asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რეალური ერკიულ პუაროს იდუმალი ქალი
რეალური ერკიულ პუაროს იდუმალი ქალი
რეალური ერკიულ პუაროს იდუმალი ქალი

2010-12-23 15:32:09



როცა დეტექტივების ცნობილ მწერალს, აგატა კრისტის "სანდი ტაიმსის" კორესპონდენტმა ჰკითხა, ჰყავდა თუ არა ერკიულ პუაროს პროტოტიპიო, მწერალმა უპასუხა: "დიახ, ჰყავდა".

"ჩემს პირველ ქმართან, პოლკოვნიკ კრისტისთან მეგობრობდა ფრანგი მაიორი ლიუკასი, – ყვება კრისტი, – შევხედე თუ არა მას, ელდა მეცა. ლიუკასი ძალზე პატარა ტანისა იყო, თითქმის ჯუჯა. თმა გაცვენოდა, თვალები კი კატასავით უელავდა. ქმარმა ჩემი რეაქცია შენიშნა და მითხრა: ლიუკასს ნუ ეხუმრები, ძალიან ჭკვიანი კაცია და სამხედრო კონტრდაზვერვაში მსახურობს. სანამ კონტრმზვერავი გახდებოდა, საოცარი ისტორია გადახდა. მწერალი რომ ვიყო, მასზე წიგნს დავწერდიო".

აგატა კრისტიმ დაწვრილებით უამბო კორესპონდენტს ეს ისტორია.

პირველი შეხვედრა

ჟაკლინი მასზე მაღალი იყო. შავთმიანი, შავი, ვნებიანი თვალები და საოცრად მომხიბლავი ღიმილი ჰქონდა. ლიუკასმა შეხედა თუ არა, გახევდა. ქალი საოცრად იდუმალი გახლდათ, ალერსიანად და თბილად უმზერდა. ლიუკასი სილამაზით ვერ დაიკვეხნიდა და ქალები მას არასოდეს უმზერდნენ ასე.

ფირმა "დოლრიონის" ოფისში ა ლა ფურშეტი მოეწყოთ – განყოფილების გამგის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ლიუკასი უკვე სამ წელზე მეტხანს მუშაობდა ფირმის იურიდიულ განყოფილებაში. ჟაკლინი ახალი მისული იყო. მას საზოგადოებასთან ურთიერთობა ევალებოდა.

– მოგწონს? – შეეკითხა ლიუკასს მეგობარი ჟულიენი.

– ისე რა, – ლიუკასი შეეცადა, უდარდელი გამოჩენილიყო.

სინამდვილეში ვის არ მოეწონება ტანადი, ვნებიანი და სიცოცხლით სავსე ქალი! თუმცა რეალობის გრძნობაც ხომ უნდა შეინარჩუნო – ლიუკასი ვერც გარეგნობით დაიკვეხნიდა და ვერც ქონებით. ლიუკასიც ჟაკლინს თავაზიანად ეპყრობოდა – დიახ, მადამ... მობრძანდით, მადამ... გაღიზიანებულმა ჟაკლინმა შეუსწორა:

– მადამ კი არა, მადმუაზელ.

– მაპატიეთ, – შეცბუნდა ლიუკასი, – არ ვიცოდი.

სუფრაზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩდნენ. ჟაკლინის თვალებში საოცარი სითბო გამოსჭვიოდა.

– მადმუაზელ ჟაკლინ, მინდოდა, მეთქვა...

– მეგობრები ჯეკის მეძახიან, – სიცილით შეაწყვეტინა ჟაკლინმა, – შენ რა გქვია?

– ფრანსუა ლიუკასი.

– მე მომწყინდა. რას გეტყვი, იცი? – ჯეკიმ ეშმაკურად გაიღიმა, – მოდი, წავიდეთ.

ისინი წამოდგნენ და უჩუმრად გავიდნენ გარეთ.

