asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კომისარ მეგრეს ერთადერთი სიყვარული
კომისარ მეგრეს ერთადერთი სიყვარული
კომისარ მეგრეს ერთადერთი სიყვარული

2011-01-19 17:24:32



1929 წელს ჟორჟ სიმენონი პარიზში უკვე საკმაოდ ცნობილი, თუმცა არცთუ პოპულარული მწერალი გახლდათ. თავის მოგონებებში ის წერს, რომ უდიდესი სურვილი ჰქონდა, დეტექტიური რომანი შეექმნა.

სიმენონს, როგორც ჟურნალისტს, ხშირად უხდებოდა კრიმინალურ თემებზე სტატიების წერა, ამიტომაც პოლიციის ხშირი სტუმარი იყო და სამართალდამცავებთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ერთხელ ინსპექტორმა დებრემ უთხრა:

– გირჩევ, კომისარი რობენი გაიცნო. მას ყველა რომანტიკოსს ეძახის.

– რატომ?

– იმიტომ, რომ თავის დროზე საოცარი ამბები გადახდა. ესაა დეტექტივისა და მელოდრამას ნაზავი. მწერალი რომ ვიყო...

სიმენონმა ვერ მოისვენა, სანამ რობენი არ გაიცნო. კომისარმა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. რობენი შუახანს იყო მიტანებული, საშუალო ტანის, მაგრამ ბრგე და ჩასხმული. პირში განუყრელი ჩიბუხი ჰქონდა გაჩხერილი. კომისარს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, სიმენონის შეკითხვებსაც ძუნწად პასუხობდა. ამ ყველაფერმა ამან მწერლის ცნობისმოყვარეობა გააღვივა და კომისრის ცხოვრების კვლევა დაიწყო. ამან კრიმინალური პოლიციის დირექტორის, ქსავიე გიშარის ყურამდე მიაღწია, რომელმაც ბევრი რამ უამბო რობენის შესახებ, მათ შორის, ერთი რომანტიკული ისტორია, რომელიც კომისარს ახალგაზრდობაში გადახდა თავს.

მშვიდობით, პირველო სიყვარულო!

ლუიზა და ჟოზე რობენი თანაკლასელები იყვნენ. გოგონა ბავშვობიდანვე სპორტს მისდევდა. ტანვარჯიშში, სირბილსა და ცხენოსნობაში მოზარდთა შორის პარიზის ჩემპიონიც გახდა. უამრავი თაყვანისმცემელი ეხვია, მაგრამ მისი გული ჟოზე რობენს ეკუთვნოდა. როდესაც სკოლას ამთავრებდნენ, ჟოზე სიყვარულში გამოუტყდა. შემდეგ იყო ხანგრძლივი ვნებიანი კოცნა. ჟოზემ ხელი სთხოვა, გოგონაც უყოყმანოდ დათანხმდა.

ლუიზას მამა ცნობილი არქიტექტორი იყო და საკუთარი ფირმა ჰქონდა. ჟოზე კი ერთი ობოლი ბიჭი გახლდათ და დეიდა ზრდიდა, რომელიც მასწავლებელი იყო. დეიდას ქმარ–შვილი არ ჰყავდა, ამიტომ ჟოზე შვილივით უყვარდა. ლუიზას უფროსმა დამ, ბრიოლეტამ, როგორც კი მათი სიყვარულის ამბავი შეიტყო, შეიცხადა:

– ჩვენი ოჯახის შვილი მაგას როგორ უნდა გაჰყვე?!

დებმა სერიოზულად იჩხუბეს. ბრიოლეტამ ყველაფერი დედას უამბო. დედამ ლუიზას მოცდა ურჩია, მანამდე მაინც, სანამ ჟოზე ჯარიდან არ დაბრუნდებოდა.

საღამოს, როდესაც ლუიზა ჟოზეს შეხვდა, ბიჭმა განუცხადა:

– უწყება მივიღე, ჯარში მივდივარ.

– ჟოზე, – ლუიზამ კისერზე მოხვია ხელები, – მიყვარხარ!

ღამე ერთად გაატარეს. ერთი კვირის შემდეგ კი ჟოზე ჯარში წავიდა. საზღვაო–ქვეითებში გაანაწილეს. ჟოზე სისტემატურად სწერდა წერილებს, ლუიზაც პასუხობდა. მოულოდნელად ლუიზას წერილები შეწყდა. ჟოზე პანიკამ მოიცვა. ერთ დღეს უფროსმა გამოუცხადა, შვებულებაში გიშვებთო. ჟოზე სიხარულისაგან ცას ეწია. ძლივს შეიკავა თავი, რომ მეთაური არ გადაეკოცნა. შინისაკენ იმ დღესვე გაემგზავრა. ერთი ნახტომით აირბინა კიბეები, წამიც და დეიდას გულში იკრავდა. დეიდამ მაშინვე გაშალა სუფრა. ჟოზე ტელეფონს მივარდა.

