asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნებით დათმობილი შანსი – როცა ცოლიანი კაცი პლატონური სიყვარულით გიყვარს...
ნებით დათმობილი შანსი
ნებით დათმობილი შანსი – როცა ცოლიანი კაცი პლატონური სიყვარულით გიყვარს...

2011-02-02 16:00:40



ზოგჯერ ქალი თავის წარმოსახვაში მამაკაცის იდეალს ქმნის. თუ ცხოვრებაში მსგავს პიროვნებას ხვდება, მის მიმართ სიმპათია და განსაკუთრებული სიახლოვის შეგრძნება ეუფლება. აქედან კი ერთი ნაბიჯია სიყვარულამდე, მაგრამ ზოგჯერ ამ გრძნობას გაღრმავება არ უწერია და ის გულში პლატონურ განცდად რჩება. ეს ყველაფერი თავისთავად მშვენიერია, მაგრამ შეიძლება ქალს გადაულახავ დაბრკოლებადაც ექცეს. თუ იდეალური ან თუნდაც მასთან მიახლოებული მამაკაცი ათვლის წერტილად იქცევა, მაშინ... ქალბატონი ნატას აზრით, სწორედ მსგავსი ისტორია გახდა იმის მიზეზი, რომ დღეს ის მარტოა.

ნატა:

– შეიძლება ითქვას, ყოველთვის წარმატებული და რეალიზებული ვიყავი, სწავლის პერიოდშიც და ცხოვრების მორიგ საფეხურებზეც. მაძიებელი ბუნება მქონდა, მიღწეულით არასოდეს ვკმაყოფილდებოდი და ეტაპობრივად წინ მივიწევდი...

– უკაცრავად კითხვისთვის, მაგრამ თქვენი ეს თვისება პირად ცხოვრებაში რატომ ვერ გამოიყენეთ? ან იქნებ, პირიქით, ხელსაც გიშლიდათ?

– ვერ გამოვიყენე ალბათ იმ თვისებების გამო, რაც ყოველთვის ახლდა ჩემს პიროვნებას. საწინააღმდეგო სქესთან მიმართებაში, ერთი მხრივ, მოკრძალებული და ამავე დროს ამაყი ვიყავი...

ვისაც თავი ჩემს სადარად არ მიაჩნდა, ახლოს ვერ მეკარებოდა. ხშირად სხვისი ხელით თაიგულებს მიგზავნიდნენ, ლექსებს და ნახატებს მიძღვნიდნენ. ვინც უფრო ახლოს იდგა ჩემს შინაგან სამყაროსთან, მას მეგობრად ვიღებდი, მაგრამ საკმარისი იყო, სიყვარულზე სიტყვის ჩამოგდების თუნდაც მცდელობა ჰქონოდათ, სილის გარტყმასავით პასუხებს ვცემდი, ამიტომ ხელმეორედ ვეღარ რისკავდნენ. დაუპყრობელ ქალად მაღიარებდნენ და ეს თავისებურად იდუმალებას მძენდა. მართალი გითხრათ, ეს იმიჯი მომწონდა კიდეც.

– მაგრამ დგება დრო, როცა ქალს თუნდაც საკუთარი თავის წინაშე უწევს იმის აღიარება, რომ გვერდით "მეორე ნახევარი" სჭირდება. თქვენთვის ეს დრო რა ასაკში დადგა?

– ცოტა მოგვიანებით: ორი ფაკულტეტი დავამთავრე, საზოგადოებაში დასამკვიდრებლად რაღაც ეტაპები გავიარე და შემდეგ...

– და იმ დროს, როცა უკვე შინაგანად მზად იყავით პირადი ცხოვრების შესაცვლელად, ისეთი პიროვნება არ გამოჩნდა?

– დაწესებულებაში, სადაც მუშაობა დავიწყე, ერთ წამყვან განყოფილებას ხელმძღვანელობდა მამაკაცი, ჩემზე გაცილებით უფროსი, სიმპათიური, პიროვნულად საინტერესო და მიმზიდველი, საოცრად განათლებული. თანამშრომლებს ზოგჯერ ინსტრუქტაჟს გვიტარებდა და ჩვენი ნაცნობობაც აქედან დაიწყო. ჩემს წარმოსახვაში წარმოდგენილ მამაკაცის იდეალს ძალიან ჰგავდა. რაც მთავარია, წესიერი და ღირსებით სავსე იყო. განსაკუთრებით მისი ინტელექტი მხიბლავდა. ალბათ რაღაცით მისი ყურადღება დავიმსახურე, გაცილებით სტაჟიან თანამშრომლებში გამომარჩია და თავის განყოფილებაში გადამიყვანა სამუშაოდ. ეს ჩემთვის დაწინაურებას ნიშნავდა.