ასე დაიწყო მათი ურთიერთობა. მეორე დღეს ლიუკასმა ყოველივე ჟულიენს მოახსენა.

– დიდი ამბავი, – გაიცინა ჟულიენმა, – გოგომ სახლში გაცილების ნება მოგცა, შენ კი ეიფორიაში ჩავარდი. მოდი, პაემანი დაუნიშნე.

იმავე საღამოს ჟულიენს დაურეკა:

– პაემანი დავუნიშნე და დამთანხმდა.

– მართალი გითხრა, ამას არ მოველოდი.

რამდენიმე თვის შემდეგ ლიუკასმა კვლავ დაურეკა ჟულიენს:

– ჯეკიმ მაკოცა. ღამე ერთად გავატარეთ.

– აბა, ცოლად მოგიყვანია და ეგაა.

– ხვალ ხელს ვთხოვ.

ლიუკასმა ყველაფერი გულდასმით მოამზადა. მაშ ასე, ჯეკის "რიცში" წაიყვანს. ვახშამი სანთლის შუქზე – ეს რომანტიკულია. ცოლობასაც იქვე სთხოვს. ამ დროს ტელეფონის ზარიც გაისმა:

– მე ვარ, ჯეკი. მაპატიე, დღეს ვერ მოვალ, გადაუდებელი საქმეები გამომიჩნდა.

სამსახურში ჯეკი უჩვეულოდ დაღვრემილი გამოცხადდა. ლიუკასის შეკითხვაზე, რამე ხომ არ მოხდაო, უპასუხა, გავცივდიო.

– მაშ, დღეს ვერ შევხვდებით?

– ზეგ მადრიდში მივდივარ, გადაუდებელი საქმეები გამომიჩნდა. კვირას აქ ვიქნები.

– მაშინ კვირას გნახავ.

– კარგი, ჩამოვალ თუ არა, დაგირეკავ.

კვირაც დადგა. ფრანსუა ამაოდ ელოდა ჯეკის ზარს. ტელეფონი დუმდა. მაშინ ჩაიცვა და მისი ბინისაკენ გაემართა. კარი დაკეტილი დაუხვდა. ლიუკასი ამაოდ რეკავდა, კარს არავინ უღებდა. სამაგიეროდ ზარის ხმაზე მეზობელმა გამოიხედა:

– ჯეკი გაემგზავრა, დაგვემშვიდობა და გვითხრა, სამუდამოდ მივემგზავრებიო.

სამსახურში დაბრუნებულმა ლიუკასმა გაარკვია, რომ ჯეკიმ ანგარიში გაასწორა და ფირმაში მუშაობას თავი დაანება.

"აბა, შენ იცი!"

თავის მოგონებებში აგატა კრისტი წერს, რომ პუაროს პროტოტიპი საოცრად ნებისყოფიანი და ჯიუტი იყო. ეს თვისებები მასში ჭკუასა და სიმამაცეს ერწყმოდნენ. "ამიტომაც გახდა ის ჩემი გმირი, თუმცა პუაროზე მეტად მის მარპლი მიყვარდა!", – წერს კრისტი.

მართლაც ლიუკასის ადგილზე სხვა ხელს ჩაიქნევდა და სხვა ქალს მოძებნიდა. ლიუკასი მათ რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, ამიტომ სკოლის მეგობარს კლოდ ბელიარს მიაკითხა, რომელიც პოლიციის კომისარი იყო. ლიუკასი დარწმუნებული იყო, რომ კლოდი გულდასმით მოუსმენდა და კარგ რჩევასაც მისცემდა. ასეც მოხდა. კლოდმა ის შინ დაიბარა, ლიუკასის მონათხრობი ყურადღებით მოისმინა, შემდეგ კი უთხრა:

– საინტერესო საქმეა! შესაძლოა შენი შეყვარებული უსიამოვნო ამბებშია გახვეული.

