| ქალი და მამაკაცი |

რედაქციაში შემოსულ წერილს უცვლელად გთავაზობთ. მისი ავტორი ინკოგნიტოა. ოცდახუთი წლის გოგონა თავისი და თავისივე მეგობრების მიერ ჩადენილ დანაშაულზე გიამბობთ და იმაზე, თუ როგორ გარიყეს ისინი თავიანთმა ოჯახებმა. დანარჩენს უკვე წერილის წაკითხვისას გაიგებთ.
"ჩემი ცხოვრება ისე უაზროდ გავიდა, რომ უკან მხოლოდ ახლა მოვიხედე. რაც მთავარია, დღეს ჩემი საქციელის ძალიან მრცხვენია. ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მინდა და ამიტომაც ამ ჩემს ისტორიას ინკოგნიტოდ გიყვებით. 25 წლის ვარ და ამ წლების განმავლობაში, ჩემი ცხოვრება ერთი დიდი მხიარულება იყო, სულ ვქეიფობდი, დროს ვატარებდი. ახლა ამ ყველაფერს ისე ვყვები, როგორც მოქეიფე მამაკაცები ყვებიან ხოლმე და უფრო მეტად მრცხვენია. წარმოშობით, სამეგრელოს ერთ-ერთი პატარა სოფლიდან ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ, ავიკვიატე, რომ თბილისში წამოვსულიყავი. მამა ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმე. ვუთხარი, იქ ვისწავლი, ვიმუშავებ და თქვენც გასახელებთ-მეთქი. თუმცა, სასახელო არაფერი გამიკეთებია. თბილისში ჩემს ორ კლასელთან ერთად ჩამოვედი და მათთან ერთად ვცხოვრობდი ნაქირავებ ბინაში. აი, მაშინ დაიწყო ჩემი სახეცვლილი ცხოვრება. ყველანაირად შევიცვალე და აბსოლუტურად სხვა ადამიანი გავხდი. მე და ჩემი კლასელები ისეთ გარემოში გავიზარდეთ, რომ გართობა და მსგავსი რამ არ გვქონია, ანუ გასართობ ადგილებს ვგულისხმობ. აქ, თბილისში, რომ ჩამოვედით, სულ სხვანაირი თავისუფალი ცხოვრება დაგვხვდა. ყველაფერს ვაკეთებდით, რაც გვინდოდა და ხელს არავინ გვიშლიდა. თანაც, მე ისეთი მკაცრი მამის ხელში გავიზარდე, რომ ის ყველაფერს მიშლიდა. თბილისში ჩამოსულმა კი, ასე ვთქვათ, ფრთები გავშალე. ერთი სიტყვით, მე და ჩემმა მეგობრებმა ავიშვით. ისეთ წრეში ვტრიალებდით, რომ სხვანაირად ვერც ვიქნებოდით. მე თავიდან ეს ყველაფერი მომწონდა და მხოლოდ ახლაღა მივხვდი, რა ცუდად ვიქცეოდი.
სწავლა არ მაინტერესებდა, ლექციებს სულ ვაცდენდი. თითქმის ყოველ საღამოს ვიკრიბებოდით, ვსვამდით და ვქეიფობდით. ჩვენს სახლში სულ ქეიფი იყო, თანაც, გათენებამდე. მეზობლები გვეჩხუბებოდნენ, რომ თქვენს სახლში სულ ბიჭები რატომ დადიან და სულ ქეიფის ხმა როგორ გამოდისო. ბოლოს უკვე სახლის მეპატრონემაც გაიგო ეს ამბავი და ბინა დაგვაცლევინა. მერე ძლივს მოვნახეთ ახალი ბინა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, ყველა სახლის მეპატრონე გვყრიდა. ამ ხუთი წლის განმავლობაში იმდენი დავლიე, რომ, ალბათ, ზოგ კაცს არ ექნება დალეული. მერე ბიჭებმა ნელ-ნელა პლანიც შემოგვაპარეს და მთლიანად გადავეშვით ამ სიბინძურეში. ჩემები სამეგრელოდან ვერ მაკონტროლებდნენ, ვერც ჩამოდიოდნენ. მე ჩავდიოდი, ისიც ზოგჯერ. არც ჩემები მაინტერესებდა და არც არავინ. მთავარი იყო, რომ გასართობი მქონოდა. იმდენად ცუდად წავიყვანე ჩემი ცხოვრება, რომ იმაზე არ ვფიქრობდი, რა მომავალი უნდა მქონოდა. დღე არ გავიდოდა, რომ არ დამელია და არ მექეიფა. ჩვენი ერთი მეგობარი ბიჭი კი სულ მეარშიყებოდა. ნასვამი, რა თქმა უნდა, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და ერთხელაც დავნებდი. მერე ესეც უკვე ჩვეულებაში გადავიდა. ის ბიჭი ჩემი არც შეყვარებული იყო, არც გრძნობები მქონდა მის მიმართ და არაფერი, უბრალოდ, ყოველი ასეთი ქეიფის შემდეგ, ჩვენთვის ვერთობოდით. ჩემი ასეთი საქციელი არ მინანია. ვერც ვხვდებოდი, ცუდს რომ ვაკეთებდი, პირიქით, ეს თავაშვებული ცხოვრება მომწონდა კიდეც.
