asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

4 თვის ორსული ვიყავი, როცა ჩემმა ქმარმა მცემა და მუცელი მომეშალა
4 თვის ორსული ქმარმა მცემა
4 თვის ორსული ვიყავი, როცა ჩემმა ქმარმა მცემა და მუცელი მომეშალა

2010-12-06 15:37:33



ძალიან ხშირად ახალგაზრდა წყვილები ვითომ და ე.წ. სიყვარულით ქმნიან ოჯახებს, ჰგონიათ, რომ ერთმანეთი უსაზღვროდ უყვართ, უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეუძლიათ და ა.შ. არადა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ამ გრძნობებში ცდება და ბოლომდე ვერ ერკვევა, ამ გაუცნობიერებლობის გამო კი, ხშირ შემთხვევაში, 16–17 წლის ასაკში შექმნილი ოჯახები ინგრევა, რაც ყველაზე საშინელებაა. ასე იწყებს "გუმბათთან" საუბარს, 23 წლის ნანა.ა.



– ნანა, თქვენს ცხოვრებაშიც ხომ არ ჰქონია მსგავს ისტორიას ადგილი?

– დიახ და სწორედ მაგიტომაც დავიწყე ასე საუბარი. მეც სწორედ გოგონათა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც ადრეულ ასაკში ქმნიან ოჯახებს, თავი ბედნიერთა შორის უბედნიერესები ჰგონიათ, შემდეგ კი, რამოდენიმე წლის შემდეგ ხვდებიან, რომ შოცდომა დაუშვეს და არასწორი ნაბიჯი გადადგეს. ალბათ, ძალიან ბევრს უფროსებისგან სმენიათ შემდეგი სიტყვები: ადრე ნუ გათხოვდებით, შექმნით ოჯახებს, არ იჩქაროთ, ჯერ ცხოვრება წინ გაქვთ, დატკბით თავისუფლებით და ა.შ., თუმცა, ალბათ, უმეტესობას, ამ სიტყვების გაგონებაზე, ჩემსავით გულში ეცინება და ფიქრობს: რა სისულელეა, ყველაზე საინტერესო და ბედნიერი ცხოვრება ხომ სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ოჯახს ქმნი. კი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს სიტყვები მართალია, მაგრამ, მართლაც, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ოჯახის შექმნით ცხოვრება საინტერესო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ცხოვრებაში ამ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს კარგად დაფიქრების შემდეგ და საჭირო დროს გადადგამ. მაგრამ, როდესაც ოჯახს ძალიან პატარა, 16–17 წლის ასაკში ქმნი, მაშინ იგივეს თქმა, რომ ამ დროს ძალიან საინტერესო ცხოვრება გეწყება, ძალიან ძნელია. ისიც ალბათ, ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ ცხოვრებას წარმატებული უწოდო. მე კი ნამდვილად ვერ ვიამაყებ იმით, რომ ძალიან პატარა გავთხოვდი, მაინც გამიმართლა და ძალიან ბედნიერი ცხოვრება მაქვს.

– გატყობთ, ძალიან გულნატკენი ხართ...

