asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"მე მჭირდება ქალი, რომელთანაც სულიერი ერთობა მექნება!"
მონაკოს პრინცმა ოცნების ქალი იპოვა
"მე მჭირდება ქალი, რომელთანაც სულიერი ერთობა მექნება!"

2011-01-13 12:54:27



მონაკო ციცქნა სახელმწიფოა. მის შემოსავლელად 57 წუთია საკმარისი, მაგრამ მას ჰყავს საკუთარი პოლიცია და შეიარაღებული ძალები. მონაკო მთელი მსოფლიოს მილიარდერების თავშეყრის საყვარელი ადგილია, მონტე–კარლოს კაზინოებზე ხომ ლეგენდები დადის. "სამოთხე დედამიწაზე" – ასე უწოდა მონაკოს ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა უილიამ კინგსლი ეიმისმა.

ჰოკეის ვარსკვლავი, კანადელი უეინ გრეცკი ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობს: "მონაკოში ყველაფერი გხიბლავს, დაწყებული ბუნებით, დამთავრებული ადამიანებით. საქმე მარტოოდენ იმაში როდია, რომ მონაკოელები არაჩვეულებრივად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. გულისამაჩუყებელია ის, თუ როგორ უყვართ მათ თავიანთი ქვეყანა და პრინცი ალბერი".

მონაკოს პრინცი ალბერ მეორე საოცარი პიროვნებაა, ამიტომაც კანონზომიერია, რომ მას ასევე საოცარი სასიყვარულო თავგადასავლები გადახდა თავს.

პლეიბოი, მაგრამ რაინდი

ალბერ მეორე (ალბერ ალექსანდრე ლიუ პიერ გრიმალდი) სამართლიანად ითვლება ერთ–ერთ სასურველ სასიძოდ მსოფლიოში. ის არა მხოლოდ ძალიან მდიდარი, ძალზე განათლებულიცაა. საკმარისია ითქვას, რომ ალბერი აშშ–ში დაეუფლა სამხედრო საქმესა და ფინანსებს, შემდეგ კი სამხედრო ხომალდზე მსახურობდა. ელიტურ განათლებასთან ერთად ალბერი ბრწყინვალე სპორტსმენიცაა. მისი გატაცებაა ფეხბურთი, ძიუდო, ბობსლეი. პრინცი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია, როგორც ბობსლეისტი, თავადაც მონაწილეობდა ოლიმპიურ თამაშობებში. "სპორტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია", – ამბობს ალბერი.

ბობსლეის გარდა პრინცი გატაცებულია ფეხბურთით და მეგობრებთან ერთად ფეხბურთის გუნდიც შექმნა. ის ბრწყინვალედ ფლობს ძიუდოსაც. კარგი ფიზიკური მომზადება მას შორეული ექსპედიციების მომზადებაში დაეხმარა. ალბერმა მოიარა მთელი აფრიკა, აზია და ჩრდილოეთ პოლუსზეც კი იყო.

ლამაზი, განათლებული, მდიდარი და ძლიერი მამაკაცი. ასეთებს ქალები მუდამ გარს ეხვევიან. მიუხედავად ამისა, გადიოდა დრო და პრინცი არ ოჯახდებოდა, ეს კი ბევრს აშფოთებდა: "მონაკოს ტახტს ხომ მემკვიდრე სჭირდება!". ალბერს ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავდა. სწორედ ამ ხალხმა გაუვრცელა ჭორი, რომ ის ცისფერი იყო. ჭორის გავრცელებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ პრინცის პირადი ცხოვრება საკმაოდ დახურული გახლდათ. ამან ალბერს დათვური სამსახური გაუწია.

როგორც ჩანს, სამეფო კარზეც ყველაფერს დროულად მიხვდნენ, ამიტომ მალე პაპარაცების ხელში აღმოჩნდა ფოტომასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ალბერი ბობოქარი მამაკაცური ცხოვრებით ცხოვრობს, ჰყავს უამრავი საყვარელი, რომელთა შორის არიან ცნობილი მოდელები თუ კინოვარსკვლავები.

მალე ჟურნალისტების ყურამდე კიდევ ერთმა ამბავმა მიაღწია – ალბერს ორი უკანონო შვილი ჰყავს. ამ ამბავმა ზოგიერთი გაახარა, მაშასადამე ტახტი მემკვიდრის გარეშე არ დარჩება! თუმცა პრესამ მათ მალე ცივი წყალი გადაასხა: "მონაკოს კანონების თანახმად, კანონიერი ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი ტახტის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლება".

ჟურნალისტები მეტად აქტიურნი ხდებიან, როცა საქმე მეფური სისხლის პიროვნებას ეხება. გამონაკლისი არც ალბერი იყო, თუმცა მის მიმართ ყველა ერთსულოვნად აღნიშნავდა: "დიახ, ის არავითარ გართობას არ იკლებს და თავისუფლად შეიძლება პლეიბოი ვუწოდოთ, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ უაღრესად წესიერი და რაინდული ბუნების ადამიანია. ამას მისი ქალებთან დამოკიდებულებაც ადასტურებს".

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ არ დაოჯახდითო, ალბერმა გულახდილად მიუგო:

– მე ნამდვილ სიყვარულს ვეძებ!

– ეგ რას ნიშნავს?