– საფრთხე ემუქრება?

– არაა გამორიცხული.

– რას მირჩევ?

– შეეშვი, მაგ ამბავს ცუდი სუნი უდის.

– ვაჟკაცი არ მიატოვებს საყვარელ ქალს, მით უმეტეს, თუ ის საფრთხეშია.

– აი, რას გეტყვი, ჩემო ძვირფასო, მგონი, გესმის, რომ შენი მონათხრობის საფუძველზე საქმეს ვერ აღვძრავ, ამიტომ თავად უნდა გაარკვიო ყველაფერი. გესმის?

– დამეხმარები?

– მხოლოდ რჩევებით.

– ძალიან კარგი, – ლიუკასს თვალები უბრწყინავდა, – ძიებას ახლავე შევუდგები.

– ოღონდ ფრთხილად, – კლოდს სახიდან ღიმილი გაუქრა, – საქმე მართლა საშაროა. ასე რომ, აბა, შენ იცი, ფრთხილად...

"თქვენ შეცდით, მუსიე!"

ასე გადაიქცა ლიუკასი კერძო მაძებრად. მას ხმაურიანი დანაშაულის გახსნა და ამ გზით სახელისა და დიდების მოპოვება კი არ უნდოდა, საყვარელი ქალის დახმარება ეწადა. ლიუკასმაც ჯეკის დაქალებს ერთიმეორის მიყოლებით მიაკითხა, მაგრამ გარკვეული პასუხი ვერ მიიღო:

– დაგვემშვიდობა, გვითხრა, მივემგზავრებიო. შეგვპირდა, მოგწერთო, თუმცა ჯერ არაფერი მოუწერია.

ლიუკასი შინ საგონებელში ჩავარდნილი დაბრუნდა. გაახსენდა, ჯეკიმ რომ უთხრა, სენ ჟერმენში დეიდაჩემი ცხოვრობსო. მგონი, ერთხელ მასთან სტუმრადაც იყვნენ. მისამართი არ იცის, მაგრამ სახლს უნდა მიაგნოს. ლიუკასიც სენ ჟერმენში გაემგზავრა. ჯეკის დეიდის სახლი ძლივს იპოვა. მოხუცი მას მხიარულად დახვდა:

– მუსიე ლიუკას, მობრძანდით. მაპატიეთ, მაგრამ ნიცაში მეგონეთ.

– ნიცაში?

– ჯეკიმ მითხრა, რომ ნიცაში მიემგზავრება, მეგონა, თქვენთან ერთად...

შინ დაბრუნებულმა ლიუკასმა კლოდს დაურეკა და ყოველივე მოახსენა. კლოდმა ყურადღებით მოუსმინა და უთხრა, მეორე დილით დაერეკა. ლიუკასმა მეორე დილით კლოდის ნომერი აკრიფა. ყურმილი მომენტალურად აიღეს:

– ლიუკას, შენა ხარ? ძალიან გთხოვ, ნურაფერს შემეკითხები. შენი შეყვარებული მართლაც ნიცაში აღმოჩნდა. აი, მისი მისამართიც.

– მის გვერდით ვინმე მამაკაციცაა? – ლიუკასს ხმა აუკანკალდა.

– ჰო. რას აპირებ?

– ახლავე ნიცაში მივემგზავრები.

– კარგი, ოღონდ გთხოვ, როცა ჩახვალ, ამ მისამართზე გაჩერდი. დიასახლისს ჩემგან მოკითხვა გადაეცი.

