asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"სხვა ქალთან გაჩენილმა შვილმა ცოლის სიყვარული გამიმძაფრა"
მამაკაცური ლოგიკის ლაბირინთები
"სხვა ქალთან გაჩენილმა შვილმა ცოლის სიყვარული გამიმძაფრა"

2011-01-05 13:48:04



"მამაკაცს უთქმელი ტანჯვა სჩვევია. ქალს შეუძლია დაქალს გაუმხილოს დარდი, რაც თუნდაც ოჯახურ და ინტიმურ ურთიერთობებს ეხება, სხვებთან ერთად განიხილოს თავისებურად, ქალურად და გამოსავალიც სხვისი რჩევების გათვალისწინებით იპოვოს. კაცი ამ საკითხში უფრო თავშეკავებულია, მეტწილად საკუთარ თავში იკეტება, ამიტომ გაცილებით ზარალდება", – გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა, რომელიც ახლა მამაკაცისთვის საუკეთესო ასაკშია – 30–დან 35 წლამდე. გარეგნობითაც სიმპათიურია, პროფესიით არქიტექტორი გახლავთ. პირად ცხოვრებაში კი არ გაუმართლა, გული დარდიანი აქვს. მიზეზად თავის დროზე ახალგაზრდულ გამოუცდელობას და ნაადრევ ცოლქმრულ ურთიერთობას მიიჩნევს, თუმცა მისი საუბრიდან ჩანს, რომ იყო ღალატიც...



გიგა:

– მე და თიკომ ერთმანეთი ადრეულ ასაკში გავიცანით, შევეთვისეთ და, რომ იტყვიან, შევეზარდეთ. უზომოდ მიყვარდა. მე მისი რაინდი ვიყავი, ის ჩემი მფარველი ანგელოზი იყო. 16–17 წლის ასაკში დავქორწინდით. გვეგონა, ისეთ ოჯახს შევქმნიდით, რომ ყველასთვის სანიმუშო იქნებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. ურთიერთობის აწყობა გაგვიჭირდა. ქორწინებამდე იმ დონეზე ვუგებდით ერთმანეთს, რომ ვერც წარმოვიდგენდით, ამ დაბრკოლებების წინაშე თუ აღმოვჩნდებოდით.

– დაბრკოლებებს რა გიქმნიდათ?

– ყველაფერი ერთად. ყოველმხრივ მოუმწიფებელი ვიყავით ოჯახური ურთიერთობის დასაწყებად – სულიერად, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად. ხშირად ვკამათობდით, ერთმანეთს გულს ვტკენდით. მანამდე ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგვეძლო, თანდათან კი ისე გავუცხოვდით, რომ გვიკვირდა კიდეც, რა საერთო გვქონდა ერთმანეთთან.

– თქვენ მოუმწიფებლობას აბრალებთ, მაგრამ ზოგჯერ ასე ზრდასრულ ადამიანებსაც ემართებათ.

– ნაადრევად რომ არ დავქორწინებულიყავით, შეიძლებოდა ურთიერთობა უფრო ხანგრძლივადაც შეგვენარჩუნებინა. როდესაც რაღაც საკითხში გამოუცდელი ხარ, არც სხვისი გამოცდილების გაზიარებას თვლი საჭიროდ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედად მოქმედებ, დიდი შანსია, წააგო.

– "რაღაც საკითხში" კონკრეტულად რას გულისხმობთ?

– ინტიმურ ურთიერთობებს.

– კი, მაგრამ ეს ძალიან ინდივიდუალურია. ამ შემთხვევაში საკითხი მხოლოდ ორს შორის წყდება და სხვისი გამოცდილება რაში დაგეხმარებოდათ?

