asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"ყველა დედას ვურჩევ, რომ ზედმეტად ნუ გაათამამებენ შვილებს"
"ყველა დედას ვურჩევ, რომ ზედმეტად ნუ გაათამამებენ შვილებს"
"ყველა დედას ვურჩევ, რომ ზედმეტად ნუ გაათამამებენ შვილებს"

2010-12-06 15:37:33



რედაქციაში ორმოცდაათი წლის ქალბატონი მობრძანდა. მან ვინაობა, რა თქმა უნდა, არ გაგვიმხილა. ჩვენც პირობითად ნელი დავარქვით. ქალბატონმა ნელიმ წერილის გამოგზავნა იმის გამო გადაწყვიტა, რომ მისი ამბავი სხვებისთვის მაგალითი იყოს. თუ რა შეემთხვა მას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.



ნელი:

– ჩემს თავს ბედისგან დაჩაგრულად ვთვლი და ამას სხვებიც აღნიშნავენ. მართალია, ჩემნაირ მდგომარეობაში დღესდღეობით ბევრი ქალია, მაგრამ მე მაინც გული მტკივა, მაინც არ მინდა, რომ მეც იმ ქალების რიცხვს მივეკუთვნებოდე, რომლებსაც ქმარი ჰყავთ და კაცის მოვალეობას მაინც თვითონ ასრულებენ. ვერ ვიტყვი, რომ როდესმე მინდოდა ოჯახის ბატონი ვყოფილიყავი და ქმარი მორჩილებაში მყოლოდა. პირიქით, ასეთი რამე ყოველთვის მაღიაზიანებდა და ვამბობდი, მე ისეთ ქმარს ვერ ავიტან, რომელიც ფეხი ფეხზე გადადებული იჯდება და ოჯახს მე ვარჩენ–თქო. მაგრამ ხომ იცით, რაც ყველაზე მეტად არ გინდა და გგონია, რომ შენ ეგრე არასდროს იქნები, სწორედ ეგ დაგემართება.

მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი ახალგაზრდებმა შევქმენით, მე ოცი წლის ვიყავი, მერაბი – ოცდაორის. სერიოზული ბიჭი იყო, არაფრით დაიწუნებოდა. მისი ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო. როდესაც დავქორწინდით მერაბი არ მუშაობდა, მაგრამ მეუბნებოდა, როგორც კი ცოლად გამომყვები, ვიმუშავებ და არაფერს მოგაკლებო. ცოლად რომ გავყევი, მართლაც არაფერი მაკლდა, თუმცა ჩემი ქმარი არ მუშაობდა, დედამთილ–მამამთილი გვინახავდნენ. მერაბის მშობლები ძალიან წყნარი, კეთილი ხალხი იყო. თავისი შვილისთვის საყვედური ერთხელაც არ უთქვამთ. მე ორივეს ძალიან ვუყვარდი და ცდილობდნენ, ყოველთვის ყველაფერი მქონოდა. ამისი ძალიან მრცხვენოდა, იმისთვის ხომ არ გავთხოვდი, რომ ქმრის მშობლებს შევენახე, მინდოდა მერაბს ემუშავა. ის კი ამაზე არც კი ნაღვლობდა. დედ–მამას ასე ჰყავდათ მიჩვეული, რომ უსაქმოდ მჯდარიყო და ფული მაინც ექნებოდა. ჩემს დედამთილ–მამათილს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვიტყვი, რომ მათ შვილი არასწორად გაზარდეს. ალბათ ეს იმის ბრალიცაა, რომ ერთი შვილი ჰყავდათ, მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ და არ უნდოდათ, რომ რამით დატვირთულიყო. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან შვილი ზრდასრული ადამიანი რომ ხდება, რომელიც ოჯახს ქმნის, ასე აღარ უნდა გაათამამო. დამოუკიდებლობას და საკუთარი შრომით ნაშოვნი ფულის ყადრს უნდა შეაჩვიო. მერაბი ნამდვილი უნიათო იყო. უნივერსიტეტი კი ჰქონდა დამთავრებული, სპეციალობაც ჰქონდა, მაგრამ ყველაფრის კეთება ეზარებოდა. სულ ამბობდა, როდესაც გაგვიჭირდება ვიმუშავებ, აბა რას ვიზავ. ახლა რა საჭიროა, ჩემს მშობლებს შემოსავალი აქვთ, ეს ერთი შვილი ვყავარ და სანამდეც შეძლებენ, შემინახონ, მერე კი მე მივხედავ ჩემს თავსო. მისი საუბარი და აზრები პირდაპირ მაოცებდა. იმედი მქონდა, რომ ცოტა ასაკში რომ შევიდოდა, მაშინ მაინც იზრუნებდა ოჯახზე. ამ ყველაფერს ძალიან განვიცდიდი. მისი მშობლები ყოველთვის მასთან არ იქნებოდნენ და მერე ძალიან გაუჭირდებოდა. ასე გავიდა ათი წელი და ის ისევ სახლში იჯდა, მეც მომბეზრდა ასეთი ყოფნა, არც მე ვმუშაობდი. დღე და ღამე ორივე სახლში უაზროდ ვისხედით და უკვე ერთმანეთს ვეღარ ვიტანდით. ადამიანი რომ ძველებურად გიყვარდეს, ის უნდა გენატრებოდეს, ჩვენ კი მონატრების საშუალებაც არ გვქონდა. ეს კიდევ არაფერი, ჩემი მეუღლე სულ ხელიდან წავიდა, ოჯახის საქმესაც კი არ აკეთებდა. სახლში რამე რომ გაფუჭდებოდა, რაც მას უნდა გაეკეთებინა, ხელს არ ადებდა და იმასაც მე მაკეთებინებდა. ათასჯერ მაინც ვცადე მასთან ტკბილი ენით დალაპარაკება, ვუთხარი ცუდია, რომ არ მუშაობ, შვილები გვყავს, იმათ რჩენა ხომ უნდათ, რატომ უნდა გვიკეთებდნენ ყველაფერს შენი მშობლები–თქო. იცით რა მითხრა? თუ არ გინდა, რომ მათ შეგვინახონ, წადი და იმუშავეო. ლამის გავგიჟდი ამ სიტყვებზე. ისე მელაპარაკებოდა, თითქოს ქმარი მე ვიყავი და ცოლი ის იყო.

– თქვენ რატომ არ დაიწყეთ მუშაობა?