ნიცაში ჩასული ლიუკასი ხსენებულ მისამართზე მივიდა. კლოდის სახელის ხსენებაზე დიასახლისი გაიბადრა. ლიუკასმა მასთან ყოველგვარი პრობლემის გარეშე ბინა იქირავა. შემდეგ იმ ქუჩისაკენ გაემართა, სადაც ჯეკი ცხოვრობდა. სახლთან მივიდა თუ არა, შეჩერდა. თუ ჯეკი მამაკაცთანაა, უხერხულია, ბინაში მიაკითხოს. ამით მხოლოდ სკანდალი ატყდება, ეს კი არავის სჭირდება. უმჯობესია, ჯეკი სადმე ქუჩაში გამოიჭიროს ისე, რომ მისმა კავალერმა ვერ შენიშნოს. ამ დროს ნაბიჯების ხმა გაისმა. ლიუკასმა თავი ასწია. მას ჯეკი უახლოვდებოდა.

– ჯეკი! მოიცა, საქმე მაქვს.

ქალი შეჩერდა.

– თქვენ შეცდით, მუსიე, – წარმოთქვა მან, – მე ჯეკი არ მქვია.

ლიუკასი გაოგნდა. ჯეკიმ გვერდით ჩაუარა და სახლში შევიდა.

არჩევანი შენზეა!

ნაქირავებ ბინაში დაბრუნებულ ლიუკასს ახალი სიურპრიზი ელოდა. კლოდი სავარძელში მოხერხებულად მოკალათებულიყო და მოთმინებით უცდიდა.

– ყველაფერს მიხვდი?

– ყველაფერს არა, მაგრამ ბევრ რაიმეს.

– მაშ, იმასაც მიხვდები, რომ თამაში დასასრულს უახლოვდება. შენ გიყვარს ჯეკი, ამიტომ საშუალებას მოგცემ, აქაურობას გაეცალო. რაღა შენი ხელით...

– გმადლობთ, კლოდ, – შეაწყვეტინა ლიუკასმა, – შენ ნამდვილი მეგობარი ხარ, მაგრამ თამაშიდან გასვლა ჩემს ხასიათში არაა. დავრჩები და ბოლომდე ვითამაშებ.

– კარგად დაფიქრდი, მერე სანანებელი არ გაგიხდეს, არჩევანი შენზეა.

– უკვე ყველაფერი მოვიფიქრე.

– კეთილი. მაშინ ჯეკის დაურეკე და შეხვერაზე მოსვლა მოსთხოვე. აი, მისი ნომერი.

ლიუკასმა თავი დაუქნია, ერთხანს გაუნძრევლად იჯდა, შემდეგ ტელეფონს დასწვდა.

კვანძის გახსნა

თავდაპირველად ჯეკი მის თავაზიანად მოშორებას შეეცადა – "თქვენ შეცდით, მუსიე, მე ჯეკი არ მქვია" და ყურმილი დაუკიდა. ლიუკასმა კვლავ დარეკა. ასე გაგრძელდა ერთხელ, მეორედ, მესამედ, მეოთხედ...

– მისმინე, ჯეკი, თუკი გსურს, დავშორდეთ, დაე, ასე იყოს, მაგრამ მინდა, ეს შენგან მოვისმინო და უკანასკნელად ჩაგხედო თვალებში.

ქალი ერთხანს დუმდა, შემდეგ პაემანი ქალაქგარეთ, ზღვისპირა მიყრუებულ ადგილზე დაუნიშნა. ლიუკასი შეხვედრაზე ზუსტად დანიშნულ დროს გამოცხადდა. იქ არავინ იყო. ჩაფიქრებული ლიუკასი ზღვის პირას იდგა. ამ დროს უცნობი ხმა გაისმა:

– ყმაწვილო, ჯეკის ხომ არ უცდით?

ლიუკასი შემობრუნდა. მის წინ უცნობი მამაკაცი იდგა. განიერი ბეჭები და საოცრად დამცინავი ღიმილი ჰქონდა:

– ჯეკის არ უყვარხარ და არც არასოდეს უყვარდი, – მამაკაცი იღიმებოდა, მაგრამ რაღაც საზარელი იყო ამ ღიმილში, – ისე, ჯეკი შენი ერთადერთი ნამდვილი საყვარელია, არა?

