asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"კაცები ზუსტად ამართლებდნენ იმ "იარლიყს", რასაც მათზე გავიფიქრებდი"
ქალი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას აპროგრამებს
"კაცები ზუსტად ამართლებდნენ იმ "იარლიყს", რასაც მათზე გავიფიქრებდი"

2012-01-15 20:49:58



ჩვენი რესპონდენტის, ქალბატონი ლელას მტკიცებით, მის თავს უცნაური რამ ხდებოდა: გაიფიქრებდა თუ არა რამეს უარყოფითი კუთხით, უსათუოდ უცხადდებოდა... ადრე ამას ყურადღებას არ აქცევდა და არც რაიმე მნიშვნელობას ანიჭებდა, მაგრამ მისი ცხოვრება ისე წარიმართა და მოვლენები ისე აეწყო, რომ ძალაუნებურად ამ ფაქტს დააკვირდა და განხილვის საგნადაც აქცია. მეცნიერულადაც და ცხოვრებისეული ფაქტებითაც დადასტურებულია, რომ ადამიანს თავისი ენერგეტიკით შეუძლია გავლენა მოახდინოს გარესამყაროზე, მაგრამ გვაქვს თუ არა სწორედ ამ მოვლენასთან საქმე კონკრეტულ შემთხვევაში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. განსჯას მკითხველს მივანდობთ.
– ლელა, რა შეგემთხვათ ისეთი, რამაც გაფიქრებინათ, რომ თქვენი უარყოფითი აზრები მატერიალიზდებოდა?
– გუჯა ადრეულ ასაკში შემიყვარდა. ყველა მეუბნებოდა, რომ ის ჩემზე ბევრად დაბალ საფეხურზე იდგა: სულიერად, ფიზიკურად, ინტელექტუალურად, სოციალურად... მაგრამ ისე ვიყავი სიყვარულით დაბრმავებული, რომ ამას ვერ ვხედავდი, უფრო სწორად, შეიძლება ვამჩნევდი კიდეც, მაგრამ ასეთი დისბალანსი მომწონდა და მიზიდავდა, ამაში რაღაც რომანტიკას ვხედავდი. ალბათ ამიტომაც შემიყვარდა გუჯა.
– გაამართლა თქვენი იმედები?
– თავიდან ყველაფერი კარგად იყო. მისი ქცევიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვიყავი, რომ უზომოდ ვუყვარდი. შეყვარებული რომეოს როლს შესანიშნავად თამაშობდა. თუ საჭირო იყო, ცრემლებად იღვრებოდა და მიჩოქებდა კიდეც, ზოგჯერ კი სრულიად უყურადღებოდ მტოვებდა და სხვაზე მაეჭვიანებდა. ხან მიმტკიცებდა, რომ მასზე ბევრად მაღალ საფეხურზე ვიდექი და ის ჩემს სიყვარულს არ იმსახურებდა, ხან ქედმაღლობას და სიამაყესაც იჩენდა. ერთი სიტყვით, ჩვენი ურთიერთობა წინააღმდეგობათა მორევი იყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ რაც უფრო მეტი იყო წინააღმდეგობა და ეს მორევი რაც მეტად მღვრიე, მით უფრო მიყვარდებოდა.
– ბოლოს რა ფორმა მიიღო თქვენმა ურთიერთობამ, შეუღლდით?
– რომ არ შევუღლებულიყავით, ალბათ ამ ადამიანის ნამდვილ ზრახვებს ვერ მივხვდებოდი.
– რას გულისხმობთ?
– მან ყველა ჩემი რესურსი გამოიყენა, რომ ფეხზე დამდგარიყო, წინ წაწეულიყო და საზოგადოებაში თავი დაემკვიდრებინა. მერე კი მადლიერების ნაცვლად ღალატით მიპასუხა.
– ინტერვიუს ჩაწერამდე ამბობდით, როცა უარყოფითი კუთხით რამეს გავიფიქრებდი, უთუოდ მიცხადდებოდაო. ამას აქვს რაიმე კავშირი გუჯას საქციელთან?
– გუჯა ჩემთვის გამოცანა იყო შეყვარებულობის პერიოდშიც და შეუღლების შემდეგაც. ის იყო ტიპაჟი, რომელიც ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს... ეს მე ძალიან მაწამებდა. ჩემში ყოველთვის იყო კითხვა: "ვინ არის ეს ადამიანი–სფინქსი?" და მის ამოხსნას ვცდილობდი. მისი შეცნობის პროცესი დროთა განმავლობაში უკვე აღარ იწვევდა ჩემში ამაღლებულ გრძნობებს, პირიქით, გაუსაძლისი გახდა.
