asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"კაცმა, რომელსაც თავის დროზე ხელი ვკარი, სიცოცხლისკენ შემომაბრუნა"
ორი თაყვანისმცემელი – ცხოვრების ორი ფურცელი
"კაცმა, რომელსაც თავის დროზე ხელი ვკარი, სიცოცხლისკენ შემომაბრუნა"

2012-02-04 00:48:16



ცნობილი ფაქტია, რომ ნაადრევ გათხოვებას მალე მოჰყვება ხოლმე იმედგაცრუება. თუ ეს ნაბიჯი არც სიყვარულით არის გადადგმული და გათხოვების მოტივი უბრალოდ პროტესტია ვიღაცის ან რაღაცის მიმართ ან გარკვეულწილად შურისძიებაც კი, მაშინ შედეგები გაცილებით მძიმე და ძნელადასატანია. თუმცა ვინ იცის, რას გვიმზადებს ბედის მწერალი. აღმართებს ყოველთვის მოჰყვება დაღმართები, ღრუბლიან ცაზე ბოლოს მაინც ჩნდება მზე. ჩვენმა რესპონდენტმა, ახალგაზრდა ქალბატონმა ელენემ, ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. მის ცხოვრებაში ახალი ფურცელი მეორედ გადაიშალა.
ელენე:
– ჯერ 30 წლისაც არ ვარ და ცხოვრებაში იმდენი გადავიტანე, თავი ასაკოვანი მგონია. თითქოს ერთი ცხოვრება უკვე გავიარე. ბავშვობიდან მგრძნობიარე ვიყავი, თითოეულ წვრილმანს განვიცდიდი, შეიძლება ამიტომაც ღმერთმა მარგუნა განსაცდელები, რათა გავეძლიერებინე და მოვლენებისთვის სხვაგვარად შემეხედა.
– რა განსაცდელები შეგხვდათ?
– 6 წლის ვიყავი, მამამ რომ მიგვატოვა, სხვა ქალის გამო ოჯახიდან წავიდა. არასდროს დამავიწყდება ის გაწბილება, დარდი, ტკივილი, ცრემლები... პატარას იმდენი მესმოდა, რომ დედის გვერდში უნდა ვმდგარიყავი, მენუგეშებინა და გაუხარელი ქალი ჩემი კარგი საქციელით მაინც გამელაღებინა. სულ თვალებში ვუყურებდი, ვითვალისწინებდი, რა ეწყინებოდა, რა გაუხარდებოდა. არადა, წყენისა და ტკივილის მიუხედავად, გულის სიღრმეში მამა მაინც განსაკუთრებით მიყვარდა, მის მიმართ კიდევ უფრო სხვა გაგება მქონდა, შეიძლება ითქვას, ვაფანატებდი. ვლოცულობდი, ღმერთო, მამას გული გაუთბე და ჩვენკენ მოაბრუნე–მეთქი. მართლაც, 7 წლის შემდეგ მამა დაბრუნდა და დედამ ყველაფერი აპატია, მაგრამ ჩემში უცნაური რამ მოხდა: მე ის შინაგანად ვეღარ მივიღე, უცხოდ აღვიქვი. შეიძლება იმიტომ, რომ უკვე არც ისე პატარა ვიყავი ან იქნებ გარდატეხის ასაკმა იქონია გავლენა და ცნობიერება შემეცვალა.
დედის საქციელიც ძალიან მაღიზიანებდა, ამ მოღალატე კაცს რომ თავს ევლებოდა, თვალებში შესციცინებდა და უცნაურ ახირებებს უსრულებდა, რასაც, ჩემი ჭკუით, მიუღებლად ვთვლიდი. ვუყურებდი და მიკვირდა, ამ უცხო კაცს ჩვენგან რა უნდოდა, რა უფლებით მბრძანებლობდა, რატომ უნდა გვემსახურა მისთვის. მის როხროხა ხმას და გაუთავებელ შენიშვნებს ვეღარ ვიტანდი. თითქოს პატივი დაგვდო იმით, რომ დაბრუნდა.