კაცი, რომელიც თბილი და მზრუნველი გახლდათ ურთიერთობაში, საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი უფროსი გამოდგა, თითოეულ ნაბიჯს მიკონტროლებდა, ყველაფერი პედანტურად წესრიგში უნდა მქონოდა. ასეთ სამუშაო რეჟიმს იოლად ავეწყვე და მისი მადლიერებაც დავიმსახურე, თუმცა იყო ერთი მომენტი – ასე განსაკუთრებული მონდომებით ვმუშაობდი არა საქმისთვის, არამედ იმის გამო, რომ ის პიროვნება დარჩენილიყო კმაყოფილი, ანუ ფაქტობრივად მისთვის ვმუშაობდი. ეს საკუთარ თავში ცოტა მოგვიანებით აღმოვაჩინე.

– თქვენ შორის გრძნობა გაჩნდა?

– მისი პიროვნებით მოხიბლული ვიყავი, ის კი განსაკუთრებულ პატივს მცემდა. დროდადრო მისგან მოჭარბებულ ყურადღებასაც ვგრძნობდი – მამაკაცური სიმპათიის დონეზე, მაგრამ ამის ანალიზი არასოდეს მიცდია. ერთხელ ჩემს თავს გამოვუტყდი, ალბათ ქვეცნობიერად ასე მინდა, რომ იყოს–მეთქი. როცა მან უკვე აშკარად გამოხატა ყურადღება, მისი გულწრფელობის დაჯერება გამიჭირდა. წარმოუდგენლად მივიჩნიე, როგორ შეიძლებოდა ამხელა სიმაღლეზე მყოფი მამაკაცი ჩემით დაინტერესებულიყო. თავს ვიდანაშაულებდი, ამ ჩემი ილუზიებით მოვლენების პროვოცირება ხომ არ მოვახდინე–მეთქი და მისგან ყოველ ნაბიჯს მთელი მონდომებით გავურბოდი.

– თუ ის მამაკაცი მოგწონდათ, რატომ იქცეოდით ასე, რისი გეშინოდათ?

– ის ისეთი რაფინირებული პიროვნება გახლდათ, შეუძლებელი იყო, ჩემი ნატურა არ გამოეცნო და ჩემდამი არასერიოზული განზრახვა ჰქონოდა ან ურთიერთობაში რაიმე ზღვარს გადასულიყო. საქმე ისაა, რომ ცოლშვილიანი გახლდათ, ეს კი ჩემთვის, რომ იტყვიან, დასაწყისის დასასრული იყო.

– შეურაცხყოფილად იგრძენით თავი, ცოლიანმა მამაკაცმა თქვენ მიმართ ყურადღება რომ გამოამჟღავნა?

– დიახ, ეს მისი მხრიდან არამარტო ჩემი, მისი ოჯახის შეურაცხყოფაც იყო და მას, როგორც პიროვნებას, ჩემს თვალში თავისებურად დაბლა სწევდა. მე კი მსურდა, ის სიმაღლე შეენარჩუნებინა, ამიტომაც წინააღმდეგობაში ვვარდებოდი და ძალიან განვიცდიდი.

– ასეთი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა?

– ერთხელ თანამშრომლები წვეულებაზე წავედით. შემდეგ მამაკაცებმა ქალები სახლებში მიაცილეს. მოხდა ისე, რომ მის მანქანაში მარტო აღმოვჩნდი. საოცარი საღამოაო, თქვა და მთხოვა, გაგვესეირნა. რატომღაც დავთანხმდი, ალბათ არ მინდოდა, იმ მშვენიერების შეგრძნებას გავქცეოდი. ვერ გადმოგცემთ, როგორ მელაპარაკებოდა, სათქმელს პირდაპირ კი არა, ქვეტექსტებით მეუბნებოდა. ეს არ იყო ქვენაგრძნობები ქალის მიმართ, არამედ უფრო ამაღლებული და თუ შეიძლება ითქვას, მაღალზნეობრივიც.

– სიყვარული აგიხსნათ?

