asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ქალი, რომლისთვისაც ბონაპარტმა ევროპის რუკა შეცვალა
მარია ვალევსკა – ნაპოლეონის პოლონელი ცოლი
ქალი, რომლისთვისაც ბონაპარტმა ევროპის რუკა შეცვალა

2010-12-08 14:05:05



დიდი მოღვაწის პირადი ცხოვრება მუდამ ყურადღებას იმსახურებს. კანონზომიერია, რომ ნაპოლეონის ყველა საყვარელზე უამრავი მონოგრაფია თუ რომანია დაწერილი. გადაღებულია არა ერთი შესანიშნავი ფილმი. გამონაკლისი არც ნაპოლეონის პოლონელი საყვარელი მარია ვალევსკაა. მისი და ნაპოლეონის სიყვარულზე დღესაც უამრავი ვერსია არსებობს.

პოლონეთი ტრაგიკული ისტორიის ქვეყანაა. ერთ დროს ის დიდი სახელმწიფო იყო, ტევტონთა ორდენსაც ამარცხებდა (გრიუნვალდის ბრძოლა) და მოსკოვის სამეფოსაც აზანზარებდა. შემდეგ დაცემის ხანა დაიწყო. მე–18 საუკუნის ბოლოსათვის პოლონეთი მისმა მეზობლებმა – რუსეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ დაინაწილეს.

ნაპოლეონის აღზევებას პოლონეთში დიდი იმედით შეხვდნენ. ჰენრიკ სენკევიჩი წერდა: "ამ პატარა კორსიკელმა დაკარგული თავისუფლების დაბრუნების იმედი შთაგვბერა". მართლაც, ავსტრიასთან გამარჯვების შემდეგ ფრანგული არმია პოლონეთში შევიდა. სწორედ ამ დროს დაიწყო ნაპოლეონისა და მარია ვალევსკას რომანი.

ღარიბი არისტოკრატი

მარია ვალევსკა არისტოკრატულ, მაგრამ გაღარიბებულ ოჯახში დაიბადა. მისი ქალიშვილობის გვარია ლოჩინსკა (ზოგიერთ წყაროში ლეშჩინსკად მოიხსენიება). ბავშვობიდანვე გოგონა ძალზე ლამაზი, სიცოცხლით სავსე და სამშობლოს მოყვარული იყო. საკმარისია ითქვას, რომ მისი აღმზრდელი ნიკოლაი შოპენი (დიდი კომპოზიტორის მამა) გახლდათ. ის მარიას ეუბნებოდა: "სამშობლოს სიყვარული კარგია, მაგრამ შენ ზომიერებას გადააჭარბე!".

მარიას გარშემო უამრავი თაყვანისმცემელი ეხვია. ერთ–ერთი მათგანი რუსი გრაფის ვაჟი იყო. ქალ–ვაჟს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ მარიამ ცოლად გაყოლაზე უარი უთხრა: "თქვენ რუსი ოფიცერი ხართ, ქვეყნისა, რომელმაც ჩემი სამშობლოს დამოუკიდებლობა დაასამარა!".

ჰენრიკ სენკევიჩის ცნობით, მარია სიყვარულით არ გათხოვილა. იმავეს იმეორებს ფრანგი ისტორიკოსი გი ბრეტონი. მართლაც, მისი ქმარი, გრაფი ვალევსკი 70 წლისა იყო, მარია კი მხოლოდ 16–ის. ფრანგი მეცნიერის, გი ბრეტონის ცნობით, ჯვრისწერის დროს მარია უკვე ფეხმძიმედ იყო. "საეჭვოა, რომ ბავშვის მამა ვალევსკი ყოფილიყო", – წერს ფრანგი მეცნიერი.

ვალევსკიზე გათხოვებამ მარიას ოჯახი საბოლოო გაკოტრებისაგან იხსნა. როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, მარიაზე უამრავი ჭორი აგორდა. ამტკიცებდნენ, რომ ქალს მეგობარი მამაკაცები ჰყავდა.

მარიასა და ნაპოლეონის შეხვედრაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. სენკევიჩი წერს: "როგორც კი ნაპოლეონის მხედრობა პოლონეთში გამოჩნდა, მას მოზეიმე ხალხი შეეგება. ახალგაზრდა ქალების ჯგუფი გადაუდგა კარეტას, რომელშიც, გადმოცემით, ნაპოლეონი უნდა ყოფილიყო. ამ ქალთა შორის მარიაც იყო".

შემდეგ სენკევიჩი წერს, რომ ნაპოლეონი მართლა იჯდა ამ კარეტაში. ის გადმოვიდა და პოლონურ ეროვნულ სამოსში ჩაცმულ ქალებს მიესალმა. მისი ყურადღება უმალ მიიპყრო მარიამ, რომელიც იმპერატორს მიესალმა: "კეთილი იყოს თქვენი ფეხი პოლონეთის მიწაზე!".

