asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბედნიერი ვარ, რომ საკუთარი შვილი არ გავწირე
ბედნიერი ვარ, რომ საკუთარი შვილი არ გავწირე
ბედნიერი ვარ, რომ საკუთარი შვილი არ გავწირე

2010-12-13 16:06:41



არ მიყვარს, როდესაც საკუთარი გასაჭირის შესახებ ადამიანები ყველგან საუბრობენ და სხვას უზიარებენ თავიანთ გულისტკივილს. დღევანდელ ცხოვრებაში ყველას თავისი გასაჭირი აქვს, ამიტომ სხვისი უბედურება ნაკლებად აინტერესებთ. თუმცა, მე ჩემს გასაჭირს ნამდილად არ ვწერ იმისათვის, რომ ვინმეს თავს მოვახვიო ჩემი პრობლემები. არა, უბრალოდ მინდა, რომ ამ ინტერვიუს წაკითხვისას, გოგონები დაფიქრდნენ და მათაც არ დაუშვან ცხოვრებაში ისეთი შეცდომა, როგორიც მე, არც თუ ისე პატარამ, 24 წლის ასაკში დავუშვი.



ჟურნალ "გუმბათს" საკუთარი ცხოვრების შესახებ თ.გ. გაესაუბრა.

– ბავშვობა სოფელში გავატარე. ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი. განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ჩაკეტილი ადამიანი ვიყავი და ბევრი მეგობარი არასდროს მყოლია, შეყვარებულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. თან ჩემს სოფელში გოგოსა და ბიჭს შორის ურთიერთობა თითქოსდა სირცხვილად ითვლებოდა. ოჯახები ძირითადად გარიგებით იქმნებოდა. მე არ მინდოდა ასე გავთხოვილიყავი, თუმცა, სხვა პერსპექტივა არც ჩანდა. ბევრი მთხოვნელი მყავდა, მაგრამ მე მაინც სიყვარულს ველოდებოდი. მაშინ 24 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები, სავარაუდოდ, ერთ წელს კიდევ დაიცდიდნენ, შემდეგ კი ვინმე ბიჭს მომინახავდნენ. მეც ვფიქრობდი, თუ სიყვარული აქამდე არ მოვიდა, არც შემდეგ მოხდება სასწაული–მეთქი. მოკლედ ბედს დავმორჩილდი და მთელი ჩემი ნათესაობა ჩემი საქმროს მოძებნას შეუდგა. ცუდი გოგო არ ვიყავი და უნდოდათ, რომ ჩემი მომავალი მეუღლე ღირსეული პიროვნება ყოფილიყო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ავთანდილი. იგი ჩემი მეზობლის ნათესავი იყო და ჩვენს მეზობელ სოფელში ცხოვრობდა. ერთმანეთი პირველი დანახვისთანავე მოგვეწონა და ურთიერთობაც კარგად აგვეწყო. ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ, როგორც იქნა ნამდვილი სიყვარული ვიპოვე. ჩემს მშობლებსაც გაუხარდათ, რომ ქალიშვილს როგორც იქნა გაათხოვებდნენ და შინაბერას სახელი აღარ მექნებოდა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩვენს სოფელში 24 წლის გოგო უკვე შინაბერად ითვლებოდა და მის ოჯახსაც ცუდი სახელი ერქმეოდა.

– გაცნობიდან მალევე დაოჯახდით?

– ყველაფერს მოგიყვებით. ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო. ვერც კი წარმოიდგენთ, რა რთულია ჩემთვის ამ ყველაფრის გახსენება. ავთო ჯარში მსახურობდა. 8 თვე ჰქონდა დარჩენილი სამხედრო სამსახურის დასრულებამდე. მისი ჩამოსვლის შემდეგ, დაქორწინებასაც ვაპირებდით. მაშინ ცხოვრება ვარდისფერ ფერებში მესახებოდა. მე და ავთო მომავალს ვგეგმევდით და უკვე ჩვენი შვილების სახელებიც კი გვქონდა მოფიქრებული. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბედისწერა ასე მწარედ დამცინებდა. ავთო ჯარიდან იშვიათად ჩამოდიოდა. ერთხელაც ჩემი ნახვის დროს სექსუალური ურთიერთობა მომთხოვა. მითხრა, ისე ძალიან მიყვარხარ, რომ დღესვე ჩემი უნდა გახდეო. მეც დავთანხმდი. ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია. ვიცოდი, მაინც მისი ცოლი უნდა გავმხდარიყავი და ჩვენი ასეთი ტიპის ურთიერთობა არაფერს შეცვლიდა.

– ასეთი ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში გქონდათ?