– მე არ მყვარებია ჯეკი. უბრალოდ მსურდა, დამედგინა, ვინ იყო სინამდვილეში და დავადგინე კიდეც.

მამაკაცმა პასუხად რაღაც ამოიღნავლა, შემდეგ რევოლვერი იძრო. ლიუკასმა გარკვევით გაიგონა მისი სისინი: "რაკი ბევრი იცი, აღარც იცოცხლებ". ამ დროს მჭექარე ხმა გაისმა:

– დააგდე იარაღი!

მამაკაცი შედგა. თითქოს მიწიდან ამოძვრნენო, მის ზურგს უკან ორი ჯანიანი კაცი იდგა და რევოლვერს უმიზნებდა:

– დაყარე იარაღი! შენ დაპატიმრებული ხარ!

მამაკაცმა სასხლეტს თითი გამოჰკრა. გაისმა გასროლა, მას მეორეც მოჰყვა...

– თამაში დამთავრდა, – კლოდმა თავი გააქნია, – რას იზამ, ყველაფერი ისე როდია, როგორც კინოში.

ისინი ნიცის იმავე ბინაში ისხდნენ, რომელიც კლოდმა ლიუკასს ურჩია. ლიუკასი უძრავად იჯდა. კლოდის გვერდით მჯდომმა მამაკაცმა ნელა ჩამოასხა ვისკი.

– მაშ ასე, – კლოდმა პაუზა გააკეთა, – ოდესღაც ჯეკი სამუშაოდ აშშ–ში გაემგზავრა. იქ გაიცნო ცნობილი ბანდიტი არტურ ბერგი, რომელსაც მინიმუმ 10 ქვეყნის პოლიცია მაინც დაეძებდა. ჯეკიც ბანდის წევრი გახდა. რამდენიმე ოპერაცია წარმატებით განახორციელეს, შემდეგ კი წარმატება წარუმატებლობამ შეცვალა. ბანდის რამდენიმე წევრი დაიჭირეს, ზოგი სროლისას მოკლეს. ჯეკიმ გაქცევა შეძლო. მართლმსაჯულებას არტურ ბერგიც დაუსხლტა, მაგრამ ერთად სამშვიდობოს გაღწევა შუძლებელი იყო. ბერგი თავისი გზით წავიდა, ჯეკი კი საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც მოხუცი დეიდა ეგულებოდა. სამსახურშიც მოეწყო. ბედის ირონიით ეს ფირმა "დოლრიონი" იყო, სადაც შენ შეგხვდა.

– რაღას გამეკეკლუცა? – ლიუკასმა ვისკი მოწრუპა, – რაო, შევუყვარდი, თუ?

– ჯეკის შენ უბრალოდ ეცოდებოდი. პატარა, დაგვაჯული, კვერცხისთავა მამაკაცი... ქალი მამაკაცთან არა მხოლოდ სიყვარულის, სიბრალულის გამოც წვება. ლამაზი, ახოვანი მამაკაცები საკმაოზე მეტი ჰყავდა, შენნაირი კი – არა. მრავალფეროვნების გამო შენი საყვარლობა ისურვა. გადატანილი დაძაბულობის შემდეგ დასვენება ესაჭიროებოდა.

– თავი რატომღა დამანება?

– იმიტომ, რომ ბერგი ჩამოვიდა და უთხრა: ნიცაში ახალ ოპერაციას ვამზადებ და დიდი ფული შეგიძლია იშოვოო. ჯეკიც დათანხმდა.

– მას არტურ ბერგი უყვარდა?

