asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"სანამ ქმარი ცარიელ–ტარიელს დამტოვებდა, მანამდე მოვიშორე"
"სანამ ქმარი ცარიელ–ტარიელს დამტოვებდა…"
"სანამ ქმარი ცარიელ–ტარიელს დამტოვებდა, მანამდე მოვიშორე"

2010-12-01 14:18:20



ამ წერილს არ დავწერდი, თქვენს ჟურნალში ერთი ცნობილი ადამიანის ისტორია რომ არ წამეკითხა. ალბათ სახელისა და გვარის დაწერა საჭირო არ არის, ისედაც მიხვდებით, ვისაც ვგულისხმობ. ჩემი არ იყოს, ისიც საყვარელი ადამიანის, ქმრის მსხვერპლი გახდა. მართალია, ცნობილი სახე არ ვარ, მაგრამ მეც მაქვს დიდი გულის ტიკივილი და ძალიან გთხოვთ, ეს წერილი დამიბეჭდეთ. მეც მინდა, გული მოვიოხო და ის ვთქვა, რაც ძალიან მაწუხებს.

ერთ–ერთ რაიონში დავიბადე და გავიზარდე. სკოლა რომ დავამთავრე, თბილისში წამოვედი. აქ უმაღლესი დავამთავრე. მუშაობაც თბილისში დავიწყე და ამ ქალაქს შემოვრჩი. მშობლებს რაიონში ორი სახლი ჰქონდათ. ერთ–ერთი გაყიდეს და ფული მე მომცეს. ცოტა დავამატე და გარეუბანში ოროთახიანი ბინა ვიყიდე. მერე სამსახური დავკარგე. რაიონში რომ ჩავედი, რძალმა უმუშევარი მული ვეღარ ამიტანა. მითხრა, შენმა მშობლებმა გაგამზითვეს, სახლი გიყიდეს და ჩვენთან აღარ უნდა ცხოვრობდეო. ამ სიტყვების შემდეგ იქ ვეღარ გავჩერდებოდი. იმ საღამოსვე ჩავალაგე ბარგი და თბილისში წამოვედი. ერთი კვირა ლოგინიდან არ ვდგებოდი, ვფიქრობდი, რა მეშველება, თავი რითი უნდა ვირჩინო–მეთქი. ცოტახანს დედაჩემის გამოტანებული საჭმელი მეყო, მერე კი მშიერი ვიყავი. დედა მირეკავდა, მაგრამ მას არ ველაპარაკებოდი. რა უნდა მეთქვა, რომ დამეწუწუნა, მაინც ვერაფერში დამეხმარებოდა. მერე სინათლეც გადამიჭრეს და სიბნელეში სრულიად მარტო ვიჯექი. ალბათ ჭკუიდან გადავიდოდი ან თავს მოვიკლავდი, ღმერთს ჩემთვის ერთი ადამიანი რომ არ გამოეგზავნა.

ერთ დღეს კარზე მომიკაკუნეს. ჩემი მეზობელი იყო, რომელსაც მხოლოდ შორიდან ვიცნობდი. მითხრა, ტელეფონი გამეთიშა და ძალიან გთხოვ, დაზიანების სამსახურში დამარეკინეო. შემოვუშვი, რომ დაერეკა, ლაპარაკი გამიბა. მე ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდა. გულში ვბრაზობდი, ადექი ახლა და სახლისკენ გზა გაიგნე–მეთქი. ის კი მიხვდა, რა დღეშიც ვიყავი. შიმშილისგან თვალები მქონდა ამოღამებული. მითხრა, საცხობი მაქვს, გუშინ ერთი მცხობელი წავიდა და მის ადგილას შენ ხომ არ იმუშავებდიო. მაშინვე დავთანხმდი.

