asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რას ემსახურება ქართული ტიტრები ინგლისურ ფილმებზე
"ეროვნული თავმოყვარეობა აქ არაფერ შუაშია"
რას ემსახურება ქართული ტიტრები ინგლისურ ფილმებზე

2010-07-31 12:53:38



ორიოდე თვის წინ ჩვენმა პრეზიდენტმა ფილმებისთვისაც მოიცალა. უფრო სწორად, ჩვენს ინგლისურენოვან განათლებაზე იზრუნა და თქვა, ამის შემდეგ ფილმები თავის მშობლიურ ენაზე, ანუ ინგლისურად გავიდეს. ვინც ინგლისური არ იცის, იმისთვის ქართული ტიტრები გაკეთდესო. მეფემ ბრძანა და წინ ვინ დაუდგებოდა?! ღამის ფილმების ნაწილი სწორედ ამ ფორმით გადის. ის, ვინც ინგლისური ჩემსავით იცის, ანუ გაქცეული ინგლისელის მობრუნებაც გაუჭირდება, ცუდ დღეში აღმოჩნდა. კადრების ყურება და ტიტრების კითხვა ერთდროულად რთული გამოდგა. ამბობენ, ეს რა არის, ცოტა ხანში ყველა ფილმი ასე გავაო. ამით შეწუხებულმა ინფორმაციის დაზუსტება და რჩევის მიღება პარლამენტის წევრთან, მსახიობ გია როინიშვილისგან შევეცადე. პირველ რიგში, მისი ინგლისურის ცოდნით დავინტერესდით. აღმოჩნდა, რომ ჩვენი "მეორე მშობლიური ენა", არა უშავს რა, იცის. ფილმებსაც ღამით მხოლოდ ხანდახან უყურებს, ამდენად, თვალების ცეცების პრობლემა ნაკლებად აქვს. რომ შევჩივლე, აღარ ვიცი, ფილმს ვუყურო თუ ტიტრები ვიკითხო–მეთქი, პოლიტიკური ელფერის პასუხი გამცა, აბა, როგორ გინდათ, ისე ვუსმინოთ, როგორც ბავშვობაში, რუსულ ენაზეო. რატომ – რუსულად, ბატონო გია, ჩვენს სახელმწიფო ენაზე რომ იყოს, რა დაშავდება, სინქრონული თარგმანები ან დუბლირებული გახმოვანება ხომ არსებობს–მეთქი. ეს უკვე ტელეკომპანიების გადასაწყვეტიაო, მიპასუხა დეპუტატმა.
– მაგრამ ამ გადაწყვეტილების "მიღებაში", ბატონო გია, კომპანიებს პრეზიდენტის განცხადება აუცილებლად წაეშველებოდათ.
– საქართველოს ნახევარს რუსული ენა ტელევიზიის მეშვეობით აქვს ნასწავლი. ჩემს ბავშვობაში გადაცემების 80 პროცენტი რუსულ ენაზე იყო. კომპანიების გადასაწყვეტია. ალბათ ყურებადია ასეთი ფორმით გაშვებული ფილმები და იმიტომ უშვებენ.
– ყურებადი რომც არ იყოს, მაგათი აჯობებს! ხმები დადის, მალე მთლიანად ამ "ნებაყოფლობით" ტიტრულ ფორმატში გადავალთო.
– ეს საკანონმდებლო დონეზე არ წყდება. ტელეკომპანიების გადასაწყვეტია. ქართულ ტელესივრცეში ფილმების ნაკლებობა არაა. ტიტრებითაც გადის და დუბლირებითაც. ეს ქართულის უფრო კარგად დამკვიდრებასაც უწყობს ხელს, მაგრამ ხომ შეიძლება ვიღაცას დედანშიც უნდოდეს მოსმენა? დღეს ინგლისურის მცოდნე ბევრად მეტია საქართველოში, ვიდრე ჩვენს ბავშვობაში იყოს.
– დარწმუნებული ვარ, ჩემნაირად ბევრს შეექმნა დისკომფორტი ამ კუთხით. თან აქ ეროვნული თავმოყვარეობის საკითხიცაა.
