. მან კი დამცინა, ზაზამ ცოლად უნდა მომიყვანოს და ჯობია, შენ აღარ გაეკაროო. ისეთი გამწარებული ვიყავი, მზად ვიყავი ის ქალი დამეხრჩო. განადგურებული წამოვედი იქიდან. ზაზამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაიგო და საღამოს რომ მოვიდა, საშინელ დღეში ჩამაგდო. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადა ღალატის გამო, მიყვირა, ჩემს უკითხავად ასეთი ნაბიჯი რატომ გადადგიო. ისე, მერე ბევრმა ახლობელმა გამამტყუნა, ზაზას თავს არ უნდა გადახტომოდი. ჯობდა დამჯდარიყავი და გულახდილად გელაპარაკა, ეგრევე იმ ქალთან არ უნდა გაქცეულიყავიო. როგორც ჩანს, იმ ქალმა ეს ამბავი სათავისოდ გამოიყენა, ზაზას თავი შეაცოდა და უთხრა, რომ მე შეურაცხყოფა მივაყენე. მე და ჩემმა ქმარმა საშინლად ვიჩხუბეთ, მან აქეთ დამადანაშაულა, სულელი ხარ, ჩემს წინააღმდეგ მიდიხარო და გამებუტა. ერთი თვე ხმას არ მცემდა, სხვადასხვა ოთახებში გვეძინა. ზოგჯერ ღამე სახლში არც მოდიოდა. მერე უფრო და უფრო გაცივდა ოჯახის მიმართ, შვილებს ზედ არ უყურებდა. როგორც ჩანს, იმ ქალბატონმა დოზა გაუზარდა და მთლიანად თავისკენ გადაიბირა. ერთ დღესაც ზაზამ ბარგი ჩაილაგა და წავიდა თავის საყვარელთან. ვუთხარი, ეს არ გააკეთო, მე თუ არა, შვილები მაინც შეიბრალე-მეთქი, მაგრამ არც კი მომისმინა. მითხრა, აღარ მიყვარხარ და მე შენ გვერდით ვეღარ ვიცხოვრებო. ზაზა მონუსხული იყო და მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, ის იმ ქალის ჭკუაზე იყო გადასული და მის გარდა, არავინ და არაფერი აინტერესებდა.
რამდენიმე თვე მე და ჩემს შვილებს მისი მშობლები გვპატრონობდნენ, მას კი არც გავხსენებივართ. ზაზას მშობლები ამ ფაქტს ძალიან განიცდიდნენ. მეუბნებოდნენ, როგორ შეიძლებოდა, რომ ის ქალი შეყვარებოდა, მან რაღაც გაუკეთა და მალე მოვა ჭკუაზეო. თუმცა, ეს მალე ვერა და ვერ დადგა. უკვე ოთხი წელია, ზაზა იმ ქალთან ცხოვრობს, შვილი არ გაუჩნდათ, ან რა შვილის გამჩენია ის ქალი. ამ ოთხი წლის განმავლობაში ზაზამ მხოლოდ რამდენჯერმე ნახა თავისი გოგონები და მაშინაც დიდი სითბო და აღფრთოვანება არ გამოუხატავს. მე ხომ საერთოდ ზედ არ შემომხედა. დედამისი ურეკავს ზოგჯერ და ეუბნება, შვილების ნახვა არ გინდაო, მასაც მაშინღა ახსენდება, რომ შვილები ჰყავს. აღარ ვიცი, რა ვქნა და როდემდე ველოდო ჩემს ქმარს. იქნებ კიდევ ხუთი წელი ვერ მოვიდეს ჭკუაზე, მე ხომ ცოდო ვარ. კი, დაველოდები, ოღონდაც დამიბრუნდეს, მაგრამ როდის იქნება. თავიდან რამდენიმე ახლობელმა გვითხრა, მკითხავთან მიდით და ჯადო ახსენითო, თუმცა, ჩემი დედამთილი ძალიან მორწმუნე ქალია და შეიცხადა, მკითხავთან არ მივალო. მერე თავის მოძღვარს უამბო ჩვენი ამბავი და მასაც უთქვამს, მხოლოდ ლოცვით თუ დაიბრუნებთ მასო. ახლა, მეც დავდივარ ამ მამაოსთან და ის რომ არა, არ ვიცი რა მეშველებოდა. მეუბნება, რაც შეიძლება ბევრი ილოცე შენი ქმრისთვის და ის აუცილებლად მოვა გონსო. ყველაზე მეტად ჩემი პატარა გოგონები მეცოდებიან, რომლებსაც ვერ გაუგიათ, რატომ ცხოვრობს მამა სხვაგან და რატომ ნახულობს მათ იშვიათად. ათასი რაღაცის მოფიქრება მიწევს, სიმართლე რომ არ გაიგონ. დამიჯერეთ, ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან რთულია. ქმარი მენატრება და მის დაბრუნებაზე ვლოცულობ. დავიფიცე, ოღონდ დაბრუნდეს და ყველაფერს უსიტყვოდ ვაპატიებ.
თეონა კენჭიაშვილი


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online