asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"ბიჭის პატრონმა არავის უნდა ათქმევინოს, დედაშენი გარე–გარე სეირნობსო"
არჩევანი – ცხოვრება უქმროდ
"ბიჭის პატრონმა არავის უნდა ათქმევინოს, დედაშენი გარე–გარე სეირნობსო"

2010-12-15 12:32:57



"ძალიან მიკვირს იმ ქალების, ვინც პირად ბედნიერებას ყველაფერს ანაცვალებენ, მათ შორის – შვილსაც. მამაკაცს სხვაგვარი აზროვნება აქვს, მას შეუძლია შვილს შორიდანაც უპატრონოს, თუ საერთოდ პასუხისმგებლობა გააჩნია, მაგრამ ქალს ეს არ ეპატიება. შვილი დედის მუცელში ისახება და მასთან კიდევ სხვა, ორგანული კავშირიც აქვს. ამიტომ დედა ვალდებულია, ზრდასრულ ასაკამდე მაინც, სანამ შვილი გზას ეწევა, მის გვერდით იყოს", – ასე დაიწყო "სარკესთან" საუბარი ჩვენმა რესპონდენტმა, მარტოხელა დედამ, საკმაოდ სიმპათიური გარეგნობის ქალბატონმა ნელიმ...

– ჩემი და გიორგის სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. კონტრასტული წყვილი ვიყავით – ჭკვიანი, ნაფოფინები გოგო, რომელსაც არაფერი აკლდა ცხოვრებაში და ავარა ბიჭი, აუწყობელი და თავგზააბნეული, რომელსაც ამის გამო უამრავი კომპლექსი ჰქონდა. როდესაც მათ ოჯახში რძლად შევედი, ასე მეგონა, სადღაც მიყრუებულ სოფელში მოვხვდი, ქალაქის შუაგულიდან – პერიფერიაში, სასახლიდან – ქოხში...

მრავალსულიანი ოჯახი იყო და პატარა ბინაში ძლივს ვთავსდებოდით. ჩემი და გიორგის ადგილი იქ არ იყო, სასადილო ოთახში გვეძინა. თავიდან ყველაფერი მეუცხოვებოდა, მათი ცხოვრების სტილი, საუბარი, ინტერესები, მაგრამ მათ სიყვარულით მიმიღეს და მეც ასეთივე გრძნობით ვპასუხობდი. თანაც თავმდაბალი, კომუნიკაბელური ვიყავი და ადამიანებთან ურთიერთობა არ მიჭირდა. ასე რომ, ახალ ოჯახს, დუხჭირი ყოფის მიუხედავად, ალღო ავუღე. გიორგი ძალიან მიყვარდა და მის გამო რას არ ავიტანდი?

– თქვენი მშობლები არ გეხმარებოდნენ?

– როგორ არ გვეხმარებოდნენ, პირველი შვილი, ბაჩო რომ გვეყოლა, პირობების უქონლობის გამო დედაჩემთან გადავედი საცხოვრებლად, მაგრამ გიორგის ჩემებთან ყოფნა გაუჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები ზედ ყვებოდნენ, ის თავს მაინც დამცირებულად გრძნობდა. ამიტომ ჩვენთან ხშირად დარჩენას თავს არიდებდა, მხოლოდ შემოირბენდა ხოლმე. მე ეს ძალიან მწყინდა და ამის გამო უსიამოვნებებიც მოგვდიოდა. მაშინ ინსტიტუტში ვსწავლობდი. დედა მეუბნებოდა, ბავშვი დამიტოვე და ქმართან წადიო. ზოგჯერ ვრჩებოდი ქმრის ოჯახში, მაგრამ ყოველთვის ბაჩოს დატოვება ძალიან მიჭირდა.

– რამდენ ხანს მოგიწიათ ცოლ–ქმარს ასე ცალ–ცალკე ცხოვრება?

