asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნატო სულხანიშვილი: "შვილები დამეხმარნენ, რომ მეუღლის გარდაცვალება გადამეტანა"
როგორია ბაბილინა ოჯახში
ნატო სულხანიშვილი: "შვილები დამეხმარნენ, რომ მეუღლის გარდაცვალება გადამეტანა"

2012-02-03 10:50:20



ბავშვების ნაცნობი ტელეპერსონაჟი ბაბილინა – ნატო სულხანიშვილი, ორ შვილს მარტო ზრდის. მეუღე, გოგა ხეჩინაშვილი, 4 წლის წინ დაკარგა, მოულოდნელად გამოეცალა ხელიდან. ის ბავშვებისთვის კარგად ნაცნობი ხმა იყო, პატარების საყვარელ თოჯინას, დიჯეი გოგას ახმოვანებდა.
ქმრის გარდაცვალების შემდეგ ნატოს 6 თვე დასჭირდა იმისთვის, რომ ძალები მოეკრიბა და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაეწყო. ეს დედობამ შეაძლებინა. პირველი შვილი 31 წლისას შეეძინა – გოგონა ელენე, 6 წლის მერე კი ბიჭი, ლევანი გაჩნდა. მათ პატარა ოჯახში ყველამ იცის თავ–თავისი მოვალეობა. ნატო შვილებისთვის კარგი მეგობარია, თუმცა ხანდახან მკაცრი მშობლის როლის შესრულებაც უწევს.
ნატო სულხანიშვილი:
– 30 წლის ასაკში გავთხოვდი, ერთი წლის შემდეგ კი შვილი მეყოლა. როდესაც ოჯახს შეგნებულ ასაკში ქმნი, ყველაფერს კარგად აცნობიერებ და მთელი აქცენტი ბავშვზე გადაგაქვს, მასზე ზრუნავ, აკვირდები, როგორ იტყვის პირველ სიტყვას, ბგერას, როგორ გადადგამს პირველ ნაბიჯს... მე ჩამოწერილი მაქვს, ბავშვმა პირველად რა სიტყვა თქვა, მაგნიტოფონზე ვიწერდი მის პირველ ნამღერს. ელენეს დაძინების წინ ყოველთვის ვუმღეროდი იავნანას ქართულად, რუსულად, ინგლისურად. ერთხელ მეგონა, რომ დავაძინე, ოთახიდან გამოვიპარე და უცებ გავიგონე, იავნანას როგორ ღიღინებდა, თანაც აბსოლუტურად უშეცდომოდ. მაშინ 11 თვის იყო. იმ დღეს გავარკვიე, რომ არაჩვეულებრივი სმენა ჰქონდა.
– რა ინტერესები, სურვილები აქვთ დღეს თქვენს შვილებს?
– უფროსი ქალიშვილი, ელენე, 16 წლის არის, ლევანი – 10 წლის. სხვადასხვა ინტერესები აქვთ. ელენე პატარა ასაკიდან დადიოდა ცეკვაზე, სიმღერაზე, კარგად ხატავს. ბევრს მეცადინეობს, სწავლობს ინგლისურს, მათემატიკას, უკრავს ფორტეპიანოზე, მრავალმხრივი ნიჭი აქვს, ვერ გადაწყვიტა, რა პროფილით წავიდეს. სავარაუდოდ, ჰუმანიტარულ დარგს აირჩევს. ლევანიკო მეოთხე კლასშია, კალათბურთზე დადიოდა, სპორტული ბიჭია. ახლა ცივა და ამიტომ ცურვაზე ვერ დადის. ინგლისურს ლევანიც სწავლობს, მუსიკალურ სკოლაში საგუნდო–სადირიჟოროზე ჩააბარა. მასაც ძალიან კარგი სმენა აქვს. მუცლადყოფნის პერიოდში ლევანს სულ ვუმღეროდი და სმენა ალბათ ამანაც განუვითარა.
ახლა აბიტურიენტის დედა ვარ, შესაბამისად, ღელვამ იმატა. ელენიკო მეცადინეობს, ბეჯითი და ნიჭიერი გოგოა, მაგრამ მაინც ვნერვიულობ. ჯერ არ ამოგვირჩევია, რომელი ინსტიტუტი გვინდა.
– თქვენ სამნი ხართ ოჯახში?
– ჩვენი ოჯახია – მე, ელენე და ლევანი. მე უნდა ვიმუშაო, რომ მათ პირობები შევუქმნა, გამოვკვებო, ჩავაცვა, ვასწავლო. ეს ყველაფერი ჩემი მოსაგვარებელია. მინდა თუ არა, მაინც უნდა ვიმუშაო. 16 წლიდან სამსახური მაქვს. ყველაფერს შვილებისთვის ვაკეთებ. ყოველთვის ვცდილობ, რომ უჩემობა რაღაცით შევუვსო და ტელეფონით ან კომპიუტერით მაინც დავეკონტაქტო. მომდევნო დღის გრაფიკს წინა დღით ვგეგმავთ.
– მათთან მკაცრი ხართ?
– არა, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ, როცა საჭიროა, მკაცრიც ვარ და პრინციპულიც. ვცდილობ, მათი სურვილები მეტნაკლებად შევასრულო, მაგრამ ჩვენი პირობა ასეთია – ჩვენ–ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ. სწავლის მხრივ, მომთხოვნი ვარ.
– დედ–მამის რა თვისებები გამოჰყვათ ელენეს და ლევანიკოს?
– ხასიათით და გარეგნობით მეც მგვანან და მამასაც.
