asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სიყვარულში უიღბლო ადამიანი ვარ
გულახდილი წერილი
საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სიყვარულში უიღბლო ადამიანი ვარ

2012-01-30 09:31:34



წერილის ავტორი ახალგაზრდა გოგონაა, რომელსაც სიყვარულში მუდმივად იმედგაცრუება აქვს და ამის მიზეზი ვერ გაუგია. მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ მიატოვა შეყვარებულმა, თანაც ნიშნობამდე ორი დღით ადრე, ამბობს, რომ ბიჭთან აღარასდროს ექნება ურთიერთობა. უფრო მეტს მისი ისტორიის შესახებ წერილიდან გაიგებთ.
"უკვე 23 წლის გოგო ვარ და იმედგაცრუება სულ თან მდევს. ამის მიზეზი ჯერ ვერ მიპოვია, თუმცა, ვიცი, რომ მსგავსი პრობლემა მარტო მე არ მაწუხებს. საქმე იმაშია, რომ პატარაობიდანვე საინტერესო სიყვარულის ისტორიები მქონდა. ანუ უშეყვარებულოდ და უთაყვანისმცემლოდ არასდროს ვყოფილვარ. ვერ გეტყვით, რომ ფიზიკურად გადასარევი ვარ, ალბათ, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, მაგრამ რატომღაც სულ ვიღაცას მოვწონდი და ვიღაც მომწონდა. პრობლემა ისაა, რომ ყველაფერი მალევე მთავრდებოდა და ბოლოს მარტო ვრჩებოდი. ახლაც ასე მოხდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო და შეყვარებულმა ამჯერადაც მიმატოვა. უკვე ძალიან განვიცდი ასეთ სიტუაციას, რადგან ყოველი მიტოვების მერე საშინლად ვნერვიულობ და განვიცდი ამას. არ გეგონოთ, თავქარიანი გოგო ვარ, უბრალოდ, ასე ხდება. შევიყვარებ ვინმეს, ისიც შემიყვარებს, ავაგებ ოცნების კოშკებს, ისიც ამიგებს და ის უცებ ქრება, მიდის ჩემგან. მე კი ვნერვიულობ.
პირველად, 14 წლის ასაკში მყავდა შეყვარებული. ვერ გეტყვით, რომ ის იყო ჩემი მეორე ნახევარი, მაგრამ ბავშვურ დონეზე გვქონდა გრძნობები. პირველი მიტოვება სწორედ მისგან ვიგემე, მაგრამ მაშინ ეს ფაქტი ძალიან არ შემიცხადებია. მეორედ, უკვე 16 წლისას შემიყვარდა ჩემი მეზობელი ბიჭი. რამდენიმე თვე ვიყავით ერთად და ბოლოს მითხრა, ეს არ არის სიყვარული, მე სხვა მიყვარსო. მეხი დამეცა თითქოს, მაგრამ რას ვიზამდი? მუხლებზე ნამდვილად ვერ დავუდგებოდი. მეტჯერ მასთან აღარც მილაპარაკია, თუმცა, ერთი წელი ვცდილობდი მის გადავიწყებას. მალევე ახალი თაყვანისმცემელი გამომიჩნდა, თუმცა, ვერ გეტყვით, რომ ის ბიჭი მომწონდა, მხოლოდ დრო გამყავდა მასთან. ჯერ კიდევ ძველ სიყვარულზე ვფიქრობდი. ეს ბიჭი კი არ მასვენებდა, ათას რამეს მპირდებოდა და მეუბნებოდა, ცოლად მოგიყვანო. როცა უკვე მეც სერიოზულად შევხედე მას და ვიფიქრე, იქნებ მართლა ეს არის ჩემი ბედი-თქო, ზუსტად მაგ დროს გაქრა. ერთ დღესაც აღარ შემხმიანებია. მე გაურკვევლობაში ვიყავი კარგა ხანი. ცოტა ხნის მერე გავიგე, ცოლი მოიყვანაო. გული მეტკინა და თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. გარკვეული გრძნობები ხომ მაკავშირებდა მასთან. ეს ამბავიც როგორღაც გადავიტანე და დავიფიცე, ბიჭს აღარ შევიყვარებდი, გული რომ აღარ მტკენოდა. კარგა ხანი მართლაც აღარ მყოლია შეყვარებული. ამ პერიოდში თაყვანისმცემლები კი მყავდა, მაგრამ არავის ვუახლოვდებოდი. მწარე გამოცდილების შემდეგ, მორიგი ტკივილის მიღება აღარ მსურდა.
