asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"ქმრის უსაზღვრო სიყვარულის გამო ის ქალი შორიდან მეხმარებოდა..."
მე, ჩემი ქმარი და მისი ცოლი – უცნაური სამკუთხედი
"ქმრის უსაზღვრო სიყვარულის გამო ის ქალი შორიდან მეხმარებოდა..."

2011-01-19 17:24:32



"დიდი პასუხისმგებლობაა, გერქვას კაცი და ამ სახელს ამართლებდე, ჩემი ქმარი სწორედ ასეთი იყო. მის შემდეგ სხვა მამაკაცს ვერც შევხედავ, ყველა კაცუნებად მეჩვენება", – გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა, ქალბატონმა მაგდამ... რაოდენ უჩვეულოდ უნდა ჩანდეს, მის ქმარს ერთდროულად ორი ცოლი ჰყავდა: პირველი – თბილისელი, დახვეწილი, ელეგანტური, მეორე – სოფლიდან ჩამოსული ახალგაზრდა ლამაზმანი და ორივეს ცივ ნიავს არ აკარებდა. თავად კი ორივე ქალბატონის სათაყვანო მამაკაცი იყო. უფრო მეტიც, ისინი ერთმანეთსაც პატივისცემით ეკიდებოდნენ...

მაგდა:

– რაიონში დავიბადე და გავიზარდე. სტუდენტობის დროს ერთ შეძლებულ ოჯახში მდგმურად ვიდექი. კომუნიკაბელური, უშუალო და ადამიანების მოყვარული ვიყავი და იმ ოჯახის წევრებს იოლად შევეწყვე. მათაც შემიყვარეს. სტუმრიანი ოჯახი იყო. მათი ქალიშვილი უცხოეთში გახლდათ გათხოვილი და მის მაგივრობას ვუწევდი. დიასახლისს ვეხმარებოდი, სადილების კეთება და სუფრასთან ტრიალი მეხერხებოდა და მიყვარდა კიდეც. როსტომი ერთ ასეთ სუფრასთან გავიცანი. ხალისიანი ბუნება მქონდა და ცეკვა–სიმღერაც მეხერხებოდა, რაც მოქეიფე "ბიძებს" განსაკუთრებით ხიბლავთ.

როსტომი მაშინ 40 წელს გადაცილებული, ჭაღარა და ნაწილობრივ გამელოტებული, თუმცა სიმპათიური, წარმოსადეგი, ძლიერი და საქმოსანი მამაკაცი იყო. იმ ოჯახის პატრონთან, სადაც მდგმურად ვიდექი, საქმიანი გარიგება ჰქონდა. იმ საღამოსვე დამადგა თვალი და იმ ოჯახში სიარულს მოუხშირა. მე 19 წლის მიმნდობი და მიამიტი გოგო ვიყავი. ჩემი დიასახლისი მასთან ურთიერთობაში ხელს მიწყობდა, ფულიანი კაცია, გზაზე დაგაყენებსო. ბოლოს და ბოლოს გამოცდილმა მამაკაცმა, რომელიც ჭადრაკის მოთამაშესავით ერგებოდა ცხოვრებას, გამოუცდელი გოგოს გულის მონადირება შეძლო. შემიყვარდა...

– უცოლო იყო?

– საქმე ისაა, რომ ცოლ–შვილი ჰყავდა და მისი ქალიშვილი ლამის ჩემი კბილა იყო, მაგრამ მაშინ მე ეს არ ვიცოდი. ჩემს დიასახლისს კი მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. სანამ ჩვენი რომანი შედგებოდა, როსტომს ამის შესახებ გამოვკითხე, მან კი მიპასუხა, ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა და შენ თავს არ მოგახვევ, შენთან ერთად პატარა და გემრიელ ოჯახს შევქმნი, თუ ჩემ გვერდით თავს ბედნიერად არ იგრძნობ, პასუხი მხოლოდ ამაზე მომთხოვეო. თვალებში შევჩერებოდი, ბრმად ვენდობოდი და მეამაყებოდა, რომ ასეთი პატრონი და დამცველი მყავდა.

– თავიდანვე რომ გცოდნოდათ მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ, სიყვარულზე მაინც დათანხმდებოდით?