გი ბრეტონის ცნობით, მარია ნაპოლეონს ვარშავაში ტალეირანის მიერ გამართულ მეჯლისზე წარუდგინეს. ბრეტონი თვლის, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა. "პოლონელები ნაპოლეონზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ამიტომაც მიაჩეჩეს მარია, – წერს ფრანგი ისტორიკოსი, – თუ ამ ქალსა და იმპერატორს შორის რომანი დაიწყებოდა, მათი აზრით, ეს პოლონეთის აღორძინებას ხელს შეუწყობდა".

"ჩემი პოლონელი ცოლი"

ამბობენ, ერთი ნახვით სიყვარული მწერლებისა და პოეტების მოგონილიაო. ეს არასწორია. ნაპოლეონს ერთი ნახვით შეუყვარდა მარია. მალე იმპერატორმა მას ასეთი ბარათი გაუგზავნა: "ქალბატონო, მიყვარხართ და გთხოვთ, ჩემს წერილს უპასუხოდ ნუ დატოვებთ. მე თქვენ მომეწონეთ და თქვენ გარეშე ჩემი შემდგომი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია!".

ქალს მამაკაცის ყურადღება მუდამ სიამოვნებს, თუმცა ცდილობს, ეს არ გაამჟღავნოს. არც მარია გახლდათ გამონაკლისი, თანაც მას თავად იმპერატორი ნაპოლეონი ეარშიყებოდა. "ვალევსკას ამ საქციელმა ნაპოლეონს ვნება აუშალა, – წერს გი ბრეტონი, – ნაპოლეონმაც მიზნად ქალის გულის მონადირება დაისახა".

ნაპოლეონსა და მარიას სულ უფრო ხშირად ხედავდნენ ერთად. მალე პოლონურ მაღალ წრეებში აჩურჩულდნენ: "ნაპოლეონს მარია ვალევსკა შეუყვარდა!", "საოცარია, რა ნახა იმპერატორმა მასში?!". მალე ბონაპარტმა მარია თავის შტაბ–ბინაში დაპატიჟა. ქალმა იქ 3 თვეზე მეტი გაატარა. "მარია იქიდან გაბერილი მუცლით დაბრუნდა", – წერს გი ბრეტონი.

ნაპოლეონს მარია ძალიან უყვარდა, ამიტომ პარიზში მდიდრული სახლი აჩუქა, სადაც ქალი ორ შვილთან ერთად დასახლდა. პირველის მამად ოფიციალურად ვალევსკი ითვლებოდა (ნამდვილი მამის ვინაობა დღემდე უცნობია), მეორე კი ნაპოლეონის ვაჟი გახლდათ.

"ჩემი პოლონელი ცოლი" – ასე ამბობდა მასზე ნაპოლეონი. თავის პირველ მეუღლე ჟოზეფინასთან ნაპოლეონს კარგა ხანია, ცივი ურთიერთობა ჰქონდა (მერე გაეყარა კიდეც). ბრეტონის ცნობით, არც შემდგომ ცოლ მარია–ლუიზასთან (ავსტრიის იმპერატორის ასული) ჰქონია კარგი ურთიერთობა. ეს ქორწინება პოლიტიკური მიზნით იყო ნაკარნახევი. "ნაპოლეონს სულით და გულით მხოლოდ მარია ვალევსკა უყვარდა", – წერს სენკევიჩი.

"კეთილმოსურნეებმა" მარია–ლუიზას უმალ აცნობეს, შენმა ქმარმა ვალევსკას პარიზში მდიდრული სახლი უყიდაო. მარიაც ერიდებოდა იმპერატორის სასახლეში მისვლას, მარია–ლუიზა ხომ ძალზე ეჭვიანი იყო და ვალევსკას არ სურდა, მის გამო სკანდალი ამტყდარიყო.

ჰენრიკ სენკევიჩის ცნობით, ნაპოლეონი სისტემატურად ინტერესდებოდა შვილის ბედით, რომელიც მარიასგან ჰყავდა. თვალს ადევნებდა მის აღზრდას, იმას, რომ პატარას არაფერი მოჰკლებოდა.

"ისინი პოლონელები არიან,

ჩვენ კი ფრანგები!"

როგორც ფრანგი, ისე პოლონელი ისტორიკოსები ერთსულოვნად აღნიშნავდნენ, რომ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, მარიას თავისი მდგომარეობით ბოროტად ესარგებლა. მიუხედავად ამისა, ის იყო ქალი, რომლის გულისთვისაც ბონაპარტმა ფაქტობრივად ევროპის რუკა შეცვალა.