– მაშინ, როდესაც ავთო ჯარიდან რამდენიმე დღით ჩამოდიოდა. ეს დაახლოებით 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. როდესაც ავთომ სავალდებულო სამხედრო სამსახური დაასრულა, ჩემთან სოფელში ჩამოვიდა და უკვე ქორწილის თარიღი უნდა დაგვეთქვა, რომ საშინელი ამბავი გავიგე. აღმოჩნდა, რომ იმ დროს უკვე ხუთი თვის ორსული ვიყავი. ამის გაგებისას შეიძლება ვინმეს გაეცინოს, ამ ხნის განმავლობაში ამას, როგორ ვერ მიხვდაო, მაგრამ დამერწმუნეთ, იმასაც ვერ მივხვდი, თუ როგორ მოხდა ყველაფერი. სიყვარულით იმდენად ვიყავი დაბრმავებული, რომ ყველაფერი დანარჩენი გადამავიწყდა. როდესაც ეს ამბავი ავთოს ვუამბე, იმ იმედით, რომ გაუხარდებოდა, ძალიან გაბრაზდა, მეჩხუბა და გამომიცხადა, რომ ცოლად ვეღარ შემირთავდა. მითხრა, რომ ძალიანაც კი ვუყვარდი, მაგრამ მისი მშობლებისა და ახლობლებისთვის ეს მიუღებელი საქციელი იყო, და რომ ორსულ ქალს ოჯახი არ მიიღებდა. მაშინ ავთომ საკუთარ სისხლსა და ხორცზე უარი თქვა და ნახმარი ნივთივით მომისროლა. საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ვისი იმედიც მქონდა, სწორედ იმ ადამიანმა მიღალატა. ჩემი მშობლებისთვის ასეთი ამბავი როგორ უნდა მეთქვა? ძალიან მრცხვენოდა ჩემი საქციელის, სახლიდან გაქცევა მინდოდა, მაგრამ ისეთიც არავინ მყავდა, ვისთანაც თავს შევაფარებდი. ბოლოს გამახსენდა, რომ ერთხელ თბილისთან ახლოს დედათა მონასტერში ვიყავი და იმ ადგილთან დადებითი ემოციები მაკავშირებდა. ცოტა ფული მქონდა შეგროვილი და მაშინვე თბილისისკენ გამოვეშურე იმ იმედით, რომ ღმერთი მაინც არ მიმატოვებდა და ცხოვრებაში ყველაზე რთულ მომენტში გასაჭირიდან გამოსასვლელ გზაზე დამაყენებდა. ახლა, დედაოები მეუბნებიან, როდესაც ჩვენთან მოხვედი, ისეთი შეშლილი სახე გქონდა, ვიფიქრეთ, ვინმე მოსაკლავად ხომ არ მოგდევდაო. ერთი კვირა ნერვიულობისაგან ვკანკალებდი, არაფერს ვჭამდი. დედაოებიც არაფერს მეკითხებოდნენ. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ლაპარაკის თავი ნამდვილად არ მქონდა. ერთი კვირის შემდეგ, ექიმის დახმარებითა და ღმერთის მადლით, ცოტა გამოვკეთდი. ჩემი ისტორია მონასტერში მოვყევი, არ ვიცოდი, ამ ყველაფერზე მათ რა რეაქცია ექნებოდათ. მაგრამ, ჩემდა საბედნიეროდ, ყველანაირად მხარში ამომიდგნენ. ცდილობენ, გამამხნევონ და სწორ გზაზე დამაყენონ. დედაოები რომ არ ყოფილიყვნენ, მაშინ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, გამოსავალს მხოლოდ თავის მოკვლაში ვხედავდი. ახლა, ბედნიერი ვარ, რომ ეს საბედისწერო ნაბიჯი არ გადავდგი და ჩემი თავი და საკუთარი შვილი ამისთვის არ გავიმეტე.

– ავთო თქვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ არ გინახავთ?

– არა, როგორც ჩანს, მას ჩვენ საერთოდ არ ვაინტერესებთ, თურმე სიყვარული მართლა ბრმა ყოფილა და ადამიანს ბოლომდე მაინც არ უნდა ენდო. მე მისგან ამ ნაბიჯს ნამდვილად არ ველოდი. ეს ყველაფერი ახლაც ძალიან მაწუხებს. არ ვიცი, გამოსავალი რა არის, ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე. შეიძლება მთელი ცხოვრება მონასტერში გავატარო და ჩემი ჯერ არდაბადებული შვილიც აქ გავზარდო.

– თქვენმა ოჯახმა იცის თქვენი ამბავი?

– მათ ყველაფერი იციან. დედაჩემმა შემომითვალა, თვალითაც არ დამენახოო. სადმე თუ შეგხვდი, შავ დღეს დაგაყრიო. მე მათი დახმარების იმედი ნამდვილად მქონდა, ვფიქრობდი, რომ ყველაფრის გადატანაში დედაჩემი მაინც დამეხმარებოდა, მაგრამ ამაშიც შევცდი. მეც მომავალი დედა ვარ და არ ვიცი, რა უნდა ჩაიდინოს ჩემმა შვილმა ისეთი, რომ მივატოვო და ბედის ანაბარა დავტოვო. თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა ავთოსაც და ჩემს ოჯახსაც ვთხოვო, რომ თავიანთ გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და როგორც მე მივხვდი ჩემს შეცდომას, ისინიც მიხვდნენ და საქმით თუ არა, სიტყვით მანც დამეხმარონ. ჩემთვის ესეც ბევრს ნიშნავს.

ნინო ჯანიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online