– ან საკუთარი გამოცდილებით უნდა იყო გაძლიერებული, ან სხვისას ითვალისწინებდე – ეს არის ფორმულა, რომელიც ცხოვრების და ურთიერთობის ყველა საკითხში მოქმედებს. თუ ქალმა არ იცის, როგორ მიუდგეს კაცს ისე, რომ მის კაცურ ღირსებას ცუდად არ შეეხოს, ვერ ხვდება, რა სიამოვნებს და რა აღიზიანებს მას, დიდი შანსია, ქორწინება კრახით დამთავრდეს. ანალოგიურად, თუ კაცმა არ იცი, როგორ მიუდგე ქალს, ვერ ხვდები, როგორ აიტანო მისი კაპრიზები, არ იცნობ ზოგადად ქალის ფსიქოლოგიას, მის დადებით და უარყოფით მხარეებს, ბოლო–ბოლო, არ იცი, როგორ მოეფერო ისე, რომ ასიამოვნო, ესე იგი, ჯერ შენთვის ცოლის შერთვა ნაადრევია და გიჯობს, თავი შეიკავო.

– ამიტომ დაშორდით?

– დავშორდით იმიტომ, რომ ურთიერთობა გაგვიფუჭდა და ჩვენი ერთად ყოფნა უბრალოდ აღარ შეიძლებოდა. მას ტანჯვა უფრო მოჰქონდა ორივესთვის, ვიდრე სიმშვიდე.

შვიდი წელი ვიცხოვრეთ ერთად სრულ გაუგებრობაში. ვფიქრობ, რომ ეს იყო გმირობა... ალბათ, სიყვარული გვაძლებინებდა.

– და მიუხედავად ამისა, მაინც გული გწყდებათ, ცოლი რომ დაკარგეთ?

– გული ჩემი სიყვარულის გამო მწყდება. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, ბევრ ქალთან მქონდა ურთიერთობა და თიკოს მსგავსად არავინ მყვარებია. გული მტკივა არა მარტო ოჯახის რღვევის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ახალგაზრდული სულსწრაფობის, გამოუცდელობისა და მოუფრთხილებლობის გამო ასეთი ურთიერთგაგება გავაცამტვერეთ. კარგი იქნებოდა, მე და თიკო მოწიფულ ასაკში შევხვედროდით ერთმანეთს.

– თიკოსთან ურთიერთობის აღდგენა მოგვიანებით აღარ გიცდიათ?

– ვეცადე, მაგრამ არ გამომივიდა. როდესაც გარკვეული გამოცდილება მივიღე და გავაცნობიერე, რა იყო ჩვენი ურთიერთობის რღვევის მიზეზი, იმედი მომეცა, რომ ყველაფერს გამოვასწორებდი. თიკოს დაველაპარაკე და ვთხოვე, ჩემთვის შერიგების შანსი მოეცა. მან, თავის მხრივ, მხოლოდ მეგობრობა შემომთავაზა. მე კი ეს ვერ შევძელი. ქალს, რომელთანაც სარეცელი მაკავშირებდა და მიყვარდა, უბრალოდ როგორც მეგობარს, ვერ შევხედავდი.

– იმდენი ტკივილი მიიღო თქვენგან, რომ შერიგება აღარ ისურვა თუ აღარ უყვარხართ?

– უარეს გულისტკენასაც იღებენ, მაგრამ პატიობენ. არ ვიყავი ლოთი, ნარკომანი, მოძალადე, სასტიკი ქმარი. ყოველთვის ვმუშაობდი და შემოსავალი ოჯახში მომქონდა.

– ცოლისთვის არ გიღალატიათ?

– ოჰ, ეს ქალებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული თემაა!..

– და ვისთვის არ არის მტკივნეული, კაცებისთვის? განა კაცი იოლად შეურიგდება საყვარელი ქალისგან ღალატს?!

– კაცს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვაგვარი გაგება აქვს. კაცი თუ ხანდახან ვინმესთან გაივლის, ეს ღალატს არ ნიშნავს. მთავარია, სულიერად არ ღალატობდეს ქალს.

– ქალმა თუ გადადგა ნაბიჯი გვერდით, საინტერესოა, ამ ფაქტს როგორ შეაფასებდით.