– სად რეკავ?

– ლუიზასთან.

დეიდა უკმაყოფილოდ შეიშმუშნა.

– მოხდა რაიმე? – ჟოზემ იგრძნო, როგორ აუჩქროლდა გული.

დეიდამ არაფერი უპასუხა, წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ჟოზე ყურმილს დასწვდა:

– ალო, ლუ, შენა ხარ?! ჟოზე ვარ! შვებულებით ჩამოვედი. მომენატრე, ერთი სული მაქვს, როდის გნახავ! როგორა ხარ?

– არა მიშავს, – ცივად მიუგო ლუიზამ.

– უნდა გნახო.

– არ მცალია.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ქმარი მყავს, გავთხოვდი, – მიუგო ლუიზამ, – ნუღარ დარეკავ, – და ყურმილი დაკიდა.

რა პატარაა ეს ქვეყანა!

გავიდა წლები. ჟოზემ პოლიციელთა სკოლაში ჩააბარა, წარმატებით დაამთავრა და კრიმინალურ პოლიციაში დაიწყო მუშაობა. არც სიმამაცე აკლდა, არც ინტელექტი, ამიტომაც საკმაოდ ახალგაზრდამ უფროსი ინსპექტორის წოდება მიიღო. თანამშრომლები პატივს სცემდნენ. ინტრიგანობა, მლიქვნელობა, მაბეზღარობა მისთვის უცხო იყო. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. დეიდას ძალზე ეამაყებოდა, როდესაც გაზეთებში ჟოზეს ფოტოს ხედავდა, ინსპექტორმა რობენმა საშიში დამნაშავეები დააპატიმრაო. სულ იმას ჩასჩიჩინებდა, დროა, დაქორწინდეო. ჟოზეს ამაზე მწარედ ეღიმებოდა...

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მევახშე ბორგრი საკუთარ ბინაში მოკლეს. უფროსმა ინსპექტორმა რობენმა დაადგინა ბორგრის მევალეთა ვინაობა, ისიც, რომ მკვლელობის დღეს სადარბაზოდან შავ კოსტიუმსა და ჰალსტუხში გამოწყობილი მამაკაცი გამოვარდა და იქვე მდგარ მანქანაში ჩახტა. ეს დაახლოებით იმ დროს მოხდა, როდესაც მკვლელობა ჩაიდინეს. მოწმეებმა მამაკაცის გარეგნობაც აღწერეს. შედგა მისი სიტყვიერი პორტრეტი. კონსიერჟმა ქალმა კი განაცხადა:

– მე მას ვიცნობ, ეს მუსიე ბარტეზია, ბორგრისთან ხშირად მოდიოდა.

რობენმა იგრძნო, როგორ დაეხვა თავბრუ. ბარტეზი ხომ ლუიზას ქმარი იყო. გავიდა წლები და მათი გზები კვლავ გადაიკვეთა:

– რა პატარაა ეს ქვეყანა! – აღმოხდა ინსპექტორს.

ჟოზემ ბარტეზის კანტორას მიაკითხა. ბარტეზი თავაზიანად, მაგრამ ცივად შეხვდა. იმ დღეს კანტორაში ვიყავი, სასწრაფო სამუშაო მქონდაო, განუცხადა მან ჟოზეს, თუმცა ამის დადასტურება არავის შეეძლო. მდივან ქალს ბავშვი ავად გაუხდა და დაეთხოვა. ბარტეზი მარტო იჯდა და დოკუმენტები წესრიგში მოჰყავდა. მოკლედ, არანაირი ალიბი არ ჰქონდა. ჟოზე თავაზიანად გამოემშვიდობა. ბარტეზი იღიმებოდა, მაგრამ მისი თვალებიდან შიში გამოსჭვიოდა. ქუჩაში ინსპექტორი წამით შედგა. ეტყობოდა, რაღაცაზე დაძაბული ფიქრობდა.