"მარიას არავის დაჩაგვრა და არავის ქონების მითვისება არ უცდია. პირიქით, ბევრ გაჭირვებულს ეხმარებოდა. ნაპოლეონს ის ძალიან უყვარდა და ცდილობდა, შეძლებისამებრ მისი სურვილები დაეკმაყოფილებინა, – წერს გი ბრეტონი, – ამიტომ, როდესაც მარია სთხოვდა, ესა და ეს კაცი დააპატიმრეს და მდგომარეობა შეუმსუბუქეო, იმპერატორი ჯერ მოიღუშებოდა, შემდეგ კი ამ პატიმრის საქმეს შეისწავლიდა და თუ განსაკუთრებით საშიში დამნაშავე არ იყო, მარიას თხოვნას უსრულებდა".

ნაპოლეონისა და მარიას სიყვარული არა ერთხელ გამხდარა მართლმსაჯულების ზეიმის მიზეზიც. სენკევიჩი წერს, რომ ერთხელ მარიასთან თვალცრემლიანი მოხუცი ქალი მივიდა, მის წინ მუხლებზე დაემხო და შველა სთხოვა. მარიამ ქალი უმალ წამოაყენა და სკამზე დასვა. ქალმა სთხოვა:

– ჩემს შვილს მკვლელობა დააბრალეს და დააპატიმრეს. სიკვდილით დასჯა ემუქრება, ის კი უდანაშაულოა. მიშველე!

– დამშვიდდით, დედი! – მარია ამაოდ ცდილობდა მის დაწყნარებას.

– ჩემი შვილი უდანაშაულოა!

– კეთილი, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია!

მარიას სამუდამოდ დაამახსოვრდა მისი გაფითრებული სახე და უმწეო, განწირული მზერა. როდესაც ამის თაობაზე ნაპოლეონს უამბო, იმპერატორი მოიღუშა:

– ყველა დედას შვილი უდანაშაულო ჰგონია!

– მე მკვლელის გათავისუფლებას არ გთხოვთ. სიტყვა მომეცით, რომ ამ საქმეს შეისწავლით და ყოველივეს კანონის მიხედვით განსჯით!

– სიტყვას გაძლევთ!

ნაპოლეონმა მართლაც პირადად შეისწავლა საქმე და ელდა ეცა: ყველაფერი თეთრი ძაფით იყო ნაკერი. იმპერატორმა შინაგან საქმეთა მინისტრი გამოიძახა:

– რას ნიშნავს ეს?! გეკითხებით, ეს რას ნიშნავს–მეთქი?!

იმპერატორმა ბრძანა, საქმე წინასწარ ძიებაში დაებრუნებინათ და ყოველდღიურად მოეხსენებინათ, თუ როგორ მიმდინარეობდა გამოძიება. ამან შედეგი გამოიღო – ნამდვილი მკვლელი დააპატიმრეს, მოხუცი ქალის უდანაშაულოდ დაპატიმრებული ვაჟი კი გაათავისუფლეს.

პარიზში უამრავი პოლონელი ჩადიოდა. მარია ცდილობდა, პოლონეთის აღორძინების საქმეში თავისი წვლილი შეეტანა. ის დაუღალავად არწმუნებდა ნაპოლეონს, რეჩ პოსპოლიტა აღედგინა. იმპერატორს ამის გაგონებაც არ სურდა. ასეთი მკვეთრი ნაბიჯი რუსეთს გააღიზიანებდა, ნაპოლეონს კი ეს არ უნდოდა. "პოლონელებს ჯერ არ დაუმსახურებიათ, რომ თავიანთი მეფე ჰყავდეთ", – ამბობდა ბონაპარტი.

პოლონური სამეფოს აღორძინებაზე ნაპოლეონმა უარი განაცხადა. სამაგიეროდ დათანხმდა, შექმნილიყო პოლონური ლეგიონი, რომელიც ფრანგული არმიის შემადგენლობაში იბრძოლებდა. როგორც ცნობილია, ევროპაში ყველაზე დიდ პრობლემებს ნაპოლეონი ესპანეთში წააწყდა. მართალია, ფრანგებმა მადრიდის აღება შეძლეს, მაგრამ ქვეყანაში მასობრივი პარტიზანული ომი გაიშალა. ნაპოლეონმაც ესპანელებს პოლონური ლეგიონი მიუსია. "პოლონელები დაუნდობლად ჩეხდნენ ესპანელებს, რათა პოლონური სამეფოს აღორძინების უფლება მიეღოთ, – წერს აკადემიკოსი ტარლე, – ნაპოლეონის ნებით, ეს უფლება ესპანელთა გამათავისუფლებელი ბრძოლის ჩახშობით უნდა დაემსახურებინათ".