– მოდით, წინა კითხვაზე გიპასუხებთ. თუ კაცს ცოლთან ინტიმური ურთიერთობა მოუგვარებელი აქვს, თანაც ახალგაზრდული გამოუცდელობის ნიადაგზე, ის იმ მიზნით ისწრაფვის სხვა ქალებისკენ, რომ თავდაჯერებული იყოს, გამოცდილებაც შეიძინოს და მერე ცოლთანაც ააწყოს ურთიერთობა. ჩემი აზრით, ეს პრაქტიკაა და არა – ღალატი. ასეთი შემთხვევები მქონია, მაგრამ ეს ცოლის ყურამდე არც მისულა და არც არავინ დაზარალებულა ამით.

– ღალატს, "მეტნაკლებობის" მიუხედავად, მხოლოდ ერთი სახელი აქვს და ამით ორივე მხარე ზარალდება, ურთიერთობა ინგრევა. თუ ცოლთან ინტიმურ ურთიერთობაში პრობლემა გქონდათ, შეგეძლოთ, რჩევა ამ საქმის სპეციალისტებისთვის – ფსიქოთერაპევტისთვის, სექსოპათოლოგისთვის გეკითხათ და საკითხი ასე მოგეგვარებინათ. თქვენ კი იოლი გზა არჩიეთ... იქნებ, ეს გახდა თქვენი ურთიერთობის ნგრევის მიზეზი?

– მიზეზების ძიება შორს წაგვიყვანს. რთულია იმის თქმა, თუ რატომ ინგრევა ურთიერთობები. წინასწარ რომ ვიცოდეთ, გავითვალისწინებდით და ასეთი პრობლემის წინაშე აღარ დავდგებოდით. თიკოს და მე შვილი არ გვყავს, მაგრამ დღეს ჩემი შვილის დედა სხვა ქალია, რომელიც არასოდეს მყვარებია.

– ალბათ იმ ქალთან თავის დროზე რომანი გქონდათ.

– ეს მოხდა მოგვიანებით, როცა თიკოსთან გაცილებული ვიყავი. იმ ქალის მიმართ მხოლოდ ვნება მქონდა. კაცი, მით უფრო, უცოლო, მარტო ვერ გაჩერდება. მუდმივად ეძებს ქალს, რომელიც ყოველმხრივ შეავსებს – ფიზიკურად თუ სულიერად. ამ ძიების პროცესში კი შეიძლება შეცდომები დაუშვას და ისეთს გადაეყაროს, რომ თავბედი აწყევლინოს.

– იმ ქალმა, რომელმაც შვილი გაგიჩინათ, ასეთი პრობლემები შეგიქმნათ?

– ის ჩემზე გათხოვებით იყო დაინტერესებული. შვილიც იმ მიზნით გააჩინა, რომ საბოლოოდ დავესაკუთრებინე.

– საერთო შვილმა თქვენი ურთიერთობა ვერ შეცვალა?

– იმ ქალს ჩემ მიმართ გრძნობაზე უფრო ანგარება ამოძრავებდა და, როცა დავინახე, ამან სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი, ვეღარ ავიტანე, მასთან ურთიერთობა გავწყვიტე, ოღონდ მამის პასუხისმგებლობას არ გავქცევივარ. ბავშვთან ურთიერთობა მაქვს. ბავშვის გაჩენამ თიკოსადმი სიყვარული უფრო გამიმძაფრა.

– დღეს თიკოც მარტოა?

– როცა შერიგებასთან დაკავშირებით ველაპარაკე, მითხრა, მარტო არ ვარო, მაგრამ არ მჯერა. ინტუიციით ვგრძნობ, რომ მარტო უნდა იყოს. თანაც, თბილისი პატარა ქალაქია და არაფერი დაიმალება. ჯერ არავისგან გამიგია, რომ თიკოს გვერდით სხვა მამაკაცი იდგეს.

– როგორ მოიქცევით – დანებდებით თუ იბრძოლებთ?

– ვიბრძოლებ იმით, რომ შევეცდები, უკეთესი გავხდე. არც შეხვედრებს მოვთხოვ და არც ჩემს გრძნობებს მოვახვევ თავს. კაცი ქალისთვის აბეზარი არ უნდა გახდეს. ამით უფრო დაკარგავს. მინდა, ჩვენი ქორწინება აღვადგინო, პირველი სიყვარული დავიბრუნო.

ნანა კობახიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online