asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

წარსულს ვერ ვივიწყებ
წარსულს ვერ ვივიწყებ
წარსულს ვერ ვივიწყებ

2011-01-04 13:55:13



– ძალიან დაბნეული ვარ. არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. ვკარგავ ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარს და მის შესანარჩუნებლად ვერაფერს ვაკეთებ. სიამაყე ამის საშუალებას არ მაძლევს... მინდა, უცხო ხალხის აზრი მოვისმინო. ახლობლები ცდილობენ, გული არ მატკინონ და შენიშვნების მოცემას ერიდებიან. თქვენთან საუბარი ამიტომაც გადავწყვიტე, – ამ სიტყვებით იწყებს "გუმბათთან" საუბარს თავის გულისტკივილის შესახებ 20 წლის ს.კ.



– მეცხრე კლასში ერთი ბიჭი შემიყვარდა. ჩემზე ბევრად უფროსი იყო, ამიტომაც არ გასჭირვებია პატარა, გამოუცდელი ბავშვის მოტყუება. ჩემი გულის მოგება ძალიან მალე შეძლო, შეიძლება ითქვას, რომ პირველივე ნახვისას მომაჯადოვა და თავის მახეში გამაბა. ყველაფერს სულ სხვანაირად მეუბნებოდა, მიხატავდა. ის იმდენად კარგ პიროვნებად მიმაჩნდა, რომ მასზე უკეთესი აღარავინ მეგონა. სინამდილეში კი, სულ სხვანაირი ყოფილა. ჩემმა მშობლებმა როგორღაც გაიგეს ჩვენი ურთიერთობის ამბავი და გიორგიზე ინფორმაცია შეაგროვეს. გაარკვიეს, რომ ის ნარკომანი და "ქუჩის ბიჭი" ყოფილა, არც სახლი ჰქონია და მშობლებიც არანორმალურები ჰყოლია. მოკლედ, ნამდვილი "ბედის საჩუქარი" იყო. მე კი ამ ყველაფერზე წარმოდგენა არ მქონდა, თუმცა ეს მშობლებს ვერაფრით დავაჯერე. ერთ დღესაც სკოლიდან სახლში რომ დავბრუნდი, დედაჩემმა ისტერიკები გამიმართა, საშინლად მეჩხუბა, ჩემი აზრი არც კი მოუსმენია, სახლში ჩამკეტეს და ერთი წელი გარეთ აღარ გამომიშვეს. შეიძლება ვინმეს ეს სიმართლედ არც მიაჩნდეს, ან საერთოდ ვინმემ მე დამადანაშაულოს, მაგრამ მშობლების ასეთი საქციელი ჩემთვის ძალიან დამამცირებელი იყო. ოთხ კედელში გამომწყვდეული ვიჯექი, დაქალებთანაც აღარ მქონდა ურთიერთობა. მარტოს აბაზანაშიც კი არ მიშვებდნენ. მობილურიც კი წამართვეს იმის გამო, რომ არავისთან მქონოდა ურთიერობა, განსაკუთრებით კი, გიორგისთან. ვერაფრით ვივიწყებ ამ საშინელ წელს. ის, რაც მე მშობლებმა გამიკეთეს, ჩემს შვილებთან არასოდეს გავიმეორებ. ხომ შეიძლებოდა, წესიერად დამლაპარაკებოდნენ, აეხსნათ ადამიანური ენით ყველაფერი?! რა საჭირო იყო ადამიანის ასეთი დასჯა, თუმცა, ამას დასჯასაც ვერ დავარქმევ. ჩემთვის ის წელი ნამდვილ წამების წლად იქცა. ბავშვს, რომელიც უზომოდ მეგობრული ვიყავი, გამუდმებით მეგობრებისა და ახლობლების წრეში ვტრიალებდი, მშობლებმა ისეთი ფსიქოლოგიური დარტყმა მომაყენეს, რომ დღეს, არა მშობლების ნებით, არამედ უკვე თავად აღარ მინდა არავისთან ურთიერთობა.

– სკოლაში როგორღა დადიოდით?

– არც სკოლაში მიშვებდნენ. მასწავლებლები სახლში მოჰყავდათ და გაკვეთილები შინ მიტარდებოდა. ქართულის მასწავლებელი ფსიქოლოგი აღმოჩნდა, რაშიც ძალიან გამიმართლა. ის რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, ამ ამბავს როგორ გადავიტანდი. საშინლად მიჭირს ამ პერიოდის გახსენება. ახლაც ცრემლები მერევა. ყველაზე მეტად კი იმას განვიცდი, რომ გიორგიმ ასე საშინლად მომატყუა და გული მატკინა. მამაჩემი და ჩემი ძმა მასთან სალაპარაკოდ მივიდნენ. მან ყველაფერი მე გადმომაბრალა: ჩემთან რა გინდათ, ია თვითონ დამდევდა და მოსვენებას არ მაძლევდა. მე თავი დამანებეთ და თქვენს გოგოს თავად მიხედეთო. იმის მაგივრად, რომ ჩემს მდგომარეობაში შესულიყო, პირიქით მოიქცა და გული კიდევ უფრო მეტად მატკინა. ეს წელი ჩემი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი იყო, მაგრამ როგორღაც მოვახერხე და გადავიტანე. თუმცა, მას შემდეგ ბიჭების მიმართ ნდობა დავკარგე, ყველა გიორგისნაირი უვარგისი მგონია.