– ალბათ კი, რადგან უკვე ძალიან მიყვარდა. არავინ იცის, ასეთ დროს ვინ რას მოიმოქმედებს.

– როგორ განვითარდა თქვენი რომანი როსტომთან?

– თავიდან ცალკე ბინა მიქირავა და ყველანაირი პირობა შემიქმნა, თავი კომფორტულად მეგრძნო. ჩემთან მართლაც "პატარა ოჯახი" შექმნა, თუმცა ჩვენს თანაცხოვრებას ოფიციალური სახე არ ჰქონდა. დღესასწაულებზე თავისი ძმაკაცები ცოლებთან ერთად ჩემთან მოჰყავდა, დავდიოდით პიკნიკებზე, საქართველოს თითქმის ყველა კუთხე–კუნჭული და სამლოცველო მომატარა...

– ცოლთან მაშინ რა ურთიერთობა ჰქონდა?

– მასთან ერთად საქმიან ვიზიტებზე დადიოდა, საზღვარგარეთაც რამდენჯერმე ერთად წავიდნენ, შვილებს ძალიან პატრონობდა.

– ერთი სიტყვით, ორცოლიანობას ეწეოდა? ამას ან ერთი მხარე როგორ ეგუებოდით და ან მეორე?

– როსტომი ჩემთვის და ალბათ ცოლისთვისაც ავტორიტეტი იყო და მის სიტყვას უდიდეს პატივს ვცემდი. ჩემმა ნათესავებმა რომ გაიგეს, ცოლიან კაცთან ვცხოვრობდი, ამითვალწუნეს. როგორც კეთროვანს, ისე მიყურებდნენ, მაგრამ როსტომმა მათთანაც მომიგვარა სიტუაცია. ურთიერთობების დიდოსტატი იყო. შეეძლო, ყველას ისე კაცურად დასდგომოდა გვერდით, რომ თავი შეეყვარებინა. ფულიანი იყო და ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა. იმდენად მადლიანი გახლდათ, რომ მის მიმართ ყოველგვარი მტრობა გაგიქარწყლდებოდა.

ერთადერთი, ვისი გულიც ვერ მოიგო სოფელში, ჩემი ყოფილი შეყვარებული იყო. ის ბიჭი ჩემთვის თვალის ახელას ცდილობდა, ჩემდამი გრძნობა ჯერ კიდევ ჰქონდა და როცა ძმაბიჭებში დათვრებოდა, ჩემს "დამღუპველ" როსტომს მოკვლით ემუქრებოდა. ერთხელაც საწყალი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა... რამდენიმე კვირის შემდეგ მდინარეში იპოვეს დაღუპული, მთვრალი გადავარდნილიყო. გამოძიებამ ეჭვი როსტომზე მიიტანა და დააკავეს. უმძიმესი დღეები გადავიტანე... ბოლოს, როგორც იქნა, ამ საქმეში როსტომის უდანაშაულობა დამტკიცდა, მაგრამ მერე თავისი საქმოსნური ამბები გამოუქექეს და რამდენიმე წელი ციხეს მაინც ვერ ასცდა. ამას თან არეულობის და გაჭირვების წლები დაემთხვა, ფეხმძიმედ ვიყავი და ძალიან მიჭირდა.

– გაჭირვების დროს ვინ დაგიდგათ გვერდით?