– ექვსი წელი. შემდეგ ჩემი მაზლი ცოლ–შვილით ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, მული გათხოვდა. გიორგიმ, ბიძაჩემის წყალობით, შემოსავლიანი სამსახური იშოვა და მე და ბავშვი მის ოჯახში დავბრუნდით. მამაჩემმა რემონტი გაგვიკეთა, სახლში შეძლებისდაგვარად კომფორტი მოგვიწყო. როგორც კი გიორგიმ ფულის ძალა იგრძნო და ოჯახის სადავეები ხელში აიღო, პიროვნულად რადიკალურად შეიცვალა, ვეღარ ვცნობდი. ამბიციამ შეიპყრო, იბღინძებოდა და თავს გვამეტებდა არამხოლოდ მე, არამედ თავის მშობლებსაც. ლამის ლუკმასაც გვითვლიდა.

– ეს გახდა თქვენი ოჯახის რღვევის მიზეზი?

– ძირითადი მიზეზი ღალატი იყო. ჩემმა ქმარმა საკუთარი სიამოვნებისთვის დაიწყო ფულის ხარჯვა, ქეიფს, დროსტარებას და გოგოებში სიარულსაც არ იკლებდა. ხშირად აგვიანებდა, შინ მოსულს დაბალ ღობედ ვეჩვენებოდი და ზემოდან მიყურებდა.

– ქმრის ღალატი მისივე ქცევებიდან იგრძენით თუ რაიმე კონკრეტული ფაქტის წინაშე დადექით?

– ქალური ინტუიციით ვგრძნობდი, რომ მღალატობდა. თანაც ჩვენთან ვიღაც რეკავდა ისტერიკულად და როცა ყურმილს ვიღებდი, ყურმილს მიკიდებდა. მერე დედამთილმა საიდუმლოდ გამიმხილა, თურმე იმ პერიოდში, სანამ დედაჩემთან ვცხოვრობდი, ვიღაც გოგო გიორგის ტელეფონზე ურეკავდა და ერთმანეთს საათობით ელაპარაკებოდნენ. ერთხელ ჩემს დედამთილს უთქვამს, ჩემი ვაჟი ცოლშვილიანია და მეორედ აღარ დაურეკოო. გიორგისთან ხშირი უსიამოვნებები მომდიოდა, მისი მხრიდან სიცივეს და გულგრილობას უხეშობაც დაერთო. მივხვდი, რომ აღარ ვუყვარდი, დავცილდი და მშობლებთან დავბრუნდი.

– როგორ წარიმართა ამის შემდეგ თქვენი ცხოვრება?

– მან წელიწადნახევარში ის გოგო მოიყვანა ცოლად, ჯერ კიდევ ცოლშვილიან კაცთან ასე რომ აქტიურობდა. მე და ჩემი ბიჭი ჩემებთან შემოვრჩით... მოგეხსენებათ, მარტოხელა ქალისთვის ბიჭის აღზრდა სირთულეებთანაა დაკავშირებული. ვაჟს განსაკუთრებით სჭირდება მამის მხარდაჭერა. როდესაც სიმწიფის ასაკში შედის, ეჩვენება, რომ ყველაფერი უკვე იცის, ქალის სიტყვას იმდენ ყურადღებას არ ანიჭებს, რამდენსაც კაცისას. როდესაც ჭკუას ვარიგებდი, მეტყოდა ხოლმე, შენ რა იცი ცხოვრება, ქალი ხარო... მთელი ჩემი ძალა და ენერგია ბავშვს შევალიე, ვცდილობდი, ყოველმხრივ მემუშავა მასთან – სულიერად, ფიზიკურად, ინტელექტუალურად, რომ კაცად ჩამოყალიბებულიყო. ვფიქრობ, გამომივიდა.

– მამამისი ბიჭის აღზრდის პროცესში არ ერეოდა? ბავშვს ყურადღებას არ აქცევდა?

– თავიდან თითქოს ცდილობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყურადღება მოადუნა. შვილებს, რომლებიც მეორე ქორწინებიდან ჰყავდა, მეტად პატრონობდა. ფაქტობრივად ყველაფერი ჩემი და ჩემი ოჯახის კისერზე გადავიდა.

