asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"პირველი ქმრის დაკარგვით გაჩენილი სიცარიელე მეორე ქორწინებიდან გაჩენილმა ვაჟმა შეუვსო"
ცოლი თუ დედა – როდის არის ქალი ბედნიერი?
"პირველი ქმრის დაკარგვით გაჩენილი სიცარიელე მეორე ქორწინებიდან გაჩენილმა ვაჟმა შეუვსო"

2011-02-09 16:32:10



ცნობილი ფორმულაა: თუ ადამიანმა იცის, რას ეძებს და მისი მიზანი რეალურია, დიდი შანსია მოიპოვოს. თუ ქალი სიყვარულს სიყვარულისთვის ეძებს, მას ეს სურვილი აუხდება, ხოლო თუ მარტოობის დასაძლევად ან შვილის ყოლის სურვილით თხოვდება, განგებისგან ესეც მიეცემა. ჩვენი ინტერვიუს გმირი ქალბატონის ბედნიერება ორ მცდელობაზე გადანაწილდა: პირველმა დიდი სიყვარული დაუტოვა, ხოლო მეორემ – ბედნიერი დედობა არგუნა. ერთ დროს საყვარელი კაცისგან ხელისგულზე ნატარებ ქალს მეორე ქმრის ხელში მძიმე ჯაფა დააწვა. მთელი ოჯახის საზრუნავი თავად იტვირთა მოთმინებით, სულგრძელობით, დაუყვედრებლად. თუმცა პირველი ქმრის სიყვარული გულში სიცოცხლის ბოლომდე სათუთად ატარა. ამ მადლიანი ქალბატონის ცხოვრების შესახებ მისი შვილიშვილი, ახალგაზრდა ქალი ნინო გვესაუბრა.

ნინო:

– ბებო პირველად ახალგაზრდულ ასაკში დიდი სიყვარულით გათხოვდა. რაიონში ცხოვრობდნენ. გაბრიელი უსაზღვროდ ერთგული და ყურადღებიანი მეუღლე იყო, შესაძლებლობის ფარგლებში ცოლს არაფერს აკლებდა. ბებო მხიარული ბუნების იყო და ცეკვა–სიმღერა უყვარდა. გაბრიელმა ცოლის სიყვარულით თავადაც ისწავლა სიმღერა, ცოლს კი საგანგებოდ ფანდურიც გამოუთალა. დილით ღიღინ–ღიღინით მიდიოდნენ ყანებში სამუშაოდ. როცა ისვენებდნენ, თანასოფლელებთან ერთად მღეროდნენ ბებოს საყვარელ სიმღერებს. ბებოს მონათხრობიდან მახსოვს – ერთხელ შუაღამისას ზღმარტლი ვინატრე (შემოდგომის ბოლოს, ზამთრისპირზე მოდის), გაბრიელი თოვლსა და ყინვაში მის მოსატანად წავიდა, იცოდა, რომელ ხეს ეკიდა და მომიტანაო.

ერთადერთი პრობლემა, რაც ჰქონდათ, უშვილობა იყო, 8 წლის თანაცხოვრების მანძილზე ბებიაჩემი არცერთხელ დაფეხმძიმებულა. მათ შორის იმხელა სიყვარული და გაგება იყო, ისე უვსებდნენ ერთმანეთს ცხოვრებას, რომ ეს პრობლემა ოჯახურ ცხოვრებაში დაბრკოლებად არ ქცევიათ, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან უნდოდათ შვილი.

– ეს ლამაზი სიყვარული რატომ დასრულდა, რა მიზეზით?

– გაბრიელი მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს და დაიკარგა. მისგან შეტყობინება არ მოდიოდა. ბებო მოთმინებით ელოდა საყვარელ ქმარს. ომის დამთავრებიდან 2 წლის შემდეგ კი დედამთილმა აიძულა, სახლი დაეტოვებინა – ჩემს ვაჟს ვეღარავინ დამიბრუნებს ცოცხალს, შენ კი შვილი არ გყავს და რატომ უნდა აგიტანოო. ბებომ ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ გადაიტანა, ამბობდა, ის მაინც მოემადლებინა ღმერთს ჩემთვის, ქმარი დამეტირაო...

– მეორედ რამდენი ხნის შემდეგ გათხოვდა?