ჩემსა და მშობლებს შორის ხიდი ჩატყდა. საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, რაც იმით გამოიხატებოდა, რომ ძალიან გულჩათხრობილი გავხდი, ერთი სული მქონდა, როდის გავიზრდებოდი და ამ ჯოჯოხეთური ყოფიდან გავიქცეოდი. მშობლებმა ეს ეგოიზმში ჩამითვალეს, ვერ მიხვდნენ, რომ ამ ასაკის ბავშვთან უფრო სხვაგვარი, ფაქიზი მიდგომაა საჭირო. ჯობდა, მაშინ მეტი გაგების უნარი გამოეჩინათ.
– თქვენმა ასეთმა განწყობამ რა ნაყოფი გამოიღო?
– 16 წლის ასაკში ორი თაყვანისმცემელი გამომიჩნდა, ვატო და შალვა, სრულიად განსხვავებული პიროვნებები, რომლებსაც ერთმანეთში გაუთავებელი დაპირისპირება და ჩხუბი ჰქონდათ. ვატო უფრო წარმოსადეგი, ძლიერი და გამტანი ბიჭი იყო, შალვა კი მასთან შედარებით ნაზი და უხერხემლო ჩანდა. ვატოს ყურადღებას ვაქცევდი, შალვას არაფრად ვაგდებდი, დავცინოდი კიდეც. ერთ დღეს, როდესაც ვატომ შემომთავაზა, გავიპაროთო, დაუფიქრებლად დავთანხმდი, ვიფიქრე, პრინცი გამომეცხადა და ნათელ გზაზე გამიყვანს–მეთქი. ოღონდაც ოჯახში იმ სიტუაციას მოვშორებოდი და აღარც ვჩიოდი, წინ რა მელოდა. ვატოს კედლად აღვიქვამდი. გავიპარეთ.
– როგორი ოჯახი შედგა თქვენგან?
– ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა ჩემს ცხოვრებაში. ვატოს ოჯახში რძლად არ მიმიღეს. დედამთილი – კაპასი, ხოლო მამამთილი ჯიქი კაცი აღმოჩნდა.
– რას გიწუნებდნენ?
– ყველაფერს: ოჯახს, გვარიშვილობას, წინაპრებს, მეზობლებს, მეგობრებს, განათლებას, კულტურას, გარეგნობას, სიმაღლეს, თუმცა, როგორც ხედავთ, არც იმდენად უშნო ვარ და არც ბნელი და გაუნათლებელი. ერთი სიტყვით, მათ არ ვუნდოდი და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მე და ვატო დავეშორებინეთ.
– ახალდაქორწინებულებმა სად შეაფარეთ თავი?
– ვატოს ბიძაშვილმა წაგვიყვანა თავისთან და კარგა ხანს იქ ვიყავით. ვატოს ჰქონდა უნარი, მშობლებს დაპირისპირებოდა და თავისი გაეტანა, მაგრამ ამ დავიდარაბაში ნერვები გაუფუჭდა და ჩემ მიმართაც შიგადაშიგ უხეშობას ავლენდა. სულ ტირილსა და სტრესში ვიყავი, თავბედს ვიწყევლიდი, ნეტა არ მეჩქარა, ეს რა გავაკეთე–მეთქი. არც შეყვარებულობის პერიოდი გამივლია, არც თაფლობისთვე და ოჯახური სიამტკბილობა მიგრძვნია. ჩემმა გათხოვებამ ჩემი მშობლებიც საშინელ დღეში ჩააგდო, თავს იდანაშაულებდნენ, მეხვეწებოდნენ, ჩვენთან გადმოდით და ჩვენ მოგხედავთო. მე თითქმის თანახმა ვიყავი, მაგრამ ვატოს ამაყი ბუნება ჰქონდა, სიდედრ–სიმამრის კმაყოფაზე ყოფნა ეთაკილებოდა.
– ასე რამდენ ხანს გაგრძელდა?
– სანამ ნინი არ შეგვეძინა. ბავშვმა ჩემი ქმრის მშობლების დამოკიდებულება გარკვეულწილად შეცვალა, მეტი სირბილე შესძინა. ბინა აგვიღეს გირაოთი. კვირაში ერთხელ სახლშიც გვეპატიჟებოდნენ, ნინი კი თითქმის ყოველდღე თავისთან მიჰყავდათ. ბავშვი ძალიან შეიყვარეს. სული მოვითქვი, თვალებში გამოვიხედე, სწავლას მოვკიდე ხელი და იმავე წელს უმაღლესშიც მოვეწყვე. კარგად ვსწავლობდი. ვატოც სტუდენტი იყო. სწავლით რომ დავიტვირთე, დედამთილმა შემომთავაზა, ბავშვს ჩვენ დავიტოვებთ, შენ სწავლას და კარიერას მიხედეო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ვიფიქრე, მძიმე პერიოდმა გადაიარა და ჩემს ცხოვრებაში ეგებ ახლა მაინც გამოანათოს–მეთქი.