– ანუ ვეძებ ქალს, რომელსაც ვეყვარები და რომელიც გამიგებს, რომელსაც მეც გავუგებ! ცოლი უწინარეს ყოვლისა ხომ მეგობარია, ის საყრდენია გაჭირვებისას, უნდა შეგეძლოს მას გულისნადები გაუზიარო! საამისოდ კი აუცილებელია სულიერი ერთობა! მე არ მოვითხოვ, რომ ჩემი მომავალი მეუღლე აუცილებლად მეფური სისხლის იყოს! მე მჭირდება ქალი, რომელთანაც სულიერი ერთობა მექნება!

ამას მონაკოს პრინცი ყველა თავის შეყვარებულს ეუბნებოდა, ამიტომაც მას მყარი რეპუტაცია შეექმნა – პლეიბოი, მაგრამ რაინდი!

ჭოკით მხტომელი კინაღამ პრინცესა გახდა

"მონაკოს პრინცი შეყვარებულია! მისი რჩეული ჭოკით მხტომელი ალისია უორლიკია!", – ასეთი სენსაციური ინფორმაცია გამოქვეყნდა პრესაში. თავდაპირველად ეს ყველას მორიგი ჭორი ეგონა, მაგრამ მალე ალბერი ალისიასთან ერთად საზოგადოებაში გამოჩნდა და ყველას გასაგონად განაცხადა: "იცნობდეთ, ეს ჩემი საცოლეა!".

ალისია არც მეფური სისხლისა გახლდათ, არც კინოვარსკვლავი ან ცნობილი მოდელი. მისი და მონაკოს პრინცის მეგობრობა სპორტის ნიადაგზე განვითარდა. ალბერმა მას პირდაპირ განუცხადა, მიყვარხარ და შენთან სულიერ სიახლოვეს ვგრძნობო.

ალბერი და ალისია სულ ერთად იყვნენ, მათ მომავალ ქორწილზეც ბევრი ლაპარაკობდა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. როგორც ჩანს, მონაკოს პრინცმა სულიერი მეგობარი ვერც ალისიაში იპოვა.

– ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა, – განუცხადა ალბერმა ქალს.

– მეც, თუმცა ვერ გამიგია, რატომ მოხდა ასე.

– დავრწმუნდი, რომ ერთმანეთისათვის უცხონი ვართ.

– და როგორ ქალს ეძებს მონაკოს პრინცი?

– ისეთს, რომელიც გამიგებს და მთელი ჩემი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით შემიყვარებს, რომლის გამოც თავს გავწირავ და რომელიც ჩემთვისაც ასევე უყოყმანოდ გაწირავს თავს.

– ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ ასეთი ქალები არ არსებობენ, – ალისიამ ნაღვლიანად გაიღიმა, – შენ იდეალისტი ხარ, გისურვებ, შენი ცხოვრების იდეალი მოძებნო.

ვინც ეძებს, პოულობს კიდეც

ალბერი ოცნების ქალის ძებნას აგრძელებდა. ვინც ეძებს, პოულობს კიდეც. თავისი ოცნების ქალს პრინცი 2009 წელს შეხვდა. ეს სამხრეთაფრიკელი მოცურავე შერლინ უიტსტოკი გახლდათ. მაღალი, ქერა, ცისფერთვალა და ტანადი ქალი, სახის სწორი ნაკვთებითა და ჩამოსხმული ფეხებით. ბევრს შერლინ უიტსტოკი ალბერის დედას, გრეის კელის აგონებდა, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავი იყო. შერლინის თბილი ღიმილი და სპორტული აღნაგობა ყველას აჯადოებდა.

ალბერმა და შერლინმა ერთმანეთი ოლიმპიურ თამაშებზე გაიცნეს და მათი მეგობრობაც აქედან დაიწყო. შერლინი არა მხოლოდ კარგი მოცურავე, მასწავლებელიც იყო. პრინციც მისმა განათლებულობამ, დახვეწილობამ და კომუნიკაბელურობამ მოხიბლა. სპორტსმენს ჩვეულებრივ დახვეწილი მანერები არ მოეთხოვება, შერლინი კი გამონაკლისი გახლდათ. მისი მანერები თვით არისტოკრატიზმით ცნობილ პრინცესა დაიანასაც კი შეშურდებოდა.

ალბერს თავდავიწყებით შეუყვარდა სამხრეთაფრიკელი რომანტიკული მოცურავე. მალე ისინი ერთად გამოჩდნენ შვეციის პრინცესას ქორწილში. ჟურნალისტების შეკითხვაზე, ეს ქალი თქვენი საცოლეა თუ არაო, ალბერმა მტკიცედ მიუგო:

– დიახ, ჩვენ მალე დავქორწინდებით!

პრინცმა იგივე გაიმეორა ტოკიოშიც, სადაც ის და შერლინ უიტსტოკი იაპონიის სამეფო ოჯახის მიწვევით ჩავიდნენ. ორივე საოცრად ბედნიერი იყო. როგორც ჩანს, პრინცმა თავისი ოცნების ქალი იპოვა, შერლინ უიტსტოკმა კი ოცნების მამაკაცი.

"მონაკოს სამეფო ტახტს მალე მემკვიდრე ეყოლება, მაგრამ რატომ არ ასახელებს პრინცი ქორწილის ზუსტ თარიღს?!", – ასეთი კომენტარები იწერებოდა პრესაში ალბერისა და შერლინის ფოტოების ქვეშ.

ამ კითხვას ბევრი სვამდა, ამიტომ მალე ოფიციალურად გამოცხადდა: "პრინცი ალბერი და შერლინ უიტსტოკი 2011 წლის ივნისში დაქორწინდებიან!".

ამრიგად საზოგადოებამ მონაკოს მომავალი დედოფლის ვინაობაც შეიტყო.

ნიკა თევზაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online