asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მამა მხოლოდ სიკვდილის წინ ვნახე
მამა მხოლოდ სიკვდილის წინ ვნახე
მამა მხოლოდ სიკვდილის წინ ვნახე

2011-12-12 17:02:57



რედაქციაში მოსული ახალგაზრდა გოგონა თავისი ცხოვრების საკმაოდ ტრაგიკულ ფურცლებზე გიამბობთ. მისი საოცარი ამბის მოსმენა ადვილი არ ყოფილა და ალბათ, მკითხველსაც იგივე შთაბეჭდილება დარჩება. დანარჩენს უკვე ჩვენი გულახდილი ინტერვიუდან გაიგებთ.



- მთელი ცხოვრება ტყუილსა და გამოგონილ სამყაროში ვიცხოვრე. მჯეროდა იმის, რასაც მეუბნებოდნენ, მწამდა იმის, რაც უნდოდათ, რომ მერწმუნა. არ მქონდა კითხვები, ამბიციები. მთავარი ის იყო, რომ მყავდა მზრუნველი ოჯახი. დანარჩენი სამყარო კი, ჩემთვის მხოლოდ ბოროტი ადამიანების ბრბო იყო. მქონდა ყველაფერი, რასაც მოვისურვებდი. მეგონა, სანამ ოჯახის წევრები გვერდით მეყოლებოდნენ, არაფერი გამიჭირდებოდა, ვერავინ მაწყენინებდა. მეგონა, ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. იმ დღეს ძალიან მწარედ დავენარცხე მიწაზე.

- რამ შეცვალა თქვენი ცხოვრება ასე რადიკალურად?

- მამაჩემის მოულოდნელმა გარდაცვალებამ. უფრო სწორად, ეს მოულოდნელი ჩვენთვის იყო, თუმცა, როგორც შემდეგ გავიგე, ის საკმაოდ დიდხანს ავადმყოფობდა. სიცოცხლის ბოლო დღეები მარტოობასა და სიღატაკეში გაუტარებია. მე მამა მხოლოდ სიკვდილის წინ ვნახე, მხოლოდ ერთი წუთით. ამ ერთმა წუთმა შეცვალა მთელი ჩემი ოცწლიანი ცხოვრება. ბავშვობიდან იმას შთამაგონებდნენ, რომ ყველაზე ცუდი მამა მყავდა, რომ მას ქვეყნად არავინ უყვარდა, რომ ის საზოგადოებისათვის საშიში ადამიანი იყო. მეც მჯეროდა და არაფრის გარკვევას ვცდილობდი. დედა მუდმივად მოწყენილი და სევდიანი იყო. პატარა მიზეზი კმაროდა, რომ ტირილი დაეწყო, შემდეგ თავის ოთახში იკეტებოდა და რამდენიმე დღე აღარ გამოდიოდა. ასე ემართებოდა მაშინაც, როდესაც მამაზე დავიწყებდი ლაპარაკს, ამიტომაც აღარაფერს ვეკითხებოდი. ნელ-ნელა შევეგუე ამ ყველაფერს და ამ თემას საერთოდ არ ვეხებოდით. ჩვენ ბებია და ბაბუასთან ვცხოვრობდით, ისინი ზრუნავდნენ ჩვენზე. მატერიალურადაც მათზე ვიყავით დამოკიდებულნი. ბაბუა საკმაოდ მკაცრი ადამიანი იყო. თავის პრინციპებსა და შეხედულებებს მკაცრად იცავდა. ვგრძნობდი, როგორ სძულდა მამა და თითქოს ეს გრძნობა მეც გადმომედო.

- რა იყო მამათქვენისადმი ასეთი სიძულვილის მიზეზი?

- როგორც ვიცი, ბაბუამ თავიდანვე აითვალწუნა მამა. ის და დედა გაიპარნენ და მალულად იქორწინეს. ერთად მხოლოდ რამდენიმე თვე იცხოვრეს. მამა ღარიბი ოჯახიდან იყო, არც უმაღლესი ჰქონდა დამთავრებული. მეცხრე კლასის შემდეგ, კოლეჯი დაამთავრა, პროფესია შეიძინა და თავის სარჩენი ფული ყოველთვის ჰქონდა. ბაბუასათვის ძალიან დიდი სირცხვილი იყო, ასეთი სიძის ყოლა. მან სასიძოს კაცი მიუგზავნა საცემად, უნდოდა ცოტა დაეშინებინა და ამ გზით ჩამოეშორება ის. თუმცა, მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, მამამ თავდაცვის დროს მიგზავნილი კაცი დაჭრა, რის გამოც, რამდენიმეწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამ შემთხვევის შედეგად თვითონ დიდი ნაიარევი დარჩა სახეზე. გარკვეული პერიოდით მართლაც მოახერხეს მათი დაცილება, მაგრამ ეს დროებითი იყო. სწორედ ციხიდან გამოსვლის შემდეგ იქორწინეს ჩემმა მშობლებმა. როგორც უკვე აღვნიშნე, მათი თანაცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლოს, ბაბუამ მაინც თავისი გაიტანა. მე კი იმას მეუბნებოდა, რომ მამაჩემი კრიმინალი იყო, მისდამი შიში შთამაგონა. რაც შეეხება თვითონ ბაბუას, ის ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი ადამიანი იყო. მისით ძალიან ვამაყობდი. მეგონა, ყველაზე სამართლიანი და ერთგული ადამიანი იყო. ახლა უკვე აღარ ვიცი, ვის უნდა ვენდო. სამწუხაროდ, სიმართლე ძალიან გვიან გავიგე და ახლა სინდისის ქენჯნა მაწუხებს.