– არა მგონია, ეროვნული თავმოყვარეობა აქ რამე შუაში იყოს. გირჩევთ, ინგლისური, ფრანგული ან რუსული ისწავლოთ კარგად.
– ფრანგულის და რუსულის ცოდნა, არა მგონია, ინგლისურენოვანი ფილმების ყურებისას გამომადგეს. ასეთი წესები სხვაგანაც არის?
– სხვა ქვეყნებშიცაა.
– ისე, ამერიკელებს ჩემი კი არა, თქვენი ინგლისურითაც ვერ მოვაბრუნებდით, ადგილობრივი არჩევნები რომ არ ჩატარებულიყო. თქვენ რას იტყვით?
– ამერიკელები აქედან არასოდეს გაქცეულან. უბრალოდ შეერთებული შტატების პოლიტიკა ძალიან დინამიკურად ვითარდება საქართველოში. ისინი უყურებენ, როგორც შიდა მოვლენებს, ისე იმას, როგორ იქცევა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. მათი პასუხი ადეკვატურია. ამერიკელების განცხადებები მძაფრდება, თან ჩვენ სასარგებლოდ და ოკუპანტის საწინააღმდეგოდ.
– ეს დღეები ჩვენი პრეზიდენტი ძალიან გაბრაზებულია. რა მოხდა?
– ალბათ აქვს გასაბრაზებელი მიზეზები.
– კი მაგრამ საკუთარი მინისტრებისთვის ხორცის ნაჭრების ძახილი, რამდენად მისაღებია?
– აბა სხვა ქვეყნის მინისტრებს ხომ არ შემოუწყრება?! პრეზიდენტია და უნდა მათგან უკეთესი მუშაობა. უნდა მოითხოვოს.
– ახალ კონსტიტუციას ჩოხასავით რომ არგებთ სააკაშვილს, ეგ საქმე როგორაა?
– არავინ არავის არაფერს არგებს. ეს არის დემოკრატიული კონსტიტუცია, დღევანდელზე უკეთესი. მასზე ერთი წელი მუშაობდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სპექტრი: მეცნიერები, ექპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, ხელისუფლება. შემდეგ განიხილა ვენეციის კომისიამ და, მათი შეფასებით, ეს დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუცია. ახლა პარლამენტში ისევ შეიქმნა კომისია, რომ იყოს განხილული და შემდეგ მიღებული. მაინტერესებს, როგორი კონსტიტუცია უნდა მოიფიქროს ოპოზიციამ, რომელშიც პოლიტიკურ ფიგურას აუკრძალო პოლიტიკური ცხოვრებაში მონაწილეობა. ეს ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის?
– ერთი და იგივე ადამიანი 20 წელი რომ იქნება ქვეყნის სათავეში, ის რა არის? მართლა აპირებს მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობას?
– ვერ გეტყვით დღევანდელი პრეზიდენტი 2 წლის შემდეგ რას გადაწყვეტს. დარჩება პოლიტიკაში, არ დარჩება, მაგრამ წინასწარ ამაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება?! მგონი, ჟურნალისტები და ოპოზიციონერები უფრო უსვამთ ხაზს, რომ ვიღაცას ერგება ეს კონსტიტუცია, ვიდრე სინამდვილეშია.
– ამ შემთხვევაში, მგონი, მართლდება ჩვენი ეჭვი, რომ უფლებაგაზრდილი პრემიერის სკამის დაპატრონებას სააკაშვილი შეეცდება. ოპოზიცია და ექსპერტები ამას პუტინიზაციას უწოდებენ.
– არ გეთანხმებით. პუტინის პრემიერად გადაბარგებისას რუსულ კონსტიტუციაში ერთი სიტყვაც არ შეცვლილა. ამ ანალოგს ვერც მე გამოვიყენებ და არც თქვენ გირჩევთ. ეს სახელმწიფო წყობის ახალი მოდელია.
ნინო მეტრეველი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: გია როინიშვილი
კავშირი ტეგთან: გია როინიშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online