თავიდან, ცხადია, მისი ყოველგვარი საქციელის გამართლებას ვცდილობდი. შემდეგ მის მიმართ ინტერესი დავკარგე. ერთ მშვენიერ დღეს კი, როცა ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი, გავიფიქრე, რომ ეს ჩვეულებრივი, ტიპური გარეწარი იყო... როდესაც ამ კუთხით შევხედე, თითქოს ყველაფერი თავისთავად დალაგდა. ყოველ მის მოქმედებას მოვუძებნე გასაღები და ყველა კარი ერთბაშად გავაღე.
– მისი ღალატის შესახებ როგორ შეიტყვეთ?
– გუჯამ ჩვენი ურთიერთობა იქამდე მიიყვანა, რომ ჩემივე ნებით მათქმევინა მასზე უარი, თავად კი მშრალზე გამოვიდა. თავს იმდაბლებდა და მიმტკიცებდა, შენი სიყვარულის ღირსი არ ვარ, ჩემზე ბევრად მეტი გეკუთვნისო. არადა რომანი ჰქონია გაჩაღებული. ყველაფერი ჩემი ხელით გააკეთა: განქორწინება, ჯვრის აყრა... როდესაც ცოლ–ქმარი ერთმანეთს შორდებიან, ისეთი ფაქტები და პრობლემები ამოტივტივდება ხოლმე, რასაც ადრე ვერც წარმოიდგენდნენ. განქორწინების შემდეგ გუჯას "საგმირო საქმეების" შესახებ ბევრი რამ შევიტყვე და ჩემი გადაწყვეტილება გაყრის შესახებ სრულიად გავამართლე, ვინანე კიდეც, ამ ადამიანს ამდენი წელი რომ შევწირე. ერთი სიტყვით, ჩემმა ქმარმა გარეწრის იარლიყი სრულიად გაამართლა...
– კიდევ გადაგხდათ მსგავსი ამბავი?
– ზალიკო წლების შემდეგ გავიცანი. არც მეგონა, კიდევ ვინმეს თუ მივენდობოდი და გულწრფელად შევიყვარებდი, მაგრამ ორივეს სერიოზული გრძნობა გაგვიჩნდა. ერთმანეთს კარგად ვუგებდით, ერთად ყოფნა გვიხაროდა. ჩვენი სიყვარულის ამბავი ყველამ გაიგო, უკვე ვეღარც ვფარავდით. როცა საქმე საქმეზე მიდგა და ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადაგვედგა (შეუღლებას ვგულისხმობ), ზალიკომ უკან დაიხია. მე არ მომითხოვია მისთვის, გინდა თუ არა, ცოლად მომიყვანე–მეთქი. რომ მომეთხოვა, ალბათ ასეც მოიქცეოდა, მაგრამ ეს ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში.
– თუ უყვარდით, რატომ ვერ გადაწყვიტა დაქორწინება?
– მითხრა, უზომოდ მიყვარხარ, მაგრამ წარმოუდგენლად მიმაჩნია, განათხოვარი (უხეშად რომ ვთქვათ, სხვის ხელში გამოვლილი) ქალი ცოლად მოვიყვანოო. თურმე ამას არც მისი მშობლები მოიწონებდნენ და, უფრო მეტიც, ზალიკოს თქმით, შეიძლებოდა გულიც გასკდომოდათ.
– ზალიკო ასაკით პატარა იყო?
– საქმეც ისაა, რომ საკმაოდ მოწიფული მამაკაცი გახლდათ. საკუთარი შემოსავალიც ჰქონდა და მშობლებზეც არ იყო დამოკიდებული, გარდა იმისა, რომ მათთან ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, ჩემი გაბედნიერებით ვინმეს სიკვდილს ნამდვილად არ ვისურვებდი.
– წარსულს ვერ ამოშლიდით თქვენი ცხოვრებიდან და რას ფიქრობდა, როგორ წარმოედგინა მომავალი: ასე, მარადიულ შეყვარებულებად უნდა დარჩენილიყავით?
– სწორი შენიშვნაა, ასეთი ცხოვრება მოსწონდა. უჩემოდ ვერ ძლებდა და გასაქანს არ მაძლევდა, საშინლად მთრგუნავდა, არადა ვერ მიხვდა, რომ რაღაც ეტაპზე ცხოვრება უნდა შეეცვალა. მეუბნებოდა, მე ვერავინ გამიგებს, მეორე "ზალიკო" უნდა იყოს და ჩემნაირ გრძნობას უნდა ატარებდეს, რომ გამიგოსო. ამან, ცხადია, ჩვენი ურთიერთობა გააფუჭა, უფრო სწორად, მოსპო.