– დიახ, ასე იყო, მაგრამ მის ნათქვამს სხვა ვერავინ ჩასწვდებოდა, ეს მხოლოდ ჩემთვის იყო მკაფიოდ გასაგები. ის გახლდათ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო ჩემთვის მეორენახევრობა გაეწია, ამ სიტყვის სრული გაგებით, მაგრამ ამას ვერ გააკეთებდა, რადგან უკვე დაოჯახებული იყო. ამის გააზრებამ დამანაღვლიანა. თავს უფლებას ვერ მივცემდი, საყვარელი მამაკაცისთვის ოჯახი დამენგრია... ვთხოვე, სახლამდე მივეცილებინე. მანქანა მოაბრუნა. ის ღამე განცდებში გავათენე. გადავწყვიტე, ამგვარი დამოკიდებულებისთვის წერტილი დამესვა და მეორე დღიდან სამსახურში მის მიმართ ოფიციალური სახე დავიჭირე. მან ორკვირიანი მივლინება გააფორმა. იქიდან, ცოტა არ იყოს, შეცვლილი დაბრუნდა, აშკარად თავს მარიდებდა. მივხვდი, რომ ჩემგან ძალიან შეურაცხყოფილი დარჩა.

– რამდენ ხანს გაგრძელდა ასე?

– მალევე გადავწყვიტე, მისგან თავი დამეღწია. ამ ურთიერთობას მომავალი მაინც არ ეწერა. სხვა რამეზე წამსვლელი არ ვიყავი და დარწმუნებული ვარ, არც თავად მაკადრებდა ამას. არ დავანებებდი, ცოლ–შვილი ჩემი მიზეზით დაეტოვებინა, სხვა ქალის ცოდვაში ფეხს არ ჩავდგამდი. ასეც რომ მომხდარიყო, ვერასოდეს მოვინელებდი, ასე რომ, ბედნიერ ოჯახს ვერ შევქმნიდით. ამიტომ სამსახური შევიცვალე. მასთან წლების განმავლობაში არ მქონია შეხება. ათი წლის შემდეგ კი ჩვენი გზები კვლავ გადაიკვეთა. ერთ ღონისძიებაზე სრულიად მოულოდნელად ვნახე და ამ შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ეს გრძნობა არ იყო შემთხვევითი.

– ამ შეხვედრის შემდეგ თქვენს ურთიერთობაში რამე შეიცვალა?

– უფრო მეგობრული გახდა. ერთმანეთს ტელეფონით ვესაუბრებოდით, შეხვედრებისგან კი თავს ვიკავებდი. სხვა მხრივ, ის თავისი გზით განაგრძობდა ცხოვრებას, მე – ჩემი გზით... ვხვდებოდი, რომ ამით ჩემს ცხოვრებასაც ვაფერხებდი და მისასაც. ბოლოს კატეგორიულად გადავწყვიტე, კავშირი გამეწყვიტა.

– ურთიერთობაში საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა გქონიათ, მაშინ ან შემდეგ არ გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში მამაკაცი, ვისთვისაც შეიძლებოდა ბედი დაგეკავშირებინათ, ანუ სერიოზული ვარიანტები არ გქონიათ?

– იყვნენ მამაკაცები, ვისაც მოვწონდი. თუ მოვინდომებდი, შეიძლებოდა ურთიერთობა აგვეწყო, მაგრამ არ გავაკეთე. არც ერთი არ მომწონდა: ზოგს ინტელექტს ვუწუნებდი, ზოგს ეთიკას, საუბრის მანერას, იუმორს, გემოვნებასაც...

– ის სიყვარული ხომ არ გიშლიდათ ხელს, სხვა მამაკაცი მიგეღოთ?

– შეიძლება ასეცაა, ვინაიდან მამაკაცი, რომელსაც ჩემი გული ეკუთვნოდა და ვისაც ასე გულმოდგინედ გავურბოდი, ჩემთვის ათვლის წერტილად იქცა.

– დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა თქვენი "ცხოვრების შუა გზაზე" ისევ მარტო ხართ, თქვენს მაშინდელ საქციელს როგორ აფასებთ? იმ გრძნობისთვის გასაქანი რომ მიგეცათ, ვინ იცის, ეგებ უკეთ აგეწყოთ ცხოვრება?

– გულწრფელად გეტყვით, ასეთი განცდა შეიძლება ნებისმიერს დაეუფლოს, ვინც პირადი ბედნიერების შანსს ხელიდან უშვებს, მაგრამ თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, მსგავს სიტუაციაში მაინც იმავეს მოვიმოქმედებდი. არის შინაგანი, მორალური პრინციპები, რასაც ვერ გადაახტები, თუ არა და, შენს პიროვნულ "მეს" დაკარგავ.

ნანა კობახიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online