- როგორ მოახერხეთ სიმართლის გაგება?

- სიმართლე სრულიად უცხო ადამიანმა მითხრა. მან არც კი იცოდა ვინ ვიყავი. როგორც უკვე ვთქვი, მამამ სიცოცხლის ბოლო წუთები ჩემს მკლავებში გაატარა. მისმა ნახვამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. საოცარი თვალები ჰქონდა, თითქოს სიკეთესა და სათნოებას ასხივებდა. რომ დამინახა, ცრემლები გადმოსცვივდა. ხელები დამიკოცნა, არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ, მისმა თვალებმა ისეთი რამ მითხრა, რამაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ვიგრძენი, თუ როგორ მყვარებია და არ მცოდნია, როგორ მჭირდებოდა და როგორ მაკლდა. ახლა კი, როცა თვალები ამეხილა, დავკარგე. იქიდან პირდაპირ ჩემი უბნის ეკლესიაში წავედი, ღმერთსა და მამას სულს პატიებას ვთხოვდი. ბავშვობიდან ეკლესიურად ვცხოვრობ. მე და დედა ყველა წირვა-ლოცვას ვესწრებოდით. იმ დღეს ეკლესიაში რომ შევედი, დავინახე, როგორ ტიროდა დამლაგებელი. მამაოც დამწუხრებული იყო და ერთი სათნო კაცის სულისათვის წირვას აღავლენდა. კაცისათვის, რომელმაც მთელი სიცოცხლე მარტოობაში გაატარა, თურმე, ყოველ წირვას ესწრებოდა, ერთ ბოძს ამოეფარებოდა და თვალცრემლიანი აკვირდებოდა ერთ პატარა გოგონას, უყურებდა და ტიროდა, თუმცა, ახლოს მისვლას ვერ ბედავდა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე წლის მანძილზე, ეს პატარა გოგონა მის თვალწინ იზრდებოდა. მოგვიანებით უთქვამს, რომ ის მისი ქალიშვილი იყო, თუმცა, მისი ნახვის უფლებას სიმამრი არ აძლევდა. ემუქრებოდა, აშინებდა, ხალხს უგზავნიდა, რომ გაეჩუმებინათ. ბოლოს, თვითონაც გადაწყვიტა, რომ მისი გოგონასათვის აჯობებდა აღარ ენახა. თავის თავი შესწირა მსხვერპლად შვილის კეთილდღეობას. ყოველ კვირას შორიდან ნახვითაც ბედნიერი იყო. ამ ადამიანს ყველა დიდ პატივს სცემდა, რადგან ბუნებით ძალიან კეთილი პიროვნება ყოფილა. მას ხატვის ნიჭი ჰქონია, რამდენიმე ხატიც დაუწერია და ეკლესიისათვის შეუწირავს. ეკლესიის ეზოს ბაღი, რომელსაც ყოველთვის აღფრთოვანებაში მოვყავდი, მისი გაშენებული ყოფილა. ეს ყველაფერი მამაოსგან და ეკლესიის სხვა მსახურებისგან გავიგე. ბოლოს, ისიც დააყოლა, რომ ამ ადამიანის სათნო სახეს ვერაფერს აკლებდა ნაიარევი, რომელიც მას სახეზე ჰქონდა. ამ ბოლო ფრაზამ კი ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

ახლა, უკვე, ყოველ კვირას დავდივარ მამას საფლავზე, მიმაქვს ყვავილები, რომლებიც ასე ძალიან უყვარდა და ვესაუბრები. სიცოცხლეში ერთმანეთის გაცნობა არ გვეღირსა, ახლა მის შესახებ ვაგროვებ ინფორმაციებს. სხვა ადამიანების საშუალებით ვცდილობ, მამის გაცნობას. იცით, თქვენ, რა გრძნობაა, როდესაც მთელი სამყარო თავზე გემხობა, როდესაც ყველაფერი, რისიც გწამდა, ტყუილი აღმოჩნდება, როდესაც კარგავ ადამიანებისადმი რწმენას, როდესაც ხვდები, თუ რა უსამართლოდ მოექეცი ადამიანს, რომლისთვისაც შენ ყველაფერი იყავი. მე ეს ყველაფერი გამოვიარე, ახლა ვცდილობ, ჩემი ცხოვრება შევცვალო, სინდისი გავითავისუფლო...

თეონა კენჭიაშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online