asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"ჯობდა, საყვარელი ადამიანისთვის სიმართლე თავის დროზე მეთქვა"
მეორადი ქალიშვილობა – სასჯელი საკუთარი თავისთვის
"ჯობდა, საყვარელი ადამიანისთვის სიმართლე თავის დროზე მეთქვა"

2012-01-06 22:10:34



ჩვენს საზოგადოებაში ე. წ. ქალიშვილობის ინსტიტუტი დღემდე განხილვის საგანია. ტრადიციულად და რელიგიურად მოაზროვნეებს ქორწინებამდე ქალწულობის დაცვა ზნეობრივ აუცილებლობად მიაჩნიათ, ხოლო უფრო დასავლეთისკენ ორიენტირებულები, თავისუფალი ცხოვრების მიმდევრები, ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ. პირიქით, ამ ტრადიციას დრომოჭმულს უწოდებენ და ამ თემაზე საჯაროდ ქილიკსაც არ ერიდებიან. საქართველოში საზოგადოებრივი აზრი მაინც ტრადიციულობისკენ იხრება, ზნეობრივი ნორმის დამრღვევი ქალიშვილის საქციელი მკაცრი განკითხვის საგანი ხდება.

ჩვენს რესპონდენტს, ტრადიციებზე აღზრდილ ნუცას, ახალგაზრდობაში შეყვარებულთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა. ამან მორალური ტრავმა მიაყენა, რამაც მოგვიანებით ქალს სიცრუსიკენ უბიძგა... რამდენად ბედნიერია ქალი, როცა თავის ზნეობრივ მრწამსს თუნდაც ყველაზე "გამამართლებელი" მიზეზით ღალატობს? ამას ჩვენი რესპონდენტის მონათხრობიდან შეიტყობთ.

ნუცა:

– 18 წლის ასაკში თავდავიწყებით შემიყვარდა ჩემივე თანატოლი ნიკა, დადებითი თვისებების მქონე ბიჭი, შესანიშნავი მშობლების შვილი. აღზრდა და ოჯახიშვილობა არც მე მაკლდა. ორი წელი ერთმანეთი გვიყვარდა. მის ოჯახში ძალიან კარგად მიღებდნენ, ნიკა ჩემებსაც ძალიან მოსწონდათ. ერთად დავდიოდით მეგობრების წრეში, ცალკეც ვხვდებოდით, მაგრამ ზნეობრივი ნორმები არასოდეს დაგვირღვევია. ერთ დღეს კი, სრულიად მოულოდნელად, ნიკამ გამომიცხადა, ძალიან მიყვარხარ და მინდა შენთან ოჯახი შევქმნა, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია ქორწინება, თუ ქალთან წინასწარ სქესობრივი კავშირი არ მექნებაო. მიმტკიცებდა, მხოლოდ სულიერი სიყვარული საკმარისი არ არის, თუ ქალი და მამაკაცი სექსში ვერ თავსდებიან, შეიძლება ქორწინებამ არ გაამართლოსო. ერთი სიტყვით, სექსისთვის "გემო უნდა გაგვესინჯა", რომ მივმხვდარიყავით, შედგებოდა თუ არა ჩვენი ოჯახი. ასეთი მიდგომა ჩემთვის სერიოზული შოკი იყო. კატეგორიული უარი ვუთხარი: ეს ჩემთვის მიუღებელია და, როგორც ჩანს, მენტალურად ვერ ვთანხმდებით–მეთქი. მას შემდეგ მასთან ურთიერთობა შევწყვიტე.

ნიკასთან დაცილება უზომოდ განვიცადე, დეპრესიულ მდგომარეობაში ჩავვარდი. მარტო რომ ვრჩებოდი, სულ ვტიროდი. ასეთ შემოთავაზებასაც კი დიდ შეურაცხყოფად მივიჩნევდი. მიზეზს ვერავის ვუმხელდი. საკუთარ თავს ვებრძოდი, ნიკას დავიწყებას ვცდილობდი.

– მისი დავიწყება შეძელით?

