asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გრიგოლ აბაშიძე თავის მუზას სიცოცხლის ბოლომდე უძღვნიდა ლექსებს
სიცოცხლის ბოლომდე ლექსებს უძღვნიდა…
გრიგოლ აბაშიძე თავის მუზას სიცოცხლის ბოლომდე უძღვნიდა ლექსებს

2010-09-02 15:01:06



დიდუბის პანთეონში, გრიგოლ აბაშიძის საფლავს, ყოველ გაზაფხულზე ტყემლის ყვავილების საბანი ეხურება, ისე, როგორც ერთ მის ლექსშია – "მე მინდა ტყემლის ჩრდილში დამარხვა, ტყემლის ყვავილის თეთრი სუდარა..."
გრიგოლ აბაშიძე 1994 წელს გარდაიცვალა. მხცოვანმა მწერალმა საფლავში საქართველოს ბედზე ფიქრი ჩაიყოლა. ბოლო პერიოდში შექმნილი თითქმის ყველა ლექსი სევდითა და ტკივილით არის სავსე. ახლობლები და მეგობრები ამბობენ, მწერალს იმ პერიოდში შექმნილმა მდგომარეობამ სიცოცხლის წლები შეუმოკლაო.
"გუმბათი" მწერალზე სასაუბროდ შვილს, დავით აბაშიძესა და მეგობარს, მწერალ ემზარ კვიტაიშვილს ესტუმრა.
დავით აბაშიძე:
– მამა გონებამახვილი, იუმორით სავსე ადამიანი იყო. არასოდეს გაგრძნობინებდა, რამე თუ აწუხებდა და განიცდიდა. საკუთარ თავზე ბევრს მუშაობდა. პირდაპირ, თავისუფლად წერდა. რაიმე სევდიან ლექსს რომ დაწერდა, გვიკვირდა, ვამბობდით, ამაზე როდის დაფიქრდა ან როდის შეწუხდაო.
– სევდა არ ეტყობოდა?
– არა, გარეგნულად არ ეტყობოდა. ხალისიანი ადამიანი იყო.
– არადა, მას სევდა ბავშვობიდან მოჰყვებოდა. მისი ოჯახი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა, უამრავი ტკივილი გადაიტანა...
– მართლაც ასე იყო. მამაჩემის მამა, ანუ ბაბუაჩემი, შეძლებული ადამიანი, შავი ქვის მრეწველი გახლდათ. საქართველომ დამოუკიდებლობა რომ დაკარგა, ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და მთელი ქონება ჩამოართვეს. მამა 13 წლის იყო, როცა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. ამას ისიც დაემატა, რომ მას, როგორც "ხალხის მტრის" შვილს, უფლება არ მისცეს, საშუალო სკოლაში ესწავლა. მან ჯერ სავაჭრო–ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ – მუშა–ახალგაზრდობის სკოლა. უმაღლესში რომ ჩაებარებინა, მამის სახელი დამალა და საბუთებში მისი მეორე სახელი, ჯიბო ჩაწერა. მამაჩემის ძმები უმაღლესი სასწავლებლებიდან გარიცხეს. მათ რამდენიმე წელი მუშებად იმუშავეს და უმაღლეს სასწავლებლებში დაბრუნების ნება მხოლოდ ამის შემდეგ დართეს.
* * *
მწერლის ოჯახის ტრაგედია მხოლოდ მამის დაპატიმრებით არ დასრულებულა. საბჭოთა რეპრესიებს მისი ოჯახის სხვა წევრებიც ემსხვერპლნენ. გრიგოლ აბაშიძე გულისტკივილით წერს: "მამა 10 წლით ციმბირში გადაასახლეს, ჩემი უფროსი ძმა დავითი, რომელმაც განათლება გერმანიაში მიიღო და უკრაინის ერთ–ერთი დიდი საწარმოს მთავარ ინჟინრად მუშაობდა, დახვრიტეს, ხოლო მისი ცოლი გადაასახლეს. მათ წლინახევრის გოგონა ჰყავდათ, ჩემი რძალი ჩეკაში რომ დარბოდა ქმრის გადასარჩენად, პატარა გაუცივდათ და დაეღუპათ. მამაჩემს ერთადერთი ძმა ჰყავდა – მიხაკო აბაშიძე, მანაც უმაღლესი განათლება ევროპაში მიიღო. მამა მიხაკოზე 21 წლით უფროსი იყო და ისიც შვილივით ჰყავდა გაზრდილი. როგორც გადმოგვცეს, ბიძაჩემი ციმბირისკენ მიმავალ ეტაპში დაღუპულა. ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი – ჩემი დის ქმარი – ნიკოლოზ წერეთელი 10 წლით გადაასახლეს..."