მეორე დღეს თვითონ წამიყვანა სამსახურში. მისი პატივისცემა და ყურადღება არასოდეს დამავიწყდება. ის რომ არა, ახლა ან ფსიქიატრიულში ვიქნებოდი გამოკეტილი, ან დედაჩემს კარგახნის გამოტირებული ვეყოლებოდი. ხალხში გასვლამ, ადამიანებთან ლაპარაკმა მდგომარეობიდან გამომიყვანა. იმ საცხობში ყველა გაჭირვებული ადამიანი მუშაობდა. რომ ვისმენდი, არც მათ ულხინდათ და უფრო მეტიც, შვილები ჰყავდათ გამოსაკვები, ცოტა სტიმული მომეცა. მივხვდი, რომ სულით არ უნდა დავცემულიყავი, სიცოცხლისთვის უნდა მებრძოლა.

საკონდიტრო საქმიანობა იმდენად კარგად შევისწავლე, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ მეც გავხსენი საცხობი. ღმერთმა გადმომხედა, საკმაოდ კარგი შემოსავალი მქონდა. ბოლოს ბიზნესის გაფართოება გადავწყვიტე და რესტორნის გახსნაზე დავიწყე ოცნება. თავიდან კი პატარა სასადილოთი დავიწყე. მარტო ვიყავი. ახლობლები ახლოს არ გავიკარე. სულ ის მწარე დღეები მახსენდებოდა, როცა მშიერ–მწყურვალი ვიყავი და არავინ მკითხულობდა, ცოცხალი ვიყავი თუ მშიერი. დედაჩემი თბილისში წამოვიყვანე და მხოლოდ მისთვის ვარსებობდი. ძმის და მისი ოჯახის ამბებს არ ვკითხულობდი. არც ბიძაშვილ–მამიდაშვილების და დეიდაშვილების ამბები მაინტერესებდა. ვფიქრობდი, ჭირში თუ არავის ვუნდოდი, არც ლხინში უნდა გამკარებოდნენ.

იმ საქმეს, რასაც შევეჭიდე, დიდი შრომა სჭირდებოდა. სულ აქეთ–იქით დავრბოდი, პროდუქტებზე, მასალებზე, აგურზე, ცემენტზე და რა ვიცი, კიდევ რაზე აღარ. მანქანა არ მყავდა და ტაქსის მძღოლი დავიქირავე, რომელიც ყველაფერზე დამყვებოდა. ის ჩემზე უმცროსი იყო, ძალიან აქტიურობდა და ბოლოს ჩემი ნდობა დაიმსახურა. იმდენად გავიშინაურე, რომ სახლში რამე რომ მჭირდებოდა, მას ვეძახდი. უკვე აღარც კი მახსოვს, ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში როდის გადაიზარდა. თავდავიწყებით შემიყვარდა. როცა მითხრა, ოჯახი შევქმნათო, არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი.

მისმა ოჯახმაც ამოისუნთქა და მეც ბედნიერი ვიყავი, რადგან პირადი ცხოვრებაც მოვიწყვე და ბიზნესიც ავაწყვე. ჩემი საქმე თანდათან წინ მიდიოდა, მაგრამ ეს არნახული შრომის ფასად მიჯდებოდა. ღამეებს ვათენებდი, რომ ყველაფერი წესრიგში მქონოდა, რამე არ შემშლოდა და ყველაფერი წყალში არ ჩამყროდა. ამასობაში ჩემი ქმარი, რომელიც ცოლ–შვილის ერთგული მეგონა, თურმე ძირს მითხრიდა, თანაც უნამუსოდ.

მეგონა, ქმარს ვუყვარდი და ჩემს იქით არ იხედებოდა, მაგრამ თურმე წინ საშინელი დარტყმა მელოდა. მას საყვარელი ჰყავდა, რომელსაც არაფერს აკლებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, იმ ქალისთვის ჩემი შრომით მოპოვებული ფულით ნაირ–ნაირ ჩასაცმელს და მანქანას ყიდულობდა. თურმე ფუფუნებით აცხოვრებდა. ამას კი, იცით, როგორ ახერხებდა? ჯერ ერთი, რესტორანში ფულს მპარავდა, მეორეც, თურმე ერთი ჩემი ნაცნობისგან რომ ისესხებდა ფულს, მერე მეორეს გამოართმევდა და პირველს დაუბრუნებდა, ასე სარგებლობდა ჩემი ნდობით, ათას რაღაცას ხლართავდა ჩემ ზურგსუკან. მოკლედ, ოსტატურად მძარცვავდა და ჩემი შრომით მოპოვებული ფული სხვასთან მიჰქონდა.