– ორი წლის შემდეგ სრულიად შემთხვევით ნიკას ერთ წვეულებაზე შევხვდი, იქ არ ველოდი, თორემ არ წავიდოდი. ვცდილობდი, ჩემთვის ცალკე ვყოფილიყავი, მაგრამ მისი ყურადღების ცენტრში მაინც აღმოვჩნდი. ეტყობა, ძველმა გრძნობამ იჩინა თავი, თავს მევლებოდა, საცეკვაოდ გამიწვია. არ ვიცი, რატომ გავყევი – ალბათ იმიტომ, რომ ჩემს გულში მაინც იყო მისი ადგილი. იმ საღამოს შემდეგ ჩვენი ურთიერთობა განახლდა. ერთხელ, თბილისთან ახლოს, აგარაკზე ამიყვანა და... წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე – მისი დაკარგვის შემეშინდა. მოსახდენი მოხდა, რამაც ჩემს ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედა. მას ჩემ მიმართ ლტოლვა თითქოს გაუმძაფრდა, მე კი პირიქით დამემართა. ერთმანეთს ვხვდებოდით, მაგრამ მასთან ფიზიკური ტკივილისა და მორალური შეურაცხყოფის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი. ამ დროს ჩემი თავი მეზიზღებოდა. თანდათან მის მიმართაც გული ამიცრუვდა.

– საყვარელ მამაკაცთან სქესობრივი ურთიერთობა ალბათ იმიტომ ვერ აიტანეთ, რომ მორალურად წინააღმდეგობაში იყავით საკუთარ თავთან, თქვენთვის მიუღებელ საქციელს ჩადიოდით.

– დიახ, ასე იყო. ნიკას არ უნდოდა ჩემი დაკარგვა, მეუბნებოდა, ცოლად მოგიყვან და ვეცდები, ყველაფერი ავაწყოთო, მაგრამ არ მჯეროდა, რომ ამით უკეთესობისკენ შეიცვლებოდა რამე და მის გვერდით თავს ბედნიერად ვიგრძნობდი. მაშინ სექსოლოგიის თემებზე ლიტერატურა არ იბეჭდებოდა, სირცხვილით ვერც სექსოპათოლოგს მივმართავდი. თავს დატეხილ უბედურებას ვერავის ვუმხელდი. საშინელ სინანულში ჩავვარდი, ამორალურ ქალად ვგრძნობდი თავს. ძალიან დავითრგუნე, საზოგადოებასთან კონტაქტს ვერიდებოდი. ლექციების შემდეგ სახლში გამოვრბოდი, ჩემს ოთახში ჩავიკეტებოდი და არავის ვეკონტაქტებოდი. ამ მდგომარეობის გამო ჩემი ოჯახის წევრები სერიოზულად შფოთავდნენ.

– ამ მდგომარეობამ რამდენ ხანს გასტანა?

– როგორც ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალია, თუმცა წარსული ლაქად დამრჩა. ჩემი დაქალები გათხოვდნენ, იმათი დაქალებიც. ზოგი კარგ ბედში ჩავარდა, ზოგსაც მაინცდამაინც არ გაუმართლა. ყოველ შემთხვევაში, პირადი ცხოვრება ააწყვეს და, ჩემგან განსხვავებით, დასამალი, სათაკილო და შეურაცხმყოფელი არაფერი ჰქონდათ. ერთმა ახლო მეგობარმა ბავშვი მომანათვლინა. ნათლობაზე უარის თქმა არ შეიძლებაო, მითხრეს, თორემ წარმოიდგინეთ, თავს ვიკავებდი. გულში ვფიქრობდი, რომ იცოდე, რა მაქვს ჩადენილი, ნათლიად ხომ არ ამირჩევდი–მეთქი. ეს თემა და საერთოდ, წარსული ტაბუდადებული გახდა ჩემთვის. გათხოვება ჩემი ცხოვრების პროგრამიდან ამოვარდა. ამ თემაზე შინაურებში საუბარსაც კი კეთროვანივით გავურბოდი.

– წლებმა და ცხოვრების გამოცდილებამ ამ საკითხისადმი დამოკიდებულება არ შეგიცვალათ?

– თანდათან თავისუფალი სიყვარული საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც გახსნილად შემოვიდა. კომპანიაში, სადაც მუშაობა დავიწყე, გავიცანი ადამიანები, რომლებსაც ე.წ. ქალიშვილობის ინსტიტუტი არაფრად მიაჩნდათ და პირიქით, თავისუფალ ურთიერთობებს ქადაგებდნენ, თავიანთი ცხოვრებით ამის მაგალითსაც იძლეოდნენ. შესაბამისად, ჩემი შეხედულებებიც შეიცვალა. სექსს ისე ვუყურებდი, როგორც ფიზიოლოგიურ აუცილებლობას და არა – როგორც ცოდვას. თავს, შეიძლება ითქვას, ამნისტია გამოვუცხადე – ბოლოს და ბოლოს, ისეთი რა დავაშავე, ეს ხომ სიყვარულის გამო გავაკეთე–მეთქი. იმ წრეში გამოჩნდნენ ისეთი მამაკაცები, ვინც ასეთ ურთიერთობებს მთავაზობდნენ, თუმცა ამას არ ვაკეთებდი – უსიყვარულოდ თავს ვერ დავკარგავდი.