* * *
– ბატონო დავით, შესაძლებელი იყო, მამათქვენიც დაეპატიმრებინათ. თავის გადარჩენას მიხეილ ჯავახიშვილს უმადლოდა. იქნებ მისი ცხოვრების ამ ეპიზოდზე გვიამბოთ.
– მიხეილ ჯავახიშვილი მაშინ ლიტერატურული ფონდის ხელმძღვანელი იყო. მას მოსკოვიდან ბრძანება მოუვიდა, რომ საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტთან ახლადგახსნილ სასცენარო განყოფილებაში ერთი ახალგაზრდა გაეგზავნა. ამ დროს მამა თავის ტოლებში უკვე გამორჩეული შემოქმედი იყო. მიხეილ ჯავახიშვილმა ურჩია, მოსკოვში წადი, იქნებ ამ უბედურებას გადარჩეო. თან სტიპენდიაც დაუნიშნეს. მამა მართლაც გაერიდა საქართველოს. მოსკოვში ორი წელი სწავლობდა. ერთხელ იქ მწერალ შალვა დადიანს შეხვდა. რესტორანში წავიდნენ. მამამ საერთო ნაცნობები მოიკითხა. იმ დროისთვის ბევრი მათგანი უკვე დახვრეტილი იყო. თურმე შალვა მამას გულში იკრავდა და ეუბნებოდა, აღარ არიანო. მეტ კომენტარს არ აკეთებდა. ურთულესი წლები იყო. არავინ იცის, მამა თბილისში რომ დარჩენილიყო, რა ბედი ეწეოდა. საქართველოში მაშინ დაბრუნდა, როცა რეპრესიების დიდი ტალღა უკვე გადავლილი იყო.
– მამის ბუნებიდან რა თვისებას გამოარჩევდით?
– საკუთარ თავზე, შემოქმედებაზე ლაპარაკი არ უყვარდა. ახლა ხშირად ვნანობ, ბევრ რამეს რატომ არ ვეკითხებოდი, ახლა ხომ მეტი მეცოდინებოდა! ბევრი ისეთი კითხვა მაქვს, რაც მისგან პასუხგაუცემელია... თავის შემოქმედებაზე ლაპარაკი არ უყვარდა.
– იქნებ თქვენი მშობლების სიყვარულის ამბავი გვიამბოთ. სად გაიცნეს ერთმანეთი?
– დედა საოცრად ლამაზი ქალი იყო. პროფესიით ფილოლოგი გახლდათ. ერთმანეთი თბილისში გაიცნეს. მამა დედაზე 12 წლით უფროსი იყო. მას უამრავი ლამაზი ლექსი მიუძღვნა. დედა მამას ყოველთვის მხარში ედგა. მას ღირსეულად უმშვენებდა მხარს. მის ცხოვრებას ალამაზებდა. ერთად 50 წელი იცხოვრეს. წარმოიდგინეთ, ნახევარი საუკუნე იყვნენ ერთად და ერთმანეთის მიმართ სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე არ განელებიათ. მამა თავის მუზას სიცოცხლის ბოლომდე უძღვნიდა ლექსებს.
– ამბობენ, შემოქმედი ადამიანის გვერდით ცხოვრება იოლი არ არისო. სირთულეს თქვენც გრძნობდით?
– ადვილი ნამდვილად არ იყო. დედისთვის იმიტომ იყო ძნელი, რომ ყველანაირად უნდა შეეწყო ხელი. გრიგოლ აბაშიძის შვილობა არც ჩემთვის იყო იოლი. ზოგს რატომღაც ეგონა, რომ ის, რაც მათ აკლდათ, მე ყველაფერი თავზე მეყარა. არადა, ასე ნამდვილად არ იყო.
– ერთადერთ ვაჟს არ განებივრებდათ?
– არა, ისეთი ადამიანი არ იყო, შვილი გაენებივრებინა ან საკუთარი თავისთვის განცხრომის უფლება მიეცა. უბრალო იყო. განსაკუთრებული სამოსი, ფეხსაცმელი არასოდეს ჩაუცვამს.