ეს ამბავი სრულიად შემთხვევით გავიგე. ერთ საღამოს ჩემი ოფიციანტი მოვიდა და მითხრა, რომ არ გაგიმხილო ერთი რაღაც, არ შემიძლია, ერთ–ერთ მაგიდასთან ორი ქალი იჯდა და შენზე ლაპარაკობდა, ამბობდნენ, განა რას შოულობს იმდენს, რომ ოჯახსაც არჩენს და თავისი ქმრის საყვარელსაცო. ოფიციანტის ნათქვამი არ დავიჯერე, მაგრამ, ხომ იცით, ქალი მაინც ქალია. გულში ჩავიდე და ერთ დღეს ქმარს ვუთხარი, შენზე ასეთი რამ გავიგე–მეთქი. ჩემდა გასაკვირად, სახეზე წამოწითლდა, დაიბნა, აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა და თავისმართლება დაიწყო. აი, მაშინ კი გამკრა გულში, მგონი, დავიღუპე–მეთქი.

მიყვარდა, მაგრამ ისეთი სუსტი არ ვარ, სენტიმენტალურ გრძნობებს ზედმეტად ავყოლოდი. ყველაფრის გამოძიება დავიწყე, არ შემრცხვა და ქმარს თვალთვალი დავუწყე. სიმართლის დადგენა არც ისე რთული აღმოჩნდა, რადგან თურმე მთელი ჩემი სანაცნობო ლაპარაკობდა. იცით, ჩემმა ქმარმა რითი იმართლა თავი? ის ქალი ჩემი პირველი სიყვარულია, სანამ შენ შეგხვდებოდი, ის მიყვარდა, შენ ცოლად იმიტომ მოგიყვანე, რომ ოჯახში ძალიან გვიჭირდაო. ქერის ორმოში ჩავარდა და თავისი მშობლების და დის ოჯახს ხომ მანახვინებდა და მერე საყვარელიც ჩემს ხარჯზე ანებივრა. თურმე ანტალიაშიც კი დაჰყავდა დასასვენებლად... ამ ყველაფრის მონელება და გადახარშვა ძალიან მიჭირს. ახლაც კი სიმწრით სულ მაკანკალებს, თავი ასე რომ დავაბრიყვებინე. მის მიმართ სიყვარული და პატივისცემა უდიდეს სიძულვილად გადამექცა.

ქმართან იმ დღესვე დავასრულე ურთიერთობა, სახლიდან გავაძევე, თანაც ისე, რომ არაფერი გავატანე. ყველაფერი, ფეხსაცმლიდან დაწყებული უბრალო წინდით დამთავრებული, ჩემი ნაყიდი ჰქონდა, ამიტომ არაფერი გამიტანებია. ყველაფერს ქლორი გადავასხი და ამოვწვი. მანქანაც ჩემს სახელზე იყო და ისიც კი დავიტოვე. ვუთხარი, ვიცი, ამ მანქანას ისევ ტაქსის ნიშანს დაადებ, ამიტომ იმის საშუალებას არ მოგცემ, ლუკმა ისევ ჩემი დახმარებით ჭამო–მეთქი. მოკლედ, სანამ ბოლომდე გამძარცვავდა და ცარიელ–ტარიელს დამტოვებდა, თავიდან მოვიშორე. ის ვალები, რომლებსაც ჩემი სახელით იღებდა, ყველა გავისტუმრე, რადგან ის ადამიანები, რომლებიც მე მენდობოდნენ, არაფერ შუაში იყვნენ.

ახლა დედასთან და შვილთან ერთად მარტო ვცხოვრობ. ადამიანებმა გული იმდენად მატკინეს, რომ არა მგონია, ცხოვრებაში ოდესმე კიდევ ვინმეს ვენდო. ეს ტკივილი მთელი ცხოვრება გამყვება, მაგრამ ძლიერი ვარ და ამასაც გადავიტან!

"სარკის" მკითხველი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online