– მასზეც იფიქრეთ რამე ნეგატიური და აგიხდათ?
– როდესაც მასთან პირველივე წინააღმდეგობა შემხვდა, გავიფიქრე: რა სულელი ყოფილა–მეთქი... შემდეგ ზალიკომ თავისი მორიგი ქმედებებით ეს სახელი არამარტო გაამართლა, განამტკიცა კიდეც. იმდენი სისულელე ჩაიდინა, რომ საბოლოოდ გული ამიცრუვდა. მივხვდი, რომ მასთან უბრალოდ ვერ ვიცხოვრებდი და ჯობდა, თავის დროზე დავცილებულიყავი.
– იქნებ ზალიკოსთან დაკავშირებით ეს ნეგატიური ფიქრი იმიტომ დაგეუფლათ, რომ ქვეცნობიერად შეიცანით მისი ნამდვილი ბუნება, მაგრამ მაშინ ამას ყურადღება არ მიაქციეთ?
– ამაზე ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი... დავიწყე დაკვირვება საკუთარ თავზე, დავაკვირდი ჩემს განწყობას სხვადასხვა ადამიანის მიმართ, მათ ჩემთვის იარლიყებს ვაკერებდი და შემდეგ მათ ქმედებებს ვაკვირდებოდი... ნებსით თუ უნებლიეთ, ისინი ზუსტად ამართლებდნენ იმ "იარლიყს", რასაც მათზე გავიფიქრებდი.
– ანუ, თქვენი აზრით, ფიქრებით ახდენდით ამ ადამიანებზე ზეგავლენას და ბუნებით ეს თვისებები მათ არ ახასიათებდათ?
– რა თქმა უნდა, ეს თვისებები ბუნებაშიც ჰქონდათ... სხვანაირად ნუ გამიგებთ, ჯადოქრობას კი არ ვიბრალებ! მაგრამ, როგორც კი ჩემს ცნობიერებაში ჩნდებოდა აზრი, ეს ფიქრი მატერიალიზდებოდა და მოქმედებას იწყებდა მექანიზმი, რაც მათი ხასიათის ამ თვისებას უფრო ნათლად წარმოაჩენდა.
ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ასე რომ "აპროგრამებ" ადამიანში თვისებებს, იქნებ შენთვის რამე კარგი ინატრო, ადამიანზე მხოლოდ დადებითი იფიქრო და დააკვირდი, როგორ აგიხდებაო.
შარშან შობას ერთად შევხვდით დაქალები – სურვილები ჩავუთქვით, ფურცლებზე დავწერეთ, ერთ ყუთში შევინახეთ და დავლუქეთ. წლის ბოლოს უნდა გაგვეხსნა და შეგვემოწმებინა, ვინ იქნებოდა ჩვენ შორის იღბლიანი, ვის შეუსრულდებოდა ნანატრი სურვილი. აღმოჩნდა, რომ ჩემი სურვილი ზუსტად ისე ახდა, როგორც ჩავუთქვი.
– თუ ჯერ კიდევ საიდუმლო არ არის, გაგვიმხილეთ, რა ჩაუთქვით.
– მინდოდა, იმ წელს ბედნიერება მოეტანა ჩემთვის და ისეთი მამაკაცის თვისებები ჩამოვწერე, რომლის გვერდითაც თავს ბედნიერად ვიგრძნობდი. დადებითის გვერდით ცოტა უარყოფითიც გავურიე – ისეთი, რომელსაც შედარებით იოლად შევეგუებოდი. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, რომ არ გავთვალო. შეიძლება ცრურწმენაში ჩამითვალოთ, მაგრამ ეს ბევრჯერ მაქვს დაცდილი.
– ზუსტად ისეთ მამაკაცს შეხვდით, როგორიც ინატრეთ?
– შეიძლება ითქვას, რომ ასეა. მის გვერდით თავს უბედნიერესად ვგრძნობ. შობის ღამემ, რომელსაც სურვილი ჩავუთქვი, ჩემი ოცნების მამაკაცი მაჩუქა.
– ღმერთმა ბედნიერი გამყოფოთ, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ დროთა განმავლობაში ის მამაკაცი ისეთ თვისებებს არ გამოავლენს, რაც თქვენთვის მიუღებელი იქნება?
– ამაში დარწმუნებული ვარ. ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ მის ყველა უარყოფით თვისებას ავიტან.
ნანა კობახიძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online