– მუშაობა მართლაც დავიწყე, ჯერ ერთი იმიტომ რომ სახლში ჯდომა და მისი უაზრო სახის ყურება აღარ მინდოდა, თანაც ბავშვები წამოვზარდე, სკოლაში დადიოდნენ და მთელი დღე თავისუფალი ვიყავი. ერთ–ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობა დავიწყე. მერაბი ისე მიითვლიდა ხოლმე ჩემს ხელფასს, თითქოს მისი ნაშოვნი იყო. ახლა რომ ვხვდები, მე ვიყავი უტვინო, რად მინდოდა ასეთი უქნარა ქმარი, ჯობდა გავშორებოდი და დაწყნარებულად მეცხოვრა. თუმცა ეს ნაბიჯი შვილების გამო არ გადავდგი და ალბათ დიდად არც მქონდა მასთან დაშორება გონებაში ჩაბეჭდილი. ასე გადიოდა წლები და ნელ–ნელა ჩვენს ოჯახს გაუჭირდა, ჩემი მეუღლე კი დღე და ღამე სახლში იჯდა, ერთი სული ჰქონდა სახლში დავბრუნებულიყავი. პატარა ბავშვივით მელოდებოდა, რომ მისთვის რამე მიმეტანა. სიმართლე რომ გითხრათ, მას ქმრად არ ვთვლიდი, თან მეცოდებოდა და თან მძულდა ასეთი კაცი. საკუთარი თავიც მძულდა, რომ ასეთი ვიგინდარას გვერდით ვცხოვრობდი. როგორც გითხარით, გაგვიჭირდა. დედამთილი ვეღარ მუშაობდა, მამამთილს კი მანქანა დაეჯახა და ხერხემალში გადატყდა. საშინელ დღეში ვიყავით, მის მკურნალობაზე უამრავი თანხა დაიხარჯა, მაგრამ მაინც ვერ ვუშველეთ. სამუდამოდ ლოგინს მიეჯაჭვა. ჩვენს ოჯახს რაც დანაზოგი ჰქონდა, ყველაფერი ამაში დავხარჯეთ და ასე ცარიელები დავრჩით. მაშინ კი უკვე ვეღარ მოვითმინე და მერაბს კატეგორიულად ვუთხარი, ხომ ხედავ როგორ გვიჭირს, ახლა მაინც წადი და ხელი გაანძრიე, ამდენი წელია უმოქმედოდ ხარ–თქო. ჩემი ქმარი არც ამან გამოაფხიზლა. მთელი ორმოცი წელი იმას იყო შეჩვეული, რომ მშობლები და შემდეგ უკვე ცოლი ინახავდნენ. ერთი წუთითაც კი არ ჰქონდა ნამუშევარი და ახლა რას გააკეთებდა. მოკლედ ვერაფერი შევაგნებინე და ისევ გადავწყვიტე მე მერჩინა ოჯახი. საბავშვო ბაღიდან წამოვედი და ტანსაცმლით ვაჭრობა დავიწყე. უკვე ათი წელია ლილოში ვმუშაობ, წელებზე ფეხს ვიდგამ, რომ ორი კაპიკი ვიშოვო, ბავშვებსაც არაფერი მოვაკლო და ავადმყოფი მამათილიც შევინახო. ისევ ჩემს უბადრუკ ქმართან ერთად ვცხოვრობ, თუმცა ის ჩემთვის არ არსებობს. მას არც კი ველაპრაკები.

– რატომ არ შორდებოდით ქმარს?

– მის ოჯახში იმიტომ ვჩერდები, რომ დედამთილი და მამამთილი მეცოდებიან, მათ ამდენი წელი შემინახეს, არაფერს მაკლებდნენ, ახლა კი ჩემი დახმარება სჭირდებათ. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მათ ყურადღება მივაქციო, ისედაც ძალიან განიცდიან, ასეთი უვარგისი შვილი რომ ჰყავთ. კი ნანობენ, თავიდანვე ასე რომ გაათამამეს, მაგრამ ახლა საკმაოდ გვიანია და ვეღარაფერს შეცვლიან. ორივე ძალიან მეცოდება და არ მინდა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაჭირვებაში გაატარონ, ისინი ამას არ იმსახურებენ. ჩემი ბედიც ეს ყოფილა, რომ ასე უნდა დავჩაგრულიყავი. მიჭირს ოჯახის შენახვა, დღე და ღამე მაქვს არეული, არაფერს ვთაკილობ. არ მინდა ჩემმა შვილებმა ტკივილი ან გაჭირვება იგრძნონ. ისინი რომ არა, ერთი წუთით არ დავფიქრდებოდი და ოჯახიდან წამოვიდოდი, მაგრამ სადაც ამდენი გავუძელი, მეტსაც გადავიტან. მინდა შვილებში მაინც გავიხარო. იმედია, ჩემი გულისტკივილი გასაგებად გადმოგეცით და მიხვდით რა მდგომარეობაშიც ვარ. ჩემი ახლობლები ხშირად მეუბნებიან, გმირი ქალი ხარ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ოჯახი არ დაანგრიე, ასეთ ქმარს უძლებ და ამდენს მუშაობო. მე კი, პირველ რიგში, ყველა დედას ვურჩევ, რომ ზედმეტად ნუ გაათამამებენ შვილებს, მიაჩვიონ შრომას და ეს მომავალში ისევ და ისევ მათ გამოადგებათ. ქალბატონებს კი ვურჩევ, რომ ასეთ ქმართან თავიდანვე არ გაჩერდნენ, თორემ ძალიან დაიჩაგრებიან.

თეონა კენჭიაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online