– როგორ აუხსენით მათ, რომ მამის გარეშე მოუწევდათ ცხოვრება, გაუჭირდათ ამ ფაქტთან შეგუება?
– აგერ უკვე 4 წელია, ჩემს შვილებს მამა აღარ ჰყავთ. მათ ავუხსენი, რომ, სამწუხაროდ, ასე ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც არ ჰყავთ დედა ან მამა. ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ–მეთქი. მათ იციან, რომ მამიკო ზეციდან გვიყურებს და მათი წარმატება, რომელსაც ცხოვრების გზაზე მიაღწევენ, მამის დამსახურებაც იქნება. მამა ახსოვთ, უყვართ და ძალიან ენატრებათ. ეს ცხოვრებას ცოტათი მიმსუბუქებს. 21–ე საუკუნეში რთულია, შვილები მარტომ გაზარდო.
– მაშინ, როცა მარტო დარჩით, როგორ დაალაგეთ ცხოვრება?
– მინდოდა, ისეთი ოჯახი მქონოდა, სადაც ბევრი სიხარული და სიყვარული გვექნებოდა. სამწუხაროდ, ასე მოხდა. ეს ჩვენი ნება არ არის, ყველაფერი უფლის ნებით ხდება. შვილები დამეხმარნენ, რომ მეუღლის გარდაცვალება გადამეტანა. მათ გამო არ მქონდა უფლება, მეთქვა, რომ რაღაცის გაკეთება არ შემეძლო და ა.შ. 6 თვე დამჭირდა, რომ გონს მოვსულიყავი. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ წიგნის ერთი თავი დასრულდა და ახალი თავი უნდა გადამეფურცლა. ცხოვრება გოგას გარეშე გრძელდება, ბავშვებსაც ასე ავუხსენი. ტკივილი რჩება, მაგრამ ცხოვრებას სხვანაირად სწავლობ. ადამიანს სწავლის და გარდაქმნის დიდი უნარი აქვს. როდესაც ცდილობ, მაშინ ყველაფერი გამოგივა.
– წლებია საბავშვო გადაცემების წამყვანი ხართ. ბაბილინა პატარების საყვარელ პერსონაჟად იქცა. მანამდე რას საქმიანობდით?
– პროფესიით მუსიკოსი გახლავართ. სანამ გავთხოვდებოდი, კერძო საბავშვო ბაღში ვმუშაობდი. პატარებს სიმღერას ვასწავლიდი, მუსიკალურ სკოლაში მოწაფეებს ვამეცადინებდი. ელენე რომ მივიყვანე საბავშვო ბაღში, იქაც ვმუშაობდი, მერე ლევანის საბავშვო ბაღშიც ვასწავლიდი სიმღერას. შემდეგ გადავინაცვლე ტელევიზიაში. მოკლედ, მეშვიდე წელია, რაც ბაბილინა ვარ.
– სახლში შვილებიც ხომ არ გეძახიან ბაბილინას?
– არა, მაგრამ ერთი პერიოდი ლევანი ტელეფონს ასე პასუხობდა: "გამარჯობა, მე დიჯეი გოგას და ბაბილინას შვილი ვარ". ბავშვები არც სახელით მომმართავენ, მე მათი დედა ვარ.
– როგორ აფასებენ ბაბილინას ელენე და ლევანი?
– ლევანიკო ძალიან პატარა იყო, მე რომ ბაბილინა გავხდი. ტელევიზორში პირველად რომ მნახა, მკითხა, შენ, რა, ბაბილინა გახდიო. ხანდახან ლევანი გადაღებებში მონაწილეობდა. ჩემს გადაცემას ორივე უყურებს და თავიანთ აზრს მეუბნებიან, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზღაპრებს რომ ვყვებოდი, გადაცემის პროდიუსერმა მითხრა, ლევანიკოს და ელენეს სურათი დაიდე წინ და დაგეხმარებაო. მართლაც ასე მოხდა. ჩემი პირველი შემფასებლები შვილები არიან.
– გრჩებათ დრო საკუთარი თავისთვის?
– რელაქსაციისთვის ბავშვები ძალიან მშველიან, იმ ენერგეტიკას, რომელსაც მე გავცემ, მათგან ისევ ვიღებ. ეს ჩემთვის განტვირთვაა. მეგობრები მყავს, რომლებსაც აქტიურად ვხვდები. შაბათობით რომელიმეს ოჯახში ვიკრიბებით, ჩემთან მოსვლა ყველას უყვარს, მათ კეთილი გულით ვხვდები.
– ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ.
– ვერ გეტყვით, ძლიერი ვარ თუ სუსტი, მაგრამ ვისწავლე, რომ პრობლემა უნდა გადავჭრა. შეუძლებელი არაფერია, ყველაფერი უნდა შეძლო. ჩემი ცხოვრების პრინციპი ეს არის. ბავშვობაში დიათეზი მქონდა, ალერგიული ვიყავი. მახსოვს, როცა შოკოლადს მაწვდიდნენ, ვპასუხობდი, დიდი მადლობა, ჩემთვის არ შეიძლება–მეთქი. 15 წლამდე დიეტაზე ვიყავი, პრინციპში, არაფერს ვჭამდი. თუ ამის გაკეთება შეგიძლია ასეთ პატარა ასაკში, მომავალშიც ბევრ რამეს დაძლევ. როდესაც ადამიანს ორი ხელი და ორი ფეხი აქვს, მას პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის მომთხოვნი ვიყავი და შვილებსაც ამას ვასწავლი. ჩემი თავის იმედი ყოველთვის მაქვს და არავისზე ვარ დამოკიდებული.
ლანა კიკნაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online