ადამიანი სუსტი არსებაა, წარმატება თავბრუს ახვევს და რეალობის გრძნობას უკარგავს. გამონაკლისი არც ნაპოლეონი იყო. ევროპა მის ფერხთით იყო გართხმული. თვით ლუდოვიკო მეთოთხმეტის დროსაც კი საფრანგეთი ასეთ სიმაღლეზე არ ასულა. ნაპოლეონიც რუსეთზე ლაშქრობის სამზადისს შეუდგა. პოლონელები ამას აღტაცებით შეხვდნენ. საძულველი რუსეთის განადგურების შემდეგ ხომ რეჩ პოსპოლიტაც უნდა აღდგენილიყო.

"პოლონურმა არისტოკრატიამ ნაპოლეონს რუსეთის აღების თავისი გეგმა შესთავაზა, რომელიც რეჩ პოსპოლიტას აღდგენას ითვალისწინებდა", – წერს სენკევიჩი.

ნაპოლეონმა გეგმა უარყო: "მათი ჭკუის სწავლება არ გვჭირდება! ისინი პოლონელები არიან, ჩვენ კი ფრანგები!".

ბონაპარტემ რეჩ პოსპოლიტა არ აღადგინა. მეტიც, ცნობილი გერმანელი მწერალი ჰერბერტ ოტტი წერს, რომ ნაპოლეონმა მთელი ევროპა ფეოდალიზმისაგან გაათავისუფლა, მაგრამ რუსეთში შეჭრისას ამაზე რატომღაც უარი განაცხადა.

მარია ამაოდ არწმუნებდა იმპერატორს, რეჩ პოსპოლიტა აღედგინა. მის სიტყვებს ნაპოლეონმა ყური არ ათხოვა.

"იმიტომ, რომ მიყვარხართ!"

ცხადი იყო, რომ მარია ოფიციალურად ნაპოლეონის ცოლი ვერასოდეს გახდებოდა. ქალი გაეყარა ვალევსკის და გენერალ დ,ორნანოზე გათხოვდა, მაგრამ ნაპოლეონის მიმართ სიყვარული არ განელებია.

როგორც ცნობილია, რუსეთში ლაშქრობა კატასტროფით დასრულდა. ნაპოლეონმა მოსკოვი აიღო, მაგრამ შემდეგ თავს ძლივს უშველა. ესპანეთის მსგავსად, რუსეთშიც პარტიზანული ომი გაჩაღდა. ფრანგული ჯარიც უძლური იყო, რუსეთის თვალუწვდენელი სივრცეები გაეკონტროლებინა. ნაპოლეონმა იქ მთელი თავისი შეიარაღებული ძალა დაკარგა. მისი ბედიც გადაწყვეტილი იყო – მალე რუსეთის, ინგლისის, ავსტრიის, პრუსიის ჯარებმა პარიზი დაიკავეს, ნაპოლეონი დაატყვევეს და კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. საფრანგეთში ბურბონების დინასტია აღდგა. ტახტზე ლუი მეთვრამეტე ავიდა. სიტყვები "ბონაპარტე" და "ბონაპარტისტი" დამნაშავის სინონიმად გადაიქცა.

მარია კვლავ პარიზში ცხოვრობდა, სახლში, რომელიც მას ნაპოლეონმა აჩუქა. მიუხედავად ყველაფრისა, ქალი დატყვევებულ იმპერატორთან კავშირს არ წყვეტდა. ჰენრიკ სენკევიჩის ცნობით, მათ საიდუმლო მიმოწერა ჰქონდათ. ერთ–ერთ წერილში ნაპოლეონი წერდა: "როგორ მომენატრეთ! რომ იცოდეთ, როგორ მინდა თქვენი ნახვა!".

სენკევიჩი ამტკიცებს, რომ მარია მალულად გაემგზავრა ელბაზე და დატყვევებული ნაპოლეონი ინახულა:

– მადამ, რატომ შეწუხდით, რატომ ჩაიგდეთ თავი ასეთ ხიფათში?

– იმიტომ, რომ მიყვარხართ, – მიუგო მარიამ.

ქალი კიდევ რამდენჯერმე ჩავიდა საიდუმლოდ ელბაზე.

ეპილოგი

როგორც ფრანგი, ისე პოლონელი ისტორიკოსები წერენ, რომ ნაპოლეონი და მარია უკანასკნელად ვატერლოოს ბრძოლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს.

– აბა, უფალი გფარავდეთ, – წაიჩურჩულა მარიამ და გადაეხვია.

ვატერლოო ნაპოლეონის კატასტროფა გახდა. ის დააპატიმრეს და წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს. მარია პარიზში დაბრუნდა. ის იმ სახლში გარდაიცვალა, რომელიც მას ნაპოლეონმა აჩუქა. მარია ვალევსკას არა ერთი რომანი, პიესა თუ ფილმი მიუძღვნეს. მასზე წერდნენ როგორც პოლონელები, ასევე ფრანგები, გერმანელები და ინგლისელები.

ნიკა თევზაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online