– ალბათ ვატოც დამშვიდდა, ხასიათი გამოუკეთდა.
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე ერთ მსხვილ კომპანიაში. სამსახურის შოვნა არ გამჭირვებია, ტესტირება გავიარე და მაშინვე მიმიღეს. ხელფასი კარგი მქონდა, ოჯახსაც ვაკმაყოფილებდი და დანაზოგსაც ვაკეთებდი. ვატომ კი თავისი სპეციალობით სამსახური ვერ იშოვა, სხვა სამუშაოები ითაკილა და უმუშევარი დარჩა. ამის გამო ჩემ მიმართ კომპლექსები გაუჩნდა. გაუხეშდა, მამცირებდა, ყველაფერში დომინირებდა – ოჯახში ქალის საქმეშიც ერეოდა, სახლში თითქოს ხმის ამოღების უფლებაც არ მქონდა. ამით ალბათ იმ რაღაც კომპლექსს, ეჭვის ჭიას იკმაყოფილებდა, ვერ ინელებდა, რომ რაღაცით გავასწარი და მასზე მეტი გავაკეთე. მის ასეთ დამოკიდებულებას ძალიან განვიცდიდი.
მე რომ სამსახურში წავიდოდი, თვითონ უბანში გარე–გარე დადიოდა. მერე დედამისთან სადილობდა. საღამოს ბავშვთან ერთად ბრუნდებოდა. სამსახურიდან შინ დაღლილი მოვდიოდი, მაგრამ ვცდილობდი, ქმარ–შვილისთვის მოვლა და მზრუნველობა არ მომეკლო. თითქოს ვატო ვერაფერს ხედავდა, ყველაფერს მიწუნებდა, დედაჩემისნაირი არც დიასახლისი ხარ და არც მზარეული, არაფერი გეხერხება, მარტო ტირილი იციო. სიდედრის მოწოდებულიც არაფერი მოსწონდა. ერთხელ მთელი ქვაბი სადილი გადამიქცია. წამომაძახა, ეგ რომ კარგი დედა ყოფილიყო, სახლიდან ხომ არ გამოექცეოდიო. ვინანე, რომ მასთან თავის დროზე გახსნილი ვიყავი და ყველაფერს ვუყვებოდი. მთელ ღამეებს ჩხუბში ვატარებდით. ამ ყველაფრის გვირგვინი კი ის იყო, რომ საშინელი ეჭვიანობა დაიწყო, ჩემს თანამშრომელ ბიჭებზე ღიზიანდებოდა, არადა არც მათ იცნობდა და არც რაიმე საბაბი ჰქონდა. ერთხელ პირზე დამადგა, დაგინახე, სამსახურიდან გამოსული როგორ ჩაჯექი ვიღაც ჰალსტუხიანი კაცის ჯიპში და სადღაც წაგიყვანაო. მოთმინებამ მიმტყუნა და დავუყვირე, როგორ არ გრცხვენია, თუ მოღალატე გგონივარ, მასეთი ქალის გვერდით როგორ ცხოვრობ–მეთქი. მაინც დაგიმტკიცებ, რომ სხვასთან დადიხარო, დამემუქრა. მგონი, ჰალუცინაციები დაგეწყო–მეთქი, ვუთხარი. როგორ თუ ეს მაკადრეო და ხელი გამარტყა.
– თვითონ რამდენად ერთგული იყო? ასეთი საქციელით თავისი ცოდვის დამალვას ხომ არ ცდილობდა?
– დიახ, გავიგე, რომ თურმე თვითონ მღალატობდა, იმ უბანში ვიღაცის მდგმურთან დაძვრებოდა და აშკარად მადგამდა რქებს. მერე ალბათ თავდაცვის მიზნით – ვაითუ გამეგო და რამე მეთქვა – აქეთ მედავებოდა. ეს მოგვიანებით გავიგე, როცა გავეყარე, მაშინ.
– გაყრის მიზეზი ის პირველი ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა?