– გაგიკვირდებათ და, როსტომის ცოლი. ერთხელ, შვიდი თვის ორსული რომ ვიყავი და სასოწარკვეთისგან არ ვიცოდი, რა მექნა, კარზე ზარის ხმა გაისმა, გავაღე და ჩემ წინ ორმოც წელს გადაცილებული, წარმოსადეგი, ელეგანტური, დედოფალივით ქალი იდგა. თვალებს არ ვუჯერებდი. ისე დავიბენი, რომ ენა მუცელში ჩამივარდა. მადლიერი დაგრჩებით, თუ შინ შემიპატიჟებთ, თქვენთან სალაპარაკოდ მოვედიო, ისე თავაზიანად მითხრა, რომ უარი ვეღარ შევკადრე და სახლში შევუძეხი. გუმანით მივხვდი, რომ როსტომის ცოლი იქნებოდა. ისე მესაუბრა, რომ კრინტს ვერ ვძრავდი, მონუსხულივით ვუსმენდი. მას ჩემი დახმარება სურდა, ამის უფლება კი თავს ვეღარ მივეცი. სინდისმა ისე შემაწუხა, რომ ტირილი წამსკდა, ძალიან გთხოვთ, მეორედ აღარ მითხრათ–მეთქი. დამამშვიდა, მანუგეშა და წავიდა... მას შემდეგ ერთი ასაკოვანი კაცი მოდიოდა ხოლმე ტაქსით, ბავშვს ამოუშვებდა და ამანათები მოჰქონდა, ძია როსტომმა გამოგიგზავნათო. საჭირო პროდუქტები და ფული იდო. დარწმუნებული ვიყავი, ამას ის ქალი აკეთებდა. ასე უჩვეულოდ მადლიანი რომ იყო, ალბათ ამიტომაც აფასებდა მას ჩემი ქმარი. წარმოიდგინეთ, ფარულად თვალყურს მადევნებდა, სამშობიაროშიც მიპატრონა... როცა გამომწერეს, ნათესავი მომიგზავნა, თუ უნდა, მუშაობა დაიწყოს, ბავშვს მე გავუზრდიო და საკადრისი სამსახურიც შემომთავაზა. ცხადია, უარი ვუთხარი, ჩემს პატარას ვერავის დავუთმობდი. ასე შორიდან მიგზავნიდა მოწყალებას, რომელსაც თავმდაბლობით და მადლიერებით ვიღებდი, მაგრამ სინდისი მკლავდა.

– ციხიდან როსტომის გამოსვლის შემდეგ ურთიერთობა როგორ განვითარდა?

– უცხოეთიდან მეგობრები დაეხმარნენ. რომ იტყვიან, ქვეყანა ჩაერია და ციხიდან გამოვიდა, მაგრამ უკვე ჯანგატეხილი იყო. ბოლოს გულმა უმტყუნა და გარდაიცვალა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ჩემთვის ამის გახსენება ახლაც ძალიან მძიმეა.

– მისი გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება როგორ ააწყვეთ?

– მან მოასწრო, ჩემთვის და ბავშვისთვის თბილისის გარეუბანში პატარა ბინა ეყიდა. ეტყობა, გული უგრძნობდა, რომ დიდი დღე აღარ ეწერა. ეჭვიანი იყო, თავიდან ყოველ ნაბიჯს მიმოწმებდა და გარეთ დიდიხნით ფეხს არ მადგმევინებდა. ალბათ ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო, თორემ ეჭვიანობის საბაბი არასოდეს მიმიცია. შემდეგ კი სამსახური თავადვე დამაწყებინა მცირე ბიზნესში. როსტომის გარდაცვალების შემდეგ მისი უფროსი ვაჟიც დაგვეხმარა, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობდა. მისი ცოლის მიმართაც უდიდესი მოკრძალება და პატივისცემა მაქვს. არ ვიცი, ამ ქალს რა ინტუიცია აქვს, რამდენჯერაც გამიჭირდა, იმდენჯერ იგრძნო და შემწეობა გამიწია. გამოგიტყდებით, მე არ ვარ ასეთი დიდსულოვანი. მან თავისი სულგრძელობით როსტომსაც კი გადააჭარბა. ის ამ ყველაფერს ქმრის უსაზღვრო სიყვარულით აკეთებდა, რაც ძალიან დაუჯერებელია. ამის გაგება მხოლოდ მე შემეძლო, გარშემო კი ყველა მეუბნებოდა, მაგ ქალს ალბათ რაღაც პირადი მიზნები ამოძრავებს, რაკი ასე იქცევაო. არადა მე ვიცოდი, რომ ასე არ იყო.

ალბათ გაგიკვირდებათ, რასაც გეტყვით, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთ ადამიანს შევხვდი და იმდენად სავსე ვარ ჩემი განვლილი ცხოვრებით, რომ საჭიროდ არ ვთვლი, მისი ადგილი სხვა მამაკაცმა დაიკავოს. ამას ისე ვერავინ იტვირთავს, როგორც როსტომს შეეძლო.

ნანა კობახიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online