– ქმრის ოჯახის დატოვებიდან ორი წლის შემდეგ. პაპაჩემი, გიორგი, მეზობელ სოფელში ცხოვრობდა. თავიდან ბებო გათხოვებისგან თავს იკავებდა, ომში დაკარგულ გაბრიელზე ფიქრობდა, შიშობდა, გადაატანინებდა თუ ვერა გიორგი უმისობას, რამდენად შეუვსებდა სიცარიელეს. ახალი ოჯახის შექმნა საბოლოოდ მაინც მარტოობამ გადააწყვეტინა. ალბათ უფალმა ინება, რომ დედა გამხდარიყო. ახლანდელი გადმოსახედიდან რომ ვაკვირდები, თუ როგორი დედა იყო მამაჩემისთვის, ვფიქრობ, დიდი შეცდომა იქნებოდა, შვილი არ ჰყოლოდა. პაპაჩემი ბებოს პირველი ქმრისგან სრულიად განსხვავებული თვისებების კაცი აღმოჩნდა – იყო ავარა, მსმელი, ქალების მოყვარული... ბებიაჩემი კი პატიოსანი, ერთგული, დაუზარელი, რომ იტყვიან, ოჯახის ბურჯი გახლდათ. პაპას სწორედ ასეთი ქალი სჭირდებოდა გვერდით.

– ქმრის ასეთ ხასიათს როგორ შეეგუა?

– ვერ ვიტყვი, რომ ბებოს მის მიმართ იმხელა სიყვარული ჰქონდა, რაც პირველი ქმრისადმი. უფრო მეტიც, გაბრიელი სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა, მის სურათს, ბარათებს და ლექსებს (კაფიაობა უყვარდა) საგულდაგულოდ ინახავდა, ქმრისგან მალავდა. პაპაჩემი ძალიან ეჭვიანი იყო. ბებო ამბობდა, სანამ მოვკვდები, მანამდე უნდა გავანადგურო ეს წერილები, თორემ, ვაითუ, ქმარზე ადრე წავიდე ამქვეყნიდან და არ მინდა, ნახოსო. მართლაც, გარდაცვალებამდე კვალი წაშალა. იმ ბარათებში ისეთი საოცარი, ფაქიზი და ამაღლებული სიყვარული იგრძნობოდა, ზოგჯერ გული მწყდება, რატომ არ შევინახე. შვილიშვილებიდან მე განსაკუთრებით მაინტერესებდა ბებიას სიყვარულის ამბები, დავსვამდი ხოლმე და ვაყოლებდი.

– ცოლ–ქმარს შორის უსიამოვნებები ხშირი იყო?

– ალბათ შვილი იყო ამოსავალი წერტილი, რაც ბებოს პაპასთან აჩერებდა. ქმრის მიმართ უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა და მთელი ოჯახის ჯაფას თავად კისრულობდა. გიორგის მხრიდან ღალატის შემთხვევებიც ყოფილა, ერთხანს მეზობლის ქალთანაც ღალატობდა, მაგრამ ბებოს ეს ტკივილი არასოდეს არავისთვის უგრძნობინებია და არც ოჯახის დანგრევაზე უფიქრია. პაპას სმა უყვარდა. ყოფილა შემთხვევები, როცა ბებოს მარტოს უწევდა მიწის დამუშავება (საკმაოდ დიდი მამული გვაქვს). ჩვენ თბილისში ვცხოვრობთ და პერიოდულად ჩავდიოდით სოფელში. თუ ვკითხავდით, ვინ დაამუშავაო, გვეტყოდა, გიორგიმო. მერე მეზობლებისგან ვიგებდით, რომ თურმე პაპა 2–3 დღე გადაბმით სვამდა. ბებო ქმარს იმდენად იცავდა, რომ მასზე ზედმეტს არავის ათქმევინებდა. პაპაზე ასაკითაც უფროსი იყო და რაღაც თავისებური, თითქოს დედაშვილური დამოკიდებულებაც ჰქონდა მისდამი.

– შვილს როგორ ზრდიდა, ამაში მაინც თუ ეხმარებოდა ქმარი?