– ჩემს მდგომარეობას გულნატკენსაც ვეღარ ვუწოდებ. საკუთარ თავს ვერ ვპატიობ იმას, რაც ჩავიდინე, ცხოვრება თავად გავიუბედურე და ვის რა მოვკითხო. 16 წლის ასაკში, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მეათე კლასის მოსწავლე ვიყავი, ოჯახი შევქმენი. ცოლად იმ ადამიანს გავყევი, რომელიც დასასვენებლად სოფელში, ბებიასთან ჩასულმა, გავიცანი. დათოც ისევე, როგორც მე ბებია–ბაბუასთან სტუმრად იყო ჩამოსული. მე და დათო გაცნობის დღიდანვე ძალიან დავვახლოვდით. სულ ერთად ვიყავით, ვერთობოდით, ვსეირნობდით, ვხუმრობდით და ა.შ. ის ერთი თვე სოფელში მთლიანად დათოს გვერდით გავატარე. ერთმანეთს ყოველ დღე ვნახულობდით. მართლაც, ძალიან დავვახლოვდით და შევეჩვიეთ ერთმანეთს. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ეს შეჩვევა სიყვარულში ამერია. დათო ჩემზე სულ რაღაც ორი წლით უფროსი იყო, ამიტომ ვერც მის გრძნობებს დავარქმევ წრფელსა და სერიოზულს, თუმცა იმ დროისათვის, ჩვენთვის ეს ვითომდა სიყვარული სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ოჯახი შეგვექმნა. აგვისტოს დასასრული იყო, სექტემბერში უკვე სკოლაში უნდა წავსულიყავი, დათო კი უნივერსიტეტში – ის სწორედ იმ წელს გახდა სტუდენტი. აქედან გამომდინარე, იძულებულები ვიყავით, რომ სოფლიდან წამოვსულიყავით, რის გამოც გული ძალიან მწყდებოდა, არ მინდოდა დათოსთან განშორება. ვამბობდი, რომ მომავალ ზაფხულამდე მის გარეშე ვერ გავძლებდი. დათოც იგივეს ფიქრობდა. მახსოვს, უკვე შებინდებული იყო, მთელი ჩემი ნივთები ჩავალაგე, რომ დილით ადრე სახლში, მშობლებთან დავბრუნებულიყავი. ეზოში გავედი მეგობრებთან და, რა თქმა უნდა, დათოსთან დასამშვიდობებლად. იმ საღამოს გვიანობამდე ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვიყავი. როცა ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლში შესვლა გადავწყვიტე, დათომ ისევ დამიძახა, მობრუნდი, რაღაც უნდა გითხრაო. მეც გავბრუნდი, გისმენ–მეთქი... დათომ კი იმ წამს ის სიტყვები მითხრა, რომელმაც იმ დროს ყველაზე ბედნიერად მაგრძნობინა თავი, ახლა კი, პირიქით, იმას ვნატრობ, რომ ის დღე საერთოდ წაშლილიყო ჩემი ცხოვრებიდან. მისი სიტყვები კი, ის იყო, რომ ცოლობას მთხოვდა და მასთან ერთად გაპარვა შემომთავაზა, მე კი 16 წლის "შტერმა" გოგონამ, დიახ, სწორედ რომ ვიმსახურებ ამ სიტყვას, წამითაც არ დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი ჩემი მომავალი მეუღლის შემოთავაზებას. სახლში შევიპარე, ჩუმად ჩემი ნივთები ავიღე და დათოსთან ერთად მართლაც გავიპარე.

– მშობლებმა როგორ მიიღეს თქვენი ასეთი საქციელი?