– სიცოცხლის მიმწუხრს როგორი იყო?
– საქართველოში დატრიალებულ უბედურებას საოცრად განიცდიდა. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვას ვერ ურიგდებოდა. შეწუხებული დადიოდა, თან ცდილობდა, არ შეემჩნია, მაგრამ ეტყობოდა, კარგად რომ არ იყო. მამამ ნერვიულობას ვერ გაუძლო. 1994 წელს ინსულტით გარდაიცვალა.
* * *
ია–ვარდით მოფენილი არც მისი შემოქმედებითი გზა ყოფილა. პროლეტარი მწერლები სიცოცხლეს უმწარებდნენ, მის ლექსებში ანტისაბჭოთა პროპაგანდას ხედავდნენ, პოლიტიკურად მიუღებლად თვლიდნენ. ისტორიული რომანის, "ლაშარელას", დაწერისთვის კი ნამდვილი განკითხვის დღე მოუწყვეს. "წიგნის კონცეფცია ყალბია, მისი ავტორი შავრაზმელი და ერის შეურაცხმყოფელია..." – გაიძახოდნენ საბჭოთა მწერლები და მეცნიერები. "მე ისეთი წყენა და ტკივილი მომაყენეს, რომლის მსგავსი ხშირად სიკვდილს უდრის. ამ დიდი სულიერი კრიზისის პირობებში მე აღმომაჩნდა იმდენი სიმტკიცე, რომ გამეგრძელებინა მუშაობა..." – წერს გრიგოლ აბაშიძე.
გრიგოლ აბაშიძე მწერალ ემზარ კვიტაიშვილს იმ საშინელ დღეებსა და თავის ტკივილზე ხშირად ესაუბრებოდა. ბატონმა ემზარმა "გუმბათთან" საუბრისას გაიხსენა:
– გრიგოლს უამრავმა ადამიანმა ატკინა გული. "ლაშარელას" გამო უსამართლოდ დაესხნენ თავს. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ საპასუხო წერილიც არ დააწერინეს. ამას საშინლად განიცდიდა.
– მის ოპონენტთა შორის კონსტანტინე გამსახურდიაც იყო. მან გრიგოლს "ლაშარელა" დაუწუნა, გააკრიტიკა...
– კი, მართლაც ასე იყო. კონსტანტინე მწვავე კრიტიკით გამოვიდა, შენ არ იცი, როგორ უნდა ციხეების აღება, შეცდომები გაქვსო და ა.შ. თავის რომანებში ბატონ კონსტანტინესაც უამრავი რამ შეშლია, ყველა მისი ნაწარმოები შედევრი არ ყოფილა, მაგრამ გრიგოლს მისთვის არაფერი უკადრებია. ურთულესი წლები იყო. სიყვარულზე წერა გადახრად ითვლებოდა. ერთხელ მწერალთა კავშირში სერიოზულად ამტკიცებდნენ, რა მოხდა, სიყვარულზეც რომ დაიწეროს ლექსიო.
გრიგოლი საოცრად კეთილშობილი ადამიანი გახლდათ. ბევრ ახალგაზრდა შემოქმედს გაუკვალა გზა. ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყო. ქართული ლექსის ოსტატი გახლდათ. თავისი კვალი ბევრ ჟანრს დაატყო. შემოქმედებითი უნაყოფობა არასოდეს განუცდია. თავისი შემოქმედების შედევრი – "არყოფნისაკენ" – 80 წელს მიტანებულმა დაწერა. გრიგოლი პესიმისტი არ ყოფილა, მაგრამ სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში სევდიანი იყო. ერთხელ შემომჩივლა, როგორ ხასიათზე ვიქნები, ამ ხნის ვხდები და იმდენი საშუალება არ მაქვს, მეგობრები ერთად შევყარო, თითო ჭიქა ღვინო დავლიოთო. უკვე მხცოვანი მწერალი იძულებული იყო, სახლიდან ძვირფასი ნივთები გაეტანა, რომ ოჯახს გაჭირვება არ ეგრძნო... საქართველოს ბედზე წუხდა. საფლავში ჩვენი ქვეყნის ტკივილი ჩაიყოლა.
ირინე მჭედლიძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: გრიგოლ აბაშიძე
კავშირი ტეგთან: გრიგოლ აბაშიძე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online