– არავინ შეგიყვარდათ?

– 31 წლის რომ ვიყავი, გავიცანი გოგა, ჩამოყალიბებული, შემდგარი მამაკაცი. შეიძლება ითქვას, ბიოენერგეტიკით ვიგრძენით ერთმანეთი და პირველივე ნახვისას გრძნობა ჩაგვესახა. თანდათანობით ეს განცდა სიყვარულში გადაიზარდა. ჩემ მიმართ სერიოზული, განსაკუთრებული, ფაქიზი დამოკიდებულება ჰქონდა. ერთმანეთის უკეთ გაცნობის მიზნით ბევრს ვსეირნობდით და სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით.

– მასთან რამდენად გულწრფელი იყავით?

– გოგა ბუნებით თავისუფალი იყო და მის გვერდით თავს უკომპლექსოდ, თანაც დაცულად ვგრძნობდი. ერთადერთი, რისი გამხელაც ვერ გავბედე, წარსულში დაშვებული ჩემი შეცდომა იყო.

– თუ შინაგანად ასეთი თავისუფალი პიროვნება იყო, სიმართლე რატომ ვერ უთხარით?

– უკვე ძალიან მიყვარდა და მისი დაკარგვის მეშინოდა. გოგა ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის. თავისუფალი ურთიერთობა რომ შემოეთავაზებინა, ალბათ უარს არ ვეტყოდი და თავისთავად დადგებოდა საკითხი, ამ თემას შევხებოდით. უკაცრავად, ხმამაღლა რომ ვაცხადებ – მასთან ყველაფერზე წავიდოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. გოგასთვის რაღაც განსაკუთრებული არსება, სიწმინდის განსახიერება ვიყავი. რამდენჯერმე გვქონდა ძალიან ინტიმური გარემო, მაგრამ ზედმეტი არაფერი უკადრებია. ერთ საღამოს კი ცოლობა მთხოვა და იმის მაგივრად, რომ სიხარულით ცაში მეფრინა, საშინლად დავიბენი, ყურები ჩამოვყარე, უპასუხოდ დავტოვე და ისე წამოვედი. ვერ მიხვდა, რაში იყო საქმე, დარწმუნებული იყო, რომ მიყვარდა.

– ვერც მაშინ გაუმხილეთ თქვენი სატკივარი?

– მეგონა, რომ გაიგებს, შემიზიზღებს და ახლოსაც არ გამეკარება–მეთქი. თავიდან რომ დავუმალე, მერე კიდევ უფრო გამიჭირდა გამხელა. მასთან შეხვედრებს თავს ვარიდებდი, უკვირდა, რა გაწყენინე ასეთი, თუ გათხოვების გეშინია, დაგელოდები, სანამ ამისთვის ფსიქოლოგიურად შეემზადებიო. საშინელ დღეში ჩავვარდი, მისი დაკარგვა არ მინდოდა და ვერც სიმართლეს ვუმხელდი. ერთ დღესაც ერთი ჩემი თანამშრომელი გოგო, ვისთანაც ვდაქალობდი, ჩამეძია, ვხედავ, რაღაც გტანჯავს და მითხარი, რა გაწუხებს, გულზე მოგეშვებაო. ამ გოგოს თავისუფალი ცხოვრების სტილი ჰქონდა და თავს ძალიან ლაღად და ბედნიერად გრძნობდა. გავბედე და ჩემი გასაჭირი გავუმხილე. გაგიჟდა – საქმე საქმეზეა მისული, მაგის დამალვა როგორ შეიძლება, საქმროს აუცილებლად უთხარი, თუ ისეთი ქაჯი და აზიატია, რომ ვერ გაგიგო, მასეთი კაცი მთელი ცხოვრება დაგტანჯავს და რად გინდაო. მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო დამბლოკა, მაგის თქმას სიკვდილი მირჩევნია–მეთქი. ძლივს კაცი შეგყვარებია და ძალით ხელს ჰკრავ, ღირსი ხარ, მარტო რომ დარჩეო, ჩამჩიჩინებდა.