– საშინლად, ამის გამო წლების განმავლობაში ხმასაც არ მცემდნენ, თუმცა, ეს მე სულაც არ მაღელვებდა, რადგან თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა, თან ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან მაინც შემირიგდებოდნენ, ამიტომ ამის გამო ნამდვილად არ ვნერვიულობდი. თავიდან ყველაფერი მართლა სასწაულად მეჩვენებოდა, თავი იმდენად ბედნიერი მეგონა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ცუდი დამავიწყდა. დათო იმდენად კარგად მეპყრობოდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ქმრად მიმაჩნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მან ნელ–ნელა თავისი რეალური სახე გამოამჟღავნა. მე სკოლაში სიარული, რაღა თქმა უნდა, შევწყვიტე, დათო კი, ლექციებზე რომ მიდიოდა, სახლში გვიანობამდე აღარ ბრუნდებოდა, ამის მიზეზად კი, ხან რას ასახელებდა, ხან რას. სახლში დედამთილთან და კიდევ მაზლთან ერთად ვცხოვრობდით. დათოს ძმა, ნიკა, მასზე უმცროსი იყო, ამიტომ ჩემი დედამთილი მთლიანად მის უმცროს შვილზე იყო გადართული და მის მეტს ვერავის ხედავდა. დათოც მეუბნებოდა ხოლმე, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ დედა ნიკას მიმართ უფრო მეტად გამოხატავდა სიყვარულს, ვიდრე ჩემ მიმართო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დათოს დედა დიდად არც იმით გახარებულა, რომ მისი უფროსი შვილი დაქორწინდა. ჩემ მიმართ ყოველთვის პრეტენზიებს გამოთქვამდა, ჩემი გაკეთებული არაფერი მოსწონდა. ხან რის გამო ჩხუბობდა, ხან რის. მას საშინელი ხასიათი ჰქონდა და ამ მხრივ დათოც დედამისს დაემსგავსა. ისიც უაზროდ ყველაფერზე ჩხუბობდა, ასეთ დროს მასთან ხმას თუ ამოიღებდი, ეს ჩხუბი უარეს მდგომარეობაში იზრდებოდა. ამიტომ, როცა ვხედავდი, დათო ცუდ ხასიათზე იყო, ვცდილობდი, მოვშორებოდი და არაფერი მეთქვა. მოკლედ, ჩემი ქმრის ოჯახში ცხოვრება აუტანლად მექცა. მთელი ორი წლის განმავლობაში ასეთ მდგომარეობაში ვცხოვროდი. ჩემი დედამთილის ჩხუბის მიზეზი ძალიან ხშირად ისიც ხდებოდა, რომ ფეხმძიმედ ვერ ვრჩებოდი. დათოს სულ იმას ეუბნებოდა, ექიმთან წაიყვანე, ორსულად რატომ ვერ რჩებაო. დედის ამდენი ლაპარაკისა და საყვედურების მოსმენით, ამ მიზეზით უკვე დათოც მეჩხუბებოდა. ამის გამო, მართლაც, დავიწყე ექიმებთან სიარული, მაგრამ ყველა იმას მეუბნებოდა, რომ სრულიად ჯანმრთელი ვიყავი და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავრჩებოდი ფეხმძიმედ. მათი სიტყვები მართლაც გამართლდა, ოჯახის შექმნიდან სამი წლის შემდეგ, მართლაც დავორსულდი, თუმცა, ამით ჩემ მიმართ მათი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ყველა მხოლოდ ჩხუბობდა, თითქოს არაფერი ახარებდათ. დათო სახლიდან გადიოდა და გვიან ღამით ბრუნდებოდა, ყველაზე სასწაული ის იყო, რომ ამის მიზეზად ძალიან ხშირად ამბობდა იმას, რომ ახალგაზრდა ვარ, გართობა მინდა და შენ ვერ დამიშლიო. ამ სიტყვებს ჭკუიდან გადავყავდი. ცხოვრებაში ყველაფრის სტიმული დამიკარგეს, მხოლოდ და მხოლოდ ბავშვი მახარებდა და სიცოცხლის ხალისსაც ის მაძლევდა. მაგრამ ეს ბედნიერებაც არ დამცალდა. ოთხი თვის ორსული ვიყავი, როდესაც ჩემმა ქმარმა ისე მცემა, რომ მუცელი მომეშალა. არ მინდა კიდევ ძალიან დიდხანს გამიგრძელდეს, მაგრამ, იმ დღის შემდეგ, ჩემი ისედაც საშინელი ცხოვრება, მთლიანად ჯოჯოხეთად მექცა. თუმცა, ამის გამო ვერც ვერავის დავადანაშაულებ. ასეთი ცხოვრება თავად ვარჩიე, ამიტომ ვერავის ვუსაყვედურებდი. ცოლად ისეთ ადამიანს გავყევი, ვისაც საერთოდ არ ვიცნობდი. ჩემი მშობლები პირველი ორი წელი საერთოდ არ მკითხულობდნენ, მერე კი, როცა გაიგეს, როგორ სიტუაციაში მიწევდა ცხოვრება, შემირიგდნენ, მეხმარებოდნენ ყველანაირად. თავიდან მეუბნებოდნენ, ოჯახი არ დაანგრიო, უნდა შეძლო და ყველაფერი აიტანო, დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოსწორდებაო. მაგრამ, როცა გაიგეს, დათომ ისე მცემა, რომ მუცელი მომეშალა, თავად მომკიდეს ხელი და სახლში დამაბრუნეს. ჩემს აუტანელ ქმარს კი ერთხელაც არ ჰქონია მცდელობა, რომ ცოლი უკან დაებრუნებინა. დიდად არც დასწყვეტია ამაზე გული. ის ნამდვილი გაიძვერა ადამიანი აღმოჩნდა. ახლა, ისიც კი მიკვირს, ის სამი წელი მის გვერდით ცხოვრება როგორ შევძელი. თუმცა, იმას გაძლება არ ჰქვია. მის გვერდით ახალგაზრდა გოგოს ისეთ ხასიათი გამიხდა, თითქოს 50–60 წლის ქალი ვიყავი. ისევ ჩემი მშობლების წყალობით, ამ აუტანელ ცხოვრებას მოვშორდი. ახლა, ისევ მშობლებთან ერთად ვცხოვრობ, თან ვმუშაობ. როგორც იქნა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი. დათოს კი, ჩემი წამოსვლის შემდეგ, ბევრი არც უფიქრია, ისე მოიყვანა მეორე ცოლი. ახლა უკვე, როცა ვიცი, როგორი ყოფილა ჩემი ყოფილი მეუღლე, ის გოგოც მეცოდება დათოსა და დათოს ოჯახის ხელში. ვინ იცის, ის ჩემზე უარეს მდგომარეობაში ჰყავთ.ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა გოგონები, ცოტათი მაინც დაფიქრდებიან და არ გადადგამენ დაუფიქრებელ ნაბიჯს. დაფიქრდით, გაიცანით თქვენი რჩეული ბოლომდე და მხოლოდ ამის მერე გადადგით ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ნუ გაიბედურებთ ცხოვრებას ისე, როგორც მე.

ნინო ჯანიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online