მალე ბარტეზს ნოტარიუსმა დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა. ბარტეზს ის კარგა ხანია იცნობდა. საუბრისას ნოტარიუსი ანაზდად "ცუდად გახდა". ბარტეზმა უმალ დაუსხა წყალი. მისი წასვლის შემდეგ ოთახში ჟოზე და კიდევ ერთი პოლიციელი შევიდნენ, რომლებიც მეორე ოთახიდან საუბარს ჩუმად ყურს უგდებდნენ. ჟოზემ ხელთათმანები გაიკეთა და ისე აიღო ჭიქა, რომლითაც ბარტეზმა ნოტარიუსს წყალი მიაწოდა.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დანაზე დატოვებული თითების ანაბეჭდები ბარტეზს ეკუთვნოდა. მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ კაცი, რომელიც ბორგრის ბინის სადარბაზოდან გამორბოდა, ბარტეზი გახლდათ. წრე შეიკრა. ლუიზას ქმარი დააპატიმრეს.

დაე, უფალმა განგსაჯოს!

დაკითხვაზე ბარტეზმა აღიარა, რომ მკვლელობის დღეს მართლაც მივიდა ბორგრისთან. ბარტეზს მისი ვალი ჰქონდა და სურდა, გადავადებაზე დაეთანხმებინა.

– როდესაც შევედი, დავინახე იატაკზე გაშოტილი გასისხლიანებული ბორგრი, რომელსაც ზურგში დანა ჰქონდა გარჭობილი. ინსტინქტურად მივვარდი და დანა ამოვაძრე. გასისხლიანებული დანის დანახვაზე კინაღამ გული წამივიდა. იქვე დავაგდე და გამოვიქეცი.

– რატომ გაიქეცით?

– შემეშინდა.

– რატომ ცდილობდით, ეს ამბავი დაგემალათ?

– აბა, ვინ დამიჯერებდა?!

მართლაც, მისი არავის სჯეროდა. სამხილი ხომ უტყუარი იყო – დანაზე ბარტეზის ანაბეჭდები. ამასთან, ბარტეზს ბორგრის ვალი ჰქონდა, მაშასადამე, მისი მოკვლის მიზეზი გააჩნდა. ასე რომ, მისი დანაშაული ცხადი იყო და არც რობენს, არც მის უფროსებს ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ...

რობენის კაბინეტის კარზე კაკუნი გაისმა. შემდეგ კარი გაიღო და ოთახში ლუიზა შევიდა. ქალი ოდნავ მოსუქებულიყო, მაგრამ ეს უფრო უხდებოდა. ჟოზე თვალს ვერ აშორებდა და კრინტს ვერ სძრავდა. ლუიზას სახე გაფითრებოდა, თვალის უპეები ჩაშავებოდა. ქალი არც დამჯდარა, ისე დაიწყო ყვირილი, საშინელი ისტერიკული ყვირილი. ის ამტკიცებდა, რომ მისი ქმარი უდანაშაულო იყო და პოლიციას საქმის მიფუჩეჩება სურდა.

ჟოზე ჩუმად იჯდა, არაფერს პასუხობდა. ლუიზამ თავისი ტირადა დაამთავრა, შემდეგ უღონოდ ჩაეშვა სავარძელში და აქვითინდა. ჟოზე უხმოდ წამოდგა. ჭიქაში წყალი დაასხა და ქალს მიაწოდა. ლუიზამ თავი ასწია:

– ბედნიერი ხარ, ხომ ასეა?

– რატომ უნდა ვიყო ბედნიერი?

– ოდესღაც მითხარი, მოვა დრო და აცრემლებული მოხვალ ჩემთანო. ჰოდა, ნატვრა აგისრულდა, გაიხარე!

– მადამ, – ჟოზე ცდილობდა, თავი შეეკავებინა, – გთხოვთ, საქმეზე ილაპარაკოთ.

– თქვენ უფლება არ გაქვთ, ეს საქმე გამოიძიოთ!

– ამაზე ზემდგომ ორგანოებს მიმართეთ, – ცივად მიუგო ჟოზემ, – კიდევ გაქვთ რაიმე სათქმელი?

– ჩემი ქმარი უდანაშაულოა! მე ამას დავამტკიცებ! დაე, უფალმა განგსაჯოს, ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს! – წამოიძახა და ოთახიდან გავარდა.

სარისკო გადაწყვეტილება

მალე ბარტეზის სასამართლოც დანიშნეს. ადვოკატმა პირდაპირ განუცხადა ლუიზას, თქვენს ქმარს გილიოტინა ემუქრებაო.

ჟოზეს მწარე ფიქრები მიეძალა. ამ ხნის განმავლობაში ლუიზას დავიწყებას ამაოდ ცდილობდა. ახლა ლუიზას ქმარი დაპატიმრებულია და გილიოტინა ემუქრება, ეს კი რობენის უშუალო მონაწილეობით მოხდა. ჟოზემ იგრძნო, როგორ მწარედ ასტკივდა თავი და თვალები დახუჭა.