– როცა ქმარს გაეყარეთ, სრულიად ახალგაზრდა ქალი იყავით. პირადი ცხოვრების შეცვლის სურვილი არ გაგჩენიათ?

– მე ეს დაუშვებლად მიმაჩნდა. შვილი სათამაშო თოჯინა არ არის, რომ შენს პირად ცხოვრებას მოარგო. როდესაც შვილს აჩენ, მის ცხოვრებას, ინტერესებს თავად უნდა მოერგო. ქალს შვილისთვის საკუთარი ინტერესების შეწირვა უნდა შეეძლოს, თორემ კეთილ მეზობელსაც კი შეუძლია, საჭმელი აჭამოს და სარეცხი დაურეცხოს. შვილის წინაშე მართალი უნდა იყო, მისთვის მაგალითად უნდა იქცე, რომ შენი რწმენა ჰქონდეს და გამოგყვეს. ბავშვების ფსიქიკა ძალიან ფაქიზია, მშობლების დაშორებას ძალიან განიცდიან, ზოგი ფარულად, ზოგიც აშკარად. იმასაც მძაფრად აღიქვამენ, თუ რომელიმე მათგანი სხვა ოჯახს შექმნის, ამას ღალატად უთვლიან და განა მართლაც ასე არ არის?!

– ზოგჯერ შვილიანი ქალები მეორედაც თხოვდებიან, უფრო წარმატებულადაც და ამით შვილსაც უკეთეს პირობებს უქმნიან. თუ ქალს გვერდით ძლიერი მამაკაცის სახით პატრონი ეყოლება, ამაში ცუდი რა არის, უკეთ არ მიხედავს თავის შვილს?

– სხვა საკითხია, თუ ქალი სუსტია, ცხოვრება უჭირს და საყრდენის სახით გვერდით კაცის ყოლას საჭიროებს. თუ ქალი ხელმეორედ იმისთვის თხოვდება, რომ მამაკაცი ბავშვის გაზრდაში დაეხმაროს და ცხოვრებაც შეუმსუბუქოს, თავად კი ამ საკითხში უძლურია, მაშინ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. როცა ქალის გათხოვებაში არა მხოლოდ პირადი, არამედ შვილის ინტერესიც დევს, ამ გადაწყვეტილებას ვამართლებ.

– ასეთი მამაკაცი თქვენი ცხოვრების გზაზე არ გამოჩნდა თუ არ გჭირდებოდათ?

– თაყვანისმცემლები მყავდნენ, მაგრამ ისინი ჩემგან მხოლოდ იმას ითხოვდნენ, რაც, ჩვეულებრივ, მამაკაცს სურს, ქალისგან მიიღოს... ასეთები კი ჩემს ინტერესებში არ შედიან და საერთოდაც ასეთი ურთიერთობები დაუშვებლად მიმაჩნია. ბიჭის პატრონმა არავის უნდა ათქმევინოს, დედაშენი გარე–გარე სეირნობსო. ყოფილა მსგავსი შემთხვევები, რომლებიც სავალალოდ დამთავრებულა, ზოგჯერ ტრაგიკულადაც კი. შვილი საამისოდ არ უნდა გაიმეტო. გარდა ამისა, არ ვარ ისეთი სუსტი, რომ აუცილებლად კაცის გვერდით ყოფნა მჭირდებოდეს. ცხოვრებაში ბევრი სირთულე დავძლიე და კვლავაც მრავალს გავუმკლავდები. რაც მეტი განსაცდელი აქვს, მით მეტად ძლიერდება ადამიანი.

– თუ ქალს შვილი უკვე გაზრდილი და გზაზე დაყენებული ჰყავს, თქვენი აზრით, ამის შემდეგაც არ უნდა იფიქროს პირად ბედნიერებაზე?

– თუ შეხვდები ისეთ მამაკაცს, რომელიც სულიერად და მორალურად შეგავსებს, რატომაც არა?! როცა ქალი მოწიფულ ასაკში ამ ნაბიჯს დგამს, ის ჰაერში ვერ იფრენს, მას ეს უნდა უღირდეს.

ნანა კობახიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online