ჩემი და ჩემი მეგობრების თავაშვებული ცხოვრება დიდხანს ვერ დაიმალებოდა. მართალია, ჩემი ოჯახისგან ძალიან შორს ვიყავი, ამქვეყნად მაინც არაფერი იმალება და ჩემმა ერთმა ახლობელმა ჩემი ამბები ჩემს ოჯახს შეატყობინა. მამა, დედა, ბებია, ბაბუა, ძმები და თითქმის მთელი სანათესავო მეორე დღესვე დამადგა თავზე. იქ მეზობლებში გაიკითხეს, ნაცნობებში და რომ გაიგეს, რა ცხოვრებას ვეწეოდი ეს ოთხი წელი, ლამის გაგიჟდნენ. სიკვდილს ძლივს გადავრჩი. ყველა ერთად შემდგა და მაგრად მცემეს. ისე, ღირსი კი ვიყავი იმ ყველაფრის გამო, რაც ჩავიდინე. მერე დედამ მითხრა, სამეგრელოს ტერიტორიაზეც კი აღარასდროს დაგინახო, შენ ჩვენთვის მკვდარი ხარო. ბევრს აღარ გავაგრძელებ და გეტყვით, რომ მხოლოდ მაშინ მოვედი გონს. მივხვდი ჩემს დანაშაულს და იმას, რომ ჩემები ამას არასდროს მაპატიებდნენ. თუმცა, შეცვლა უკვე აღარაფრის შემეძლო. ჩემს ოჯახს თავს ლაფი დავასხი. დღეს ამ ყველაფერს ვნანობ და ზოგჯერ მძულს ჩემი თავი. არც კი ვიცი, როგორ შევყევი ამ ყველაფერს. ალბათ, ყველაფერი იმის ბრალია, რომ ზედმეტი თავისუფლება მომენიჭა და არასწორად გამოვიყენე. ვერც ვისწავლე, სამსახურიც ვერ ვიშოვე, დიპლომიც კი ვერ ავიღე. არადა, ჩემებმა ლამის მთელი ქონება დამახარჯეს. მე კი ეს ყველაფერი არ დავუფასე, უფრო მეტიც, შევარცხვინე.
ახლა უკვე მეორე წელია, ჩემს ოჯახთან და ნათესაობასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს, ყველამ ხელი მკრა და ვერც გავამტყუნებ ვინმეს. რაც შეეხება ჩემს ორ კლასელს, რომლებთან ერთადაც ვიყავი ეს ოთხი წელი, არც მათ დაადგათ ნაკლები დღე. ახლა ჩვენ ისევ ერთად ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებისგან გარიყულები. თუმცა, კიდევ კარგი, გონს დროულად მოვედით და ძველებურად აღარ ვართ. დალევასა და დროსტარებას თავი დავანებეთ, მეგობრებსაც ჩამოვშორდით. ერთი ჩემი მეგობარი სილამაზის სალონში მუშაობს, მეორე იმავე სალონში დამლაგებელია, მე კი ერთ-ერთ კაფეში ვმუშაობ. ძალიან დამღლელი სამუშაო მაქვს, მთელი დღე აქეთ-იქით დავრბივარ. სამივე ერთად ვიხდით ბინის ქირას და მთლიანად ჩვენი ფულით ვცხოვრობთ. სამივე ვნანობთ ჩადენილ საქციელს, მაგრამ რა აზრი აქვს. ზუსტად ვიცით, რომ ჩვენს ოჯახებს ჩვენზე გული არ მოულბებათ, თურმე, ჩვენს სოფელში ყველა ჩვენზე ჭორაობს. არ ვიცით, როგორი იქნება ჩვენი მომავალი ან რა გვეშველება, ასე როდემდე ვიქნებით. თავს ძალიან გარიყულებად ვგრძნობთ, თითქოს უცხო ქვეყანაში ვიყოთ. მთავარი ის არის, რომ რაც ადრე იყო, ახლა მსგავსიც არაფერი ხდება. ჩვენ, სამივემ ეკლესიაში დავიწყეთ სიარული, მაგრამ მამაოსთან საუბარს ჯერ ვერ ვბედავთ, გვერიდება იმ ყველაფრის მოყოლა. იმედი გვაქვს, რომ, ოდესღაც ჩვენი ოჯახები და ნათესავები შეგვირიგდებიან, შეცდომებს გვაპატიებენ და ისევ ერთად ვიცხოვრებთ. ჩემები უზომოდ მენატრებიან. სამივე ვნანობთ, რომ ოჯახისგან შორს წამოვედით და თავები ვერ გავაკონტროლეთ. ახლა, მე ჩემი დაქალების გულისტკივილზეც გწერთ, რადგან მათ დამავლეს, ჩვენზეც დაწერეო. მადლობა ყველას, ვინც წაიკითხავს და იმედია, ზედმეტად არ გაგვკიცხავთ, ჩვენ თავს ისედაც დამნაშავედ ვგრძნობთ".
თეონა კენჭიაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”











"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 






















































