მაძებრებმა, რომლებიც გამოძიებაში ეხმარებოდნენ, მოახსენეს, რომ მადამ ბარტეზმა საკუთარი ძიება წამოიწყო. ამან რობენზე ისე იმოქმედა, რომ ყველაფერს სულ სხვა თვალით შეხედა. კიდევ ერთხელ გააანალიზა მომხდარი. ჟერომ ბარტეზი ცნობილი ბიზნესმენის ოჯახიდან იყო და დიდი მემკვიდრეობა მიიღო. როგორც ჩანს, საქმე არცთუ კარგად წაიყვანა, რადგან მევახშის დახმარება დასჭირდა.

თავის დროზე გამოძიებამ დაადგინა, რომ ბარტეზი საოცრად კეთილი იყო. ძალიან უყვარდა ცოლი, ორი შვილი, ძაღლი. როდესაც ძაღლი ავად გახდა, ტიროდა, ექიმი შინ მიჰყავდა და თავს ევლებოდა. გამოძიების მსვლელობისას ჟოზეს მოახსენეს, ბარტეზი ცოლს მუდამ პატარა ბიჭივით აბარებდა ანგარიშს, აქა და აქ მივდივარ და ამა და ამ საათზე დავბრუნდებიო. როგორც ჩანს, ცოლს აღმერთებდა, ყველაფერს აკეთებდა, რათა ლუიზას მეფურ ფუფუნებაში ეცხოვრა. ამიტომაც არც ვალებს მოერიდა და არც მკვლელობას, მაგრამ შეეძლო კი ისეთ ადამიანს, როგორიც ბარტეზი იყო, კაცი მოეკლა?

ჟოზე წამოდგა. იქნებ შეცდომა დაუშვა, რამე გამოეპარა და ამის გამო უდანაშაულო კაცი გილიოტინაზე გაუშვა? ამ ცოდვას ვერასოდეს ჩამოირეცხავდა. არადა, საქმე გახსნილად ითვლებოდა. არავითარი საფუძველი არსებობდა, ის ძიებაში დაებრუნებინათ. მაშასადამე, რჩებოდა ერთადერთი გამოსავალი – მას, ჟოზეფ რობენს, თავად უნდა გადაემოწმებინა ყველაფერი და თუ რამე ხელმოსაჭიდი გამოჩნდებოდა, უფროსობისთვის მოეხსენებინა. ამას არავინ მოუწონებდა, მის კარიერაზეც დამღუპველად იმოქმედებდა, მაგრამ არა უშავდა.

ბარტეზის საქმეები მართლაც აწეწილი იყო. საკონტროლო პაკეტი მისი კომპანიონის, ბელიარის ხელში მოექცა. ჟოზესათვის ეს ცნობილი იყო. შესაბამისად, ყველაფერი არა ლუიზას ან მის შვილებს, არამედ ბელიარს დარჩებოდა. "ბელიარი მისი ჩაძირვით უდავოდ იყო დაინტერესებული", – გაიფიქრა ჟოზემ. მან კიდევ ერთხელ დაკითხა ბელიარი. "ჭკვიანი, კულტურული გარეწარი" – ჟოზეს ეს შეხედულება მტკიცე იყო.

მიუხედავად ამისა, ბელიარის წინააღმდეგ არავითარი სამხილი არ არსებობდა. ჟოზეს ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა – თავისი აგენტის მეშვეობით ჭორი გაავრცელა, ვითომ მადამ ბარტეზმა ახალი ფაქტები გამოჩხრიკა და საქმე სხვაგვარად შეტრიალდა. წამოეგებოდა კი ამას ბელიარი? ან იქნებ საერთოდ არ იყო დამნაშავე და ბორგრი მართლა ბარტეზმა მოკლა? ჟოზემ კიდევ ერთი ჭორი გაავრცელა, საქმეში კიდევ ვიღაცეები გამოიკვეთნენ და სასამართლომდე ყველაფერი ნათელი გახდება, ვინ იცის, იქნებ ბარტეზის პროცესი საერთოდაც არ შედგესო.

როდესაც ჟოზეს აცნობეს, ბელიარი ბინიდან გამოვიდა და მადამ ბარტეზის სახლისკენ წავიდაო, ერთხანს უძრავად იდგა. შემდეგ წამოდგა, პისტოლეტი ფეხზე შეაყენა და ოთახიდან გავარდა.