– რაკიღა გაბედა და ერთხელ ხელით შემეხო, ამას კიდევ გაიმეორებდა. ამიტომ არ ვაპატიე. მშობლებთან დავბრუნდი, მაგრამ რის ფასად დამიჯდა ეს ყველაფერი! ჩემი ქმრის მშობლები ყველაფერს მე მაბრალებდნენ, ანგელოზივით ბიჭი ჩაგაბარეთ და რას დაგვიმსგავსეო. ბავშვთან დაკავშირებითაც იყო ერთი გაწევ–გამოწევა, წართმევა უნდოდათ. ამასობაში ნინი გახდა ავად, მაღალ სიცხეს აძლევდა, გადასხმებს ვუკეთებდით. დიაგნოზი ვერ დაუსვეს. მერე გაირკვა, რომ ეს ოჯახური სკანდალების გამო სჭირდა. თითქოს ყველა უბედურებამ ჩემთვის მოიცალა... სანამ სიტუაცია დალაგდა, ჩამოვხმი, ადამიანს აღარ ვგავდი. ნევროზული გულისწასვლები დამჩემდა. თავს ვეღარ ვუვლიდი, არც მაკიაჟი, არც ვარცხნილობა...
განყოფილების გოგოებმა იცოდნენ ჩემი ამბავი და თანამიგრძნობდნენ. ჩვენმა უფროსმა, შუახნის, უცოლო კაცმა, თავიდან ერთიორჯერ წამახალისა, რჩევები მომცა, სამუშაოთი მაქსიმალურად დამტვირთა, რომ ჩემს მდგომარეობაზე არ მეფიქრა. მერე რაღაცნაირად გაცივდა ჩემ მიმართ, სიუხეშეს ავლენდა, ჩემი ნამუშევარი აღარ მოსწონდა, უტაქტოდ, სხვების თანდასწრებით მსაყვედურობდა.
– სამსახურს თავს ვეღარ ართმევდით?
– მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებდი, მთელი პასუხისმგებლობით. უბრალოდ ვერ აიტანა, სახეზე რომ ღიმილი არ მეფინა და სამსახურში ცხვირჩამოშვებული ვიყავი. ალბათ ეს განწყობას უფუჭებდა. მერე თანამშრომლისგან გავიგე, რომ თურმე ახალი კადრის აყვანა სურდა. ამან ძალიან მატკინა გული: 6 წელი ამ კომპანიაში ვიმუშავე, ამ ხნის განმავლობაში ერთი საყვედურიც კი არ მიმიღია და ახლა, როცა სულიერად გამიჭირდა, ხელი უნდა ეკრა ჩემთვის?! ვიფიქრე, სამსახურს თავად დავტოვებ, სანამ გამათავისუფლებენ–მეთქი. მაგრამ შიშმაც ამიტანა, ვაითუ, სხვა სამუშაოც ვეღარ მეშოვა. მაშინ ხომ საბოლოოდ ჩავეშვებოდი დარდის მორევში.
– ბოლოს როგორ გადაწყდა თქვენი ამბავი?
– ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელი გამონათება მოხდა. ყოფილი თაყვანისმცემელი, ის ბიჭი – შალვა, რომელსაც თავის დროზე გოგლიმოგლზე გაზრდილს ვეძახდი და არად ვაგდებდი, მოულოდნელად გამოჩნდა. პირველად რომ ვნახე, გავოცდი, იმდენად შეცვლილი და დახვეწილი მომეჩვენა. სამსახურიც კარგი ჰქონდა. ჩემი მდგომარეობა რომ შეიტყო, გულთან ახლოს მიიტანა და მეგობრულად გვერდში დამიდგა. მისმა მოპყრობამ მძიმე განწყობა შემიცვალა. თანდათან ჩემს თავს დავუბრუნდი, ღიმილიანი და ხალისიანი გავხდი. სამსახურშიც უფროსის კეთილგანწყობა დავიბრუნე. უფრო კარგი დედა და შვილიც გავხდი.
– შალვასთან ერთად პირადი ცხოვრების შეცვლასაც გეგმავთ?
– არ ვიცი, რა იქნება მომავალში, რამდენად განვითარდება ეს ურთიერთობა, მაგრამ მის მიმართ საოცარ სითბოს ვგრძნობ. კარგი ადამიანია. ერთი სიტყვით, კაცმა, რომელსაც თავის დროზე ხელი ვკარი, სიცოცხლისკენ შემომაბრუნა.
ნანა კობახიძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online