მიუხედავად ჩემი ფიცისა, მაინც დაიკავა ერთმა ბიჭმა ჩემი გული. ბაჩოს მანამდე მხოლოდ შორიდან ვიცნობდი, თუმცა, ყურადღებას არც მე ვაქცევდი და არც ის. ჩემთან ახლოს ცხოვრობდა, გვერდით უბანში. ერთ დღესაც ზაფხულში, ისე მოხდა, რომ ერთად მოგვიწია ყოფნა. მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი, ის თავის ძმაკაცებთან. საერთო ნაცნობები აღმოგვაჩნდა და იმ საღამოს ერთ წრეში ვიყავით. ასე დავახლოვდით მე და ბაჩო. მერე ორივე მივხვდით, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობები გაგვიჩნდა. გულწრფელად გეტყვით, რომ მიუხედავად ჩემი სასიყვარულო გამოცდილებებისა, ბაჩოს მიმართ სულ სხვა გრძნობები გამიჩნდა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბოლოს ეგ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ, ბაჩოსთან ურთიერთობისას მივხვდი, რომ ის სულ სხვა იყო და მართლა მიყვარდა. მანამდე, სხვა სიყვარულები ძლიერი არ ყოფილა. ალბათ, ცოტა სასაცილოა სიტყვა "სიყვარულების" თქმა, მაგრამ მართლა რამდენჯერმე გამოვცადე ეს გრძნობა, მაგრამ არც ერთი იყო ძლიერი. ბოლოს კი ბაჩო ნამდვილად შემიყვარდა. მისგანაც იმავეს ვგრძნობდი. ეს ისტორია მართლა საოცარი იყო. თითქმის ორი წელი ვიყავით ერთად. ბაჩო ძალიან ყურადღებიანი, მოსიყვარულე და კეთილი ბიჭი იყო. ყოველთვის პატივისცემით მექცეოდა და მეუბნებოდა, რომ მე მისი საფიცარი ვიყავი. მეც მიხაროდა ეს და მეგონა, რომ სულ ასე იქნებოდა. ბაჩოს რამდენჯერმე ვუთხარი კიდეც, რომ ბევრჯერ მატკინეს ბიჭებმა გული და შენც რომ იმავენაირად მომექცე, ვეღარ გადავიტან-მეთქი. მან კი მიპასუხა, ნუ გეშინია მე შენ გულს არასდროს გატკენ, მირჩევნია მე ვიტკინო გული, მაგრამ შენ არ გატკენო. მეც დავმშვიდდი და მართლა იმედი მომეცა, რომ ბაჩო გამაბედნიერებდა.
ორი წელი მიილია ასე და ჩვენ სულ ერთად ვიყავით. ჩვენმა ოჯახებმაც იცოდნენ ჩვენი სიყვარულის ამბავი და ელოდნენ, როდის მივიღებდით დაქორწინების გადაწყვეტილებას. არ გეგონოთ, გათხოვება ჩემი თვითმიზანი იყო, პირიქით, ბაჩოს ვეუბნებოდი, ჯერ ნუ ვიჩქარებთ-თქო. ის კი მეუბნებოდა, რა მნიშვნელობა აქვს, როდის გამომყვები, შენ მაინც ჩემი ცოლი გახდებიო. მართლაც გადავწყვიტეთ, რომ ერთ თვეში დავინიშნებოდით და მერე პატარა ქორწილსაც გადავიხდით. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, ბაჩოც ასე იყო. სულ მეუბნებოდა, არ მჯერა, რომ ჩემი ცოლი უნდა გახდე, სულ ხელის გულზე უნდა გატაროო. ასეთ ეიფორიაში ვიყავი, რომ ერთ დღესაც ვიღაც გოგომ დამირეკა და მითხრა, შენთან შეხვედრა მინდა, შენს შეყვარებულზე უნდა დაგელაპარაკოო. ჯერ გამიკვირდა, მაგრამ რომ მითხრა, ბაჩოსთან რომანი მაქვსო, ლამის გადავირიე. თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი იმ გოგოსთან შესახვედრად. მოკლედ, შევხვდი მას და ყველაფერი მომიყვა. თურმე, ხუთი თვის წინ გაიცნო ბაჩო ერთ-ერთ კლუბში და მას მერე ფარულად ხვდებოდნენ. მერე კი ეს გოგო ბაჩოსგან დაორსულდა. ეს ჩემთვის მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა. ბაჩოს ვუთხარი, რომ ყველაფერი ვიცოდი და საშინლად ვეჩხუბე. მან თავი იმართლა, ლამის მუხლებში ჩამივარდა და პატიებას მთხოვდა. კი, ვაპატიე, მაგრამ რაც მოხდა, იმას უკან ხომ ვეღარ დააბრუნებდა. იმდენად მიყვარდა ბაჩო, რომ ადვილად ვაპატიე ღალატი. მან მითხრა, რომ ბავშვის მამობას ვიკისრებ, აბა, რა ვქნა, ჩემი შვილია და ხელს ხომ ვერ ვკრავო. მეც დავეთანხმე, თუმცა, ეს ჩემთვის ადვილი გადასაწყვეტი არ ყოფილა. იმ გოგოს კი თურმე ეს არ აწყობდა, ბაჩოს ცოლობა უნდოდა. როცა მიხვდა, რომ ცოლად არ მოიყვანდა და მართლა მე ვუყვარდი, საერთოდ გაქრა და ბაჩოს უთხრა, მუცელი მოვიშალეო. ასე თუ ისე, ეს ამბავი მალე ორივეს დაგვავიწყდა. მერე ისევ გავაგრძელეთ ნიშნობისთვის მზადება. ნიშნობამდე ორი დღით ადრე კი ბაჩომ დამირეკა და მითხრა, შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვსო. მეგონა, ნიშნობის ამბებზე უნდა ეთქვა რამე, ცუდი არც მიფიქრია და გავედი მის სანახავად. შევატყვე, რომ ძალიან დაბნეული იყო და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. აი, მაშინ კი შემეშინდა და თითქოს ვიგრძენი კიდეც, რომ მას ჩემთან დაშორება უნდოდა, თუმცა, ბოლო წუთამდე იმედს არ ვკარგავდი. მოკლედ, მითხრა, მე შენ ცოლად ვერ მოგიყვან, რადგან ის გოგო ჩემგან შვილს აჩენს, მუცელი არ მოუშლიაო. მეც იძულებული ვარ, ცოლად მოვიყვანო და შვილი ერთად გავზარდოთო. მაპატიე, რომ ასე გაგიცრუე იმედები და გულწრფელად ვინანიებო. კიდევ ათასი სისულელე მითხრა, მაგრამ მეტი არაფერი მახსოვს. მისთვის არაფერი მიკითხავს და არც მითქვამს. მხოლოდ მისი ნაჩუქარი ყელსაბამი მოვიხსენი და მივეცი, შენი შვილის დედას წაუღე-თქო, დავაყოლე. მანაც გამომართვა. მერე ცრემლები წამოუვიდა და მადლობა მითხრა იმ ორი ლამაზი წლისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ და ასე დამტოვა.
დღემდე ვერ ამიხსნია ეს როგორ გააკეთა და იმ მსუბუქი ყოფაქცევის გოგოზე როგორ გამცვალა. მესმის, რომ ის გოგო ბაჩოსგან შვილს ელოდებოდა, მაგრამ რა აუცილებელი იყო მისი ცოლად მოყვანა, უბრალოდ, ბავშვისთვის მიეცა გვარი და შვილად ეღიარებინა. მე ამის უფლება მივეცი და ვიცი, რომ ბევრი გოგო ამას არ გააკეთებდა, თუმცა, თვალები დავხუჭე სიყვარულის გამო და ვაპატიე ღალატი. ახლა იმ ამბის გახსენება უკვე აღარ მინდა და აღარც მიზეზების ძებნა. ბაჩომ ის გოგო მართლაც შეირთო ცოლად და ყველა გააოცა ამ საქციელმა. ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერებას ვუსურვებ, რადგან გული საშინლად მატკინა. მიუხედავად ყველაფრისა, ის დღემდე მიყვარს უიმედოდ. ახლა კი ჩემს თავს მართლა ავუკრძალე ბიჭთან ურთიერთობა. უკვე აღარავის მჯერა. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სიყვარულში უიღბლო ადამიანი ვარ. ერთი რამ ვერ გამიგია, რატომ მტოვებს ყველა ბიჭი ასე და რატომ მიკლავენ გრძნობებს".
თეონა კენჭიაშვილი


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online