ბოლოს ხელი წამავლო და ნაცნობ გინეკოლოგთან გამაქანა – ამ ქალს ქალიშვილობა დაუბრუნე, საყვარელ კაცს რომ მისთხოვდეს, თორემ დარდისგან ხელში ჩაგვაკვდებაო... ერთი სიტყვით, დამაძალა, გოგასთან ურთიერთობა აღმედგინა და როგორც კი საყვარელმა მამაკაცმა კვლავ შემომთავაზა ცოლობა, დავთანხმდი, გინეკოლოგმა პრობლემა მომიგვარა და გოგას გავყევი. ვერ აგიწერთ, რაც ჩემს გულში ხდებოდა. პირველ ღამეს ჩემი განსაკუთრებული მღელვარება ქმარმა ჩემს უმანკოებას მიაწერა.

– ამბობენ, ქვეყნიერებაზე დაფარული არაფერი რჩებაო. თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა, სიმართლე გამჟღავნდა?

– საიდანაც არ ველოდებოდი, იმ მხრიდან გამჟღავნდა. ეტყობა, ნიკამ ვერ მოინელა ჩემი გათხოვება, თუ აქამდე კაცურად ინახავდა ჩვენს საიდუმლოს, ჩემი გათხოვების შემდეგ ჭორიკანა დედაკაცივით პირი მოაღო და ტრაბახს მოჰყვა, ეგ გოგო ჩემს ხელშია გამოვლილიო...

– როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი ჰქონდა, ასე ბოროტად რატომ ალაპარაკდა?

– ალბათ ვერ მოინელა, ჩემი ბედნიერება რომ გაიგო. სულმოკლეობამ სძლია. ჩემ მიმართ სიყვარული რომ ჰქონოდა, ამას არ იკადრებდა.

– ეს ხმა გოგას ყურამდეც მივიდა?

– რა თქმა უნდა, "კეთილისმსურველები" ყველას ჰყავს. საშინელ დღეში აღმოვჩნდი, ძალიან გავისვარე. თავიდან გოგამ არ დაიჯერა, ნიკა მოძებნა და ანგარიშსწორებისთვის შეხვდა, ჭკუა რომ ესწავლებინა. ნიკამ უკან არ დაიხია და ჩემს ქმარს პირდაპირ უთხრა, შემიძლია ნუცას პირზე დავადგე, რომ ასე იყო, მისთვის არაფერი დამიბრალებიაო. ამ ამბების შესახებ თავიდან არაფერი ვიცოდი, ჩემმა ქმარმა დამიმალა, უნდოდა, უჩემოდ მოეგვარებინა საქმე. იმ საღამოს კი გოგა სახლში გიჟივით მოვარდა და პასუხი მომთხოვა. ვეღარ დავუმალე, ტირილით ვუამბე, რაც მოხდა. ისეთი სილა გამაწნა, მთელი თვე მეტყობოდა. იმ საღამოსვე დამტოვა. ვერ აგიწერთ ჩემს განცდებს. ჯობდა, საყვარელი ადამიანისთვის სიმართლე თავის დროზე მეთქვა, უფრო გამიგებდა. დამალვით კი ჩვენს სიყვარულს უფრო მეტად ვავნე. გოგამ ჩემი ნდობა დაკარგა.

– ქმართან შერიგება არ გიცდიათ?

– რა თქმა უნდა, ვცადე, მით უმეტეს, რომ იმ თვეს ფეხმძიმედ დავრჩენილვარ და არ ვიცოდი. ვიფიქრე, ეგებ გულწრფელი მონანიებით და შვილის გამო მაინც შემირიგდეს–მეთქი, მაგრამ ჩემი ორსულობა რომ გაიგო, კატეგორიულად მითხრა, ჯობია თვალით არ დამენახო, ცოტა ხანში ალბათ მაგ ბავშვის მამაც გამოჩნდება და თავზე ხელს ნუ ამაღებინებო. ახლა ჩემს გოგონას მარტო ვზრდი. ჩემი შვილი 15 წლისაა და არც მამას იცნობს და არც მის გვარს ატარებს. მის თანატოლებს ზოგს "ბოიფრენდი" ჰყავს და ეს ნორმად მიაჩნიათ. ჩემს შვილს კი ტრადიციული აზროვნება აქვს და ამას უწესო საქციელად თვლის. მაქსიმალურად თავს ვევლები, ვცდილობ, კონტროლის ქვეშ მყავდეს და ღმერთს ვთხოვ, მსგავსი განსაცდელისაგან დაიფაროს!

ნანა კობახიძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სიმართლე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online