– ახლა მშობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– ძალიან კარგი. დედაჩემი ყველას და ყველაფერს მირჩევნია. იმ ამბების შემდეგ, ოთხი წელი გავიდა. მდგომარეობიდან გამოვედი. წამლებსაც დიდი ხანია აღარ ვსვამ. ახლა ოცი წლის ვარ. უნივერსიტეტში ვსწავლობ. ერთი შეხედვით ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ წარსული ზოგჯერ ისევ მახსენებს თავს. ძალიან ცოტა მეგობარი მყავს. ხალხთან ურთიერთობა მიჭირს, ვერავის ვენდობი. ჩემ თავში ვარ ჩაკეტილი. მშობლებს თავიდან მათ საქციელს ვერ ვპატიობდი, ვერ ვივიწყებდი იმას, როგორც მომექცნენ, მაგრამ ბოლოს დედამ დამსვა და მელაპარაკა, ყველაფერი ამიხსნა და მათ მდგომარეობას მივხვდი კიდეც და შევძელი ყველაფრის პატიება, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, თავიდანვე ასე აეხსნათ ჩემთვის ყველაფერი და დამლაპარაკებოდნენ.

– მას მერე არავინ შეგყვარებიათ?

– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ისევ მეწვია ეს გრძნობა, მაგრამ ახლა უკვე ჩემი მიზეზით ვკარგავ მას. მე და იკა კურსელები ვართ. ის ჩემ მიმართ თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა. იმდენი გააკეთა, რომ თავი შემაყვარა. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. მან შეძლო და დამავიწყა ის საშინელი ურთიერთობა, რაც გიორგისთან მქონდა. მის მიმართ აბსოლუტური ნდობა გამიჩნდა. იკა მართლა ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ მას რომ ვკარგავ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია. მე სულ ვცდილობდი ეეჭვიანა, ხშირად ვაბრაზებდი და ისეთ რამეს ვაკეთებდი, რაც არ მოსწონდა. ერთხელაც საშინლად ვიჩხუბეთ. ვიცოდი, რომ არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ მაინც ბოლომდე ჩემი გავიტანე. მაშინ მითხრა, ამას აღარ გაპატიებ, გამუდმებით ისე იქცევი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს დამცირებას ცდილობ, ამიტომ ამის ატანას აღარ ვაპირებო და მას შემდეგ აღარც დაურეკავს. რამდენიმე დღეში მისი დაბადების დღე იყო. რა თქმა უნდა, არ მივულოცე. ამ დროს ზაფხულის არდადეგები იყო. ამ ხნის მანძილზე არც თვითონ შემხმიანებია და არც მე დამირეკავს, მაგრამ ამაში, რაღაც დოზით ჩემი დაქალიც დამნაშავეა.

– თქვენი დაქალი რა შუაშია?

– მის ძმას ვუყვარვარ. ნინი სულ ცდილობდა, იკასთან დავეშორებინე. უნდოდა, თავის ძმას დავახლოვებოდი და შემყვარებოდა, მაგრამ როგორ შემიძლია გულს ვუბრძანო, ვინ უნდა მიყვარდეს და ვინ – არა. ნინი გამუდმებით ცდილობდა, იკას შესახებ ჩემთან მხოლოდ ცუდზე ელაპარაკა. მე რომ იკას ასე ვექცეოდი, ნინი მეუბნებოდა, ღირსია და მასეც უნდა მოექცეო. თუმცა, არ ვიცი, მის მიმართ ასე რატომ განეწყო.

– ახლა, როდესაც ლექციები ერთად გიტარდებათ, არ გიცდიათ იკასთან ურთიერთობის გარკვევა?

– იკა ისე იქცევა, თითქოს მისთვის სრულიად უცხო ადამიანი ვიყო. სასწავლო წელი რომ დაიწყო და ლექციებზე მოვიდა, ჩემ გარდა, ყველა გადაკოცნა, მოიკითხა, მე კი არც გამარჯობა მითხრა და, საერთოდ, ზედაც არ შემომხედა. ძალიან ვინერვიულე, წნევამ ამიწია, ხელები ამიკანკალდა და ცუდად გავხდი. ლექტორმა სასწრაფო გამოიძახა. ვიცი, რომ იკას დღემდე ვუყვარვარ, მაგრამ გული იმდენად ვატკინე, ამ სიყვარულს აღარ ამჟღავნებს. მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ არ ვიცი, ამას როგორ მივახვედრო. ძალიან ამაყი ვარ და პირველი ნაბიჯის გადადგმა მიჭირს, რაც ჩემთვის მართლაც დამღუპველია. არადა, ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალია. სულ სხვა რამეს ვფიქრობდი და სხვა რამეს ვაკეთებდი. არ ვიცი, ასე რატომ ვიქცეოდი. იქნებ ვინმემ მირჩიოს როგორ მოვიქცე, როგორ დავიბრუნო საყვარელი ადამიანი. მის გარეშე ძალიან მიჭირს, მენატრება ჩვენი ერთად გატარებული დრო.

ნინო ჯანიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online