– ბებო გათხოვებიდან მალევე დაფეხმძიმდა. პირველი ბავშვი ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკში დაეღუპა. მერე, 38 წლის ასაკში, მამაჩემი შეეძინა. თავგადაკლული დედა იყო, ყველაფერს აკეთებდა, რათა დედისერთა ბიჭი კაცად ექცია და მას ფეხზე დამდგარი ოჯახი ჰქონოდა. სიცარიელე, რაც პირველი ქმრის დაკარგვამ დაუტოვა, მეორე ქორწინებიდან გაჩენილმა ვაჟიშვილმა შეუვსო. ჩვენი ოჯახი სოფელში ერთ–ერთი ძლიერი იყო და ყველა აღნიშნავდა, რომ ეს მხოლოდ ბებოს დამსახურება გახლდათ. მამაჩემსაც ხშირად უთქვამს დედისთვის, შენ რომ არ ყოფილიყავი, მე არც გზაზე დამდგარი ვიქნებოდი და არც ასე აწყობილი გვექნებოდა ცხოვრებაო. ბებო კი დაიმდაბლებდა თავს და ეტყოდა: "აბა, მე რა შემიძლია, შვილო, ქალს კაცის გარეშე განა რამე შეუძლია?!". მან სინამდვილე ყველაზე უკეთ იცოდა, მაგრამ ამას არასოდეს აღიარებდა. შვილის გაზრდაც მთლიანად ბებოს კისერზე გადავიდა, პაპას თითქოს არც ეხებოდა და არც აინტერესებდა. მამაჩემი გარდატეხის ასაკში, ცოტა არ იყოს, ძნელად აღსაზრდელი გახდა, ბებო მას კაცივით ედგა გვერდში და ეს პერიოდი მან გადაალახვინა, მაგრამ ამასთან, უჩვეულო მორიდება ჰქონდა ვაჟიშვილის მიმართ. ზედმეტად არაფერს აკადრებდა, თვალებშიც კი ვერ უყურებდა. მამა რომ მოდიოდა სახლში, ბებო აუცილებლად ფეხზე ამდგარი ხვდებოდა, ისეთი კრძალვა ჰქონდა სიცოცხლის ბოლომდე. მამა საყვედურობდა ხოლმე, დედი, ამ ხნის ქალი ხარ და ფეხზე რატომ დგებიო...

– შვილს თუ შეუძლია ამის დანახვა და დაფასება, ალბათ დამეთანხმებით, რომ ესეც ბევრს ნიშნავს.

– ჩვენს ოჯახში სულ ეს პრობლემა იდგა, მამა ეუბნებოდა ბებოს, გთხოვ, შენს თავს ეცი პატივიო. არ შეჭამდა ლუკმას შვილის გარეშე, არ დაიძინებდა, სანამ ის არ მოვიდოდა სახლში... მამა როცა მივლინებაში წავიდოდა 3–4 დღით, ბებო წყლის გარდა არაფერს იღებდა, ჩვენ ამას მერე ვიგებდით. მამა ახალი დანიშნული რომ იყო, ავარიაში მოყოლილა, საგანგაშო არაფერი იყო, თუმცა სარეაბილიტაციო კურსს საავადმყოფოში გადიოდა. ავარიის ამბავი ბებოს არ შეატყობინეს, შეიძლებოდა ვერც გადაეტანა – შვილი ხომ მისთვის მთელი სამყარო იყო. იმ საღამოს, მამას რომ ავარია შეემთხვა, ბებო ცუდად გამხდარა, მეზობელს წნევა გაუზომავს და ბებოს მისთვის უთქვამს, ჩემს თავს ცუდი ამბავი ტრიალებსო. შვილის განსაცდელი უგრძვნია. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ შვილი საავადმყოფოში იწვა, ლუკმა არ ჩაუდვია პირში. საერთოდაც, ბევრ რამეს წინასწარ გრძნობდა ხოლმე.

– რძლის მიმართ რა დამოკიდებულება ჰქონდა?

– დედაჩემი მათ ოჯახში რომ შევიდა, რძალი არც ერქვა. ბებომ ის შვილად მიიღო. დედას მისგან პატარა წყენაც კი არ ახსოვს. ბევრი ადამიანი საკუთარ დედას არ ახსენებს ისეთი სითბოთი, როგორც დედაჩემი თავის დედამთილს. ბებო რძლის დედმამიშვილებსაც (სამნი იყვნენ) შვილებად იღებდა, მათი სახელობის ხეებიც კი დარგო მამულში – კაკლის, თხილის, ვაშლის, მე რომ მოვკვდები, ყველამ თავისი ხიდან აიღოს ნაყოფიო. როცა პირუტყვს ზრდიდა, აბსოლუტურად ყველასთვის დიდი ნობათი ჰქონდა გამზადებული. ბებოს ოცნება იყო, ბევრი შვილი ჰყოლოდა და ეს ოცნება შთამომავლებში აუხდა. შვილიშვილებს და შვილთაშვილებსაც მოესწრო. მათზე ზრუნავდა და ამით უზომოდ ბედნიერი იყო.

– რომელიმე მათგანი თუ დაემსგავსა ბებოს?

– მე მამსგავსებენ ძალიან, ფიზიკურადაც და ხასიათითაც, მაგრამ არა მგონია, ბოლომდე მისნაირი ვიყო. მძიმე ცხოვრებისა და გადატანილი ტკივილის მიუხედავად, ბებო ბუნებით საოცრად მშვიდი იყო და მან ეს სიმშვიდე სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა.

ნანა კობახიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online