– მორჩი, ერთი! ჯეკის საკუთარი თავის გარდა არავინ უყვარს. ბერგი მისი ერთ–ერთი საყვარელი იყო და მეტი არაფერი. ნიცაში ჩატარებული ოპერაციით დიდ ფულს იშოვიდა, შემდეგ ყალბი პასპორტით სადმე იტალიაში ან ესპანეთში დამკვიდრდებოდა, გახსნიდა სასტუმროს, გათხოვდებოდა ვინმე ბიზნესმენზე ან სულაც არ გათხოვდებოდა. ლამაზი, მარტოხელა, მდიდარი, დამოუკიდებელი ქალი. განა ეს ოჯახის შექმნას არ ჯობია?!

– მაგრამ შეცდა, – ჩაერია კლოდის კოლეგა პოლიციელი.

– ჰო, – კვერი დაუკრა კლოდმა, – ლიუკასის უწყინარმა გარეგნობამ მოატყუა. ეგონა, საქმე ჩვეულებრივ დოყლაპიასთან ჰქონდა. ამან დაღუპა კიდეც.

ლიუკასმა თავი გააქნია. ატეხილი სროლის დროს არტურ ბერგი მოკლეს, მისი თანამზრახველები და მათ შორის ჯეკი კი პოლიციამ შეიპყრო.

– მითხარი, კლოდ, ჯეკის დიდი ხნით ემუქრება პატიმრობა?

– თუკი იცოცხლა, ციხიდან ღრმად მოხუცი გამოვა, – კლოდმა პაუზა გააკეთა, – მე არ მინდოდა... ამიტომაც თამაშიდან გასვლა შემოგთავაზე.

– ვიცი.

– ყველაფერს როდის მიხვდი?

– შენთან საუბრის შემდეგ, – ლიუკასმა წამით პაუზა გააკეთა, – როდის იყო, პოლიცია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებით დაინტერესებულა. შენ დაინტერესდი, რადგან ჩემი მეშვეობით ბერგის შეპყრობა გინდოდა.

– მართალია, შენ დაჟინებით, მაგრამ ძალზე დილეტანტურად მოქმედებდი. ვერც ჯეკი და ვერც ბერგი ვერ მიხვდნენ, რომ შენს უკან პოლიცია იდგა. თუმცა მე პატიოსნად გაგაფრთხილე. მითხარი, ჯეკი არ გეცოდება?

– აბა, რა ვიცი, – ლიუკასმა მწარედ გაიღიმა, – თითქოს მეცოდება, თითქოს – არა.

ეპილოგი

მწერლისათვის ეს გამზადებული სიუჟეტია, თუმცა აგატა კრისტი თავზარდაცემული იყო, როგორ გულგრილად ჩაუგდო ხელში ლიუკასმა პოლიციას ქალი, რომელიც უყვარდა! დიახ, ჯეკი ბოროტმოქმედი იყო, მაგრამ მაინც... აგატას ქმარს ამაზე საკუთარი მოსაზრება ჰქონდა.

– ლიუკასი სენტიმენტალური დოყლაპია როდი იყო. ამიტომაც გახდა ომის დროს კონტრმზვერავი, თანაც კარგი კონტრმზვერავი.

აგატა კრისტიმ პირველად გამოიყენა პუარო რომანში "საიდუმლო შეხვედრა სტაილზში". მსოფლიო სახელი კი მას მოუტანა რომანმა "როჯერ ექროიდის მკვლელობა". პუარო არა ერთი რომანისა თუ მოთხრობის გმირია, მაგრამ კრისტის ის არ უყვარდა:

– გაოცებული ვარ, რატომ მოეწონა საზოგადოებას პუარო და რატომ დააყენეს ის შერლოკ ჰოლმსის ან დიუპენის გვერდით! მე პუაროზე ბევრად უფრო მიყვარს მის მარპლი!", – წერს კრისტი თავის მოგონებებში.

საბოლოოდ მწერალმა პუარო მაინც "მოკლა" რომანში "ფარდა ეშვება". გენიალური მაძებარი კვდება, გამოძიებას კი მისი მეგობარი კაპიტანი ჰასტინგსი ამთავრებს.

ნიკა თევზაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online