გადამწყვეტი რაუნდი

ჟოზე კატასავით აიპარა კიბეებზე. როგორც კი ბარტეზების ბინას გაუსწორდა, გასაღები ამოიღო და კარი უჩუმრად გააღო. ჟოზემ იცოდა, რომ ლუიზა მარტო იყო. ბავშვები ბებიასთან გაგზავნეს, მოსამსახურეები დაითხოვეს. ჟოზემ კარი დახურა. ოთახიდან ხმები ისმოდა. ჟოზემ ბელიარის ხმა იცნო. ის ლუიზას რაღაცას ეუბნებოდა. ჯერ ჩუმად ლაპარაკობდნენ, შემდეგ გაისმა კივილი. ჟოზე ერთი ნახტომით კართან გაჩნდა და გააღო. მიტკალივით გაფითრებული ლუიზა კედელთან იდგა. ბელიარს კი ხელში დანა ეჭირა.

– ხელები მაღლა! – დაიყვირა ჟოზემ და რევოლვერი იძრო, – თქვენ დაპატიმრებული ხართ!

– რაო? – გაიცინა ბელიარმა,– დაპატიმრებული? – მან ხმამაღლა გადაიხარხარა.

ჟოზემ ყურადღება მოადუნა, ყველაფერს მოელოდა, ოღონდ არა – ხარხარს. ბელიარმა ამით ისარგებლა და ხელის შეუმჩნეველი მოძრაობით დანა ისროლა. იმავე წამს ჟოზეს რევოლვერიც გავარდა. დანამ ჟოზეს ყურთან ჩაუქროლა და კედელში ჩაერჭო. შიშისაგან თვალებგაფართოებული ლუიზა გაშეშებული იდგა. ქალმა დაინახა, როგორ გაჩნდა ბელიარის შუბლზე წითელი ლაქა, როგორ ამოიკვნესა მკვლელმა და იატაკზე დაენარცხა.

ეპილოგი

სიმენონმა ყველაფერი გულდასმით გამოიკვლია. კომისარ რობენს ის საათობით ესაუბრებოდა. კომისარი ძუნწად პასუხობდა, მაგრამ მისი და მისი კოლეგების ნაამბობის შეჯერებით მწერალმა სიმართლე დაადგინა. სიმენონი თავზარდაცემული იყო. როგორ გაწირა კომისარმა საყვარელი ქალი? ჟოზე დაეხმარა მას და მისი ქმარი გაამართლა, მაგრამ რის ფასად? კომისარი თავს იმართლებდა:

– სხვა გამოსავალი არ მქონდა, ნუთუ არ გესმით? სხვათა შორის, შემდეგ ლუიზამ საგანგებოდ მომძებნა და მადლობა გადამიხადა.

– რა ბედი ეწია ლუიზას? – შეეკითხა სიმენონი.

– მისი ქმარი გაამართლეს და კვლავ მასთან დაბრუნდა. ერთად კიდევ 20 წელი იცხოვრეს. ჰყავდათ შვილები, შვილიშვილები, მაგრამ გადატანილის შემდეგ წლობით მკურნალობდა. ქალი ხომ სუსტი არსებაა.

– საყვარელ ქალს გამხეცებული მკვლელი მიუგზავნო?! – სიმენონმა თავი გააქნია, – ამას ვერასოდეს გავიგებ.

– იცით, ბარტეზს თურმე მშობლების დაჟინებული მოთხოვნით მისთხოვდა. როდესაც მადლობის სათქმელად მოვიდა, ყველაფერი მიამბო. ლუიზას მამა რაღაც საქმეებში გაბმულა და გაკოტრება ემუქრებოდა. ქალიშვილი დაითანხმა, ჟერომ ბარტეზის ცოლი გამხდარიყო. ამით ისინი გაკოტრებას გადაურჩნენ. მისი საქციელი ნამდვილად არ მომწონს. არ შეიძლება, კომერციას სიყვარული ანაცვალო, – კომისარი წამით გაჩუმდა, შემდეგ კი სიმენონს ჰკითხა, – თქვენი რომანის გმირი სხვაგვარად მოიქცეოდა?

– აუცილებლად! საყვარელი ქალის სიცოცხლით ასე არ ითამაშებდა და არც არავის მოკლავდა!

თავის მემუარებში სიმენონი წერდა, კომისარ მეგრეს რეალური პოლიციელის გარეგნობა, მაგრამ მამაჩემის ხასიათი ჰქონდაო. პირველად მეგრე 1929 წელს გამოქვეყნებულ რომან "პიტერ ლატვიელში" გამოჩნდა. შემდეგ მას მთელი ციკლი მოჰყვა, რამაც სიმენონს მსოფლიოში გაუთქვა სახელი.

ნიკა თევზაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online